წერილი აკადემიკოს როინ მეტრეველს

საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს,

აკადემიკოს როინ მეტრეველს

ბატონო როინ,

ჩემთვის დიდი პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობაც, წარმოგიდგინოთ მიმართვის ტექსტი, რომელიც გადავეცი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ქვეყნის მართვის სისტემასა და არჩევნებთან დაკავშირებით, რაც მთავარია, ქვეყანაში დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული თანხმობის პარლამენტის  შექმნის აუცილებლობის თაობაზე.

პირადად მე ამ წერილს მივიჩნევ ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტად, რამეთუ ის შევადგინე მეცნიერებისადმი ჩემი ტრადიციული განწყობისა და  მეცნიერთა იმ  ჯგუფის ნააზრევზე დაყრდნობით, რომელმაც დიდ მამულიშვილთა მიერ შექმნილი მოქმედების მანიფესტის, „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ მოსაზრებათა გათვალისწინებით, ორწლიანი მუშაობის შედეგად, შექმნა და ერთი წლის წინ  წიგნებად გამოსცა  ქვეყნის განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი, ,,ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. მქონდა პატივი, ეს პროგრამული დოკუმენტები თქვენთვის გადმომეცა.

ბატონო როინ,

დიახ, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ამ წერილს გადმოგცემთ თქვენ, ცნობილ მეცნიერსა და მოღვაწეს, პიროვნებას, რომლის მიმართაც უდიდესი მადლიერებით ვარ  და რომლის მოსაზრებებსაც ჩემთვის ყოველთვის, ყოველ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

დიდ პატივს დამდებთ, თუ გაეცნობით და საჭიროდ ჩათვლით შეხვედრას. გეახლებით თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს.

ღრმა პატივისცემით,

პოლიტიკური პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თეიმურაზ შაშიაშვილი

20 ივნისი, 2020 წელი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *