(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი: “რაც 2003 წელს ვთქვი, ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე!.. “

kreba2„იცით, ლუკაზეც და სოსოზეც რატომ მწყდება გული? ჩვენ ასეთი უბედურება გადავიტანეთ ყველამ ერთად 26 მაისის ღამეს და ჩვენ არ შეიძლება იმ ხალხთან ერთად ვიყოთ სიაში, რომლებმაც გაგვყიდეს და გაგვწირეს!.. გეწყინათ, ჩემო ძმებო? მე მეტკინა!..“
„ქრონიკას“ ესაუბრება `თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი.

_ ბატონო თემურ, პრივატულ საუბარში მითხარით, რომ საქართველოში ოქტომბერში არანაირი არჩევნები არ ჩატარდებაო!.. აბა, რას გვიპირებენ და რისთვის ვემზადებით, თუ არჩევნები არ ტარდება?

_ საქართველო ახლა არის დიდ გზაჯვარედინზე, _ ან ჩვენ ვეგუებით იმას, რომ არჩევნების შედეგებს, რომელიც უკვე დაწერილია, ვაღიარებთ, ანდა ვიქცევით ისე, როგორც მოიქცევა ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც გარედან დაწერილ და ნაკარნახებ ციფრებს არ ცნობს!.. ვინც გინდა მოინდომოს, გამორიცხულია, რომ ეს ხელისუფლება დარჩეს! არავითარი გაყალბება სააკაშვილს არ უშველის… ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ ვაცხადებ კატეგორიულად, _ თუ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ხმების 50 პროცენტზე ნაკლები, ხოლო `ნაციონალურმა მოძრაობამ~ 20 პროცენტზე მეტი, ჩათვალეთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია! მე ძალიან მინდა, რომ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს!.. ძალიან მინდა შეიკრას ჩვენი, ქალბატონი ნინოს, ბატონი კახა კუკავასა და ბატონი აკაკი ასათიანის ალიანსი და საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ… მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში რაღაც გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ!.. არასწორად წერენ, როცა ამბობენ, _ ბურჯანაძე გაწირესო!.. სულ ტყუილია ყველაფერი. კრება არის დიდი ავტორიტეტი და არჩევნების შემდეგ, ვინც გინდა მოვიდეს ხელისუფლებაში, კრების ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება!

_ ბატონო თემურ, ლუკა კურტანიძემ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება მართლა დაწერა?

_ არ ვიცი… კურტანიძე არის ძალიან საინტერესო პიროვნება, მაგრამ იმ ტერმინოლოგიით, როგორც ის ჩვენ შესახებ ლაპარაკობს, მე არ ვილაპარაკებ!..

_ რას გულისხმობთ?

_ თურმე, ნინო ბურჯანაძის გარდა, ყველა გაწირავს მას მომავალში… ბატონ ლუკას მე მინდა ვუთხრა, რომ, ეტყობა, ის მე კარგად არ მიცნობს!.. არასწორად დაიწერა ბევრგან, თითქოს მე ვიღაცას ბოდიში მოვუხადე. მე არავისთვის ბოდიში არ მომიხდია და ვთქვი, _ თუ ვინმეს ჩემგან რამე ეწყინა, სწორად ეწყინა თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე მას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ თუ მე მეწყინა ბევრისგან და, მათ შორის, ბატონი ლუკასგან, ბოდიშის მოხდას არავისგან ვითხოვ-მეთქი!.. ვფიქრობ, ეგ ჯენტლმენური საქციელია..

. _ ბატონო თემურ, თუ თქვენი, ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავასა და აკაკი ასათიანის ერთობა შეიქმნება, არჩევნებში რა შანსები გექნებათ?

_ ვფიქრობ, რომ 10-15 პროცენტის ფარგლებში ჩვენ შანსები გვაქვს!

_ აკი, პრივატულად მითხარით, საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება და `ენდიაი~ ამერიკელების ხელში ის ინსტრუმენტია, რომლითაც ცდილობენ შეგვაგუონ წინასწარ დაწერილ ციფრებსო?

_ ვაცხადებ ხმამაღლა, _ თუ არჩევნები გაყალბდება, ჩვენ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს ქუჩაში მოუხმობს!.. ახლა ეს ხელისუფლება არის დაწყნარებული, რადგან ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს ამერიკელების ენით. თურმე, არავითარი ქუჩა საჭირო არ არის… ვის უნდა, ბატონო ბიძინა, ქუჩა, მე მინდა ქუჩა? როდესაც თქვენ სააკაშვილს მხარს უჭერდით, მე მაშინ ვლაპარაკობდი, რომ ქვეყანას ღუპავთ და ქუჩით მოსული ქუჩით წავა-მეთქი!.. თუ არჩევნებს გააყალბებენ, ამის მოთმენა არის მონობა და მონობას მოაწერს ყველა ხელს, ვინც გაყალბებულ არჩევნებს დათანხმდება!.. ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი დღეს საქართველოში ნებისმიერი პატიოსანი გამოკითხვით აღწევს 60 პროცენტს და ეს რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება… აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, _ თუ არჩევნებში სააკაშვილი მიიღებს 20 პროცენტზე მეტს და ამას მერე დაემატება მაჟორიტართა მთელი არმია, ხოლო ივანიშვილი მიიღებს 50 პროცენტზე ნაკლებს და ბიძინა ივანიშვილი ამას შეეგუება, ეს იქნება მონობა და მონობას ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ!..

– ვალერი გელბახიანმა მითხრა ინტერვიუში, რომ ახლა ოპოზიცია მეორე ადგილის მოსაპოვებლად იბრძვისო!.. რას იტყვით?

– ვალერი გელბახიანს დიდ პატივს ვცემ და ვწუხვარ, რომ მინსკში უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ვიდრე აქ. მინსკში ყველა შეხვედრის ინიციატორი მე ვიყავი… კონგრესზე გვყავდა მოწვეული, მაგრამ მისი გადასაწყვეტია, არ მოვიდა. მე მას პატივს ვცემ, ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ სვანური სიბრძნეა ერთი, რომელიც ასე მთავრდება: `ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!..~ ვინც დღეს იმას ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილი მეორე ადგილს მიიღებსო, ის ხელისუფლებას უჭერს მხარს, მაგრამ ვინც იმას იტყვის, _ თუ ბიძინა ივანიშვილს მეორე ადგილს დაუწერენ და ამას დაეთანხმება, მაშინ ივანიშვილი ხელისუფლების თამაშს თამაშობსო, მე იმას დავეთანხმები! დღეს სააკაშვილის სასარგებლოდ სხვადასხვანაირად ლაპარაკობენ… ყველაზე ხშირად გავრცელებულია ასეთი ფრაზა: `სააკაშვილი არ დათმობს!..~ ვინ მიგდია სააკაშვილი, პოსტს რომ არ დათმობს? კაცმა გენოციდი მოგვიწყო და მაგან არ უნდა დათმოს? აი, ხელთა მაქვს გაეროს სულ ახალი კვლევები და ნახეთ, რა თავზარდამცემი ციფრებია!.. გაეროს ოფიციალური მონაცემებით 2008-2010 წლებში სომხეთის მოსახლეობა გაიზრდება 7 პროცენტით, აზერბაიჯანის _ 34 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოს მოსახლეობა შემცირდება 28 პროცენტით(!!!) ამ კვლევებში წერია, რომ აზერბაიჯანში ქალის მშობიარობა არის, ფაქტობრივად, უფასო… სომხეთში იმ კლინიკას, სადაც ქალი იმშობიარებს, სახელმწიფო ავტომატურად ურიცხავს 350 ამერიკულ დოლარს, ხოლო საქართველოში რაც ხდება სამშობიაროებში, ვიცით!.. ეს არის ქართული ხელისუფლება და ამის მქნელი კაცი არ უნდა წაეთრეს და არ უნდა წავიდეს? ეს არის ხელისუფლება, რომელმაც `ერთი მილიონი სამუშაო ადგილის~ შექმნის ნაცვლად მილიონი უმუშევარი შემატა ქვეყანას, `საქართველო სიღარიბის გარეშეო~ და ქვეყანა ღარიბებითა და ღატაკებით აავსო! გახარებულია სააკაშვილი იმით, რა უბედურებაც კახეთში მოხდა იმიტომ, რომ ესენი რომ ახლა ფაცი-ფუცში არიან და ვითომდა შტაბის სხდომებს ატარებენ პირდაპირ ეთერში, სუყველაფერი არჩევნებს უკავშირდება. მე მადლობას ვეუბნები სააკაშვილს იმისთვის, რომ რაც კი თქვენთვის მითქვამს ინტერვიუებში, ყველაფერი დაადასტურა!.

_ რას გულისხმობთ?

_ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ხელისუფლება ჩაფლულია ზეცენტრალიზებულ კორუფციაში-მეთქი! მომავალი წლის ბიუჯეტი არ იზრდება და იმის გაკეთება, რასაც ახლა ესენი ასე უსინდისოდ ხალხს ჰპირდებიან და თან ატყუებენ, თუ ახლა არის შესაძლებელი, რატომ არ გააკეთეს შარშან ან შარშანწინ, როცა ბიუჯეტი იზრდებოდა?

– ბატონო თემურ, ბოლოს და ბოლოს, ქუთაისში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად თქვენს თავს ასახელებთ თუ არა?

– მე ვალდებული ვარ, ქუთაისში ჩემი კანდიდატურა დავასახელო თუნდაც იმის გამო, რომ ვინმეს არ ვაფიქრებინო, შაშიაშვილს შეეშინდაო!.. მე ქუთაისლების წინაშე წარვსდგები აბსოლუტურად სხვა პროგრამით _ არა იმით, არიქა, ხმა მომეცით-მეთქი, არამედ იმის სათქმელად, რომ რაც 2003 წელს ვთქვი, ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე!.. სიმართლე გითხრათ, ხმები არც მაინტერესებს…

– თუ არ გაინტერესებთ, მაშინ გუბაზ სანიკიძეს რომ პრობლემებს შეუქმნით და „ნაცების“ კანდიდატს გაახარებთ, ამაზე რას იტყვით?

– გუბაზ სანიკიძეს პატივს ვცემ, მაგრამ კონგრესზე, სადაც დავპატიჟე, რომ მოსულიყო, ან წერილი მაინც გამოეგზავნა, ცუდი არ იქნებოდა!.. არა უშავს, პოლიტიკური კულტურა მკვდარია ამ ქვეყანაში და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, 2004 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, არ მიწარმოებია, ქუთაისში მაშინ ავიღე 10 ათასი ხმა(!!!) სულ უკანასკნელი, ახლაც რომ მივიღო 10 ათასი ხმა, გუბაზი ქუთაისში ვეღარ გადის(!!!). ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ უნდა მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ ან 30-პროცენტიანი ბარიერის 50 პროცენტამდე აწევაზე და ვიბრძოლოთ ამის მისაღწევად, ანდა ჩავატაროთ პრაიმერი და გაერთიანებული ძალებით დავამარცხოთ სახელისუფლებო კანდიდატი. მილიონ ნახევარზე მეტი ქართველია საქართველოს ფარგლებს გარეთ გასული და ვაშაძემ _ საგარეო საქმეთა მინისტრმა _ 11 ივლისს გამოსცა ბრძანებულება #158, რომლის ძალითაც ემიგრანტ ქართველებს ხელისუფლებამ უთხრა, _ ფეხებზე მკიდიხართო!.. 200 ათასი ქართველი უკვე ამერიკაში ცხოვრობს, უამრავი ქართველია რუსეთში, ქართველები არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და რას ვაპირებთ, ამ ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს? მე არ ვიცი, რატომ დუმს ამაზე ამერიკა?.. გასაგებია, ამერიკა დუმს, მაგრამ როცა შენც დუმხარ, ეს რას ნიშნავს, შეკრული ხარ ხელისუფლებასთან თუ რა ხდება? ბრძოლაში რომც არ წამოგვყვნენ, პრაიმერიც რომ არ ჩაატარონ, მე ბიძინა ივანიშვილს მაინც არ მივცემ იმის თქმის საშუალებას, _ თემურ შაშიაშვილს რომ არ დაესახელებინა თავისი კანდიდატურა, ქუთაისში გუბაზ სანიკიძე მოიგებდაო!.

. – ბატონო თემურ, ამის საშუალებას როგორ, რით არ მისცემთ?

– თუ კოალიცია არაფერზე არ წამოვა, გადაწყვეტილი მაქვს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოვხსნა ჩემი კანდიდატურა ქუთაისში, მაგრამ მაშინ ყველაფერს ვიტყვი ბოლომდე, ოღონდ ისე, რომ ივანიშვილს მაინც არ გავუფუჭებ საქმეს!..

– ვაჟკაცური სიტყვაა და ვფიქრობ, რომ კოალიციაში, ვისაც თავი უვარგა, თქვენმა ნათქვამმა ყველა უნდა დააფიქროს!.. ხო, მართლა, მაინტერესებს, კახა კუკავასა და თქვენი ალიანსი როგორ შედგება მაშინ, როცა კუკავა ალექსანდრე ებრალიძესთან მეგობრობს, რომელთანაც თქვენ საკმაოდ მძიმე მოგონებები გაკავშირებთ?

– კუკავა არის ძალიან საინტერესო პოლიტიკოსი და მე ვაჟკაცობად მიმაჩნია, როცა ის ებრალიძესთან მეგობრობას არ მალავს. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ ალექსანდრე ებრალიძე არ შეიძლება იყოს არც საქართველოს პრეზიდენტი და არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი!.. თქვენ იცით, რომ ავადსახსენებელი 26 მაისის ღამეს მე სერიოზულად დამიზიანეს სახსრები… დღეს ბევრ რამეს არ ვლაპარაკობ, მაგრამ ყველაფერი ვიცი, ყველას გვარი და სახელი ვიცი, ვინც პირადად მე ასე საზიზღრად მომეპყრო. არ მინდა ჩემმა შვილმა იცოდეს მათი ვინაობა, რომელთაგან ზოგი ყურის მოჭმას მიპირებდა და ზოგი გაუგონარი სიტყვებით იგინებოდა… მე დღეს არ ვასახელებ იმ პიროვნების ვინაობას, რომელიც წინა რიგებში იდგა, როცა კინოთეატრში შემოვარდნენ და სხვათა შორის, ძალიან ზრდილობიანად ჩააბარა ჩემი თავი იმ მხეცებს, _ ბატონი თემური ქვემოთ ჩააცილეთო!.. ის იყო ნამდვილი პოლიციელი, მაგრამ ესენი იყვნენ მხეცები და ნაძირლები, რომლებმაც უკადრებელი იკადრეს… ვიცი ყველას გვარ-სახელი, მაგრამ მე არაფერში ვარ საჭირო, რადგან ვხედავ, რომ მათ ღმერთი ძალიან კარგად უხდის სამაგიეროს!.. მე შურსა და მტრობაზე ამაღლებული კაცი ვარ და იქ, სადაც ღმერთმა უნდა განიკითხოს, განკითხვას არ ვაპირებ!.. ჯერჯერობით ხმას არ ვიღებ, თორემ იმ პოლიციელს უმძიმეს მდგომარეობაში ჩავაყენებ!.. იცით, ლუკაზეც და სოსოზეც რატომ მწყდება გული? ჩვენ ასეთი უბედურება გადავიტანეთ ყველამ ერთად 26 მაისის ღამეს და ჩვენ არ შეიძლება იმ ხალხთან ერთად ვიყოთ სიაში, რომლებმაც გაგვყიდეს და გაგვწირეს!.. გეწყინათ, ჩემო ძმებო? მე მეტკინა!.. დიახ, მე არ ვიქნები იმ ხალხთან ერთად სიაში, რომლებსაც შეეძლოთ, რომ ჩვენ გადავერჩინეთ, მაგრამ გაგვწირეს!.. დიახ, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს კოალიციაში არიან, შეეძლოთ ჩვენი გადარჩენა… ამ ხალხმა ჩვენ გაგვწირა და მათთან ერთად სიაში რა მინდა? მათთვის ჩვენ ვიყავით და ვართ მტრები, მაგრამ მე მათ არ ვებრძვი… სხვათა შორის, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე, ეკლესიის წინ, მიწაზე, ტალახში დაგდებულმა, როცა გონს მოვედი, პირველი, ვინც გამახსენდა და ვისაც დავურეკე, ეს იყო ირაკლი ალასანია, რომელსაც მე `მომავლის პოლიტიკოსი~ ვუწოდე და რომელიც ჩემ შესახებ ამბობდა, _ ჩვენ ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები ვართო! სამწუხაროდ, ბატონმა ირაკლიმ ჩემს სატელეფონო ზარს მაშინ არ უპასუხა, მაგრამ არა უშავს, ეს მე მის მიმართ ვერ გამაბოროტებს!.. მიჭირს დღეს ამ ადამიანებთან ურთიერთობა… დიახ, ალასანიამ იცოდა ჩემი ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ მიპასუხა. მერე ზურაბ აბაშიძეს დავურეკე და დიდი მადლობა ბატონ ზურაბს, რომ მან ყურმილი აიღო. მართალია, ირაკლი ალასანიამ 26 მაისს მე, თემურ შაშიაშვილი გამწირა, მაგრამ არა მგონია, მან საქართველოც გაწიროს და დღესაც მიმაჩნია, რომ ის არის მომავლის პოლიტიკოსი!.. ლუკაც და სოსოც დამეთანხმებიან, რომ `სახალხო კრებაში~ მე ირაკლი ალასანიას ყოველთვის თავგამოდებით ვიცავდი და ერთხელ, როცა ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ ალასანიას შესახებ მძიმე მასალა დაწერა, მე და ბატონმა ელიზბარმა ისე ვიკამათეთ, საბჭოს სხდომა კინაღამ ჩაიშალა…

– მე ალექსანდრე ებრალიძის შესახებ გკითხეთ ზემოთ, ბატონო თემურ!..

– ეს ამბავი სწორედ იმიტომ გავიხსენე, რომ 26 მაისის შემდეგ მე ვმკურნალობ, რადგან სახსრებში, სადაც უმოწყალოდ მცემდნენ, დღემდე სისხლჩაქცევები მაქვს. არ ვმალავ, რომ მე, ლექსო თორაძე და ვალერი გერგიევი, რომელიც პლანეტარული აზროვნების ადამიანია, ოცდაათი წლის მეგობრები ვართ… გერგიევს იმ ერთი კონცერტის გამო საყვედურობენ, მაგრამ დამერწმუნეთ, გერგიევი იქნება ის კაცი, რომელიც ქართველებისა და ოსების შერიგებაში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. სააკაშვილი ლამის ყოველდღე ურეკავს ვალერი გერგიევს და ეხვეწება, _ პუტინს შემახვედრეო, მაგრამ გერგიევს სააკაშვილთან შეხვედრის არავითარი სურვილი არ აქვს! მე რომ ვხვდები გერგიევს, ეს თურმე ცუდია, ხოლო თუ სააკაშვილი შეხვდება, ეს იქნება კარგი!.. აი, ამათი ლოგიკა… ერთი სიტყვით, ხშირად მიწევს პეტერბურგში ჩასვლა სამკურნალოდ… ცოტა ხნის წინათ ვარ მარინის თეატრში, ვესწრები `ტოსკას~ და ამ დროს ჩემკენ მოდის პიროვნება ორ მანდილოსანთან ერთად. ვიცანი… მოვიდა და მითხრა, _ მე ვარ ალექსანდრე ებრალიძე! მან გამაცნო თავისი მეუღლე და ქალიშვილი. ებრალიძე ძალიან ვაჟკაცურად იქცეოდა. ვუთხარი, რომ ჩვენი შეხვედრა ძალიან კარგი იქნებოდა ჟურნალისტების თანდასწრებით. ებრალიძემ მთხოვა, _ დღეს დარჩით და ჩემი სტუმარი იყავითო!.. უარი ვუთხარი, რადგან გვიან ღამით მივფრინავდი. დაახლოებით ნახევარი საათით გავყევი და დავათვალიერე მისი სასტუმრო _ `ტალეონი~, რომელიც არის მსოფლიოში იმდენად უნიკალური, რომ ექსკურსიებზე დაჰყავთ ხალხი სანახავად… სასტუმროს აქვს უნიკალური ბიბლიოთეკა და იშვიათი გალერეა. ქალბატონმა ბურჯანაძემაც დამიდასტურა, სასტუმრო იმდენად უნიკალურია, რომ მსოფლიოსა და დსთ-ს საპარლამენტო ფორუმები ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს სულ მანდ იმართებოდაო! ერთადერთი, რაშიც მე ებრალიძეს ბოდიში მოვუხადე, ის იყო, როცა ვუთხარი, _ ბოდიშს გიხდი, რომ ქართველი კაცი ხარ, პატრიარქია შენი ნათლია, შენს მშობლიურ ბათუმში, სადაც თურქებს მიაქვთ ყველაფერი, შენ ვერ ჩამოდიხარ, არ გაძლევენ საქართველოს მოქალაქეობას, ბათუმში არ გაშენებინებენ სასტუმროს ასეთი, მსოფლიოში უნიკალური სასტუმროს პატრონს და ამ დროს სააკაშვილი თურქების აშენებულ იაფფასიან სასტუმროებისა და დუქნების წინ ლენტებს ჭრის… სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, შევეცდები, რომ ასეთი სისხლისმსმელი პრეზიდენტი _ სააკაშვილი აქაურობას მოვაშოროთ, რათა თქვენ თქვენს სამშობლოში ჩამოსვლა და საქმიანობა შეძლოთ-მეთქი!.. ამ კაცმა იმ მცირე ხნის განმავლობაში დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილება… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, _ ებრალიძე არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და ის შეცდა, როცა თავის დროზე ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა! ებრალიძე არის დიდი შესაძლებლობების კაცი და მე მივესალმები, თუ ის პოლიტიკური ამბიციების გარეშე დაეხმარება თავის ხალხსა და ქვეყანას!..

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *