(კვირა.ჯი) თემურ შაშიაშვილი: მიხეილ სააკაშვილს თითო დეპუტატის გაყვანა პარლამენტში 3-4 მილიონი უჯდება

გახსოვთ, როგორ ჰპირდებოდა ბოკერია ბელორუსის ოპოზიციას, 4-5 მილიონს ჩვენ მოგცემთო? საიდან ამდენი ფული?

პარტია ,,თეთრების” პოლიტიკურ ხედვასა და გემოვნებაზე, ოპოზიციურ სპექტრსა და წინასაარჩევნო სამზადისზე ,,კვირა” პარტიის თავმჯდომარეს, თემურ შაშიაშვილს ესაუბრა:

– კარგა ხანია, პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩენილხართ, რატომ?

– ბოლოს 2008 წელს ვიღებდი არჩევნებში მონაწილეობას და მივხვდი, რომ ეს არჩევნები არ იყო. მაშინ ქუთაისში ვიყრიდი კენჭს და იცით, რა აღმოვაჩინე? მარტო ქუთაისში ერთ საარჩევნო ყუთში 1000 ისეთი ადამიანის ბიულეტენი მოხვდა, რომლებიც მრავალი წლის წინ წავიდნენ ემიგრაციაში. იმ სიყალბის შეცვლას არავინ აპირებდა, შევარდნაძის დროს რომ დანერგეს ცნობილმა გამყალბებლებმა, გოგორიშვილმა და მისნაირებმა, მათ შორის, არც სააკაშვილი. 2013 წელს ქუთაისის მერის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. მაშინაც დავრწმუნდი, რომ საქართველოს მოსახლეობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე – საარჩევნო სიებში წარმოდგენილი მოქალაქეები. პატარაა საქართველო, გამოდის ხმები საარჩევნო უბნებიდან… 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გაგახსენებთ. მაშინ სააკაშილი გავიდა 1-ელ ადგილზე, მე – მე-2-ზე, ბევრი იბრძოლა, რომ მეორეზეც ვერ გავსულიყავი, თუმცა, არ გამოუვიდა…

– წინასაარჩევნო სამზადისს როგორ აფასებთ?

– დღეს არჩევნების ბედი წყდება თითოეული ადამიანის გონებაში. კაბინაში შესული ადამიანი მარტოა დარჩენილი თავის თავთან, მიუხედავად მოსყიდვისა და ძალადობისა, სინდისის კარნახით აკეთებს არჩევანს. ხედავთ, რამხელა ფული იხარჯება არჩევნებში? ჩემთან მოვიდა ახალგაზრდების ჯგუფი და განმიცხადა: 10-ჯერ ნაკლები გადაგვიხადე და შენიანები ვიქნებით, მოგვეცი ასე 300-400-ლარიო.

– გინდათ, თქვათ, რომ ოპოზიციური პარტიები თითოეულ მომხრეს 3000-4000 ლარს უხდიან?

– არჩევნები პარტიებმა ბიზნესად აქციეს. ყველა იყიდება: ზოგი – პროდუქტებზე, ზოგი – წამლის ფულზე, ზოგი – ოპერაციაზე. ეს კოორდინატორები ხომ ამ ქვეყნის უბედურებაა. არის მთელი რიგი პარტიები, რომლებსაც თითო მანდატი 20-30 მილიონი დაუჯდებათ.

– უღირთ ამხელა თანხები დეპუტატობად?

– პარლამენტში მეტს იშოვნიან, ესაა მაგათი გათვლა. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებენ ქვეყანას? დღეს რომ საარჩევნო ბანერებია, ამდენი გინახავთ სადმე? 2020 წლის არჩევნები ბანერების არჩევნებია. დღეს მხოლოდ საკუთარ სინდისთან მართალი ადამიანი გადაარჩენს ქვეყანას და არა – პიარი, ბანერები და პლაკატები. რეიგანი 70 წლის ასაკში, მესამე მცდელობის შემდეგ გახდა პრეზიდენტი. გუბერნატორის არჩევნებზე, მაშინ – როდესაც ამერიკაში დეპრესიის ხანა იდგა, მან ამომრჩეველს მიმართა: თქვენი არჩევანია, იაროთ ან კუჭის ან გონები ჭკუაზე. თუ კუჭმა გვძლია, ამერიკა დასრულდებაო. ამერიკელებმა მაშინ სწორი არჩევანი გააკეთეს და ქვეყანა მალე ზესახელმწიფოდ აქციეს. ასეთი არჩევნის წინაშე დგას დღეს საქართველოც. ქუჩის ბელადები და ორღობის ოპოზიცია ვერ გადაარჩენ საქართველოს.

– სოროსელებში ვის გულისხმობთ?

– ოპოზიციის დიდ ნაწილს, ბოკერიას, სააკაშვილის გუნდსა და მათ ნამსხვრევებს. სოროსულ-მასონური ძალების ასეთი შემოტევა საქართველოზე არასოდეს ყოფილა. მათ ხელშია ტელევიზიათა უმრავლესობა, ბანკები, პოლიტიკური სადავეები. დღეს საქართველო დასახსნელია იმ ძალებისგან, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ამერიკში ებრძვის და “ამერიკელი ხალხის უბედურებას” უწოდებს. გადახედეთ ხაზარაძის პარტიასა და მის ბანკს, მის ტელევიზიას. ყველაფერში სოროსის ფულია ჩადებული – იმ სოროსის, რომელსაც არა მხოლოდ ამერიკაში, ისრაელშიც ,,უბედურებას,, უწოდებენ. მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში არ უშვებენ წარმოშობით უნგრელს, უნგრეთმა უთხრა უარი შეშვებაზე. ახლა გლობალისტები ცდილობენ რევანშის აღებას, რომლებსაც ეროვნულობის არაფერი სცხიათ, მაგრამ ეროვნულს თამაშობენ. სოროსი რომ საქართველოში ჩამოვიდა, გახსოვთ, რა სამარცხვინოდ გაეგო ფეხქვეშ მაშინდელი მთავრობა? ტელევიზიათა 99% საქართველოში ახლაც მის ხელშია და პოლიტიკურ მოვლენებშიც მთავარ მოთამაშედ რჩება. რა უნდა ელაპარაკო იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ქუთაისში ჩამოსხმული, დავით აღმაშენებლის ძეგლი აღმაშენებლის მოედნიდან აიღო და ქუთაიის სადგურში, პირდაპირ ლენინის კვარცხლბეკზე დაამაგრა? (ერთი ფილაც რომ არ შეუცვლიათ ლენინის ჩამოგდების შემდეგ). ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ აღმაშენებელს მატარებლით მოგზაურობა უყვარდა.

– წინასაარჩევნო გარემოს როგორ აფასებთ?

– ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს ხალხი იმედის თვალით უყურებს – იცი, რომ რაღაც შეიცვლება. საქართველოში არცერთ არჩევნებს ამომრჩევლის იმედი არ გაუმართლებია, არცერთი არჩევნების შემდეგ ქვეყანა წინ არ წასულა. რაც დრო გადის, ღარიბი ღატაკდება, მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. აიღეთ ბოკერია და მისი გუნდი. საიდან ამდენი ფული? ბელორუსის ოპოზიცია რომ ჰპირდებოდა საქვეყნოდ, 4-5 მილიონს მოგცემთო, სად ჰქონდა ეს თანხა? დანამდვილებით გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილს თითო დეპუტატის გაყვანა პარლამენტში 3-4 მილიონი უჯდება. უდიდესი წინასაარჩევნო ფული შემოდის რუსეთიდანაც, რომელზეც დღეს არავინ ლაპარაკობს. მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე – ამომრჩეველს წარმოუდგენია. დამისვით დღეს ბოკერიები და ვაშაძეები დებატებში და ნახეთ, როგორ გავაცამტვერო. ქუთაისის მაჟორიტარია დღეს გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისელებთან გამოჩენის ეშინია.
დაქირავებული ჰყავთ იმიჯმეიკერები, პიარტექნოლოგები, რომლებიც ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უთხრან ამომრჩეველს, რა ჩაიცვან, რა ილაპარაკონ. მე არაფერი მჭირდება ხალხთან შესახვედრად. ამომრჩეველმა იცის ჩემი ყველა ღირება და პატიოსნება, საქმისა და სამშობლოს სიყვარული. კაცს რეპუტაცია უნდა ჰქონდეს ამომრჩეველში, რომელსაც იმიჯმეიკერები წინააარჩევნოდ ვერაფრით შეუქმნიან.

– ,,ქართული ოცნების” პროპორციული სიის შემადგენლობაზე რა აზრის ხართ?

– ,,ოცნების” პირველ ოცეულს დღეს ძალიან ბევრი პარტია განიხილავს. დალოცვილებო, შენი პარტიის ოცეულზე არ გილაპარაკია, ერთი სიტყვა არ გითქვამს საკუთარ შეცდომებზე და ის გაინტერესებს, ვინ არის სხვა პარტიის ოცეულში? მთავარია, თითოეულ ამომრჩეველს ახსოვდეს, რომ უნდა გუშაგობდეს საქართველოს, არ გაიყიდოს არც ფულზე, არც – წამალსა და ოპერაციაზე, არც – სხვა რამ სიამეებზე, სინდისიერად მისცეს ხმა ამ ქვეყნის გადარჩენას.

ია დანელია

წყარო: http://kvira.ge/596744

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *