დაპირისპირება – ძალისმიერია, თანხმობის გზა- გონებისმიერი !
(აუცილებელი და იძულებითი განცხადება ბოლო ნაწილში განსაკუთრებული შეფასებებით)

ევროპის საბჭოს ასამბლეის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ოპოზიცია გაახარა, ხელისუფლება- გააბოროტა!
არც ერთია ქართული და არც მეორე!
არც ასეთი სიხარულია კარგი და მით უფრო,არც ხელისუფლების პოზიცია იმედის მომცემი!
ვფიქრობ , ჯერ კიდევ არის კომპრომისის შესაძლებლობა და მხოლოდ ეს არის ქართული გზა!
ჭკვიანი ხელისუფლება და ჭკვიანი ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებაში იპოვიან არა დაპირისპირების გაძლიერების საფუძველს,არამედ სწორედ დაპირისპირებაში დაინახავენ უმძიმეს საშიშროებას ქვეყნისა და ხალხისთვის-მომავლის საქართველოსთვის და მოძებნიან ძალას კომპრომისების გზით სვლისთვის, რამეთუ სწორედ ამ გზით შეძლება კრიზისის გადაქცევას დიდ შესაძლებლობად !
თანხმობა არის ის,რაც ჰაერივით სჭირდება დღეს საქართველოს ! ეს არის ილიას გზა: ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ! ისტორია ადასტურებს:დაპირისპირება ძალისმიერია, ხოლო თანხმობის გზა- გონებისმიერი !
საქართველოს მომავალი მხოლოდ გონებასთანაა დაკავშირებული, როდგან მხოლოდ ის ქმნის გონიერ ძალას, რომელსაც მთების შეძვრა შეუძლია!
საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ხალხს, რომელმაც უნდა დააფასოს გონიერება და პოლიტიკას ჩამოაშოროს სიჯიუტით მოქმედი , გაჯიქებული პოლიტიკური ძალა,ეს იქნება ხელისუფლება,თუ ოპოზიცია,ან ორთავე ერთად!
ჩვენ სხვა გზა არც გვაქვს! ბოროტია, ვინც ევროპასთან, აშშ თან,ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან დაპირისპირებაში ხედავს ხელისუფლების ძალას და ბოროტია ისიც,ვინც რომელიმე ქვეყანასთან ფეხქვეშ გაგებაში ხედავს საქართველოს მომავალს!
ქვეყნის მომავალი იმ პრინციპებშია, რომლებიც მეცნიერებმა ჩადეს “ეროვნულ-სახელმწიფორმებრივ დოქტრინაში”.სწორედ ამ დოქტრინისთვის სარეფენდუმო რედაქციის მიცემისთვის იკრიბება მეცნიერთა კონგრესი, 8 თებერვალს, დავითობას,გელათში,გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში !
მანამდე კი ,ტ/კ “ქართული TV ” ზე მეცნიერთა კონგრესის დროში:
- უკვე დღეს,30 იანვარს, 16 საათზე, გავაკეთებ იმის მოკლე მიმოხილვას, თუ რა შესთავაზა “მეცნიერთა კონგრესმა”, როგორც ხელისუფლებას,ასევე ოპოზიციას..
- ხვალ, 31 იანვარს,15 დან-18 საათამდე ექსპერტთა მონაწილეობით გაკეთდება ევროსაბჭოს (PACE) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი..
გადაცემაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
გუშინ,29 იანვარს, მწერალთა სახლში,ცნობილი საოპერო მომღერლის,”ქართული ერთობის დარბაზის” ერთერთი დამფუძნებლის,თემურ გუგუშვილის საღამოზე გამოსვლისას ვთქვი და ამით დავამთავრებ ჩემი პოზიციის გამომხატველ ამ წერილს:
საქართველოში პოლიტიკის ,მართლაც დღევანდელ საშინელ დაისს,უნდა მოჰყვეს მეცნიერების აისი.. გადარჩება საქართველოც,ხალხიც, პოლიტიკაც და პოლიტიკოსებიც გადარჩებიან !
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საშუალებებს არავის პოზიცია არ აინტერესებთ, გარდა ქვეყნის გარედან და საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსირებადი პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსებისა… მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სივრცე მხოლოდ ოლიგარქების პარტიებს უჭირავთ… მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა შეძლო შუას გაკრეფა… პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ოცნება და ნაციონალური მოძრაობა და მათი განაყოფები დატოვა… მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის, იგნორირება იქცა მათთვის მიუღებელთა წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად… მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საშუალებები, უპირველესად, ტელევიზიები, ფულისა და ფულიანების მსახურად და პარტიათა სააგიტაციო პუნქტებად იქცნენ, ჩვენ ყოველთვის პატიოსნად ვუგზავნით ჩვენი პოზიციის გამომხატველ ინფორმაციებს. ამით ვადასტურებთ პატივისცემას უპირველესად, ხალხისადმი და ვიტოვებთ იმედს, რომ საინფორმაციო საშუალებები დაინტერესდებიან მეცნიერებით და მეცნიერული პროგრამებით, „გაკრეფილებით“, და კიდევ ერთი, ვრჩებით იმედად, რომ ოლიგარქები ოდესმე მაინც შეწუხდებიან მათ მიერ ფულის ძალით იგნორირებული „გაკრეფილი“ პოლიტიკური ძალებით და ერთხელ მაინც გაუჩნდებათ სურვილი, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ერთნაირი სასტარტო მოედანი გვქონდეს არჩევნების დროს მაინც. მაშინ ვნახავთ, ხალხი ვის აირჩევს… მაშინ ვნახავთ, რას ნიშნავს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების დასრულება და მეცნიერების ერა. დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ ამაშია არა მარტო ქვეყნის ბედნიერი მომავალი, არამედ, ოლიგარქების გადარჩენაც ბიზნესში, მათდამი ხალხში დღეს არსებული სიძულვილის შეცვლა მათდამი კეთილი განწყობით.
დასკვნის სახით:
ყოველი მოაზროვნე ადამიანი ხედავს, რომ ქვეყნის გამარჯვების ფორმულა ზედაპირზე დევს და პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები ვებრძვით იმას, რისთვისაც უნდა ვიბრძოდეთ, ვამარცხებთ იმათ, რომელთა გამარჯვებისთვისაც უნდა ვიბრძოდეთ. რა კარგად თქვა „მეცნიერთა კონგრესმა“: ფულიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, პატივი მივაგოთ, მაგრამ ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა გონიერი და ზნეობრივი ადამიანის ხელშია, რომ უზნეობაა, მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ღარიბად, მით უფრო მაშინ, როცა ეს სიღარიბე პირდაპირ არის დაკავშირებული ოლიგარქებთან და ოლიგარქიულ მართვასთან.
ბედნიერებაა, როცა სხვათა გაღარიბებით კი არ მდიდრდები, არამედ ამდიდრებ ხალხს და შემდგომ, მდიდრდები თვითონ!
ძნელია, ეს ყველაფერი გავაგებინოთ ოლიგარქებს, მაგრამ თუ ხალხი მიხვდება, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი თვითონ არის, ოლიგარქიული მმართველობა დასრულდება ქვეყანაში!
თეიმურაზ შაშიაშვილი
30.01.2025