(მარშალპრესი)გავერთიანდეთ არა ერთის, ან ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სამშობლოსათვის! – პარტია “თეთრები”

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი პარტიის სახელით  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მაქვს პატივი, მეცნიერთა დიდი ჯგუფის მოსაზრებებზე დაყრდნობით, წარმოგიდგინოთ პარტია „თეთრების“ ხედვა მართვის სისტემასა და არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მეცნიერთა ის ჯგუფია, რომელმაც ორწლიანი მუშაობის შედეგად, შექმნა და ერთი წლის წინ წიგნებად გამოსცა ქვეყნის განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი ,,ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, რომლებიც დაეგზავნა ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოგეგზავნათ პირადად თქვენ.

დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტები გაგრძელებაა დიდი მამულიშვილების, მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის ინიციატივითა და ცნობილ მეცნიერთა მონაწილეობით შექმნილი დოკუმენტისა „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, რომელსაც დასაწყისში ხელი მოაწერეს ცნობილმა მოღვაწეებმა: ანზორ ერქომაიშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, რომან რურუამ, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა, ომარ მხეიძემ, თემურ გუგუშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა. შემდგომ, გელათში, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, თბილისსა და რეგიონულ ცენტრებში გამართულ მეცნიერთა კონგრესებზე და ინტერნეტის საშუალებით მას შეუერთდა 20 ათასზე მეტი ადამიანი.

სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობითა და ხალხის აქტიური მონაწილეობით, შეიქმნა „ხალხის წერილი ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად“, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა და რომელიც ჩაბარდა ხელისუფლების ყველა შტოს პირველ პირს.

რა შეფასებებს აკეთებენ მეცნიერები და რას სთავაზობენ პარტიებს?

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ:

ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ დიდი ინტელექტის, მდიდარ შესაძლებლობათა ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს ღარიბად. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება.
მართვის დღევანდელი სისტემა არაჯანსაღია, ეყრდნობა არა სისტემურობას, არამედ პიროვნებას. ის გამორიცხავს ხალხის გავლენას და ქმედით კონტროლს ხელისუფლების საქმიანობაზე. მართვის ამ სისტემამ პოლიტიკური კონკურენცია სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიყვანა, დაამკვიდრა პოლიტიკური ზიზღი, რაც უკვე გადადის ბიოლოგიურში. ამის შედეგია, რომ პიროვნებათა ხელისუფლების ნაცვლად, უკვე ოცდაათი წელია ვიღებთ ერთი პიროვნების პოლიტიკური გემოვნებით შექმნილ ხელისუფლებებს (პარლამენტის ჩათვლით).
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩატარებული ყოველი არჩევნებით იმარჯვებენ პოლიტიკური პარტიები, თუ პოლიტიკური გუნდები და მარცხდება ხალხი!
დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც, კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, შეეძლება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა შიდა და გარე ვალდებულებებითაა დატვირთული.
თავისუფლება – სიმართლეშია და იგი არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. ყველა პარტია და პოლიტიკოსი თვლის, რომ ამბობს სიმართლეს. ეს წარმოუდგენელია და შესაბამისად, ტყუილია. ტყუის ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ ამბობს სიმართლეს.

სიმართლე მეცნიერებთან და მეცნიერულ ანალიზთანაა დაკავშირებული.
30 წელია, ქვეყანაში არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და გარემოა… ვეერა და ვერ მოხერხდა საარჩევნო სიების დაზუსტება, რის გამოც ქვეყანაში ამომრჩეველთა რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობაზე მეტია… უკიდურესად პოლარიზებულია საინფორმაციო სივრცე, უგულებელყოფილია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა პოლიტიკური უფლება, აირჩიოს და იქნას არჩეული… ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია და საარჩევნო ყუთთან მისული უმუშევარი, უფულო, დეპრესიული, პრაქტიკულად სოციალურად დაუცველი ადამიანი არათუ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, არამედ, უკვე მერამდენედ გახდება სოციალური დემაგოგიის, მოსყიდვისა და საარჩევნო ფულის მსხვერპლი, ასეთი არჩევნების შედეგებით, ძალიან დიდი ალბათობით, მივალთ ქუჩის აქციებამდე, რაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, უმოკლეს დროშია მოსალოდნელი.
ვინ იზიარებს, ვინ ეთანხმება და ვინ არა, ამ მძიმე შეფასებას, სავალალო ფაქტია, 30 წლის განმავლობაში, პარტიებმა სრული დისკრედიტაცია განიცადეს ხალხის თვალში. დღეს, რეალურად, პარტიებში სამართლიანობისა და ზნეობის დეფიციტია რაც ზნეობრივ ადამიანებში, პარტიების მიუღებლობას იწვევს. სამწუხაროდ, დღეს პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საქვეყნო კაცია, ვიდრე პარტიებში. ეს ვითარება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, აპრიორი გვაძლევს ქვეყნისთვის მიუღებელ პარლამენტს.

მეცნიერების მთავარი დასკვნები

დღეს არსებითია ბრძოლა არა ძალაუფლებისათვის, არამედ მართვის სისტემის შესაცვლელად. ეს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა იმ ვითარებამ რომელშიც აღმოვჩნდით გლობალური პანდემიის გამო. სისტემურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ< მეცნიერებმაც, ინტელექტუალურმა ელიტამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და ეს პროცესი უნდა წარიმართოს ხალხთან კავშირში. აქ პრინციპული არის ერთი, ეს უნდა მოხდეს პოლიტიკურ პარტიათა ხელისუფლებაში მისვლამდე. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მისვლას, ისე, როგორც ეს გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დემოკრატიულმა ქვეყნებმა. მათ ხელისუფლებაში მისვლამდე შექმნეს დემოკრატიული კონსტიტუცია – ხალხის ძალაუფლების კონსტიტუცია, დემოკრატიული მმართველობის სისტემები, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონით „ოპოზიციის შესახებ“ განსაზღვრეს მისი ფუნქციაც, მოახდინეს საფინანსო და ეკონომიკური სისტემების დეცენტრალიზაცია, გაატარეს საბანკო სისტემის უდიდესი რეფორმა და შეიმუშავეს ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფოებრივი პროგრამები. სერიოზული უფლებები გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებებს და მკაცრად გამიჯნეს ერთმანეთისაგან როგორც ხელისუფლების ყველა შტო, ასევე თითოეული შტოს ვერტიკალის ყველა რგოლი, გაამარტივეს რეფერენდუმის ჩატარების სისტემა. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების უმკაცრესი კრიტერიუმები.

30 წელია, გვყავს თვითკმაყოფილი ხელისუფლებები. 30 წელია, გვიმტკიცებენ, რომ მუშაობენ კარგად, ხალხის მდგომარეობა კი, თუ არ უარსედება, პრაქტიკულად, არ იცვლება უკეთესობისკენ.

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავსს ადამიანის ბუნებით უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და

უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს,კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეცნიერები თავაზობენ პარტიებს:

პირველი – „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნის იდეას, რაც ნიშნავს ამ ეტაპზე, დროებით, ორი, ან მაქსიმუმ, ოთხი წლით, უარის თქმას პარტიულ პარლამენტზე და პროფესიონალთა, პიროვნებათა პარლამენტის შექმნას. პარტიები თანხმდებიან ერთიანი საპარლამენტო სიის შედგენაზე, რომელშიც უნდა შევიდნენ მაღალი რეპუტაციის პროფესიონალები გაცილებით მეტი რაოდენობით, ვიდრე ასარჩევია, რათა ხალხს ჰქონდეს საშუალება, გააკეთოს არჩევანი. ეს სია უნდა გამოხატავდეს როგორც საქართველოს ყველა რეგიონის (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით), უცხოეთში მცხოვრები ჩვნი თანამემამულეების, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების, სოციალური ფენის და ასაკობრივი ჯგუფების ინტერესებს. (შერჩევის მექანიზმი დაზუსტდება პოლიტიკური პარტიების კონსულტაციებით როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით, სამეცნიერო დაწესებულებებთან, გამოკვეთილად დიდი უნდა იყოს უნივერსიტეტებისა და მეცნიერებათა აკადემიის, შემოქმედებითი კავშირების როლი).

მეორე – ამ პროცესის პარალელურად, მეცნიერთა მიერ, სამეცნიერო მიმართულების ყველა ინსტიტუტისა და დანაყოფის ჩართვით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და დარგობრივი მეცნიერებათა აკადემიების პატრონაჟით, უნდა შედგეს დეტალური პროგრამა, ეს უნდა იყოს ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობის პროგრამა. ხალხი ირჩევს პროფესიონალებს და ამტკიცებს მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამას. ორი წლის თავზე ტარდება ნდობის რეფერენდუმი და, თუ მოსახლეობა დარწმუნდება, რომ მის მიერ დამტკიცებული პროგრამა სრულდება, გაუგრძელებს ვადას პარლამენტს, თუ არადა, ცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

მესამე – ამ პერიოდში განსაკუთრებული იქნება პარტიების როლი. ისინი ერთიანდებიან „პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში“ (სახელწოდება პირობითია), სადაც იწერება ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია და ყველა ის პროგრამული კანონპროექტი, რომელთა მიღება სწორედ პროფესიონალთა პარლამენტმა უნდა შეძლოს და რომლებშიც დეტალურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული როგორც ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდისა და ოპოზიციის, ასევე ყველა დონის სახელისუფლებო რგოლის ფუნქცია და მოვალეობები. ეს რეალურად, მართვის ახალ სისტემაზე გადასვლაა, რომლის გარეშეც ქვეყნის წინსვლა, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

მეოთხე – მეცნიერებს უაღრესად პოზიტიურად მიაჩნიათ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის წინადადება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2010 წელში უცხოეთიდან დაბრუნების შემდგომ ჩამოაყალიბა ქადაგებაში და დასანანია, რომ დღემდე უყურადღებოდაა. პატრიარქმა – ერის სულიერმა მამამ, ჩვენი სამშობლოს ისტორიისა და მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, გამოთქვა მოსაზრება „სახელმწიფო კაცების“ (გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის) საკრებულოს შექმნის თაობაზე.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ჰყავს სუფთა წარსულის. ქართული აზროვნების და ზოგადკაცობრიული იდეალების ერთგული არაერთი უფროსი თაობის წარმომადგენელი, რომელთა ერთობას სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ქვეყნის ცხოვრებაზე საერთოდ. ასეთი ინსტიტუტის შექმნა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, ვისთვისაც განსაკუთრებულია უხუცესთა გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრიბ ინტერესებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ხელისუფლებებმა სწორედ ამ ინსტიტუტის მოსაზრებათა გათვალისწინებით უნდა მიიღონ.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა, ქვეყნის შესაძლებლობათა მაქსიმუმზე ორიენტირებული მართვის სისტემის შექმნა და დღეს არნახულად დარღვეული თაობათა ერთიანობის აღდგენა. რაც მთავარია, ქვეყანა დაპირისპირებიდან გადავა თანამშრომლობის ჰარმონიზაციის პრინციპებზე და შესაძლებელი გახდება ხალხის, ეკლესიის, ხელისუფლებისა და პოლიტიკური ძალების თანამშრომლობა კაცობრიობის მიერ შემუშავებულ პროგრესულ პრინციპზე დაყრდნობით: „მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“.

პარტია „თეთრები“ და მე, როგორც მისი თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა,რომ ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის, მძიმეა მეცნიერთა ეს შეფასებები, არათუ მხარს ვუჭერ მათ მოსაზრებებს, რომელთა გარკვეული ნაწილი აქ წარმოვადგინე, ამაში ვხედავ ქვეყნის გადარჩენის ბუნებრივ გზას და დიდი სურვილი მაქვს, რომ არ შევხვდეთ უარყოფით მეცნიერთა ამ ნააზრევს. დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს არა მარტო კრიზისიდან, არამედ დღეს არსებული ხელოვნურიდან გადაიყვანს განვითარების ბუნებრივ გზაზე.

ღრმად მწამს და მჯერა, დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე აზრი გაქვთ, რომ ამ გეოგრაფიული, ბუნებრივი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსებისა და პოტენციალის ქვეყანაში დანაშაულია, ასე ვცხოვრობდეთ. ჩვენს წინაშე დღეს ორი შესაძლებლობაა: ვიბრძოლოთ საკუთარი გამარჯვებისათვის, რაც კრიზისს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს, ან ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მეორეს ავირჩევთ და ეს იქნება სწორედ ახალი პოლიტიკური განზომილება.

ყველაფერი ეს ჩამოვაყალიბე პატივისცემითა და გულწრფელად. არა მარტო მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამებზე დაყრდნობით, არამედ იმ ადამიანთა სახელითაც, ვინც ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოში იმ განწყობის დასაბრუნებლად, რომელიც სუფევდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს და როცა დეპუტატები ხელს ვაწერდით დამოუკიდებლობის აქტს.

და კიდევ ერთი, დღეს ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის ნიშანსვეტად ჩანს დიდ მოაზროვნეთა გამოთქმა: „ყოველი ქვეყნის ქვაკუთხედი ხალხი და ბრძენკაცნია“. მივენდოთ მეცნიერებს, მივენდოთ კაცობრიობის გამოცდილებას, მივენდოთ ჩვენს ისტორიას. უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ყოველ დროში სახელმწიფო კაცები, ერის მამა, დიდი ილია ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.

ყოველი ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ხალხმა და ქვეყანამ უნდა მიიღოს ეპოქალური გადაწყვეტილება. მეცნიერებს, პირველი ეროვნული პარლამენტის წევრთა უმრავლესობას, მიგვაჩნია, რომ დღეს სწორედ ეს მომენტი დგას ჩვენ წინაშე და ჩვენ, პარტიებს, შეგვიძლია, მეცნიერებთან და წინა პარლამენტების წევრებთან ერთად, ვიყოთ ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორი. ამ შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

გადავდოთ პირადი წყენა. „სიმდაბლით ავმაღლდეთ“, გავიმარჯვოთ სხვაზე კი არა, საკუთარ თავზე. დავაჯეროთ საკუთარი თავი იმაში, რომ ყველანი საჭირო ვართ ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ სამშობლოს ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს დასაკარგი. სწორად გვეუბნებიან მეცნიერები: მთავარი წინას დამარცხება კი არა, არამედ ის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ხალხის და ქვეყნის ცხოვრება. ყველაფრის, და მით უფრო წინას უარყოფის გზა დამანგრეველია. ყველა ხელისუფლებამ რაღაცით დატოვა კეთილი და პოზიტიური კვალი, რასაც აღიარებად ა დაფასება უნდა. ყველა ხელისუფლებაში იყვნენ და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. მათ პატივით უნდა ვეკიდებოდეთ. ყოველივე ამის უარყოფა დანაშაულიცაა და საკუთარი თავის უარყოფისკენ მიმავალი გზა. გავერთიანდეთ არა ერთის, ან ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სამშობლოსთვის. გადავდგათ ეს ნაბიჯი. დრო ამას ითხოვს. ისტორია ამას დააფასებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: https://marshalpress.ge/archives/312361

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *