თემურ შაშიაშვილი:”ზურაბ ჟვანია ამერიკის სპეცსამსახურებმა მოკლეს?!”

42(ქართული სიტყვა) მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს დოკუმენტი, სადაც დასაბუთებულია, რომ ყველაფერი ამერიკის სპეცსამსახურების გაკეთებულია და ამ საქმესთან ბევრი ამერიკელია დაკავშირებული! ამ დოკუმენტში წერია რამდენიმე ქართველის გვარიც…“

მალე ახალ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომლის პირველი საქმე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიება იქნება, მანამდე კი, პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველა, ვინც ჟვანიას მკვლელობაში დეტალები გაიგო, მკვდარია.

თემურ შაშიაშვილი: – უკვე ამაზრზენია იმ ადამიანების გამონათქვამები, რომლებსაც ფეოდალური აზროვნება აქვთ და ამ დროს სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბრობენ.  ამიტომ ვთვლი, რომ დღეს საქართველოში ადამიანურ საზოგადოებაზე უნდა ილაპარაკონ. სხვათა შორის, ამ ტერმინს პირველად თქვენს გაზეთში ვიყენებდი, იმედია მხარდამჭერებც გამომიჩნდება. მოქალაქე მოქმედებს კანონის მიხედვით, ადამიანის მოქმედება კი ზნეობაზეა დამყარებული. ზნეობა უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე კანონები, რომლებიც უზნეობაზეა დაფუძნებული. საქართველოში კანონების დიდი ნაწილი სერიოზულად გადასახედია და ამას ერთი და ორი თაობა ვერ შეძლებს. „მოქკავშირისა“ და „ნაცმოძრაობის“ დროს, საქართველო გარედან კარნახით იმართებოდა და არა – ერთის ბუნებიდან გამომდინარე, ილია ამბობდა, ქვეყანა უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან გამომდინარეო. ძალიან მინდა, ახალმა ხელისუფლებამ ეს პრინციპი დაამკვიდროს.

– ბატონო თემურ, ახალი ხელისუფლება ამ პრინციპს დაამკვიდრებს თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ექსჩინოვნიკები განსაცდელში არიან – პროკურატურაში იბარებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლება გახმაურებული მკვლელობების, მათ შორის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას აპირებს, მოარული ხმით , ამ გამოძიებში თავისი წვლილი შესაძლოა საქართველოში დაბრუნებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეიტანოს, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია…

– ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ოქრუაშვილის მისამართით მწვავე შენიშვნები გამოვთქვი და ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

– ანუ ,, ვარდების რევოლუციამდე“ არა?

– დიახ და იმ დროდან მოყოლებული, ოქრუაშვილი მუდმივად სხვის თამაშს თამაშობდა.

– ეს „სხვა „ ვინ  იყო?

–  სააკაშვილი. მოკლედ, ასეთ ადამიანებს ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ოქრუაშვილი დღეს ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილთან ურთიერთობა რომელიმე ძალოვან მინისტრს ჰქონდეს.

– ივანიშვილის ბოლო პრესკონფერენციაზე გამოთქმულ ყველა შეხედულებას არ ვეთანხმები, მაგრამ მისი ერთი თვისება ძალიან მომწონს.

და ეს რა თვისებაა?

– გულწრფელობა, რისი ნატამალიც სააკაშვილს არ აქვს. ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო პრესკონფერენციაზე ის სიმართლე თქვა, რასაც ყველა პრეზიდენტი თავის მემუარებში წერს. არ მინდა ეს გულწრფელობა დაიკარგოს, მაგრამ ის უფრო მეტად მინდა, რომ ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკაშიც კონკურენტული გარემო შექმნას.

ერთ რამესაც ვიტყვი: ძალიან გაერთნენ დაჭერებით. დასაჭერი გაცილებით მეტია, მაგრამ იმისთვის კი არა, რისთვისაც იჭერენ, არამედ გენოციდისთვისაა სააკაშვილი გასასამართლებელი, რომელიც ბაგრატის ტაძრიდან მოგვიწოდებს, ქვეყანა განსაცდელშია და თქვენს გვერდით ვდგავარო ის პრეზიდენტი გვეუბნება სამშობლო განსაცდელშიაო, რომელიც „აბანოს ხალათით“ იჯდა იტალიის ერთ-ერთ კურორტზე და ქვეყანას თავი მოჭრა! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილი ბევრის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.

– რას გულისხმობთ?

–  ვიღაცეებს არ უნდათ, რომ სააკაშვილმა ცხინვალის ომთან დაკავშირებით სააკაშვილმა ხმა ამოიღოს. ვინც სააკაშვილს იცნობს, კარგად იცის, რომ მარტო ომის წამომწყები არ იყო. დღეს აქართველოში მინიმუმ ორი მილიონი ადამიანი თვლის, რომ  სააკაშვილი მისი პრეზიდენტი არაა. ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკად აქცია, ეკონომიკა გაანადგურა, ერს გენოციდი მოუწყო – ციხეში ჩასვამდნენ.

მივმართავ ამერიკის ელჩს: წარმოუდგენია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში რომელიმე თანამდებობის პირი ადამიანის წამებაში მონაწილეობდეს და მას ვინმემ ხმა გასცეს? ჩვენთან ეს ჩვეულებრივი ამბავია. სულხან მოლაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერია მის წამებაში პირადად მონაწილეობდა, მაგრამ ბოკერია დღესაც თანამდებობაზეა და მას ამერიკელებიც ელაპარაკებიან.

ბატონო თემურ, ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც სააკაშვილს დაუპირისპირდა. მახსოვს, თავის დროზე ამბობდით ჩემს წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციების ერთ-ერთი შემსრულებელი ოქრუაშვილიაო…

– ჩვენი დაპირისპირება ჭიათურის ასმილიონიანი სილიკომანგანუმის გამო დაიწყო: სააკაშვილის დავალებით ოქრუაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს და ამით ზესტაფონი ხელში ჩაუგდეს მერაბ სამადაშვილს. სასამართლოში ვიჩივლე და მილიონნახევარი დოლარი მოვიგე – ამ ფულით ბაგრატის ტაძარი უნდა გადაგვეხურა, თუმცა მერე ხელისუფლებაში „ნაციონალები „ მოვიდნენ და გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, სასამართლოზე ხელახლა გაიტანეს. პროცესი წამაგებინეს და ჩემს სახლში ჭაღსა და როიალს ყადაღა დაადეს. ამ ამბებთან სწორედ ოქრუაშვილი იყო დაკავშირებული. ასევე, ოქრუაშვილია დაკავშირებული 2003 წლის ბოლოს ჩემს სახლთან მომხდარ აფეთქენასთან. მაშინ ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და განაცხადა  აბაშიძემ ააფეთქაო. სხვათაშორის, მაშინ კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყრიდი, ანუ სააკაშვილის კონკურენტი ვიყავი და ამიყომ ამაფეთქეს. ამის შემდეგ დედაჩემი მალე გარდაიცვალა. ისე იყო შეშინებული, არჩევნებში ხმა სააკაშვილს მისცა, შვილი არ მომიკლანო…

ბატონო თემურ, ის დროც მახსოვს, როცა ოქრუაშვილის პარტიასთან თანამშრომლობდით…

– ის, რაც ოქრუაშვილმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს გააკეთა, სააკაშვილის თამაში იყო – თავისი ქმედებით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 26 მაისს ქუჩაში გამოსვლას აპირებდა, პრაქტიკულად გაანახევრა. კიდევ კარგი, მის პროვოკაციებს ჩვენ არ წამოვეგეთ და მისი თამაში არ ვითამაშეთ.

ისე, ამბობენ, რომ ახალ ხელისუფლებას ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად სჭირდება. ბატონო თემურ, პირველი იყავით, ვინც განაცხადა, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჟვანიას მკვლელობას ნათელს მოჰფენს. ამ ჩანაწერში ოქრუაშვილიც ფიგურირებს?

– ეჭვი ოდნავაც არ მეპარება, რომ ოქრუაშვილმა ყველაფერი იცის!

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არა ერთი და ორი ფაქტი ვიცი, ყველაფერს თავი რომ დავანებო, მაინტერესებს, რატომ არ აქვს სასამართლოს დასკვნა გაკეთებული,  თუ როგორ გარდაიცვალა პრემიერი?  გამოძიების შედეგები ვინმემ იცის? მე და ჟვანიას თბილი ურთიერთობები არ გვქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მის ოჯახს ძალიან დიდი სამსახური გავუწიე, როცა ჟვანია მოკლეს, ჩემმა მოძღვარმა მითხრა: რაც იცი, ან უნდა თქვა, ან არადა არ უნდა იცოდეო. რაც ვიცოდი ვთქვი და დღეს ამის შესახებ ყველა ლაპარაკობს. ჩამოვიტანე სერიოზური მასალაც , მაგრამ რეაქცია არ მოყვა.

ვინც ჟვანიას იცნობდა, იცის, რომ ის მიუღებელი გახდა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის… თუ ეს საქმე არ გაიხსნა, იმის ნიშანი იქნება რომ ან ბიძინა ივანიშვილი დაიხევს უკან, ამ ამერიკელებს არ აწყობთ ამ მკვლელობის გახსნა!

ერთ რამეს დააკვირდით: ვინც გამოქვაბულში აუდიოჩანაწერიგააკეთა, ის ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე იყო და ცოცხალი აღარაა. რომან დუმბაძემ თქვა, ბევრი მასალა მაქვს და გამოვაგზავნიო და ისიც აღარაა ცოცხალი. შალიკიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასალები, რომლებიც ჰქონდა, გამოექვეყნებინა და არც ისაა ცოცხალი. ის კაციც, ვინც ცნობილი აუდიოჩანაწერი მომასმენინა, ერთ თვეში აღარ იყო ცოცხალი… ქალბატონი, რომელიც ჟვანიას საქმის მოწმეა, კონსპირაციის მიზნით, ესპანეთში ურეკავდა სხვა ქალბატონს და იქიდან ეს უცნობი მელაპარაკებოდა. ასე  დავალაპარაკე გოგლა ჟვანიასაც. მეორე დღეს, ამ ქალბატონმა გამომიგზავნა შეტყობინება, თქვენს ოთახს უსმენენო. არ დაგავიწყდეთ, საუბარი სკაიპით შედგა…ირლანდიაში მყოფმა ქალბატონმა გადაწყვიტა მისულიყო ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან და ყველაფერი მოეყოლა, რადგან ხვდებოდა, რომ მის შესახებ საქართველოში ყველაფერი იცოდნენ და მუდმივად უთვალთვალებდნენ. მაგრამ ვიზიტამდე ორი დღით ადრე მანქანა დაეჯახა და ძლივს გადარჩა. მისი ქმარიც, აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანი, მოულოდნელად გახდა ავად. ამ ქალბატონის შვილი ირაკლი ალასანიას სისტემაში მუშაობს და ირაკლის ვთხოვ, ეს ბიჭი დაცული იყოს! ყოველივე აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ აწყობს ამერიკას, ჟვანიას სიკვდილის გამოძიება! მაქვს ინფორმაცია, რომ  არსებობს დოკუმენტი, სადაც დასაბუთებულია, რომ ყველაფერი ამერიკული სპეცსამსახურების გაკეთებულია და ამ საქმესთან ბევრი ამერიკელია დაკავშირებული! ამ დოკუმენტში წერია რამდენიმე ქართველის გვარი და ძალიან მინდა ვიფიქრო, რომ ამ დოკუმენტს როდესმე საქართველოში გამოაგზავნიან და საფუძვლად დაუდებენ გამოძიებას, რითაც საბოლოოდ გაირკვევა სიმართლე!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *