საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ – ეს ქვეყნის ოქროს ფონდია

რა პრინციპებზე დაყრდნობით იქმნება პროფესიონალთა საპარლამენტო გუნდი, ვინ ქმნის, ვინ შეიძლება იყოს მისი წევრი და ვისთვის არის დაკეტილი მისი კარები.

 

მეცნიერთა კონგრესის საქმიანობამ დაგვარწმუნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საკადრო პოლიტიკის ამოსავალი არ არის ქვეყნის პოტენციალი. რეალობა მწარეა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლის 7-10 პროცენტზე მეტის მოქმედებაში მოყვანა, დღევანდელი ბიუჯეტითაც, რამდენჯერმე მეტის გაკეთება შეიძლება, მეტიც, ათწლეულებია, საქართველოში ბიუჯეტის 1 ლარი 15-25 თეთრის საქმეს აკეთებს. დამკვიდრდა პირადი ერთგულებით კადრების შერჩევის ავადმყოფური სისტემა, რომელიც ებრძვის ძლიერს და, რომელსაც ხელისუფლებაში მოჰყავს სუსტი. ამ სისტემის დამკვიდრებას ხელი შეუწყო პოლიტიკის ქუჩაში გადატანამ. ფაქტიურად, 30 წელია, ქვეყანა ქუჩით იმართება და ხელისუფლებაში დომინირებენ ქუჩის პოლიტიკოსები.

შედეგად, პარტიებში არის პროფესიონალიზმის, წესიერების, ქვეყნისადმი ერთგულების და, რაც მთავარია, ზნეობის დეფიციტი. ხოლო პროფესიონალებს, ზნეობრივ ადამიანება აქვთ პარტიების მიუღებლობა. ანუ ისინი ერიდებიან არა მარტო პარტიის წევრობას, არამედ პარტიებთან თანამშრომლობასაც კი. კანონმდებლობა კი მხოლოდ პარტიის წევრებს აძლევს შესაძლებლობას, იყოს ხელისუფლებაში. მწარე სიმართლეა, საქართველოში სუსტი ხელისუფლების არსებობა კანონმდებლობითაა გარანტირებული, რომლის გარღვევის გარეშე, შეუძლებელია ქვეყანაში რეალური პოზიტიური პროცესების განვითარება, ქვეყნის მუშაობა შესაძლებლის მაქსიმუმზე.

ზუსტია მეცნიერთა შეფასება, რომ ჩვენ გაცილებით მეტად ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც სახალხოდ და საჯაროდ იბრძვიან თანამდებობებისთვის, პარლამენტარობისთვის, მაგრამ გაცილებით მეტი სიმდიდრეა ის ადამიანები, რომლებიც აშკარად უკეთესნი იქნებოდნენ ქვეყნისა და ხალხისთვის, გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ე.წ. თანამდებობისთვის მებრძოლებს,  „პროფესიონალ პატრიოტებს“და „ქუჩის დემოკრატებს“. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ისინი ვერ აჰყვებიან ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებულ ქუჩის პოლიტიკას, სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანებს ხალხიც და ხელისუფლებაც ნაკლებად იცნობს.

ორი მწარე შეფასება მომავლისთვის:

პირველი – აშკარაა, რომ დღეს პარტიებს გარეთ გაცილებით საინტერესო და საჭირო ხალხია მომავლის საქართველოსთვის, ვიდრე პარტიებში.

მეორე – ჩვენში უფრო აფასებენ მყვირალა, გამოგონილ და თვითმარქვია პოლიტიკოსს, ზოგჯერ უცნობს, ვიდრე აკადემიურ, დარბაისელ, ხატოვნად რომ ვქვათ, „წყნარ“ ნაცნობს. მაშინ როდესაც სრულიად საპირისპირო პროცესებია ევროპისა და საერთოდ, მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში: თუ 15 -20 წელი ვერ ხედავენ პოლიტიკოსის საქმიანობის შედეგებს, მას არ ირჩევენ. ე.ი. დემოკრატიულ ქვეყნებში არ ირჩევენ უცნობს, საქართველოში კი, არ ირჩევენ ნაცნობს.

სწორედ ამიტომ იყო, რომ მეცნიერებმა თავიდანვე გამოკვეთეს პრინციპული პოზიცია, რომ ეჭვით შევხედოთ ყველას, ვინც პარლამენტისკენ გარბის, მაგრამ შევეხვეწოთ ყველას, ვინც ამისთვის არ იბრძვის, მაგრამ საქმის კეთების დიდი რესურსი აქვს.

ამას ეყრდნობა მეცნიერთა მიერ რეკომენდირებული მთავარი პრინციპი: ვერც ერთი არჩევნები ვერ მოგვცემს ისეთ შედეგს, როგორც სოფელში, ქალაქში, რაიონში ხალხთან ღიად სასაუბროდ ჩასული ავტორიტეტული ადამიანების შეხვედრა-საუბრები ხალხთან. სოფელზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის ამ სოფელში ყველაზე ავტორიტეტული. აქვე ვთქვათ, ტრაგედიაა, რომ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ საქართველოზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც ათწლეულებია, სოფელსაც კი არ ენდობიან თავიანთი თავკაცის არჩევას და ზემოდან უნიშავენ. ეს მახინჯი სისტემა უნდა შეიცვალოს. ჩვენ ხალხში გასვლით  საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში და მთელ მსოფლიოში მიმობნეულ ქართველებში უნდა ვეძებოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად საჭირო ადამიანები. სწორედ ასეთ ხალხს შეუძლია სასწაულის მოხდენა, რადგან ასეთ ადამიანებს ხალხის სიყვარული აქვთ და პასუხისმგებლობას უფროსის კი არა, სწორედ ხალხის წინაშე გრძნობენ.

ამასვე ეყრდნობოდა მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული ორი პრინციპული ხაზგასმა:

პირველი – ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები. ზვიად გამსახურდიას გარემოცვაში, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა  ივანიშვილთანაც, ირაკლი ღარიბაშვილთანაც, გიორგი კვირიკაშვილთანაც არიან დღევანდელ – გახარიას ხელისუფლებაშიც.

ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების გამოკვეთა, მათი ხელისუფლებაში შენარჩუნება, თუ სახელისუფლებო არენაზე დაბრუნება.

მეორე –იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნის გარეთ და ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ, რომ თუნდაც უარეს მდგომარეობაში არ ვართ –მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები. დიდი მუშაობა უნდა გავწიოთ,  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, რათა მოვიძი  ადამიანები, რომლებსაც   კარგი ურთიერთობა აქვთ იმ ქვეყნების მოსახლეობასთანაც,   ხელისუფლებასთანაც  და  დიასპორაში  დიდი  ავტორიტეტით  სარგებლობენ. ამ პროცესში ჩართვა ყველას შეუძლია.

სწორად ამბობენ მენციერები, უბედურება ის კი არ არის, რომ ხალხს არ უყვარს ან კრიტიკულად არის განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ, არამედ ის, რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ ხალხი. რომ პოლიტიკოსებს არ ესმით ხალხის, რომ პოლიტიკოსებისთვის ხალხი საარჩევნო მასაა. ამაზე შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს!

დღეს ქვეყანას აქვს უმძიმესი პრობლემა: მართვის სისტემაა ავადმყოფი და ის არა უბრალოდ უნდა შეიცვალოს, არამედ უნდა დაინგრეს. ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, სუფთა ადამიანებს და პროფესიონალებს., რომელთაც საქმით აქვთ დადასტურებული ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულება და არასდროს მხარი არ დაუჭერიათ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც პოლიტიკაში მიდიან თავგანწირული შრომისთვის და არა ფულისა  და ბიზნესისთვის.

მეცნიერებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მართვის სისტემაში ყველაზე არასაიმედო ადამიანია და საქვეყნოდ მომართულია ის,  ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს და უპირატესობას ანიჭებს მდგრადი მართვის სისტემის შექმნას. ამის გაკეთება არ შეუძლიათ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს. მით უფრო ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილთ.

სწორედ ეს შევთავაზეთ ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას. რომ შეგვექმნა „ეროვნული თანხმობის პარლამენტი“ – პიროვნებათა პარლამენტი და ერთი საარჩევნო პერიოდი უარი გვეთქვა პარტიულ პარლამენტზე, რადგან ქვეყანა მაშინ ინგრევა, როცა მართვის სისტემა აგებულია პიროვნებაზე,  როცა პარტიები ერთიანდებიან ვინმეს წინააღმდეგ და არა ქვეყნის ინტერესებისათვის. როცა ქვეყნის ერთგულებას ანაცვალებენ უფროსისადმი ერთგულებას; როცა მყარდება ფულის ძალაუფლება, უგულვებელყოფილია ნიჭიერება და პოლიტიკაში მოდიან ფულისა და ფულიანებისადმი მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, როცა პოლიტიკოსებს ხალხის აზრი კი არ აინტერესებთ , არამედ უცხოელი პატრონების, როცა  ქვეყნის გარეთ პატრონებს ვეძებთ და არა მეგობრებს, როცა პოლიტიკური დაპირისპირება სცდება პოლიტიკური სიძულვილის ფარგლებსაც კი და ბიოლოგიურში გადადის.

დღეს, საქართველოში რეალურად ეს მდგომარეობაა. ჩვენ არ ვიცვლით პოზიციას. გადარჩენა პროფესიონალებშია. ზნეობრივ ,სუფთა და  რწმენის ადამიანებშია. ხალხის მიერ შერჩეულ ადამიანებშია და არა ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებულ გუნდებში. ამას უკვე 30 წელია, ვხედავთ, რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღატაკდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. რეალურად მივიღეთ: ყალბი ეროვნული პათოსი, დემოკრატიის თამაში, სოციალური დემაგოგია და ელიტარული კორუფცია…   ვცხოვრობთ სიყალბეში, ბატონობს პოლიტიკური მაფია.

ჩვენი სურვილია, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მოგვცემს ხელისუფლებას მყვირალა, თვითმარქვია და ქუჩის პოლიტიკოსების გარეშე. შექმნის პროფესიონალთა საარჩევნო გუნდს, რომლის შემადგენლობა ხალხიდან უნდა წამოვიდეს და ამ გუნდის ყველა წევრმა უნდა იცოდეს, რომ ის ხალხის და ქვეყნის წინაშეა პასუხისმგებელი და არა პარტიის, პოლიტიკოსის, თუნდაც, ხელისუფლების წინაშე.

ამ სიაში ვერ მოხვდება ვერც ერთი, ვინც:

  • მხარი დაუჭირა ქართული მიწის, სტრატეგიული ობიექტების, ეროვნული სიმდიდრის გაყიდვას;
  • მხარი დაუჭირა პასპორტიდან ეროვნების ამოღებას, რითაც პრაქტიკულად ეროვნება გაუთანაბრა მოქალაქეობას. .. მხარი დაუჭირა პასპორტიადნ  მამის სახელის ამოღებას და პრაქტიკულად, უთვისტომოდ გვაქცია.
  • მხარი დაუჭირა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ანუ ისეთ კანონების მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრადიციულ ფასეულობებს;
  • 2005 წელს მხარი დაუჭირა განათლების კანონს, სადაც სიტყვა „მშობელი“ამოღებულია მაშინ, როცა ეს საერთაშორისო კონვენციაშიც კი არის ჩაწერი;ლი  და სადაც განათლების უპირველეს ამოცანად მიჩნეულია: „ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე  დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“  და 2019 წელს,  მხარი არ დაუჭირა იმ შესწორებებს, რომელიც მენციერებმა, მეცნიერებათა აკადემიამ შესთავაზა (პრაქტიკულად, საქართველოში უგულებელყოფია ცივილიზებული სამყაროს ლიბერალიზმი და გაბატონებულია მახინჯი, ველური ლიბერალიზმი, ლიბერტარიანიზმი, მემერჯვენე ანარქიზმი, რომელიც ნაციონალიზმზე უარესია).
  • მხარი დაუჭირა საფინანსო და ეკონომიკური სისტემების ცენტრალიზაციას და უუფლებოდ დატოვა ქვეყნის რეგიონები.
  • მიიღო გადაწყვეტილება,  თბილისსა და ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლების  დემონტაჟთან დაკავშირებით, შეეძლო იმ ადგილზე მათი დაბრუნება სადაც თავის დროზე დაიდგა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა – კურთხევით, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

ასევე პრინციპულად ვთვლით და მიგვაჩნია, რომ ამ სიაში არ უნდა  იყოს არც ერთი პიროვნება, ვინც:

  • დააფუძნა საქართველოში სოროსული ორგანიზაციები;, „თავისუფლების ინსტიტუტი“,
  • ფინანსდებოდა ან ფინანსდება რუსეთიდან, სოროსიდან, ვისაც პირადად, ან მის პარტიას აქვს  მიღებული მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფული
  • მომთაბარეობს პარტიიდან პარტიაში, მისი „პატრონის“ ჯერ ქებით მოდის პოლიტიკაში, და მერე მისი ლანძღვით რჩება;
  • თანამშრომლობდა და დღესაც თანამშრომლობს უცხოეთის სპეცსამსახურებთან (ჩვენ ვითხოვთ ლუსტრაციის კანონის მიღებას თუნდაც იმ ხალხისთვის, ვინც არის ხელისუფლებაში ან აპირებს ხელისუფლებაში მისვლას);
  • გამდიდრდა სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს, ანუ მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბდებოდა.
  • ვინც მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის (ანუ ხალხის ფულის) თუნდაც ერთი ლარიც კი.

პროფესიონალთა სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანები:

  • რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ, რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი… რომლებიც აცნობიერებენ, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება და მზად არიან მხარი დაუჭირონ რეფერედუმის კანონის იმ ფორმაში მოყვანას,  რომ ხალხს ნებისმიერ დროს ჰქონდეს უფლებაც და შესაძლებლობაც, შეცვალოს მის მიერ არჩეული პარლამენტის ის კანონი, რომელიც არ შეესაბამება ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. მეტიც, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის დათხოვნის უფლებაც კი ჰქონდეს.

 

  • რომლებიც აღიარებენ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების მიერ შემუშავებულ  და ხელმოწერილ მოქმედების მანიფესტს – „ერთი სამშობლო , ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“… სამოქმედოდ მიიჩნევენ მენციერთა მიერ შემუშვებულ ქვეყნის განვითარების კონცეფციას „გზა ცივილიზებული სახემწიფოსკენ“ და  პროგრამულ დოკუმენტს „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ“.

 

  • რომლებიც იზიარებენ მენციერთა მიერ შემუშავებულ მომავლის საქართველოსთვის ბრძოლის  შემდგომ პრიორიტეტულ მიმართულებებს:

 

პირველი – განათლება და მეცნიერებაა სახელმწიფოს საძირკვლის უპირველესი ქვაკუთხედი.

მეორე – მეწარმეობის დაცვის გარეშე, არ არსებობს ეკონომიკის მდგრადი განვითარების ელემენტარული იმედიც კი. დაცული მეწარმეა ქვეყნის ძლიერების ქვაკუთხედი. მეწარმე კი დაცული უნდა იყოს ინსტიტუციონალურად და არა ხელისუფალის პირადი შეხედულებებისა და ახლობლობის მიხედვით. ხელისუფლებამ მეწარმე უნდა დაიცვას თავისუფალი და პატიოსანი კონკურენტული გარემოს შექმნისა და შენარჩუნების უზრუნველყოფით;

მესამე – კულტურა და მეცნიერება, ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი. სწორედ ოპტიმიზმი სჭირდება ნიჰილიზმით, პესიმიზმითა და სიძულვილით გაჯერებულ ქართულ სივრცეს.

მეოთხე ქართული სოფელი, როგორც ქვეყნის უძველესი კულტურული ფენომენი.

ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი ხალხი, რომლებიც  ხელისუფლებაში მისვლის შემდგომ, ზემოთ აღნიშნული ოთხი პრიორიტეტული მიმართულების საერთოსახალხო განხილვის საფუძველზე შეიმუშავებს გარე სამყაროსთან ურთიერთობის პროგრამასქართული ინტელექტითა და ქართული ბიზნესით, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი, ფილოსოფიური გაგებით.

მეცნიერების პრინციპული პოზიციაა, რომ საარჩევნო სიაში თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს:

  • საქართველოს ყველა რეგიონს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს (როგორც ეს დააკანონა ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ) ყველა სხვა რეგიონის და, სასურველია ყველა ქალაქისა და რაიონის ჩათვლით;
  • უცხოეთის იმ ქართულ დიასპორებს, რომელ ქვეყნებშიც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები;
  • ყველა ეთნიკურ ჯგუფს;
  • ყველა პროფესიასა და თაობას (ჩვენ კარგად უნდა ვნახოთ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტებსა და მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებიან სუფთა წარსულის მქონე გამოცდილი პროფესიონალები, რომელთა აბსოლკუტური უმრავლესობა 40 წელს ზემოთაა)

ეს უნდა იყოს გუნდი, რომლის თითოეული წევრიც: მხარს უნდა უჭერდეს დეპუტატის გამოწვევას,   უარს უნდა ამბობდეს დეპუტატის იმუნიტეტზე, ყოველგვარ პრივილეგიებზე, პარტიების ბიუჯეტიდან,  გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ცხოვრობდეს ხალხის ცხოვრებით, ცხოვრობდეს ისე, როგორც ხალხი ცხოვრობს და პარლამენტიდან, თანამდებობიდან მიდიოდეს იგივე ქონებით, რაც გააჩნდა მისვლის დროს.

ეს უნდა იყოს გუნდი, რომელიც ამკაცრებს ბრძოლას სეპარატიზმის წინააღმდეგ, ემიჯნება ყოველგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს ნარკომანიის ლეგალიზებას, უშვებს საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას სათამაშო ბიზნესში.

კატეგორიულია ყველა იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც უშვებს საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობების შეცვლას, იქნება ეს ჰესების უკონტროლო მშენებლობა, თუ ბუნებაზე ზემოქმედების სხვა საშუალებები.

ეს უნდა იყოს  გუნდი, რომელიც იბრძვის დღევანდელი ველური საბანკო სისტემის წინააღმდეგ. ხელს უწყობს რეალური სამეწარმეო სექტორის განვითარებას  და აქვს პროგრამა დემოკრატიის უმთავრესი საყრდენის, საშუალო ფენის სწრაფი შექმნის, რომლის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან და რადგან საარჩევნო სია ყალიბდება მეცნიერთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით და ხალხის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით, ამ გუნდს უნდა შეეძლოს მეცნიერული პროგრამების როგორც შედგენა, ასევე მისი რეალიზაცია…

მეცნიერთა კონგრესი კატეგორიულია მოთხოვნაში და იტოვებს იმის კონტროლის უფლებას, რომ  პროფესიონალთა პარლამენტის საარჩევნო გუნდის თითოეული წევრი  იცავდეს ყოველი ადამიანის ბუნებრივ,ანუ რეალურ კონსტიტუციურ უფლებებს:

 – სიცოცხლის უფლებას;

 – სიტყვის თავისუფლებას

– საკუთრების უფლებას

 – მისწრაფებას უკეთესი ცხოვრებისკენ

სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, უნდა იბრძოდეს იმისთვის, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, გარანტირებული სამედიცინო მომსახურეობა და განათლების მიღების თანაბარი უფლება.

ჩვენი პოზიცია აქაც ურყევია: ხელისუფლება, რომელიც  ამ ბუნებრივ და კონსტიტუციურ უფლებებს  ვერ უზრუნველყოფს,, საკუთარ თავს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს და ავტომატიურად უნდა დადგეს ასეთი ხელისუფლების იმპიჩმენტის საკითხი. და საერთოდ, იმპიჩმენტის პროცედურაც გაადვილებული უნდა იყოს.

 დასკვნის სახით:

საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ – ეს ქვეყნის ოქროს ფონდია. და სწორედ ეს ხალხი უნდა იყოს წარმოდგენილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მთელ ვერტიკალში.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ერთად ვეძებოთ და ვიპოვოთ  ასეთი ადამიანები.  ერთად შევადგინოთ პროფესიონალთა საარჩევნო გუნდი. დავუჭიროთ მას მხარი არჩევნებზე. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ საქართველოს მთავარი პარადოქსის – მდიდარ ქვეყანაში ღარიბად რომ ვცხოვრობთ, დაძლევას… ეს არის გზა, რომ ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

 

მეცნიერთა კონგრესის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

 

ამირან აფციაური – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორიი

რეზო ბალანჩივაძე  – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

ჯუმბერ ბოლღაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

რამაზ გახოკიძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ანზორ თოთაძე  – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ჯუმბერ კოპალიანი – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი

მანუჩარ მაჩაიძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

რამაზ ნამიჭეიშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ლუარა ნიჟარაძე –  ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი

ლევან ოდიშარია –  ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

გია სიგუა – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ვახუშტი ფარცვანია – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი

პაატა შავაძე – სამართლის დოქტორი

თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

ვახში ჟვანია – კიბერნეტიკოსი,  მართვის სისტემების მეცნიერებათა დოქტორი

საბოლოო ვარიანტი მიღებულია მეცნიერთა კონგრესის თბილისის, ქუთაისის, ბათუმის,  გორის,გელათის,  სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის, სესიების მოთხოვნატა გათვალისწინებით, 2020 წლის 17 ივლისს,  „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ფონდის ოფისში გამართულ მეცნიერთა კონგრესის სამუშაო შეკრებაზე.

 

საკონტაქტო პირი ლუარა ნიჟარაძე – ტელ.: 555 93 75 48

 

იხ. მეცნიერთა კონგრესის სამუშაო შეხვედრა (17.07.2020წ)

ქვეყნის გადარჩენის პროექტი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *