(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი: “ჩვენი უბედურების სათავე არის ის, რომ საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება…”

temiri– ბატონო თემურ, ამ საარჩევნოდ „ნაცმოძრაობას“ სულ „სარგებელი, სარგებელი“ აკერია პირზე, ივანიშვილის გუნდი „ოცნებობს“, შალვა ნათელაშვილი „მდიდარს ართმევს და ღარიბს აძლევს“, – თქვენი „თავისუფალი საქართველოს“ ლოზუნგი რა იქნება?

– პრობლემები უამრავია, მაგრამ კოალიცია „თავისუფალი საქართველოს“ აზრით, ჩვენი უბედურების სათავე არის ის, რომ საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება!.. ჯობია იცოდე, რომ გყავს ანტიეროვნული ხელისუფლება, ვიდრე ის ხელისუფლება, რომელიც მოჩვენებით ეროვნულობას თამაშობს. სააკაშვილი არის ამის დიდოსტატი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეიყვანა შეცდომაში და ყალბი ეროვნული პათოსი გააბატონა ქვეყანაში. ჩვენი კოალიცია „თავისუფალი საქართველო“ სიის პირველი ნომერია, ხოლო ქართული ოცნება ბოლოა სიაში. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის შემთხვევითი, ამ ორ ჭეშმარიტად ოპოზიციურ ძალას შორის, პირველსა და ორმოცდაერთს შორის, თავის სატელიტებთან ერთად მოქცეულია მიხეილ სააკაშვილი. ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, – ხალხს მენტალიტეტი უნდა შევუცვალოთო!.. ასეთი რამ ბოლშევიკებისა და ფაშისტების გარდა არავის უთქვამს!.. თქვენთან დაიბეჭდა პირველად უნიკალური მასალა იმის შესახებ, თუ რა მენტალიტეტის კაცია ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მას არ სწამს ქართული ტრადიციების, არაადამიანურია ევროპული ტრადიციები და მხოლოდ ამერიკულ ტრადიციებს სცემს პატივს!.. სხვაგან მერაბიშვილი აცხადებს, რომ ის არც ერთ რელიგიას არ სცემს პატივს, რომ მისი წინაპრები იყვნენ კათოლიკეები და ა.შ. ვინც ასეთ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მოითმენს და ტაშს უკრავს, ის არის მონა!.. – სააკაშვილი პირდაპირ მუქარაზეა გადასული… – სააკაშვილი არის გაბოროტებული!

– გაბოროტებული სააკაშვილი რასაც ნიშნავს, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და თქვენ რას ელოდებით, საქმე არჩევნებამდე მივა? 1 ოქტომბერს არჩევნები საერთოდ ჩატარდება?

– ჩვენი ბლოკი საარჩევნო აგიტაციის დაწყებას სექტებრიდან გეგმავს. თუმცა, როგორც ხელსიუფლებას მიჰყავს საქმე,არ გამოვრიცხავ, იმ ვარიანტსაც, რომ ეროვნულმა, ნამდვილმა პატრიოტულმა ძალებმა შეიძლება გარკვეულ ეტაპზე თქვან- არ ღირს ამ არჩევნებში მონაწილეობა და საქართველოში არავითარი არჩევნები არ ჩტარდება! -ეს უკვე სკანდალური განცხადებაა! აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე უარი თქვას? – „ქართული ოცნება“ ძალიან დინამიკური გახდა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა რუსთავში იყო აბსოლუტურად განსხვავებული გამოსვლა,. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის მომენტი,როცა მან ღირსებაზე გაამახვილა ყურადღება…

– ეს ხომ თქვენი ცნობილი მესიჯია საზოგადოებისადმი გაგზავნილი?

– ამას ამ შემთხვევაში არვითარი მნიშვნელობა არ აქვს… მე ერთს ხმამაღლა ვაცხადებ ჩვენი კოალიციის – „თავისუფალი საქართველოს“ სახელით – ფულზე არ გავიყიდებით, ხელისუფლებას არ გავურიგდებით და არჩევნების გაყალბებას არ ვაპატიებთ!.. გარდა ამისა, ასევე ვამბობთ – რეალური ოპოზიცია ვინც არის, ყველა იბრძოლებს სამი რამისთვის: 1) 30%-იანი ბარიერი მაჟორიტარი დეპუტატებისათვის უნდა შეიცვალოს 50% ბარიერით! ამ სამარცხვინო კანონით ქუ თაისშიც კი 3 ათას კაცს შეუძლია აირჩიოს მაჟორიტარი (!!!) ამავდროულად, ხელისუფლება აცხადებს, რომ თურმე ქუთაისში 150 ათასი ამომრჩეველი ყოფილა… 160 ათასი კაცი საერთოდ არ ცხოვრობს ქუთაისში, დაცლილია ქალაქი (!!!) 3 მილიონ 600 ათასი ამომრჩეველია საქართველოშიო, გვეუბნებიან… ამდენი ამომრჩეველი კომუნისტების დროს არ ყოფილა საქართველოში და ახლა საიდან იქნება, როცა მილიონ-ნახევარი კაცი გასულია ქვეყნიდან? ვიბრძოლოთ, ბატონებო 50%-იანი ბარიერისათვის!… ქრისტიან-დემოკრატები გაიძახიან- უკვე გვიან არისო!.. გვიან კი არ არის, ადრეც არის, რადგან მახსოვს, 2003 წელს ბეიკერმა ორი-სამი დღით ადრე შეაცვლევინა პრინციპული დებულებები; 2) მილიონ-ნახევარი კაცია ქვეყნის გარეთ გასული და ეს ხალხი ხელისუფლებამ მოიშორა და ახლა ეუბნება – მათხოვრად ხომ გაქციე, მაგრამ ღირსებაც უნდა აგყარო, რადგან არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებო!… ხალხო, ვიბრძოლოთ ხმებისთვის!… 3) ნომერ პირველი საარჩევნო სუბიექტის, „თავისუფალი საქართველოს“ სახელით ვაცხადებ – ის, ვინც არ წავა იმაზე, რომ ოპოზიციიდან გნებავთ პრაიმერის, გნებავთ სხვა ხერხის გამოყენებით არ იქნება წარდგენილი საერთო კანდიდატი, ხელისუფლების საქმეს აკეთებს და ოპოზიციაში არაფერი ესაქმება!.. მთწმინდაზე ჩვენ არავინ არ წარვადგინეთ, რადგან ზაზა პაპუაშვილია იქ „ოცნების“ კანდიდატი და მეტსაც გეტყვით, ჩემი ოჯახის 5 ხმა ზაზა პაპუაშვილს უკვე აქვს!.. ვაკეში კახა კუკავაა ჩვენი დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი და არ უნდა შეთანხმდეს ამაზე ოპოზიცია? ქუთაისში მე და გუბაზი ვართ, ხო? მჯობნის გუბაზი? კი, ბატონო, მაგრამ ჩავატაროთ გამოკითხვა, ან რაიმეზე შევთანხმდეთ!…

– ბატონო თემურ, თქვენ „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ეს შეთავაზება ადრეც გაუკეთეთ და რამე გამოხმაურება და შემხვედრი ნაბიჯი ამას დღემდე არ მოჰყოლია?

– შემხვედრი ნაბიჯის დრო მოდის და აქამდე ეს რომ არ იყო, არ არის პრობლემა!.. მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ – „თავისუფალმა საქართველომ“ – არ გავუწიოთ ერთმანეთს კონკურენცია, თორემ დანარჩენები თავიანთ კანდიდატებს რომ არ მოხსნიან, ეს ცხადია. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს ერთ რამეში ვეთანხმები, მან ძალიან ვაჟკაცურად და პირდაპირ თქვა, თუ ვინ არიან ხელისუფლების სატელიტები!… ამის თქმას უნდოდა ძალიან დიდი ძალა… თუ ბიძინა ივანიშვილს დასცდება ჩვენზე ხმა და იტყვის, რომ ჩვენ სააკაშვილთან შეკრულები ვართ, ის ხელისუფლების საქმეს გააკეთებს! თემურ შაშიაშვილი არავისზე, არაფერზე და მით უმეტეს, ფულზე არ გაიყიდება! მე მირჩევნია, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას შევეწირო, ვიდრე შევეგუო!

– ე.ი. თქვენ იზიარებთ ივანიშვილის შეფასებას, რომლის თანახმადაც შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტები ხელისუფლებასთან შეკრულები არიან?

– მე ძალიან გული მწყდება ლეიბორისტული პარტიის გამოსვლების გამო. ეს უკვე არც არჩევნებია, არც არაფერი!… ორი წლის წინ ლაპარაკობდა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი პრემიერ-მინისტრი იქნებაო და ახლა ირკვევა, რომ თურმე ეს კაცი ყოფილა ქვეყნის დამაქცევარი და გამაუბედურებელი! .. არ შეიძლება, მე გული მწყდება ამაზე… არც სააკაშვილზე შეიძლება ისე საუბარი, როგორც საუბრობენ!.. ასეთი ლაპარაკით ხალხს სააკაშვილს აყვარებენ!.. სააკაშვილს ხომ არ უნდა დავემსგავსოთ?

– მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ მძიმე განწყობები აქვს თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ასათიანის მიმართ და მაშინ აქ როგორ იქნება საქმე? ივანიშვილი აქაც მართალია?

– მე ერთი რამ ვიცი, მე ვიქნები, კახა კუკავა იქნება თუ აკაკი ასათიანი, ჩვენ არ გავურიგდებით სააკაშვილს, არჩევნების გაყალბებას არ ვაპატიებთ!… ამაში ყველანი ერთნი ვართ… რაც შეეხება ბატონ კაკოს, კაკო ასათიანი რომ პარლამენტს სჭირდება, კაკო ასათიანი რომ განათლებული კაცია, კაკო ასათიანი პირველი პარლამენტის თავმჯდომარეა და კაკო ასათიანს რომ ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა კრემლში იმ უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე, სადაც მან საოცარი სიტყვები თქვა და რომ ისტორიას დარჩება, მე მგონი ორი აზრი არ არსებობს!… ვინც ამას დაივიწყებს, ის ივიწყებს ტრადიციებსაც, ეროვნულ მოძრაობასაც და მე გული მწყდება, რომ ნინო ბურჯანაძემ უარი უთხრა არჩევნებს…

– სწორედ ბურჯანაძის შესახებ მინდოდა მეკითხა… რატომ არ ღებულობს ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობას , დამარცხების ეშინია? რატომ არ გახდა ის თქვენი ბლოკის წევრი?

– არა, არა… მე ვარ იმის მომსწრე, თუ როგორ ძნელად იღებდა ბურჯანაძე არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებას. გული მწყდება, რომ ივანიშვილმა საჭიროდ არ ჩათვალა საერთოდ კრების აღმასრულებელ საბჭოსთან და თუნდაც კრების პოლიტიკურ კომპონენტებთან შეხვედრა… ვის როგორი პოზიცია არ უნდა ჰქონდეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძე უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრი. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მისთვის შედეგი მიღწეულია – ბურჯანაძემ უარი თქვა არჩევნებზე და ჩვენ არ ვართ ერთი პოლიტიკური ბლოკის წევრები!..მხოლოდ ნინო ბურჯანაძისაგან უარის თქმის ამის შემდეგ მოხდა ივანიშვილისა და მისი შეხვედრა… მე არ მინდა, რომ ნინო ბურჯანაძის მომენტი ვინმემ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოს და თქვას, ბურჯანაძე მოიქცა კარგად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რომ თქვა და ასევე კარგი იქნება, „თავისუფალი საქართველოც“ უარს თუ ეტყვის ამ არჩევნებსო!.. დარწმუნებული ვარ, არც ქალბატონი ნინო დაუშვებს ამას. მისი ყველა გამოსვლა დღემდე იყო უაღრესად ღირსეული: არავითარი განაწყენება იმათ მიმართ, ვინც სამიზნედ ამოირჩიეს და პირდაპირ ვთქვათ, აიძულეს, რომ უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და უაღრესად პოზიტიური რეალური ოპოზიციის მიმართ, რომ იგი მხარს უჭერს მხოლოდ რეალურ ოპოზიციას. ჩემთვის ოდნავაც არ არის საეჭვო, რომ „თეთრები“ , „თავისუფალი საქართველო“ და ასევე „ქართული ოცნება“ ნინო ბურჯანაძისათვის სწორედ რეალური ოპოზიციაა. ჩვენ მასთან ვაგრძელებთ ურთიერთობას. მის პარტიას ძლიერი პოტენციალი აქვს. რაც შეეხება კრებას, ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ არჩევნების შემდგომ მისი როლი და ფუნქცია განსაკუთრებული იქნება, იქნება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე წარმოუდგენია ნებისმიერ გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას.

– რა გეგმები გაქვთ?

– ამ არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი საქართველო“ გავერთიანდებით ერთ პარტიად და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის წარვადგენთ ერთ ძლიერ კანდიდატს!

– ეს უკვე სიახლეა!.. რა ერქმევა თქვენს ახალ პარტიას?

– „თავისუფალი საქართველო“!.. ამ ეტაპზე ასე ვართ შეთანხმებული…

– და საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ გეყოლებათ?

– ჯერ რა დროს ამაზე საუბარია, დიტო ბატონო!.. –

ბატონო თემურ, ახალი პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება?

– მაგას არჩევნები გადაწყვეტს!..

– სააკაშვილმა უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს კრიმინალები უკანასკნელად გაფრთხილდებიან! საიდან მიდის ეს მატარებელი?

– სააკაშვილი ხალხის აზროვნებაში უკვე დიდი ხანია დამთავრებულია!.. სააკაშვილი თავის სატელიტებთან ერთად მაქსიმუმ 30% თუ მიიღებს, დარჩენილი ხმა იქნება გაყალბებული!.. სააკაშვილი არის გაბოროტებული და შეშინებული და ამიტომ ყვირის ასე!.. ახმეტის გამგებლის ოჯახმა 200 ათასი ლარი შესწირა „ნაცმოძრაობას“, ძალიან დიდი ფულით ამარაგებს „ნაცმოძრაობას“ კომპანია „ვისოლი“ – ფხაკაძეები, რომლებიც ქუთაისიდან არიან და ძალიან მინდა, რომ ბევრ რამეზე თქვი შევიკავო!. ერთს ვიტყვი, სააკაშვილი რომ არ იყოს, ფხაკაძეები უფრო წარმატებული ბიზნესმენები იქნებიან!.. გეგენავა აკონტროლებს საქართველოს ბიუჯეტის ერთ მილიარდს და დეპუტატობის კანდიდატია, ვინც ზესტაფონი იყიდა, ის კაცი დეპუტატობის კანდიდატია… ჩემი დასკვნა ასეთია, დღეს საქართველოს დიდგორის ველზე ებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მონა მოსამართლეებით, მანდატურებით, სოდით, კუდით, ნათია მოგელაძით, ე.წ.ადმინისტრაციული რესურსით, ხოლო საქართველოს მხარეს დგას დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც არ ყიდულობს ხმას და ამომრჩეველი, რომელიც თავის ხმას არ ყიდის!… ამ დღეებში ვნახე ნიკა გილაური, მე ასეთი გახარებული და გალაღებული გილაური არასდროს მინახავს!… ბედნიერია კაცი, რომ ასე უმტკივნეულოდ დააღწია ამათ თავი… სამაგიეროდ, ბარამიძე რას გავდა ბათუმში?! ეგ ტიროდა სინამდვილეში, რადგან კარგად იცის, სადაც აქვს თავი გაყოფილი!.. ბარამიძე ბათუმში იყო მკვდარი… მაგას ვინ აირჩევს ბათუმში? ვინც სააკაშვილს თავი დააღწია, ყველა არის გალაღებული!… დამერწმუნეთ, გაილაღებს საქართველო, ამ ჭირს რომ მოვიშორებთ!… ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა კოალიციამ ხმების 50 % მეტი აუცილებლად უნდა მივიღოთ, რათა დავამთავროთ ეს რეჟიმი!… – თქვენ ხმების რამდენ პროცენტს მიიღებთ? – კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ „ნაცმოძრაობა“ თავის სატელიტ პარტიებთან ერთად ხმების 30% ზე მეტი მოაგროვა, ივანიშვილმა 50% ნაკლები , ხოლო ჩვენ 10%ზე ნაკლები, მაშინ არჩევნები არის უსათუოდ გაყალბებული და ამას არ უნდა შევეგუოთ!… დღეს „ქრისტიან-დემოკრატები“ ხალხს ახსენებენ და გონებას უმღვრევენ, მართლები ვიყავით, როცა პარალმენტში შევედითო!… თარგამაძის პარტიამ მაშინ ამერიკელების დავალება რომ შეასრულა და ხელისუფლებასთან გარიგდა, ამის უპირველესი ნიშანი სწორედ ის იყო, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ!… ვინც პირველი შევიდა პარლამენტში, ის იყო ხელისუფლებასთან გარიგებული, თორემ მერე უკვე აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი და რაკი „ქრისტიან-დემოკრატები“ იქ შევიდნენ, ყველა უნდა შესულიყო!

. – 1 ოქტომბერის შემდეგ თქვენ რას ელოდებით?

– თუ 1 ოქტომბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პირველი არ იქნება, უმრავლესობას ვერ მოიპოვებს და ეგ პარლამენტში მაინც შევა და ამას შეეგუება, ეს იქნება საქართველოს დაღუპვა და დაქცევა!..

– ბატონო თემურ, თქვენ გეცოდინებათ, ვაჟა ლორთქიფანიძე რატომ სძულს მიხეილ სააკაშვილს?

– იმიტომ სძულს, რომ სააკაშვილს უკრაინაში „კაგებეს“ მიმართულების ინსტიტუტში უგამოცდოდ რომ ჩაებარებინა, სწორედ ვაჟა ლორთქიფანიძემ მოუწერა ხელი საბუთზე, მაგრამ ვაჟა ლორთქიფანიძე დღეს ამას არ ამბობს, რადგან ვაჟა კარგ ოჯახში გაზრდილი პიროვნებაა. იმ საბუთის გამოქვეყნებაა საჭირო…კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი იყო ძალიან კარგი პიროვნება – შარაშენიძე, რომელიც სააკაშვილს დაეხმარა ამ საქმეში და მერე ვაჟა ლორთქიფანიძემ მოაწერა ხელი. მაგისი პირადი საქმე, რომელიც კიევში, იმ ინსტიტუტში ინახება, მე მეჭირა ხელში და საქმეს რამდენიმე ფურცელი აკლდა. პირადად იანუკოვიჩი აკონტროლებს სააკაშვილის პირად საქმეს… იულია ტიმოშენკო, თავისი დაქალი სააკაშვილმა გაწირა, რათა იანუკოვიჩთან აეწყო ურთიერთობა და დღეს სააკაშვილის პირადი საქმე რომ კიევიდან გამოითხოვო, ამისათვის სააკაშვილის ნებართვაა საჭირო(!!!)

– რა ჯანდაბა წერია ამ ს აქმეში ასეთი?

– წერია ის, თუ როგორ გარიცხეს სააკაშვილი კომკავშირიდან, მერე როგორ აღადგინეს, მერე როგორ მუშაობდა ბორისპოლის აეროპორტში, „კაგებეში“ – სხვა ბევრი რამეებიც წერია… ეს იცით რა დროა? როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობაა აზვირთებული და ერთი ამბავია. აი, ამ დროს, სააკაშვილი მუშაობდა ბორისპოლის „კაგებეში“ რიგითად (!!!) ბაბუამისი – მიხეილ სააკაშვილი, 1937 წელს მოსკოვში შევიდა „ვკპ(ბ)“-ს რიგებში, ბიძამისი – თემურ ალასანია, არის ცნობილი „კაგებეშნიკი“, დედამისი – ქალბატონი გიული ალასანია კომკავშირის პრემიის ლაურეატია და ეგ საერთოდ ვისზე რას ლაპარაკობს? სტალინი საქართველოში რომ ჩამოვიდა, სადგურზე მდგომმა ერთმა კაცმა, გვარად შაშიაშვილმა მას დაუძახა „მოღალატე!“ რა თქმა უნდა შაშიაშვილი მაშინვე დახვრიტეს… სააკაშვილს ენა როგორ უტრიალდება სხვის წარსულზე სალაპარაკოდ? ადამიანი არ მეგულება საქართველოში, ვისმა ოჯახმაც კომპარტიითა და კომკავშირით იმდენი სარგებელი და მატერიალური სიკეთე ნახა, რამდენიც სააკაშვილმა!… უარყოს მიხეილ სააკაშვილმა რომ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმოწერით არ გახდა იმ კაგებეს“ მ იმართულების ინსტიტუტის სტუდენტი!… ბატონმა ბონდო ქურდაძემ მოითხოვა სააკაშვილის პირადი საქმე კიევის ინსტიტუტიდან, მაგრამ ინსტიტუტის რექტორმა გამოუგზავნა პასუხად, – სააკაშვილის ნებართვის გარეშე პირადი საქმე არ გაიცემაო (!!!) ბონდო ქურდაძეს კი ამათ შეუთვალეს, საქართველოში ჩამოსული არ გნახოთო და კაცმა საფრანგეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი!… როგორ ფიქრობთ, საფრანგეთი ვინმეს ტყუილად მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს? მას აღწერილი აქვს ის ტანჯვა – წამება, რაც მისმა ხუთსულიანმა ოჯახმა გადაიტანა, რათა პარიზამდე ჩასულიყო… ალბათ წიგნად გამოაქვეყნებს და წაიკითხავს ყველაფერს საზოგადოება…

– გიული ალასანია კომკავშირის პრემიის ლაურეატია?

– დიახ, დიახ! გიული ალასანია კომკავშირის პრემიის ლაურეატია!… რამდენადაც ვიცი, საკავშირო კომკავშირის პრემიის ლაურეატობაზეც უნდოდა წარდგენა, მაგრამ არ მისცეს!..

P.S პატივცემულო მკითხველო, სამწუხაროდ და საუბედუროდ მოხდა ისე, რომ თემურ შაშიაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის გაჩაღებული „ცივი ომი“ ინტერვიუმ „გააცხელა“ და ჩემთვის პატივსაცემი ეს ორი პიროვნება ერთმანეთს დაეტაკა! გულწრფელად განვიცდი ამ ამბავს. როცა შალვა ნათელაშვილს კომენტარისთვის დავურეკე, მან თქვა, რომ „შაშიაშვილი მუდამჟამს იყო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, სწორედ მან გაუპრავა სააკაშვილს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომ შაშიაშვილმა მოსკოვიდან მინსკის გავლით საქართველოში 300 ათასი დოლარი შემოიტანა და რომ მისი ძმისშვილი მთელს იმერეთში აკონტროლებს მარილის ბიზნესს(!!!)“ ამ ბრალდებების შემდეგ ისევ ბატონ თემურისთან მომიწია დარეკვა, რომელმაც განაცხადა, – „ნათელაშვილი ახლა უფრო მეტად შემეცოდა, სააკაშვილზე მეტად გაბოროტებულა და მის კომენტარს ჩემი კომენტარი აღარ სჭირდება!. ვფიქრობ, ბატონი შალვა თავისი ბოლო გამოსვლებით საკუთარ თავს უკეთ ახასიათებს, ვიდრე სხვას. ბრალდებები რომ აბსურდულია, ეს ერთი, მაგრამ თავისი გამოსვლით რომ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს,კიდევ უფრო ცუდად ყოფილა საქმე. ფული რომც შემომეტანა, ამის მთქმელი კაცი ჩამშვებია. ბატონო შალვა, სამართალდამცველმა ორგანოებმა კეთილი ინებონ და დაიწყონ ამ ყველაფრის მოკვლევა, მაგრამ მე მანამდე ვამბობ, – ნათელაშვილმა ან დამიმტკიცოს, რომ 300 ათასი შემოვიტანე, ანდა ამ ოდენობის თანხა ჩვენს კოალიციას გადმოურიცხოს!… სირცხვილია, სადამდე დავეცით პოლიტიკოსები საქართველოში?!.. რჩევა მივეცი და ასეთი პასუხი მივიღე და ნებისმიერ ეთერში მზად ვარ, ბატონ შალვას ველაპარაკო იმის შესახებ, თუ ვინ რისი მფლობელია და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მას ბევრი რამ გავახსენო, ხოლო საზოგადოებას ბევრი რამ ვუთხრა!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *