ქვეყანაში სისტემური ცვლილებებია საჭირო.. “თეთრები”ამ პროგრამას ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს და მზად ვართ საჯარო დისკუსიისთვის!

მოკლე სტენოგრამფიული ჩანაწერი

 

ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა არ არის მარტივი.  რეალურად, ორი პერსპექტივა არსებობს. ან გაკეთდეს დიდი ნახტომი განვითარებისკენ  ან ქვეყანა აღმოჩნდეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში.

მე ვარ პიროვნება რომელიც ემხრობა პროგრამას,  რომ   გავაკეთოთ ყველაფერი  რათა არა უბრალოდ  გამოვიდეთ  მდგომარეობიდან, არამედ გავაკეთოთ დიდი ნახტომი  და იმ პრობლემებსაც კი ვუშველოთ, რაც დაგვიგროვდა.

ამ დღეებში მქონდა საუბარი ადამიანებთან ოცამდე სხვადასხვა სახელმწიფოში  მათ გამოხატეს თანამშრომლობის მზადყოფნა, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

ვიცი ეს არ იქნება მარტივი პროცესი. ბევრი მეუბნება, რომ ჩვენს წინადადებებს არ მიიღებენ  პოლიტიკური პარტიები.  რომ ეს არის უტოპია. ყველას ვპასუხობ, რომ ეს არის რეალურზე რეალური! ჩემთვის მსგავსი არაერთხელ უთქვამთ, როცა თავის დროზე  განათლების თუ სხვა რეფორმებს ვატარებდით. მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა რომ ყველაფერი გამოვა, თუ იქნება სწორი განწყობა. თუ ადამიანები დაფიქრდებიან, რომ დღეს წყდება, სად ვრჩებით ჩვენ, ხალხთან და ქვეყანასთან თუ ძალაუფლებასა და სკამთან.

მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური პარტიები დარჩებიან  ხალხთან და ქვეყანასთან.

ჩემი პოზიცია ასეთია. დღეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც სახელისუფლოს, არც ოპოზიციურს, არც პარლამენტში მყოფთ და არც მის გარეთ დარჩენილთ, არ ძალუძს ქვეყანას დიდი პერსპექტიული ნახტომი გააკეთებინოს, უფრო მეტიც არ  ძალუძთ,  თუნდაც სწორ გზაზე  დააყენონ ქვეყანა  …

ჩვენ ვართ იმ ქვეყნის შვილები, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდს შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ პოლიტიკურ პარტიათა ბრძოლის ეპოქა ვუწოდოთ. ეს არ არის  დემოკრატია! დაპირისპირება იმდენად დიდია, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად პოლიტიკური ძალები გარეთ ეძებენ პატრონებს. ეს ყველას გვეხება. მე ყოველთვის ვიყავი ამის წინააღმდეგი!

გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიებისადმი მიმართვისა გელათში იქნა მიღებული სადაც ამა წლის 8 თებერვალს, დავითობას, გაიმართა მეცნიერთა დიდი კონგრესი. რომელზეც მიწვეული იყვნენ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ვარ ბედნიერი, რომ მიწვეულთა   შორის ვიყავი და მივიღე მონაწილეობა კონგრესის მუშაობაში.

გელათის კონგრესზე გამოკვეთილად ითქვა, რომ საქართველოს მომავალი არის ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების  თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. აქ არ არის საუბარი მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ჩვენ ყველა ტრადიციული რელიგიის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ, დავით აღმაშენებლის განწყობით ვართ, რომელიც გამოირჩეოდა ყველა რელიგიის მიმართ ტოლერანტობით, თუმცა  ყველამ უნდა აღიაროს რომ საქართველოში მთავარი რელიგია სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელსაც ძალიან კეთილი განწყობა  აქვს ყველასადმი.

ჩვენ ამავე დროს ვეყრდნობით ბიბლიურ პრინციპს: მთავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული. მთავარი არის  სამშობლო, ქვეყანა ხალხი, მისი მდგომარეობა… სადავოში თავისუფლება-ჩვენ სხვადასხვა პარტიას ვეკუთვნით, ულტრანაციონალიზმიდან ულტრალიბერალიზმამდე ასე რომ ამპლიტუდა ძალიან დიდია… რეალობაა ის,, რომ მთავარში გვინდა ერთობა, სადავოში -თავისუფლება, მაგრამ თუ ვრჩებით ხალხთან და ქვეყანასთან,  ყველაფერში უნდა იყოს სიყვარული. ადამიანს სიყვარულით, პატივისცემით უნდა აკრიტიკებდე. ოპოზიცია არ ნიშნავს ჩასაფრებას. ოპოზიციის ფუნქცია არის ის, რომ ხელისუფლებას არ მისცეს ცუდის გაკეთების საშუალება და არ უნდა თავად იყოს აგებული ტყუილსა და სოციალურ დემაგოგიაზე.

რეალობა არის ძალიან მძიმე. ამ განცხადებას ვაკეთებ „თეთრების“ სახელით, იმ ადამიანებზე დაყრდნობით, ვინც ძალიან სერიოზული მეცნიერული კვლევები დადეს.

მინდა ვთქვა, რომ ჩემი დღევანდელი გამოსვლა არის გაგრძელება ორი გამოსვლისა, რომელიც პარლამენტში მქონდა და ერთი წერილობითი მიმართვისა პარლამენტის მიმართ, პირველი გამოსვლა პარლამენტში შედგა 1997 წლის 13 ივნისს,  მაშინ ვთქვი, რომ „ქვეყანაში მართვის სისტემაა დანაშაულებრივი  და ნუ ებრძვით პიროვნებებს შევცვალოთ სისტემა!“

მეორე გამოსვლა, პარლამენტში შედგა 2000 წელს, როცა წარვადგინე პროგრამა მაშინ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ დაასრულა სიტყვებით: „ჩვენ ვიხილეთ  დიდი პროგრამა, ეხლა ჩვენი ამოცანაა, ხელები დავიკაპიწოთ და შევასრულოთ ეს პროგრამა!“ პროგრამა არ განხორციელდა…

მერად და გუბერნატორად მოღვაწეობის პერიოდში, ყოველთვის მძიმედ  ვხედავდი სოციალურ დემაგოგიას პოლიტიკაში. ამიტომ, 2003 წელს, წერილობით მივმართე პარლამენტს ქ-ნი ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარეობით, რადგან სიტყვით გამოსვლის საშალება არ მომცეს, მიმართვა გამოქვეყნდა პრესაში  სახელწოდებით: „ქვეყანას უფრო დიდი მტერი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგია“.

პრეზიდენტისადმი გაკეთებულ  განცხადებაში გადადგომის შესახებ, ვწერდი:„მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება კი ერთ მუშტად შეკრული.“ ეს მოხსენება   არის პარლამენტის არქივში.

ეს განცხადებები გაკეთდა 2003 წლამდე, ვიდრე ვიყავი მერი და გუბერნატორი. მაშინაც ვიყავი და დღესაც ვრჩები იგივე პროგრამის ერთგული. დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყანაში მართვის სისტემაა ავადმყოფი. ავადმყოფი სისტემა კი იზიდავს ავადმყოფური აზროვნების  ადამიანებს, ან თუ ჯანსაღი ადამიანი შევიდა შიგ, სისტემა მას აავადებს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა დღეს, შევცვალოთ მართვის სისტემა და სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებიდან გადავიდეთ თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე,

მკითხავენ: თუ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრე ხარ, რატომ არ უერთდები ოპოზიციურ ძალებს? ვპასუხობ მე არ ვუერთდები არც სახელისუფლო და არც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რაღაც პრინციპებით, უნდა დასხდნენ სალაპარაკოდ. მსოფლიოს აქვს ეს გამოცდილება.   როცა 1993 წელს უმძიმესად დაპირისპირებულ ქუთაისში ჩავედი, შევქმენი სათათბირო, სადაც ყველა პარტიას ჰყავდა ორ-ორი წარმომადგენელი, ასევე თავისი წარმომადგენლები ჰყავდათ შემოქმედებით კავშირებსა და მეცნიერებს და ქუთაისში არ ყოფილა კორუფციის მნიშვნელოვანი ფაქტი,  არც რაიმე სერიოზული დაპირისპირება. 

ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ სასწაულის მოხდენა შეიძლება ქვეყანაში, თუ ჩვენ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ  და ამის გამოცდილება აქვს მსოფლიოს, ამის გამოცდილება აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას და ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ.

ჩემი პრინციპი იყო და არის: არასდროს შევუერთდები რაიმე ერთობას ვინმეს წინააღმდეგ რადგან მიმაჩნია, რომ ფორმულა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ რეალურად ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.  ქვეყანას არ ჰყავს დასაკარგი ადამიანები. ყველგან არიან საინტერესო, კარგი პიროვნებები, რომელთა საქმეში ჩართვით შეიძლება დიდი ნახტომის გაკეთება! სწორედ ესაა დღეს დიდი ხელოვნება  და არა დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები.

ჩემი დღევანდელი გამოსვლა არის გაგრძელება  გამოსვლისა მთავრობის წინაშე 2001 წელს სათაურით „კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!“ დღესაც იგივეს ვიმეორებ: კრიზისმა კრიტიკურ ზღვარს მიაღწია. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ქვეყნის დახსნა ამ მდგომარეობიდან არ შეუძლია. ეს შეუძლია მხოლოდ ხალხს, მხოლოდ პროფესიონალებს. დიახ, ქვეყანას მდგომარეობიდან გამოიყვანენ პროფესიონალები და ეს დაგვარწმუნეს დღეს ჩვენმა მედიკოსებმა. ასეთივე გვჭირდება ეკონომიკასა და ყველა სფეროში, თუ ჩვენ გვინდა, რომ წინ წავიდეთ.

არსებულმა გლობალურმა კრიზისმა ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. დღეს საუბარია დედამიწაზე რესურსების არარსებობის გამო, მოსახლეობის რაოდენობის ერთ მილიარდამდე შემცირებაზე… საქართველო ამ მხრივ უნიკალური ქვეყანაა:  გააჩნია ყველაზე უკეთესი რესურსი მიწის, წყლის, ჰაერის, სითბოს, ბუნებრივი და გეოგრაფიული მდებარეობის, ხალხის და ინტელექტის. არ არსებობს მეორე სახელმწიფო, რომელსაც რესურსების ასეთი ერთობლიობა ჰქონდეს. დღეს საუბარი უნდა იყოს იმაზე, რა არის ის მექანიზმი,  რომელიც ამ რესურსებს ამ რთულ სიტუაციაში გამოიყენებს  სწორად,  მოიცილებს ძველ სიმძიმეებს, რომელიც მოგვყვება და გააკეთებს დიდ ნახტომს,  ამავე დროს დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად.

თუმცა გულახდილად ვთქვათ, რეალურად საქართველო არც ყოფილა და დღესაც არ არის დემოკრატიული ქვეყანა. მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქვეყნებს მართავს ხუთი სახეობის ელიტა: ინტელექტუალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ბიუროკრატიული ელიტები. თუ პირველი სამი არ მართავს, ქვეყანას, ის არ არის დემოკრატიული. საქართველოს არასდროს მართავდა ინტელექტუალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური ელიტები. მაგრამ ქვეყანას ყოველთვის მართავდა პოლიციური და ბიუროკრატიული ელიტები…

რაში მდგომარეობს ჩემი პროექტი? ის  მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო ორი (ბიუროკრატიული და პოლიციური ელიტები) ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას  და იყოს პირველი სამი (ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები). მაგრამ ამას უმძიმესი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

ვის შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა?

მარტივი რამით გისაბუთებთ. ამერიკაში არ არის იმდენი სახელმწიფო მოხელე, რამდენიც საქართველოშია. 280 ათასზე მეტი .სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 1995-96 წლიდან მესმის, რომ მილიონ 200  ათასი კაცია დასაქმებული საქართველოში. აქედან, 600 ათასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება დანარჩენი კი კერძო ბიზნესშია დასაქმებული. მას შემდეგ, არაფერი შეცვლილა, კვლავ მილიონ 200 ათასი ადამიანია დასაქმებული და აქედან 300 ათასამდე სახელწიფო აპარატში მუშაობს. სახელმწიფო მანქანების საოდენობა ჩვენთან ორჯერ მეტია, ვიდრე იაპონიაში, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა. თბილისის მერიაში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ნიუ-იორკის მერიაში. 14-15 კაცი მუშაობდა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში. დღეს კი ნახეთ, რა ხდება. სამუშაო ადგილები შექმენით ბიუჯეტის ხარჯზე! სახელმწიფო ბიუჯეტის ფული არ ეკუთვნის, რომელიმე პარტიას. ხალხის ფულს ვურიგებთ სახელმწიფო მოხელეებს. არადა ამ  ხალხს შორის, უაღრესად  ბევრი საინტერესო ადამიანია, რომელიც არაფერს  აკეთებს, თუმცა საოცარი საქმეების კეთება შეუძლიათ. ვინ არის, ვისაც შეუძლია ამ საკითხების გადაწყვეტა?  ეს სიტუაცია არ შეიცვლება, ვიდრე ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შედგენილი პარლამენტები გვყავს ქვეყანაში. ჯერ  შევარდნაძის, მერე  სააკაშვილის ახლა   კი ივანიშვილის პოლიტიკური გემოვნებით შედგენილი პარლამენტები. დღეს 80 პროცენტი ვინც დღეს პოლიტიკაშია, სწორედ ამ სისტემითაა შემოსული.  მათ შორის მართალია ბევრი საინტერესო პიროვნებაა, თუმცა ნაბიჯიება გადასადგმელი.  რათა მდგომარეობა შეიცვალოს.

ჩემს კოლეგებს მინდა მივმართო. რომელი პარტიაა მზად იმისთვის, რომ მდგომარეობა შეცვალოს?

ჩვენ დღეს, ყველა პოლიტიკოსმა ვიცით, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს, მაგრამ თუ არჩევნებზე ჩვენ მივედით ამ სიღარიბით, ამ დეპრესიით, ამ უმუშევრობით, ამ სოციალური პრობლემებით, ამ პოლიტიკური დაპირისპირებით, ავირჩევთ კი კარგ პარლამენტს ბატონებო? მე არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ გაწყობთ მშიერი და დაუძლურებული ხალხი, რათა ადვილად იყიდოთ. დიახ, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა აქამდე, იმარჯვებდა ტყუილით, სოციალური დემაგოგიით, ან ფულით. ყველას აწყობდა მშიერი და დაუძლურებული ხალხი, იმიტომ რომ ადვილი იყო მათი მოსყიდვა…

დღეს მთავარია სიკეთით გამარჯვება! რომელიც  განსხვავდება ფულით, სოციალური დემაგოგიით, ტყუილით გამარჯვებისგან. საქართველოში დღეს ჯერ არც ერთ პოლიტიკურ  ძალას არ გაუმარჯვია სიკეთით. ..

ასეთია დღევანდელი რეალობა: ხელისუფლება ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ოპოზიცია კი ფიქრობს, თუ როგორ მოვიდეს ხელისუფლებაში.  ეს დამღუპველია. სად არის გამოსავალი?

მე ვთავაზობ ანტიკორუფციული პარლამენტის იდეას, რაც იგივეა – პიროვნებათა პარლამენტის იდეას. მე ვთავაზობ პროფესიონალთა პარლამენტის, ტექნოკრატიული პარლამენტის იდეას.

ეს წინადადებები სულაც არ არის სპონტანური და შემთხვევითი. წლების განმავლობაში მეცნიერებთან ერთად ვმუშაობ ამ პროგრამაზე, პირველი დოკუმენტი სახელწოდებით „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ მერაბ ბერძენიშვილის სახლში დაიწერა ძლიერი სპეციალისტთა მონაწილეობით  (ბატონი ანზორ ერქომაიშვილი არის ამის მომსწრე)  და ხელი მოეწერა ბატონი რეზო ჩხეიძის სახლში. მეორე მნიშვნრლოვანი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა მეცნიერთა მიერ, იყო „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ – ჩვენი ხედვა“ წიგნად გამოცემული პროგრამული კრებულია. მესამე „ახალი განზომილება. – რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“.   ჩვენ დაკავშირებული ვიყავით და მხარს ვუჭერდით სხვადასხვა მეცნიერულ პროექტებს, ენერგეტიკულ, წყლის პროგრამას… მე ვეყრდნობი დიდ მეცნიერებს, რომლებმაც ეს პროგრამები შეიმუშავეს. მე ვეყრდნობი მსოფლიო გამოცდილებას, მე ვეყრდნობი ადამიანებს,  რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის გადარჩენაზე და მის  მომავალზე. ეს ადამიანები არიან საქართველოს  ოქროს ფონდი. კარგად თქვა რომან რურუამ „ჩვენ  ეჭვით  შევხედოთ მათ, ვინც პარლამენტში გარბის, მაგრამ შევეხვეწოთ მათ, ვინც ქვეყანას დღეს სჭირდება!“ სწორედ ეს პრინციპია ჩვენს პროგრამაშ მოქმედებაში მოყვანილი.

ჩვენ ვთავაზობთ პარტიულ ლიდერებს: თუ ჩვენ ქვეყანა გვიყვარს, უარი ვთქვათ არჩევნებში პარტიული სიებით მონაწილეობაზე და ჩვენ თვითონ ვთქვათ უარი პარლამენტში შესვლაზე. (ან თუ ამ შეთავაზებაზე უარს ამბობთ,  მაშინ მივიღოთ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში, რათა ვნახოთ, როგორია ხალხის დამოკიდებულება).

ჩვენი წინადადებაა: ყველა პარტიამ ერთი ან ორი თვის განმავლობაში წარმოადგინოს საკუთარი 50 კაციანი სია, თუ ვის ისურვებდა პარლამენტში. საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, თუ რომელი პარტია ვის უჭერს მხარს. ქვეყანას დღეს ჰყავს უძლიერესი სპეციალისტები, ვინც კარგად იცის პოლიტიკა, აზროვნებს ეროვნულად ამავე დროს კარგად არის გარკვეული მსოფლიო პროცესებში.  ანუ ეროვნულად და პლანეტარულად მოაზროვნე პიროვნებები. ასეთები ბევრნი არიან. თითოეული პარტია იმითაც გაიზომება, თუ ვის შეიყვანს ამ სიებში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სია იქნება ერთ-ერთი უძლიერესი. არ არის გამორიცხული, რომ ბევრი პიროვნება ერთდროულად სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ სიაში მოხვდეს… ამავე დროს უნდა შეწყდეს პარტიების დაყოფა კვალიფიციურად და არაკვალიფიციურად.  ყველა პარტია უნდა შეჯერდეს ოთხას კაციან  სიაზე    საბოლოო სიტყვა ხალხზე , ანუ ამომრჩეველზე იქნება, რომელიც დეპუტატრებს აირჩევს ამ ოთხასი კაციდან.

აქვე ხაზი მინდა გავუსვა,   მე ვთავაზობ  მექანიზმს. რომ  შევიმუშავოთ ისეთი სისტემა, რომელიც პარლამენტში მოიყვანს პროფესიონალებს, პიროვნებებს, რათა შეიქმნას ანტიკორუფციული, პიროვნებების პარლამენტი, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება.  თუ დადგა საკითხი, პირობითად, ვინ ჯობს რომ იყოს პარლამენტში, თემურ შაშიაშვილი თუ მინდია უგრეხელიძე.   მე ვიტყვი, რომ სჯობს პარლამენტში იყოს მინდია უგრეხელიძე… უამრავი ახალგაზრდაა  იურისპრუდენციაში, ეკონომისტებში, ფინანსისტებში ვისზეც შეიძლება არჩევანის გაკეთება. ეს უნდა იყოს არნახულად ძლიერი პარლამენტი რომლის შექმნაში ყველა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. პარტიების კონსენსუსით მოღებული  ამ ოთხასკაციანი სიიდან არჩევანს მოსახლეობა გააკეთებს და მე გარწმუნებთ, ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს გააკეთებს… მივიღებთ პარლამენტს, რომელშიც იქნებიან ნაღდი პროფესიონალები, ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელიც აღარ იფიქრებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე… ჩვენ მივიღებთ პარლამენტს,რომელშიც ადამიანებს  ეცოდინებათ რომ ისინი მოდიან ერთხელ. რადგან  შემდეგ პარლამენტში უკვე წარმოდგენილი იქნებიან პოლიტიკური პარტიები.

პარალელურად ჩვენ მივმართავთ მეცნიერებათა აკადემიას თხოვნით, მეცნიერებმა დაწეროს სპეციალური პროგრამა, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე ქვეყანაში. ასე შედგენილი პიროვნებათა პარლამენტი განიხილავს მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამას, მის რამდენიმე ვარიანტს  და კენჭს უყრის.

 ორი წლის თავზე გაიმათება ანტიკორუფციული პარლამენტის ნდობის რეფერენდუმი. თუ პარლამენტი და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა  თავს გაართმევს  მეცნიერთა მიერ წარდგენილი პროგრამის შესრულებას, კიდევ ორი წლით გააგრძელებს საქმიანობას. თუ ვერ გაართმევს თავს, შემდეგ ჩატარდება პარტიული არჩევნები და მოვა პარტიებით დაკომპლექტებული პარლამენტი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს. მათ საქმიანობას განსაზღვრავს ჩვენი შეთავაზების მეორე პუნქტი. ჩვენი წინადადებაა შეიქმნას „პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა“.

როცა ვსაუბრობთ  ავადმყოფ მართვის სისტემაზე ვგულისხმობთ, რომ ეს სისტემაა გამოსასწორებელი.  ვინ არის მზად რომ ეს სისტემა გამოასწოროს. ყველა პარტიამ, ვინც ხელისუფლებაში მივიდა, თავის თავზე მოირგო კონსტიტუცია და კანონები. სწორედ ამიტომ დაწერეს ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, კონსტიტუცია ხელისუფლებაში მისვლამდე. ჩვენი კონსტიტუცია კი ხელისუფლებაში მყოფი პარტიების სამსახურში იყო ყოველთვის.

მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს. ბატონებო, თუ თქვენ ფიქროთ, რომ ამ კონსტიტუციით  ქვეყანა წინ წავა, დიდ შეცდომას უშვებთ. დასაწერია ახალი კონსტიტუცია. დასაწერია კანონი ოპოზიციის შესახებ. და ეს უნდა დაიწეროს ეხლა, როცა არ ვიცით, ვინ იქნება მომავალ ხელისუფლებაში და ვინ იქნება ოპოზიციაში. მისაღებია კანონი რეფერენდუმის შესახებ. ქვეყანაში პრაქტიკულად შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარება. ანუ ქვეყნის ბატონ პატრონი ხალხია, რეალურად კი 150 კაცი იღებს კანონს, რომლის წინააღმდეგია მოსახლეობის 99 პროცენტი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ. რადგან რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია!  ასევე დასაწერია კანონი რეგიონთა დეცენტრალიზაციის შესახებ. ქვეყანაში სოფლის გამგებელსაც კი ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავს და ხალხს წავართვით უფლება საკუთარი გამგებელი აირჩიოს… დღეს დასაწერია ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა. მსგავსი არის ბალტიისპირეთში, ამერიკაში და ჩვენ შეგვიძლია მისი გადმოტანა საქართველოს რეალობაში…

დღეს ყველამ ვინც პოლიტიკაში ვართ უნდა ვიცოდეთ  მსოფლიოში ისეთი გამოწვევებია, რომ თუ არ მივიღეთ დამცავი მექანიზმები, რეალურად რამდენიმე ხანში დავკაგავთ სახელმწიფოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ,    საერთაშორისო ბიზნესი ყველაზე მეტად ვითარდება კრიზისის დროს! კრიზისის დროს მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები ღარიბდებიან. ეს უნდა გავითვალისწინოთ. მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას. დაანებეთ თავი უცხოეთში მყოფ პატრონებს და ვემსახუროთ საკუთარ  ხალხს და ქვეყანას! დღეს ქვეყანას აქვს დიდი შესაძლებლობა მნიშვნელოვნად განვითარდეს!

ამგვარად, ჩვენი მეორე წინადადება დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეასთან, იდეა პოლიტიკური პარტიის ასამბლეისა ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა შემოთავაზებული.  პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში  ყოველი პარტია წარმოდგენილი იქნება ხუთი ან ათი კაცით. ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომლის შეკრებები გადაიცემა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით და ხალხის წინაშე წარმოჩნდება თუ ვინ ვინ არის.

„პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში“ გამოჩნდება, რომ საქართველოში არის არა მხოლოდ ორი პარტია, არამედ ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ძალთა მთელი სპექტრი, საინტერესო პიროვნებები. დარწმუნებული ვარ, რომ ასამბლეის იდეის წინააღმდეგ წავა „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ მათი განაყოფებით.

ჩემი შეთავაზების მესამე ნაწილი  – „სახელმწიფო კაცების საკრებულო“. იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის  და   ძალიან წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა. საკრებულოში შევლენ 75-80 წლის   ავტორიტეტული, გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სურვილი ხელისუფლებაში მოსვლის. ისინი იკრიბებიან, განიხილავენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს. დიახ, პირობითად ვიტყვი, სწორედ გურამ დოჩანაშვილმა, ანზორ ერქომაიშვილმა, რომან რურუამ და არა რომელიმე პოლიტიკოსმა,  თუნდაც თემურ შაშიაშვილმა უნდა გადაწყვიტოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორცაა მაგალითად მიწის გაყიდვა. „სახელმწიფო კაცების საკრებულო“ არის სათათბირო, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს. შეკრება გადაიცემა სატელევიზიო პირდაპირი ეთერით. ხალხი უსმენს, თუ რას ურჩევენ სახელმწიფო კაცები ხელისუფლებას და როგორ ასრულებს მთავრობა მათ რჩევას. „სახელმწიფო კაცების საკრებულოში“ უნდა შევიდნენ გამოცდილი, ავტორიტეტული პიროვნებები, რომლებიც არ ყოფილან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

მე ასევე მიმაჩნია, რომ  უნდა დაიწეროს პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი. ხალხს აქვს კითხვები პოლიტიკოსებთან ყველა პოლიტიკოსმა პასუხი უნდა გასცეს ამ კითხვებს. დღემდე ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკა საქართველოში იქცა ბიზნესად. პოლიტიკურმა ბიზნესმა  მოკლა ნამდვილი ბიზნესი. გზა გაუხსნა ყვარყვარეებს პოლიტიკაში და . მეჯღანუაშვილებს ბიზნესში. ამისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა.

ასეთია ჩვენი შეთავაზება. უნდა შეიქმნას სამი რამ: ანტიკორუფციული, პიროვნებათა პარლამენტი, პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა და  სახელმწიფო კაცების საკრებულო.

მე არ ვიბრძვი საკუთარი გამარჯვებისთვის და  მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, თუ თქვენ არ მიიღებთ ამ წინადადებებს, „თეთრები“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომლითაც ყველა უპარტიო იყრის კენჭს ჩვენ უკვე მივმართეთ საზოგადოებას, დაგვეხმარონ ასეთი პიროვნებების შერჩევაში,

ერთხელ მაინც უნდა შევთანხმდეთ პოლიტიკოსები იმაში, რომ არასწორია პარტიების დაყოფა კვალიფიციურად და არაკვალიფიციურად, არასწორია საინფორმაციო სივრცის ასე პოლარიზება. არასწორია პარტიათა დაფინანსება ბიუჯეტიდან, არასწორია პარლამენტიდან დეპუტატის გამოწვევის მექანიზმის არარსებობა, არასწორია დეპუტატებისთვის პრივილეგიების არსებობა. მინდა ვიკითხო რატომ, რით განვსხვავდებით ჩვენ სხვისგან? დეპუტატი ხომ ხალხის მსახურია. და შეიძლება მსახური უკეთ ცხოვრობდეს მასზე უკეთ ცხოვრობდეს, ვინც ის მსახურად აირჩია?! ასეთია რეალობა,  ქვეყანაში, როცა  ხალხის მსახურად არჩეული ხალხს იყენებს თავის მსახურად. ან რა მანქანებით დადიან. ან რა ხელფასები აქვთ! ეს ყველაფერი შესაცვლელია, 20-30 კანონია მისაღები, რომლითაც უნდა დავიცვათ ქვეყანა.  დღეს, როცა საქართველოში ტრანსნაციონალური პოლიტიკური ხედვის   ძალები სჭარბობს, ვიდრე პატრიოტული ხედვის ეს შეუძლებელია.

მდგომარეობა ძალიან მძიმეა. საქართველო დაღუპა ყალბმა ეროვნულმა პათოსმა, დემოკრატიის თამაშმა, სოციალურმა დემაგოგიამ და პოლიტიკურმა კორუფციამ. დღეს ეს ყველაფერი აყვავებულია. ამას წერტილი უნდა დაესვას. არც ერთი პოლიტიკური ძალა ამისთვის ცალკე არ არის მზად. ეს პროგრამა, რომელსაც მე ვთავაზობ, ერთმა პიროვნებამ მითხრა,  ბიძინა ივანიშვილს უნდა აწყობდესო. ვეთანხმები. ეს არის პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ ივანიშვილს არამედ ყველა ეროვნული გაწყობის ნაღდ პოლიტიკურ ძალას უნდა აწყობდეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენი ფორმულაა სიკეთით გამარჯვება. დღეს მთავარია სიკეთით გამარჯვება!

 

თემურ შაშიაშვილი

“მომავლის საუბრები” 6 მაისი 2020წ.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *