( ალია)თემურ შაშიაშვილი: “ის რაც არ გააკეთა შევარდნაძემ და ვერ გადარჩა, აკეთებს სააკაშვილი რომ გადარჩეს”

ალიას” ესაუბრება `თეთრი მოძრაობის~ (თეთრების) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი
_ ბატონო თემურ, მოდით ერთხელ და სამუდამოდ დავსვათ წერტილი, _ რა ხდება თქვენს, სოსო ჯაჭვლიანსა და ლუკა კურტანიძეს შორის კრებაში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გავრცელდა განცხადებები თითქოს თქვენ ვინმეს ბოდიში მოუხადეთ და ა.შ.

_ კრება არის განსხვავებულთა ერთობა და კრების ავტორიტეტს მე ძალიან ვუფრთხილდები!.. ვადასტურებ იმას, რაც 21 ივნისს პრესკონფერენციაზე ვთქვი. ჩემი გამოსვლის სრული ვიდეოჩანაწერი ძევს ჩვენს ვებ-გვერდზე _ თეთრები.ორგ და რაც მეტი ადამიანი ნახავს ამ მასალას, მით უკეთესი. მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ერთგვარად გაყინული პროცესი დაძრა და კრებას მაჟორიტარების შერჩევის საკითხში თანამშრომლობა შესთავაზა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენ არ მიგვიღია პასუხი კრების მთავარ წინადადებაზე, _ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ შეიქმნას ერთიანი ფრონტი, რომელიც არ ნიშნავს პარტიების ერთ ბლოკში გაერთიანებას, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ერთიან ფრონტს შეუძლია დაამარცხოს ეს მოძალადე და მტარვალი ხელისუფლება!.. აი, ამ თემაზე ივანიშვილისგან არ ყოფილა პასუხი… კი, ბატონო დასაფასებელია, რომ ივანიშვილი კრებას მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევაში თავისუფლებას სთავაზობს, მაგრამ მე იცით რომელი პოზიციის მომხრე ვარ? კრებას საერთოდ არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და თუ მხარდაჭერის გამოცხადება გვინდოდა, ისე დაგვეჭირა ივანიშვილისთვის მხარი! თორემ ახლა, დიტო ბატონო, იმის თქმა, რომ ვინც ივანიშვილს აქებს და ადიდებს, ის არის მისი მომხრეო, ეს მე მგონი, სირცხვილია და მეტი არაფერი! სიტუაცია ძალიან დაძაბულია და რასაც ბატონი ბიძინა იტყვის, იმის ასე უკრიტიკოდ გაზიარება, ისევ და ისევ ძველ სისტემებში დაბრუნებად მიმაჩნია!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, _ მე არ ვუჭერ მხარს ცნობილი ადამიანებისა და ავტორიტეტიანი სახელმწიფო კაცების გადეპუტატებას! ასე იქცეოდნენ კომუნისტები… ქვეყნის განვითარების პროგრამას წერენ მევნიერები, რასაც პარლამენტი იხილავს და მთავრობა ამტკიცებს! კიდევ ერთხელ ვაცხადებ, _ არ შეიძლება ხელოვნების მუშაკებითა და სპორტსმენებით გაივსოს პარლამენტი, რომლებსაც არ განუცხადებიათ, რომ მიდიან პოლიტიკაში! ვის ეწყინება ეს და ვის არ ეწყინება, ეს არის ჩემი პოზიცია და ამის გამო დაპირისპირებისა და კინკლაობის დრო ახლა არ არის!..

_ ბატონო თემურ, რაც მოხდა, ვანო მერაბიშვილისთვის ეს დაწინაურებაა თუ დაქვეითება?

_ რაც მოხდა, ეს არის საქართველოს შეურაცხყოფა! ჩვენ ვნახეთ ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით ორი დიდი აფერა, როცა იმ საუკუნის მიწურულს `მოქალაქეთა კავშირმა~ საარჩევნო დევიზად გამოაცხადა, _ `მილიონი სამუშაო ადგილი~ და ერთი მილიონი კაცი გაიქცა საქართველოდან, ხოლო ერთმა მილიონმა სამუშაო დაკარგა!.. მეორე აფერა `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ჩაატარეს, _ `საქართველო სიღარიბის გარეშე!~ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს იქით ცხოვრობს, ხოლო მესამე აფერას ათამაშებენ ახლა, _ `მეტი სარგებელი ხალხს!~ დავით ბაქრაძე უსირცხვილოდ ლაპარაკობს, _ 2004 წლიდან კორუფცია იყო საქართველოს ყველაზე დიდი მტერიო და ამას ამბობს ის კაცი, რომელიც შევარდნაძის ორშაბათის რადიოინტერვიუების ტექსტს წერდა და ამ ტექსტების თანახმად შევარდნაძე ებრძოდა კორუფციას(!!!) _ მართლაც სამარცხვინოა, მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა? როგორც იტყვიან, ახლა ამათი დროა!.. _ თურმე ამათ კორუფცია და კრიმინალი დაუმარცხებიათ… მაჩვენეთ ქვეყანა, რომელმაც კორუფცია დაამარცხა და ხალხის ცხოვრების დონე გაუარესდა!.. დააკვირდით, რა მოხდა და რის ფონზე დაგვასვეს თავზე ვანო მერაბიშვილი,.. როგორც კი რუსეთი დაეთანხმა ამერიკის წინადადებას სირიის საკითხში, სააკაშვილმა იმით შეშინებულმა, რომ რუსეთსა და ამერიკას საქართველოს საკითხშიც არ მიეღწიათ მსგავსი შეთანხმებისთვის, სასწრაფოდ გადადგა ეს ნაბიჯი, რათა პირველ რიგში გადაერჩინა თავისი თავი და მერე თავისი გუნდი(!!!) ვანო მერაბიშვილიც, ახალაიაც და შაშკინიც არიან სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები!..

_ აბა, მერაბიშვილმა რომ თქვა, _ მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, რომელმაც ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაია დანიშნაო! _ ეს რა იყო, ბლეფი?

_  თქვენ მაგისი გჯერათ?

_ არა, მე არ მჯერა, მაგრამ ესენი რომ ხალხს აბოთავებენ და ასულელებენ, ამაზე მისკდება გული!

_ დღეს სააკაშვილისთვის ყველაზე უფრო სასურველია პრემიერ-მინისტრად ჰყავდეს ყურმოჭრილი მონა…

_ ბატონო თემურ, განა გილაურიც სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა არ იყო?

_ სააკაშვილს სჭირდებოდა ცვლილებები… ის რაც არ გააკეთა შევარდნაძემ და ვერ გადარჩა, აკეთებს სააკაშვილი რომ გადარჩეს, რადგან სააკაშვილმა იცის, რასაც სთავაზობდა ბადრი პატარკაციშვილი შევარდნაძეს!..

_ ეს უკვე სიახლეა და ექსკლუზივი… რა შესთავაზა ბადრიმ შევარდნაძეს?

_ ამას, ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე დაადასტურებს! მე ცხონებული ბადრისგან ვიცი, რომ 2003 წელს რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ის ეწვია შევარდნაძეს და უთხრა, _ თუ გინდათ, რომ გადარჩეთ, უნდა გაათავისუფლოთ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ რამდენიმე მინისტრი და სასურველია, ქალაქის მერიცო!

_ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა თქვენ ხომ არ იყავით?

_ ბადრისგან ვიცი, რომ ჩემს შესახებ ყოფილა იქ საუბარი და შევარდნაძეს ჩემს შესახებ უთქვამს, _ ეგ ჩვენ პრობლემებს შეგვიქმნისო!.. შევარდნაძემ არ დაუჯერა ბადრის და წააგო!.. ეს იცის სააკაშვილმა და იმიტომაც განახორციელა ეს ცვლილებები, მაგრამ ცვლილებებიც არის და ცვლილებებიც. მე ამ ცვლილებებით საშინლად შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ასეთი მინისტრები ჰყავდა პინოჩეტს!.. ვანო მერაბიშვილი თუ ვინ არის, ამის შესახებ მე ვეძებ ერთ წიგნს, რომელიც 2004 წელს არის დაბეჭდილი… ყველა ბიბლიოთეკიდან, მათ შორის საჯარო ბიბლიოთეკიდან ეს წიგნი არის ამოღებული!.. დავურეკე რამდენიმე ცნობილ პიროვნებას, რომლებმაც ეს წიგნი გაიხსენეს, მაგრამ ზოგი მეუბნება, _ წიგნი ჩემი ბიბლიოთეკიდან გაქრაო და ზოგი მეუბნება, _ ეს წიგნი არ მქონიაო!.. აი, როგორი სიტუაციაა ქვეყანაში და ვინ არის ვანო მერაბიშვილი!..

_ ბატონო თემურ, იქნებ ვიშოვოთ ეგ წიგნი!.

. _ შევეცდები! სასწაულებს ლაპარაკობს მერაბიშვილი ამ წიგნში თავისი რელიგიურობის, ტრადიციებისადმი დამოკიდებულებისა და `მოქალაქეთა კავშირის~ შესახებ… ეს არის პიროვნება, რომლის ოჯახიც ძალიან ახლო კავშირში იყო იგორ გიორგაძესთან, როცა გიორგაძე ახალციხის უშიშროების უფროსი იყო და მერაბიშვილის დედა და ოჯახი ქვით და კეტით დასდევდა ეროვნული მოძრაობის წევრებს, როცა ისინი ახალციხეში ხალხის გამოსაფხიზლებლად ჩავიდნენ 80-იანი წლების მიწურულს(!!!) მე ასე გულახდილად და გულწრელად იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ვინმეს წინააღმდეგი ვარ, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, რომ მე მისი წინააღმდეგი ვიყო? ქალაქის მერის არჩევნების დროს, როცა მთელი ოპოზიცია მიმტკიცებდა, რომ ყველაფერი დამთავრებულია, თბილისის მერის პოსტს ჩვენ ვიგებთო, ვანო მერაბიშვილი და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთში შეხვდნენ ერთმანეთს და ყველაფერი შეტრიალდა, _ უგულავა გახდა თბილისის მერი, სამაგიეროდ რუსეთმა მიიღო `ხრამი-1~ და `ხრამი-2~-ის მშენებლობის პროგრამა და ხელშეკრულება, რომელზეც ნოღაიდელს ჰქონდა ხელი მოწერილი და 2014 წლიდან დენზე ფასები უნდა შემცირებულიყო, გაგრძელდა რამდენიმე წლით და 1 მილიარდი დოლარი, რომელიც ქართველ ხალხს დენის ტარიფით შემცირებით უნდა დაეზოგა, გადავიდა რუსეთის ჯიბეში!.. ვანო მერაბიშვილს ძალიან სერიოზული კავშირები აქვს რუსეთში და ამ კავშირების შესახებ უკვე საუბრობენ როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ!..  მე ძალიან კარგად ვხედავ და ვგრძნობ თუ რად მიჯდება მსგავსი საუბრები და ინტერვიუები, მაგრამ იცით რაშია საქმე? ადამიანს ღმერთის შიში უნდა ჰქონდეს და არა გონებაშეზღუდული და ყველაფრის მკადრებელი ადამიანებისა!

_ თქვენ საგანგებოდ აპირებდით საუბარს მერაბიშვილისა და არაბების ურთიერთობის შესახებ…

_ ეს ნამდვილად ცალკე თემაა და თან ჩვენი ქვეყნის უბედურებისა და ტრაგედიის მაუწყებელი!.. ამოდენა იმპერიაა თურქეთი, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ თურქეთში თურქის გარდა მიწაზე საკუთრების უფლება ვინმეს ჰქონდეს!.. ქართული მიწების გაყიდვის ბიზნესს აკონტროლებს ვანო მერაბიშვილი და არაბული კომპანია _ `რაკიინის“ უკან, რომელმაც თბილისის გასასვლელთან, მცხეთის გზაზე უზარმაზარი შენობები წამოჭიმა, სწორედ ვანო მერაბიშვილი დგას! თურქებზე მეტი ირანელები შემოდიან და შემოდიან დღეს საქართველოში და ეს იმ დროს, როცა ირანულ გაზეთებში დაუფარავად იწერება, _ უმოკლეს ხანში საქართველოში იცხოვრებს 15 მილიონი კაცი და აქედან 10 მილიონი იქნება ირანელიო(!!!) ამერიკის ელჩმაც კი გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ირანთან ასე მჭიდროდ თანამშრომლობის გამო… სააკაშვილი ამერიკასა და მთელ დასავლეთს აშანტაჟებს ირანით, _ თუ ჩემს ხელისუფლებას არ გაამყარებთ და მხარს არ დაუჭერთ, აგერ ირანთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვსო! ასე, რომ ეს არის საშიში ხელისუფლება და ვანო მერაბიშვილიც არის საშიში კაცი როგორც ტრადიციების, ისე მიწის საკუთრების, ეროვნული ფასეულობებისა და განათლებისადმი მისი დამოკიდებულებით… განცხადება, რომელიც მან ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის _ ბატონ ხუროძის სახელზე დაწერა, არის სამარცხვინო და ორ წინადადებაში არის უამრავი შეცდომა!.. _ კი, გამოქვეყნებული მაქვს ეგ ბგანცხადება თავის დროზე და სამარცხვინოა, რაც იქ ხდება, _ ორ წინადადებაში, თუ მეხსიერება არ მღალატობს, სადღაც ოცზე მეტი შეცდომა ვიპოვეთ… _ ყველა ასეთია!.. მერაბიშვილი არის კაცი, რომელიც სხვისი თავით დადის! მას არც განათლება აქვს და არც სათანადო მომზადება. პარლამენტში მერაბიშვილის გამოსვლა ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა ცხოვრობს კორუფციის ჭაობში…

_ რას გულისხმობთ?

_ მერაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა, ოთხ წელიწადში ქვეყნის ბიუჟეტი გაოთხმაგდება და ის 40 მილიარდი იქნებაო!.. ესენი ხომ გაიძახიან, რომ კორუფცია დავამარცხეთ, დემოკრატია ჰყვავის და ხალხის ცხოვრების დონე ავამაღლეთო, თუ თქვენ მე მსოფლიოში მომიძებნით დემოკრატიულ და არაკორუმპირებულ ქვეყანას, რომელიც ოთხ წელიწადში თავის ბიუჯეტს გააოთხმაგებს, მე მოვიხდი ბოდიშს! რაც მერაბიშვილმა თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჩამხრჩვალია კორუფციის ჭაობში, თორემ წარმოუდგენელია, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ოთხ წელიწადში ასეთი რამ მოხდეს! `მოქალაქეთა კავშირი~ საქართველოს დასაქცევად რომ არ შეექმნა შევარდნაძეს, ახლა საქართველოს ბიუჯეთი 60 მილიარდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ…

_ ბატონო თემურ, სააკაშვილი და მერაბიშვილი ზურაბ ჟვანიას სიკვდილითაც არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი…

ჩვენ ჟვანიას ჟვანიას მკვლელობის შესახებ ბოლო დროს მართლაც სკანდალური ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ უცნობი დეტალებით, მაგრამ შალვა რამოიშვილმა და მისმა თანაწამყვანმა მასხრად აგვიგდო…

რამე ახალს ხომ ვერ გეტყვით ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით?

_ რამიშვილის საქციელზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთ რამეს კი ვიტყვი: არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ `მოქალაქეთა კავშირის~ გენერალურმა მდივანმა _ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მთვრალი მართავდა მანქანას, თბილისში გაიტანა კაცი, რომელიც გარდაიცვალა!.. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება, მაგრამ შევარდნაძემ ეს საქმე გააჩერა და ჩაფარცხა! გამომძიებელი, ვინც ამ საქმეს იძიებდა, გამოჩნდა ასპარეზზე და ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ. სამწუხაროდ ეს ინტერვიუ დაიბლოკა და გაზეთში არ გამოქვეყნდა!.. ჩაერივნენ ყოველი მხრიდან, ის გამომძიებელიც გადაარწმუნეს და ასე მოხდა… მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ გაზეთსა და მის რედაქტორს და ამ დღეებში ვაპირებ მასთან შეხვედრას… როგორც მე მითხრეს, ერთ კვირის შემდეგ ეს მასალა გამოქვეყნდება…

_ თუ არ გამოქვეყნდა?

_ მაშინ თავს უფლებას მივცემ, რომ ამ მკვლელობის შესახებ ყველაფერი ვილაპარაკო, რადგან მე თავიდან ბოლომდე ვიცი ამ დანაშაულის დეტალების შესახებ!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიტო ბატონო, ჩვენ ღმერთის უნდა გვეშინოდეს და არა დამნაშავე და გონებაშეზღუდული ადამიანების! ამ თავშეკავებამ, ამ გაუბედაობამ და სიმართლის ბოლომდე ვერ თქმამ ძალიან ბევრჟერ გააფუჭა საქმე!.. მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ჩანაწერებს ფლობენ, მე შევთავაზე, რომ 2009 წლის 26 მაისს, როცა მთელი საქართველო თბილისის `დინამოს~ სტადიონზე იყო შეკრებილი, სააშკარაოზე გამოგვეტანა და ხალხისთვის მოგვესმენინებინა იმის დამამტკიცებელი აუდიომასალა თუ როგორ მოჰკლეს ამათ ზურაბ ჟვანია(!!!) სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მაშინ საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც ამ ჩანაწერს ფლობენ, ამ მასალის გამომზეურებისაგან თავი შეიკავეს და დღემდე ტაბუ აძევს ამ მასალას!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *