(უქიმერიონი) ღმერთი მტერთან ბრძოლაშია ჩვენთან და არა ერთმანეთთან ბრძოლაში!

ძლიერია ის, ვისაც სიმდიდრე არ უკარგავს,სახეს ნამდვილი ადამიანის!

 

შემთხვევით არაფერი ხდება.
სვეტიცხოვლობას, დილით, გალაკტიონის ერთი უნიკალური ლექსი გამოვაქვეყნე რამდენიმე სიტყვიანი მინაწერით.. სიხარულით ამავსო მისმა გაგრძელებამ…
აი, გალაკტიონის ლექსი:

“სადმე ყრუ ადგილს დავესახლები,
სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი,
სადაც იქნება ცოფი ნაკლები
და უფრო ნაკლებ, ადამიანი.”
//გალაკტიონი//

გავაკეთე ჩემი მინაწერიც:
კიდევ კარგი, რომ ამ, სრულიად ცოფიან ეპოქას ვერ მოესწრო…

ეს გაგრძელება:

ძალიან გავიხარე,როცა ერთმა, ჩემი აზრით, ძლიერმა პიროვნებამ,რომელიც
ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საქართველოს,რომელის მსოფლშეგნებას,ამას უკვე სრული რწმენით ვამბობ, კოჭებამდეც ვერ შეწვდება ვერც ერთი, ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც….დღევანდელობის ამსახველი ზუსტი მინაწერი გამომიგზავნა.
აი,ისიც :

დღეს ალბათ ასე დაწერდა:
სხვა ისეთ ადგილს დავესახლები,
სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი,
სადაც სიმდიდრე არვის უკარგავს,
სახეს ნამდვილი ადამიანის!”

ამის შემდეგ,მე მას მივწერე:

“ალბათ, ორ-სამ კაციან სოფელში აღმოჩნდებოდა.. მაგრამ მსოფლიოს უნიკალური სოფელი იქნებოდა”.

ეს,კი ჩემი პოზიციის გამომხატველი კომენტარია:

“მდიდარი ადამიანი ქვეყნის სიმდიდრეა,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცა სახეს არ კარგავს,როცა წიგნიერი და ღრმად მოაზროვნეა,ისეთი,რომ არავის უკვირს მისი სიმდიდრე..

პარლამენტში,მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში, ხელისუფლების გარეთ,200-ზე მეტი მილიონერია(ერთმა პიროვნებამ მომწერა, რომელ ორასზე ლაპარაკობ,რამდენჯერმე ორასიაო)-ერთნაირად შორს მდგომი ნამდვილი რწმენისა და წიგნიერებისგან…ერთზეც კი გაგიჭირდება იმის თქმა,რომ განათლებულია, ინტელექტუალზე საუბარი ხომ ზედმეტია.კიდევ მეტი, ყველა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამდიდრდა და, რაც მთავარია, გამდიდრდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაღარიბებით..

არ მიკვირს, რომ ამ არსებებს ერთმანეთისთვის დედის გინება უფრო უადვილდებათ, ვიდრე იმის კითხვა,თუ საიდან ეს მილიონები. ყველა დუმს, რადგან ყველას ერთნაირი სისასტიკით,შუბლის ძარღვის გაწყვეტით აქვს ფული ნაშოვნი“.

მწამს და მჯერა,ძლიერი ის კი არ არის ვინც ფული იშოვა უკანონო გზით, არამედ ის ,ვისაც ეს შეეძლო და არ გააკეთა.
დედამიწის ზურგზე მამაპაპისეულს გარდა არაფერი გამაჩნია,რითაც მოვედი ქუთაისის მერად,იმაზე ნაკლებით წავედი იმერეთის გუბერნატორობიდან, მაგრამ მდიდარი კი არ მძულს,ქვეყნის სიმდიდრედ მიმაჩნია,თუ ამ ფულს დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებაში,ნიჭსა და ნიჭიერებაში დებს და არა პოლიტიკაში,თუ არ ყიდულობს ყველასა და ყველაფერს. ასეთი მდიდარი იმითაც არის გამორჩეული, რომ სძულს ის,ვინც იყიდება,ვისი ყიდვაც შეიძლება და არც საკუთარ გვარს, წინაპრებს აკადრებს ფიქრადაც რომ გაიელვოს, სხვისი ყიდვა.

ქართული სიბრძნე ამბობს, რომ ჩირად არ ღირს ის, ვინც იყიდება და ისიც, ვინც ყიდულობს.

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ფულს მხოლოდ ძლიერი ნების,განათლებული და რწმენის კაცის ხელში აქვს ძალა, სხვა შემთხვევაში დამანგრეველია..

არიან ასეთები? არიან და ეს არის ქვეყნის მომავლის ფაქტორი,მაგრამ მათ ისევე აქვთ გზა მოკვეთილი – მდიდარმა სახე როგორ შეინარჩუნეო, როგორც სვეტიცხოვლის ამგებს მარჯვენა – რატომ კარგი აგიგიაო…

● ვოცნებობ იმ დროზე,როცა ასეთი ადამიანები იქნებიან ქვეყნის მმართველობაში..
● ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანები არსებობისთვის კი არ იბრძოლებენ,არამედ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის..
● .ისეთ საქართველიზე, სადაც იქნება ნიჭის ძალაუფლება და არა ფულის!

ასეთი საქართველოსთვის ღირს ბრძოლა,თუნდაც სიცოცხლის ფასად!

მე აქ ვდგევარ…აქ,მხოლოდ აქ…
სწორედ ამიტომ შევქმენით მეცნიერებთან ერთად, ორწლიანი დაძაბული შრომით ქვეყნის განვითარების კონცეფცია :”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“..

ამიტომ შევქმენით და 8 თებერვალს, დავითობას მივიღეთ კონგრესზე , გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, პროგრამული დოკუმენტი:
“ახალი განზომილება- რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ!”

ჩვენთვის მთავარია არა უბრალოდ, გამარჯვება,როგორც ეს უზნეო მდიდრებმა დაამკვიდრეს ბოლო ათწლეულებში,არამედ სიკეთით გამარჯვება..! ესაა ქართული გზა,რამეთუ მას სიყვარული და სიმდაბლით ამაღლება უდევს სათუძვლად!
თუ თავი შენი თან გახლავს,ღარიბად არ იხსენებიო … გვითხრა რუსთაველმა..

მორალური ადამიანი საკუთარი თავით დადის!

უფალს მადლობა,რომ მომცა ძალა ასე გამეგრძელებინა გალაკტიონის ლექსზე, ქვეყნისთვის სიყვარული აგვამაღლებს!
სვეტიცხოველი და სვეტიცხოვლობის დღესასწაული ერთერთი გამორჩეულია, იმ დღესასწაულთა შორის, რომლებიც ქართველ ერს გადარჩენის რწმენას არ უკარგავენ.

ბოლო ათი საუკუნის განმავლობაში ორი ათასზე მეტი ეკლესია და მინასტერი გაანადგურა მტრის ხელმა, მაგრამ სვეტიცხოველი გადარჩა.

მთელი ცხოვრება პასუხს ვეძებდი ამ კითხვაზე, სანამ არ მივხვდი რომ სვეტიცხოვლის და ჩვენი ქვეყნის ბედიღბალი განუყრელნი არიან თვით ღმერთის ნებით.

მხოლოდ იმის მეშინია, ჩვენ თავს თვითონ არ დავმართოთ ის რაც მტერმა ვერ შესძლო. ღმერთის იმედი ამაში არ უნდა გვქონდეს, რადგან ღმერთი მტერთან ბრძოლაშია ჩვენთან და არა ერთმანეთთან ბრძოლაში.

გამახარა ემიგრანტთა საოცრად ქართულმა, მამულიშვილურმა შემოძახილმა, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულმა ემიგრანტებმა, გააკეთეს 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, გააკეთეს, ღვთისმშობლის ქვეყანაში. ეს იყო დიდი ერთობის შეხვედრა. მათ მიმართეს ინტელიგენციას, მეცნიერებს, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს, ხელისუფალთ, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს: „დღეს ერთობის დროა და არა დაპირისპირების. ავმაღლდეთ საკუთარ თავზე, საკუთარ ამბიციებზე და შევკრათ დიდი ერთობა საქართველოსთვის სწორედ მაშინ, როცა ეს განსაკუთრებულად სჭირდება ჩვენს დედა-სამშობლოს. მრავალტანჯულს. დიდი წარსულით, მძიმე რეალობით, მაგრამ დიდი მომავლით“.
ეს, მართლაც, ისტორიული შემოძახილია ხალხისა და ქვეყნის სასარგებლო. ვნახოთ როგორ უპასუხებენ ხელისუფალნი და პოლიტიკოსები იმ ადამიანების შემოძახილს, რომელთაც უცხოეთში არაადამიანური შრომით საკუთარი ოჯახებიც გადაარჩინეს და რომ არ წავიქეცით, ამაში დიდია მათი წვლილი.

ეს მადლიერების შეხვედრაც იყო და მომავლის საქართველოსთვის ბრძოლისაც, როცა გამოკვეთილად ითქვა: „ღმერთი მტერთან ბრძოლაშია ჩვენთან და არა ერთმანეთთან ბრძოლაში“… ითქვა უმნიშვნელოვანესი რამ:“ ძლიერია ის, ვისაც სიმდიდრე არ უკარგავს სახეს ნამდვილი ადამიანის“.

თეიმურაზ შაშიაშვილი
სვეტიცხოვლობა, 2023 წელი

 

 წერილი გამოქვეყნებულია ჟურნალ “უქიმერიონის” N9 2023

გვსურს გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება  ჟურნალ “უქიმერიონის” და მისი მთავარი რედაქტორის მიმართ, რომელიც სისტემატურად აქვეყნებს თემურ შაშიაშვილის წერილებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *