(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილის სენსაციური განცხადება ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით

მე ახლა მინდა, სენსაციური განცხადება გავაკეთო ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვ, ამ ჩვენი საუბრის ჩანაწერი საგულდაგულოდ შეინახე!..”

“თეთრი მოძრაობის” (თეთრები) ლიდერის – ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის წინამდებარე სკანდალური ინტერვიუ, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ხსნის და ამ წყევლა-კრულვიან საქმეში მკითხველს უამრავ სენსაციასა და დღემდე საიდუმლოებით მოცულ ისტორიას სთავაზობს, თვეების განმავლობაში მზადდებოდა… ძვირფასო მეგობრებო, გამოგიტყდებით, რომ ჩემი, როგორც ჟურნალისტის მიზანი იყო, რაც შეიძლება ჩქარა გამომექვეყნებინა ეს საგაზეთო მასალა, ბატონი თემური კი ფრთხილობდა და მოთმინებას მირჩევდა, – ჯერ ყველაფრის ბოლომდე თქმის დრო არ დამდგარაო!.. მაგრამ… “კვირის ქრონიკაში” წინამდებარე ინტერვიუს გამოქვეყნება, სხვა პროცესებთან ერთად, დიდწილად მოსკოვში გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობამ დააჩქარა და თუ რა მიზეზით, ამის შესახებ ქვემოთ დაწვრილებით შეიტყობთ, პატივცემულო მკითხველო! მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში – მისტერ ჯონ ბასსა და ქვეყანაში აკრედიტებულ მთელ დიპლომატიურ კორპუსს, – ბატონებო, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინტერვიუ, ყურები კარგად გამოიფხიკეთ და სათანადო დასკვნები გამოიტანეთ! რაც შეეხება შაშიაშვილს, ბატონ თემურს ამ ინტერვიუსა და საერთოდ გამბედაობისთვის მადლობას ვწირავ და სააკაშვილის კილერებს ახლავე ვაფრთხილებ, – ამ კაცს თავიდან ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს, იცოდეთ, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ!.. `ქრონიკას” თემურ შაშიაშვილი ესაუბრა…

_ ბატონო თემურ, თქვენ ჩვენი მთავარი თემის შესახებ ვიცი, რომ ცოტა ქვემოთ აპირებთ საუბარს… კი, ბატონო, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს… კაცმა რომ თქვას, თქვენ 26 და 27 მაისის აქციის შესახებ ვრცელი შეფასება არც გაგიკეთებიათ და რას იტყვით?

_ ვიდრე თქვენ შეკითხვას ვუპასუხებდე, დიტო ბატონო, მინდა ვისაუბრო ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პარადოქსის შესახებ. 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს ამერიკის პრეზიდენტმა _ ჯორჯ ბუშმა დაბადების დღე წერილით რომ მიულოცა, იქ ასეთი რამ ეწერა: `ბატონო ედუარდ, თქვენ ხართ საქართველოში დემოკრატიის მამა!~ იმავე ბუშმა სააკაშვილს უწოდა `რეგიონში დემოკრატიის შუქურა!~ პარადოქსი ის არის, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ამერიკის ხელისუფლება ჯერ შევარდნაძესა და მერე სააკაშვილს აქებდა, ადიდებდა, უწოდებდა მათ `დემოკრატიის მამასა~ და `დემოკრატიის შუქურას~ და ამ დროს ამერიკის ხელისუფლება იხვეწებოდა და იხვეწება, საქართველოში ნორმალური არჩევნები ჩაატარეთო(!!!) არ არის ეს პარადოქსი? რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ეს იყო ძალიან დიდი დღე და საქართველოში მოსახლეობის 90 პროცენტს აქვს ზუსტად ის განწყობა, რა განწყობითაც იმდენი ხალხი `თავისუფლების მოედანზე~ მოვიდა..

_ `დაიჭერს~ თუ არა ივანიშვილი მოსახლეობის ამ საპროტესტო განწყობას?

_ ამოდენა ტვირთს მხოლოდ ივანიშვილს ნუ ავკიდებთ, ეს განწყობა ხალხმა უნდა `დაიჭიროს~ და შეინარჩუნოს! საქართველოს 12 რაიონში გახლდით და ჩვენ აზრზე არ ვართ, რა მდგომარეობაა ადგილზე, ხალხი სააკაშვილის მონა-ტელევიზიების წყალობით აზრზე არ არის, თუ როგორ აღვირახსნილად ცხოვრობს ხელისუფლება და ხელისუფლება აზრზე არ არის, რა საშინელ დღეშია ხალხი!.. ეს არის უკვე კატასტროფა… ხალხს არ სჯერა, რომ სიხარულის ქუჩა ნომერ 5-ში სააკაშვილმა აიშენა სასახლე. ეს იმიტომ კი არ სჯერათ, რომ სააკაშვილი უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი რამ ვერ წარმოუდგენიათ… სააკაშვილის გარემოცვაში ყველაზე `ღარიბები~ არიან ძმები კუბლაშვილები და როცა მათ ხუთსართულიან სასახლეს ვაჩვენებ ხალხს ბუკიას ბაღში, ეს მათ მიაჩნიათ დაუჯერებლად!.. აი, ეს არ იცის საქართველოს მოსახლეობამ და ამ მონა-ტელევიზიების `წყალობით~ იცის ის, რა ქონებას ფლობს ვიღაცა ამერიკაში, ვინ რა მოიპარა თურქეთის რომელიღაც მაღაზიაში და ა. შ. კარგად მითხრა ერთმა, _ ჩვენი ტელევიზიები იმას აჩვენებენ, თუ როგორ ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ჩვენი მაღალჩინოსნები როგორ ცხოვრობენ, ამას კაციშვილი არ აჩვენებსო! 2003 წელს ქუთაისში შევარდნაძე ჩამოვიდა კონფერენციაზე და თეატრში უზარმაზარი პლაკატი დავახვედრე წარწერით: `კრიზისმა უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!~ ამას დღეს გაუბედავს რომელიმე გუბერნატორი სააკაშვილს? შევარდნაძეს მე ვეხვეწებოდი, იპრეზიდენტე-მეთქი, მან კი ეს სექტა დაასვა თავზე მთელ საქართველოს! ეს წარწერა რომ წაიკითხა, შევარდნაძემ მითხრა, _ წესით, მე ახლა ამ დარბაზში არ უნდა შემოვდიოდეო! ნურავის უკვირს ეს გეიაღლუმები და უბედურება, ესენი ამისთვის, ჯერ კიდევ, მინისტრები რომ იყვნენ, იქიდან ემზადებოდნენ!

_ რას გულისხმობთ, ბატონო თემურ?

_ შეიძლება ბევრს დაავიწყდა, მაგრამ 2001 წელს, როცა სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო, მთავრობის სხდომაზე მან განსახილველად შემოაგდო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს არქივებსა და ე. წ. კარტოთეკებში უნდა განადგურებულიყო მონაცემები იმ მოქმედი პოლიტიკოსების შესახებ, რომლებიც იყვნენ ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, გვარგადაკეთებულები, უცხო ქვეყნების აგენტები და ა. შ.

_ ეს სააკაშვილს რისთვის სჭირდებოდა?

_ დიტო ბატონო, თქვენ მე მაღალი დონის მოაზროვნე ახალგაზრდად მიგიჩნევთ და ამას კითხვა უნდა? გადახედეთ დღევანდელ ხელისუფლებას, გაივსო გვარგადაკეთებულებითა და ბილწი ხალხით ყველაფერი და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ესენი ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად და სააკაშვილმა კარგად იცოდა, რასაც ითხოვდა. ამათ იცოდნენ, სად ჰქონდათ სუსტი წერტილები და ამიტომაც უნდოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და უშიშროებიდან მაკომპრომეტირებელი მასალების გამოტანა და განადგურება!.. მე კახა თარგამაძესთან არასოდეს მქონდა კარგი ურთიერთობა, რადგან თარგამაძე აქეთ-იქით დარბოდა, `მოქალაქეთა კავშირის~ სასარგებლოდ აყალბებდა არჩევნებს და მერე სააკაშვილი მას ამისთვის მადლობას უხდიდა, მაგრამ სწორედ კახა თარგამაძე და უშიშროების მინისტრი _ ვახტანგ ქუთათელაძე წავიდნენ მაშინ მთავრობის სხდომაზე სააკაშვილის მიერ შემოგდებული კანონპროექტის წინააღმდეგნი და მათ ჩააგდეს ეს პროექტი. მერე შევარდნაძეც ჩაერია სხდომაზე ამ კამათში და თქვა, _ კარგი, შეწყდეს ეს ყველაფერი, რაზე ვლაპარაკობთ, სირცხვილიაო!.. აი, ასე იყო, ბატონო დიტო!..

_ დღეს სად არის ეს მაკომპრომეტირებელი მასალები?

_ წარმოდგენა არ მაქვს! იმას გეუბნებოდით, ბატონო დიტო, რომ დღეს სააკაშვილს ერთობით თუ დავამარცხებთ, თორემ, ბატონო ბიძინა, სააკაშვილს თქვენ ფულით ვერ მოუგებთ!

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არის რამდენიმე პიროვნება, რომლებსაც მეტი ფული აქვთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს, ხოლო სააკაშვილის მთელ ხროვას ათჯერ მეტი ფული აქვს და ეს ფული დაიხარჯება ამ არჩევნებში!

_ ბატონო თემურ, როგორც ჩემთვის ცნობილია, `ნაცმოძრაობის წევრები~ პრივატულ საუბრებში პირდაპირ აცხადებენ, _ ივანიშვილს არჩევნებში 20 პროცენტს დავუთმობთ, მაგრამ თუ ბევრს `გაახურებს~, ჟვანიასა და პატარკაციშვილის გზას გავუყენებთო!

_ არც ჟვანია მომკვდარა თავისი სიკვდილით, არც _ პატარკაციშვილი, არც _ ჯინჭარაძეები და, რა თქმა უნდა, არც _ ლევან სამხარაული… მამუკა ჯინჭარაძემ ჩაწერა სააკაშვილისა და ჯორბენაძის შეხვედრა გამოქვაბულში და ეს კასეტა გადასცა მეორე ჯინჭარაძეს. მე დღემდე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებენ იმის გამო, ეს კასეტა სააშკარაოზე გამოვიტანე… დღეს ორივე ჯინჭარაძე _ ბიზნესმენიც და მინისტრის მოადგილეც _ მკვდარია. სააკაშვილის არაკაცური და სამარცხვინო საქციელის შესახებ, როგორც ეგ სასტუმროში იქცეოდა, არ იცით, რომ ყველაფერი დუმბაძემ იცოდა?

_ რას ამბობთ, ბატონო თემურ, გენერალ რომან დუმბაძეზეა საუბარი?

_ დიახ, დიახ! დაახლოებით ამ შვიდი-რვა თვის წინათ დუმბაძის ნაცნობმა მითხრა, _ სააკაშვილის მაკომპრომეტირებელი კასეტები თუ გინდა, რომან დუმბაძეს სთხოვე, მაგრამ დუმბაძე ამბობს, ჯერ არა და მალე მოვა ამ კასეტების გამოქვეყნების დროო! უკვე რომან დუმბაძეც აღარ არის ცოცხალი და ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს!.. მე ახლა მინდა, სენსაციური განცხადება გავაკეთო ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვ, დიტო, ამ ჩვენი საუბრის ჩანაწერი საგულდაგულოდ შეინახე!..

_ ბატონო თემურ, მე ყველა ჩანაწერს ავტომატურად ვინახავ!..

jvania_ ძალიან კარგი! ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით საქმე ძალიან რთულად არის… როცა მოკლული ჟვანიას გვამი იმ სახლში შეჰქონდათ, ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით დაინახა ერთმა ადამიანმა, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობდა…

_ ქალმა თუ კაცმა?

_ მაგას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! ეს პიროვნება მიხვდა იმას, რომ ვისაც სახლში ზურაბ ჟვანიას გვამი შეჰქონდა, იმათაც დაინახეს შემთხვევითი მოწმე. მან მაშინვე გაითავისა მოსალოდნელი საფრთხე და მეუღლესთან ერთად იმავე დღესვე, ყველაფრის გარეშე, გაიქცა საქართველოდან…რომ არ გაქცეულიყო, მასაც მოკლავდნენ და მოიშორებდნენ, როგორც ყველაფრის თვითმხილველს!.. მოგეხსენებათ, შვეიცარიასა და საფრანგეთში გარკვეულ პიროვნებებთან ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი აუდიოკასეტები ინახება. აი, სწორედ იმ პიროვნებებმა მითხრეს საქართველოდან გაქცეული ამ ცოლ-ქმრის შესახებ და ჩვენ შორის კონტაქტი შედგა. ერთ-ერთმა პიროვნებამ კიდევაც მთხოვა, რომ ევროპის იმ ქვეყანაში, სადაც დღეს ცხოვრობს, ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა. 7 აპრილს, ხარება დღეს, მოგეხსენებათ, გაიმართა ჩვენი პარტიის _ `თეთრების~ დამფუძნებელი კონგრესი. ისევე როგორც სხვები, ეს პიროვნებაც მოვიპატიჟე კონგრესზე და ათი დღით ადრე გავუგზავნე მოსაწვევი. არავითარი პასუხი… რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ახლობელი მირეკავს სულ სხვა ქვეყნიდან იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ყველაფერი ისმინება და მეუბნება საოცარ რამეს, _ ის პიროვნება ვერ გიკავშირდებათ, რადგან ეჭვობს, რომ მას უსმენენ… იმ ქვეყანაშიც ბლომად არიან ქართველებიო!

_ რომელ ქვეყანაშია ის ცოლ-ქმარი გადახვეწილი?

_ საგაზეთოდ არ გვინდა და ისე, იცოდე (შაშიაშვილი ქვეყნის დასახელებას მეუბნება, _ დ. ჩ.)… ერთი სიტყვით, ახლობელი იმ პიროვნებისა, რომელიც ჟვანიას გვამის სახლში შეტანის ფაქტს სრულიად შემთხვევით შეესწრო, მეუბნება ასეთ რამეს, _ პიროვნებას უმძიმესი მდგომარეობა აქვს… როცა იგრძნო, რომ მის გარშემო სიტუაცია იძაბებოდა, შეკრიბა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დამადასტურებელი ყველა მასალა, ყველა მტკიცებულება და აუდიოჩანაწერი, დანიშნა შეხვედრა ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მერე ეს არასამთავრობოები დაჰპირდნენ, რომ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც შეახვედრებდნენ, მაგრამ მოხდა უბედურება, _ არასამთავრობოებთან და ჟურნალისტებთან დანიშნულ შეხვედრამდე ორი დღით ადრე პიროვნებას დაეჯახა მანქანა და დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, დამირეკა მე და მითხრა, _ შეიძლება ცოცხალი ვერ გადავრჩე, უამრავ მასალას ვფლობ და იქნებ, ვინმე ჩამოვიდეს, რომ ეს ყველაფერი გადავცე და ვუთხრაო! აი, ასეთი რამ გადმომცეს… მე ვუთხარი, _ უკვე დავიღალე ამ საკითხზე საუბრით, მე ზურაბ ჟვანიას ძმას _ ბატონ გოგლა ჟვანიას უნდა ვუთხრა ეს ყველაფერი და გადაეცით მაგ პიროვნებას, რომ ამის ნებართვა მომცეს-მეთქი!.. მაშინვე გადაურეკა იმ პიროვნებას და მითხრა, _ კი, ბატონო, ნებას გრთავთ, უთხარით ბატონ გოგლას ყველაფერიო!.. მე, რა თქმა უნდა, დავურეკე ბატონ გოგლას და ვუთხარი, _ ბატონო გოგლა, ასეა მდგომარეობა, მე ყველასგან საყვედური მივიღე და უმძიმესი მასალებია-მეთქი!.. მე მოვიწვიე ბატონი გოგლა და ვასაუბრე იმ ქალბატონს…

_ ვისაც მანქანა დაეჯახა, იმას არა, მაგრამ მის ახლობელს, რომელმაც მე დამირეკა… ბატონ გოგლასა და იმ ქალბატონს შორის მოხდა კონკრეტული შეთანხმება, მაგრამ თუ რაზე, ამას ახლა არ ვიტყვი. ამ საუბრიდან მეორე დღეს ამ ქალბატონის შვილებს, ვინც ჩვენ ესპანეთიდან გველაპარაკა და იმის შვილებს, ვისაც მანქანა დააჯახეს და რომელიც არა ესპანეთში, არამედ სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, თბილისში მიადგნენ `კუდის~ თანამშრომლები და მოსთხოვეს მშობლების პასპორტების ამონაწერი(!!!) ეს არის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?

_ ბატონო თემურ, რის საშუალებით ელაპარაკა გოგლა ჟვანია იმ პიროვნებას ესპანეთში?

_ სკაიპით!.. ბატონო დიტო, აი, ამიტომ ვერ ვასახელებ და ვაკონკრეტებ მე ყველაფერს ბოლომდე, რომ იმათი შვილები აქ არიან და შვილებს დაუხოცავენ ეს ნაძირალები!.. მართალია, იმათ კი გაასწრეს აქედან, მაგრამ შვილები აქ ჰყავთ და ამიტომაც არიან საცოდავები უბედურ დღეში, თორემ ჟვანიას მკვლელობა, ფაქტობრივად, არის გახსნილი!..

_ ახლა რა მდგომარეობაშია ის პიროვნება, ვისაც მანქანა დააჯახეს?

_ ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული… ცოტა ხნის წინათ უცხოეთიდან დამირეკა ერთმა პიროვნებამ, მომცა იმ პიროვნების ტელეფონის ნომერი, ვინც ახლა ასეთ მძიმე დღეშია ჯანმრთელობის მხრივ და მითხრა, _ როგორც კი უცხოეთში მოხვდებით, მაშინვე დაურეკეთო! ჯერჯერობით საქართველოში ვარ და როგორც კი ამის საშუალება მომეცემა, იმედია, იმ პიროვნებას დავურეკავ!..

_ ბატონო თემურ, თქვენ, ალბათ, არ გეწყინებათ, თუ ბატონი ივანიშვილი ჩაერთვება ამ საქმეში, რადგან მას გავლენა და კონტაქტები ბევრად მეტი აქვს, ვიდრე თქვენ…

_ რას ბრძანებთ, რა უნდა მეწყინოს?.. მე ბატონ გოგლა ჟვანიას ჩემი სათქმელი ვუთხარი და, სხვათა შორის, რასაც თქვენ ახლა გეუბნებით, ამას ვაკეთებ იმ გადახვეწილი ქართველების დაჟინებული რჩევითა და თხოვნით, რომლებმაც ჟვანიას მკვლელობის შესახებ ყველაფერი იციან… სწორედ ისინი მირჩევდნენ, გამეხმაურებინა, რომ ეს ყველაფერი მე ვიცოდი, რათა არ მოეხდინათ ჩემი ლიკვიდაციაც(!!!). _ ღმერთმა დაგიფაროთ, ბატონო თემურ, მაგრამ ისე ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი!.. _ როცა ბათუმში სახალხო კრების ოფისი გავხსენით, ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი მოვიდა, 500 ლარით უნდოდა დაგვხმარებოდა და მან მითხრა, _ თქვენ არ იცით, ბატონო თემურ, რა მასალები არსებობს ამათ შესახებ, რეებია გადაღებული, ესენი რას აკეთებენ ბათუმში და რა გარყვნილებაში არიან ჩაფლულნიო!.. მე არც ვიცოდი, რომ სააკაშვილს 150 მეძავი ჰყოლია თურმე ჩამოყვანილი ყაზახეთიდან ბათუმში, რომლებსაც თურქებისთვის ამუშავებენ ბორდელებში და ქართველებისთვის იქ შესვლა აკრძალულია… ერთ-ერთ ქართველს შიდსი დაემართა და აღმოჩნდა, რომ იქ ჩამოყვანილი ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას შიდსი აქვს…

_ ე. ი. ეჭვი გაქვთ, რომ გენერალი დუმბაძე იმ კასეტებს გადააყოლეს?

_ რომან დუმბაძეს, როგორც მე მითხრეს, ჰქონდა ყველა ის კასეტა, რომელიც ასლან აბაშიძეს ჰქონდა სააკაშვილის შესახებ და ამას გარდა, მას ჰქონდა კიდევ სხვა, ახალი მასალებიც… დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ!.. მე რად მინდა შორს წასვლა, როდესაც 2001 წლის 1-ლ თებერვალს ავტოავარია მომივიდა და იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი საავადმყოფოში მეწვია, მე მას ვუთხარი, _ ჩემს მძღოლს დაურეკეს ტელეფონზე და როგორც კი მძღოლმა ყურმილი აიღო, გაითიშა ტელეფონი. მე ვხედავდი, რომ ზარი განხორციელდა ჯიპიდან და ჩვენ, პრაქტიკულად, ამ მანქანამ გადაგვაგდო ტრასიდან. _ არაფერი არ მინდა, იმის ტელეფონი დაადგინე, ვინც დარეკა-მეთქი! ზარი იყო `ჯეოსელის~ ნომრიდან და `ჯეოსელს~ ეგ და ოქრუაშვული აკონტროლებდნენ, მოგეხსენებათ… დღესაც კი მახსოვს ის ნომერი… გვდია და გვდია იმ ჯიპმა და ბოლოს გადაგვაგდო, რასაც ჩემი საცოდავი მძღოლი შეეწირა კიდეც…

_ კახა თარგამაძეს რატომ არ სთხოვეთ იმ ნომრის იდენტიფიკაცია?

_ თარგამაძეს კი არა, ყველას ვეუბნები ამას, მაგრამ სააკაშვილს პირადად ვთხოვე ნომრის დადგენა!.. იცით, რა მითხრა? მოდით, მე და შენ ერთად შევქმნათ პარტიაო! კაციშვილს არაფერი არ გამოუძიებია და დაუდგენია, როცა ნომრის მფლობელის დადგენა იყო უმარტივესი ამბავი. სხვათა შორის, საავადმყოფოში რომ მოვიდა, პიჯაკის შიგნით, იღლიაში, კონიაკი ჰქონდა ამოდებული ლოთივით… ეს არის ყოვლად გარეწარი და ნამუსგარეცხილი პიროვნება… რაც მაგათ აკაკი ელიავას გაუკეთეს, ეს იყო საშინელება და ამას აკეთებდა `მოქალაქეთა კავშირი~… მე დამიმალეს, რომ ასეთ სისიხლიან ოპერაციას გეგმავდნენ და ზესტაფონში ეს გააკეთეს ორი რამის გამო, _ პირველი, სამეგრელო და იმერეთი გადაემტერებინათ ერთმანეთისთვის და მეორე _ მოსახლეობის თვალში მოეხდინათ ჩემი დისკრედიტაცია, რადგან იცოდნენ, რომ მე მქონდა საპრეზიდენტო ამბიციები!.. ამას აკეთებდა `მოქკავშირის~ გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სააკაშვილი და კომპანია! როგორც კი განვაცხადე, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი-მეთქი, მაშინვე ავტოავარია მომიწყვეს!

_ ბატონო თემურ, ე. ი. სკაიპშიც მოგისმინეს?

_ დიახ, სკაიპში მოგვისმინეს და საერთოდ მე ვიცი, რომ ჩემი ოფისი ისმინება!.. მივმართავ ამერიკის ელჩს, _ ბატონო ელჩო, ჩვენი ოფისი ისმინება სააკაშვილის სპეცსამსახურების მიერ… აპარატურა _ სკანერი, რომელსაც შეუძლია საიდუმლო მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენა, ღირს ძალიან ძვირი, დაახლოებით, 20 ათასი დოლარი, რისი შეძენის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს. ეს ერთი სიკეთე მაინც გაუკეთეთ ოპოზიციურ ქართულ პარტიებს და ამ სკანერის საშუალებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს საელჩოს აუცილებლოად ექნება, გამოავლინეთ ჩვენს ოფისებში სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიერ ჩუმად დაყენებული მოსასმენი აპარატურა!

 

P. S  ამ მართლაცდა სკანდალური ინტერვიუს შემდეგ `ქრონიკა~ საქართველოს აწგანსვენებული პრემიერ-მინისტრის _ ზურაბ ჟვანიას ძმას _ ბატონ გოგლა ჟვანიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, – ბატონი თემურის დახმარებით იყო რაღაც სატელეფონო საუბრები, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერაფერს ვიტყვიო… ბატონი გოგლა ასევე დაგვპირდა, რომ ამ საკითხებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა საინტერესო პროცესების შესახებ `ქრონიკას” ის უახლოეს მომავალში ვრცელ ინტერვიუს მისცემს, რისთვისაც მას გულწრფელ მადლობას ვწირავთ!..

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *