თემურ შაშიაშვილი: “გამარჯვების ფორმულა მთელი ქართველი ხალხი პლუს ბიძინა ივანიშვილი”

`ალიას”ესაუბრება “თეთრი მოძრაობის” (თეთრების) ლიდერი, “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი

_ ბატონო თემურ, 19 დეკემბერს თქვენ, კრების ლიდერებს რეგიონების წარმომადგენლებთან გქონდათ საგანგებო შეხვედრა და რა გადაწყვიტეთ?

_ ეს იყო ძალისმომცემი შეხვედრა და კრებაში განწყობა არის საოცრად ამაღლებული. ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ამ ხელისუფლებასთან რაიმე კომპრომისზე წასვლა ყოვლად წარმოუდგენელია. ამ შეკრების მსვლელობისას სიცილით ვთქვი ასეთი ფრაზა, _ დადგება დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება პროგრამები, კრება ის ადგილია, სადაც საჭირო პროგრამები იწერება და იქმნება-მეთქი!.. ასე რომ, მე მგონი ამით ყველაფერია ნათქვამი… საერთოდ, პოლიტიკური პროცესი, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბდა შეშლილ სივრცეში, პოლიტიკური სივრცე რომ შეშლილია, ამას ადასტურებს სააკაშვილის თითოეული ნაბიჯი. მე არა მაქვს საუბარი მხოლოდ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი კაცი დიდი ხანია ველოსიპედით დარბის ქუჩაში. საუბარია იმის შესახებ, რომ ხალხის ფულით აშენებულ ობიექტებს, რომელიც სააკაშვილმა კერძო პირებს ბიზნესად უქცია, სააკაშვილი ხსნის და გვეტრაბახება, საქმეს ვაკეთებო. კონკრეტულ რამეს გეუბნებით, _ საავადმყოფოები, რომელსაც სააკაშვილი ხსნის, სადაზღვევო კომპანიების მიერ არის აშენებული და სახელმწიფოს მასთან არაფერი ესაქმება. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად სუფთად იღვწიან ეს სადაზღვევო კომპანიები და არიან თუ არა ისინი შეკრული სააკაშვილის საოჯახო ბიზნესთან. საქართველოში ადამიანების ავადმყოფობა იქცა ბიზნესად…

_ ბატონო თემურ, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პიარტექნოლოგიებია… ფაქტია, რომ სააკაშვილი და `ნაცმოძრაობა” არჩევნებისთვის ემზადებიან და სწორედ ამას ემსახურება სააკაშვილის სოფელ-სოფელ სიარული, ათკრაოტიანი საავადმყოფოების გახსნა და ასე შემდეგ…

_ მაშინ, მთავარი პიარტექნოლოგია ეს კი არ გახლავთ, არის ის, რომ სააკაშვილმა ჯიბეში ჩაიდო სამი ტელევიზია და ამ ტელევიზიებს არავის არ აკარებს. როცა მე გითხარით, რომ პოლიტიკური სივრცეა შეშლილი-მეთქი, არა მხოლოდ ხელისუფლებაა შეშლილი, არამედ ძალიან ბევრი ვინმე შეიშალა ოპოზიციაშიც…

_ მაგალითად, ვინ?

_ ვინც ბიძინა ივანიშვილმა თავისთან მიიწვია ისინი ყოყოჩდებიან, თუ უკვე არ გაყოყოჩებულან, ხოლო ვინც არ მიიწვია, ძალიან ბევრი გაბოროტდა!.. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არც გაყოყოჩებულან, არც გასადმე მიუწვევიათ, მაგრამ თუკი სადმე მიიწვევენ არც მაშინ გაყოყოჩდებიან… მოდით, ალალად ვთქვათ, ვინ იქნება ამ არჩევნებით მოგებული? ხელისუფლებაში არის ორი-სამი პარტია, რომელიც არის აშკარად პროამერიკული… ესენი არიან: “ნაციონალური მოძრაობა”, `ქრისტიან-დემოკრატები” და `ახალი მემარჯვენეები”… დიახ, `ახალი მემარჯვენეები” უკვე გახდა სახელისუფლო პარტია. ახლა ესენი ერთმანეთს რომ აკრიტიკებენ, აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, ბატონო დიტო იმდენად, რამდენადაც ხალხს კარგად ახსოვს როგორ ლანძღავდნენ და აგინებდნენ ერთმანეთს `მოქკავშირი” და აღორძინება, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო ერთი და იგივე ძალა. დრომ ჩემი სიტყვების სისწორე დაადასტურა. ახლაც ვაცხადებ, რომ `ნაცმოძრაობა”, `ქრისტიან-დემოკრატები~ და `ახალი მემარჯვენები~, `ეროვნულ-დემოკრატიულ”პარტიასთან ერთად არის ერთი პოლიტიკური ძალა. ბიძინა ივანიშვილის გარშემოც პროამერიკული მიმართულების პარტიებია შემოკრებილი: “რესპუბლიკელები” და ირაკლი ალასანია!.. ანუ ოპოზიციაშიც ად ხელისუფლებაშიც არიან გამოკვეთილად ამერიკული ძალები. რა თქმა უნდა ახლა ამერიკას საქართველოში აწყობს დემოკრატიული არჩევნები, ოღონდ ამ ძალებს შორის და არავითარ შემთხვევაში სხვა ძალებს შორის, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება დაკომპლექტდება პროამერიკული ძალებით და გვეყოლება სუფთა ამერიკული პარლამენტი, ხოლო რაც შეეხება ეროვნულ ძალებს, ანუ ქართულ ძალებს, ესენი დარჩებიან გარეთ.

_ ვაღიარებ, რომ მართლაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური ანალიზია, ბატონო თემურ!..

_ მოიცადეთ, ჯერ სადა ხართ, გავყვეთ ამ თემას!.. თქვენ როგორ გგონიათ, მარტო ამერიკა დარჩება მოგებული? მოგებული დარჩება რა თქმა უნდა რუსეთი, იმიტომ, რომ პოლიტიკურად საქართველო იქნება ამერიკის, ხოლო ეკონომიკურად ქვეყანა დარჩება რუსეთს. ანუ რუსეთსა და ამერიკას საქართველო ასე აქვთ განაწილებული, ოკუპირებული ტერიტორიები ხომ წაიღო და წაიღო რუსეთმა, მაგრამ ამას ემატება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რუსეთის ეკონომიკური ინტერესები, ყველაფერი რუსებს აქვთ ნაყიდი. დარჩა პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური ინტერესს იკმაყოფილებს ამერიკის შეერთებული შტატები… ახლა ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მინდა გავიხსენო… როცა მე ქუთაისში ჯიხურების წინააღმდეგ დავიწყე ბრძოლა და შევეცადე, რომ ბაზარზე მონოპოლისტი გამავრცელებლების პარპაში აღმეკვეთა და ყველასთვის მიმეცა საშუალება და ამ ბიზნესში პატიოსნად ემოღვაწათ, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამიშვა, ცრუ ინფორმაციები გამივრცელა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოვხვდი, აქაოდა, ქალაქის მერი _ თეიმურაზ შაშიაშვილი თავისუფალ პრესას ებრძვისო!.. ამაზე ავტეხე ერთი ამბავი, ქუთაისში საგანგებოდ მოვიწვიე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს _ კულტურის ატაშე და ჩავატარეთ ღია პრესკონფერენცია, ყველა ჟურნალისტის თავისუფალი დასწრებით. ის ამერიკელი ქალბატონი განცვიფრდა და რომ გაიგო რაშიც იყო საქმე, სულ ბოდიშები მიხადა, _ სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში თქვენს შესახებ ტყუილი წერიაო. რასაც დღეს ეს უსინდისო ხელისუფლება პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით აკეთებს, იმის მეათასედიც კი არ გამიკეთებია, სულ სხვა რამ მქონდა გეგმაში და აი, ასეთი ბინძური ტყუილებით მებრძოდა სააკაშვილი… სააკაშვილი არის ორსახოვანი იანუსი. ახლა მე მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, _ მაშინ ხომ სააკაშვილმა ჩემს შესახებ იცრუა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩემზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. აი, ახლა, ძალიან მაინტერესებს, რას მოიმოქმედებთ და მოხვდება თუ არა სააკაშვილი როგორც თავისუფალი გაზეთების წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტი ამ მოხსენებაში? სააკაშვილმა მაშინ ის დამაბრალა, რასაც დღეს გაასმაგებულს და გაათასმაგებულს დღეს აკეთებს…

_ ბატონო თემურ, მივუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის თემას… თუ რუსეთს და ამერიკას საქართველო გადანაწილებული აქვთ, ოპოზიციაც მაგათია, ხელისუფლებაც მაგათია, ჩვენ _ ქართველებს რა ხეირი?

_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალს მე ვხედავ არა პარტიებთან, არა პოლიტიკოსებთან ერთად, არამედ ქართველ ხალხთან ერთად… ჩემი აზრით, გამარჯვების ფორმაულა ასეთი უნდა იყოს: `მთელ ქართველ ხალხს პლიუს ბიძინა ივანიშილი!” ჩემთვისაც კი რომ დაეძახებინა და ეთქვა, _ თქვენ უნდა იყოთ ჩემი პოლიტიკური პარტნიორიო, მაშინვე ვეტყოდიდ `ცდებით!.. დღეს პოლიტიკოსებსა და პარტიებზე ორიენტაცია არ ღირს!..”

_ რაგინდ “კრისტალური” იყოს პარტია, პარტიებზე ორიენტაციას ივანიშვილს არ ურჩევთ?

_ საქართველო დაღუპა და დააქცია ერთ აზრზე მდგომთა ერთობამ, ქვეყანას იხსნის განსხვავებულ აზრზე მდგომთა ერთობა!.. მაგალითად, კრება ნამდვილად იყო განსხვავებული აზრის ერთობა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ეტყობა განსხვავებულთა ერთობა ძალიან ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და კრებიდან იმის გამო მირბოდნენ, რომ ვიღაცას ბურჯანაძე არ მოსწონდა და ვიღაცას _ თემურ შაშიაშვილი… გადაირევი კაცი, ვაჟა ლორთქიფანიძე გააკრიტიკეს სააკაშვილის პარტიის წევრებმა!.. ახლა ძალიან მაგარ რამეს გეტყვი: ვაჟა ლორთქიფანიძე არის კაცი, რომელმაც, როცა იყო საქართველოს კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი, ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი უგამოცდოდ მიეღოთ კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა კაგებეს დაქვემდებარებაში იყო…

_ აბა, ბატონო თემურ, სააკაშვილი რას გვეტრაბახება, გამოცდები ჩავაბარე კიევშიო?..

_ ერთი წუთით ბატონო, ერთი წუთით… კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვაჟა ლორაქიფანიძეს აკრიტიკებენ და ვაჟა ლორთქიფანიძის დროს მიხეილ სააკაშვილი იყო კომკავშირის მდივნის მოადგილე სკოლაში და კომკავშირის მდივნის მოადგილე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ბებიამისი მუშაობდა და ამ დაწესებულების სახელწოდებაში ერია სიტყვა `საწამლავი”… მიხეილ სააკაშვილი შექმნა სამმა პიროვნებამ: ვაჟა ლორთქიფანიძემ, ზურაბ ჟვანიამ და სააკაშვილს გვირგვინი დაადგა ედუარდ შევარდნაძემ!.. მამა შვილს არ გაუკეთებს იმას, რაც შევარდნაძემ სააკაშვილს გაუკეთა!.. შევარდნაძე ჟვანიასთან ერთად მივიდა პეტერსონ ბელქნაფის ფირმაში, რომელსაც მართავდა სომეხი – კირკორიანი, სადაც მუშაობდა მიხეილ სააკაშვილი. ეს მოხდა შევარდნაძის ამერიკაში ვიზიტის დროს. ისე, საღოლ სომხურ ლობს!.. შევარდნაძე შეხვდა ამ ფირმის მფლობელს და სწორედ მათი საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ყველასათვის აბსოლუტურად უცნობი და ამავე დროს არასერიოზული და გაუწონასწორებელი კაცი – მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში უნდა მოსულიყო!.. თუ ვინმემ დაგვაქცია ჩვენ, შევარდნაძემ დაგვაქცია… შევარდნაძემ გაწირა ჟიული შარტავა და მისი თაობა, რომელსაც საქართველო უნდა აეშენებინა და ხელისუფლებაში მოიყვანა ჟვანია-სააკაშვილი გუნდი, რომელიც მთელ საქართველოს დაასვა თავზე… ჯერ კიდევ ბორჯომში ვუთხარი შევარდნაძეს `მოქკავშირის” შესახებ, _ თქვენ შექმენით ისეით პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას დააქცევს-მეთქი!.. ახლა თუ შევარდნაძე იტყვის ეგეთი რაღაცა არ მახსოვსო, კიდევ კარგი, რომ ჩემივე სიტყვები თავის დროზე პრესაშია გამოქვეყნებული. ეს მოხდა 1997 წელს.

_ ძალიან საინტერესოა… ამ კვირაში აუცილებლად უნდა შევხვდე ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს და ამ საკითხებზე უნდა ვესაუბრო… იმედია, უარს არ მეტყვის!.. კი მაგრამ, მამამისს _ ნიკა სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია მიშასთვის?

_ ძალიან კარგს იზამთ, აუცილებლად შეხვდით ბატონ ვაჟას, დარწმუნებული ვარ ბატონი ვაჟა სიმართლეს იტყვის!.. რაც შეეხება სააკაშვილის მამას, არა და, არა!.. დღევანდელ მიხეილ სააკაშვილს მამამისის არაფერი აქვს, მამამისის აქვს მხოლოდ და მხოლოდ ის ეროვნება, რომელსაც მალავს. მეტი არაფერი და საერთოდ გაურბის მამამისის ხსენებას. მამის მხარეს საერთოდ უარყოფს და სადაც გამოდის ლაპარაკობს მხოლოდ დედის შტოზე და დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ!.. მიხეილ სააკაშვილმა 23 წლის ასაკში ყველაფერი მიიღო კომკავშირისგან და პირადად ვაჟა ლორთქიფანიძისგან. დაიშალა საბჭოთა კავშირი, თორემ საბჭოთა კავშირი რომ ყოფილიყო, სააკაშვილი ოღონდ კი კომკავშირის ცეკას მდივნობისთვის მიეღწია და თავს მოიკლავდა. მაგას იცით რატომ ირჩევდნენ ყველგან კომკავშირის მდივნად? იმიტომ, რომ მაგას სკოლაში ამასხრებდნენ, ყველას ეხვეწებოდა მდივნად დამნიშნეთო და ირჩევდნენ მის მოადგილედ, ხოლო მდივნად ირჩევდნენ ქალს… ანუ ეს სულ ქალების მოადგილე იყო… კომკავშირის პლენუმი 10 საათზე რომ უნდა ჩატარებულიყო, სააკაშვილი ხალხს იბარებდა 9 საათზე და ვინც 10-15 წუთით დააგვიანებდა, ადგილზე რიცხავდა კომკავშირიდან. ერთხელ ჩემი მეუღლეც მოხვდა ამ სიაში, ეს კაცი რომ ვინმეზე რამეს იტყვის საერთოდ, მაშინ უნდა დაიქცეს და დაიმხოს ქვეყანა… ვაჟა ლორთქიფანიძე იყო ეროვნული ცნობიერების კაცი და დღესაც ასეა… ბატონო ვაჟა, თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა იცით რა არის? თქვენ შექმენით ეს უბედურება და თქვენი ბრალია, რომ სააკაშვილი გაუშვით და უგამოცდოდ მოაწყვეთ კიევის უნივერსიტეტში. თავად ძალიან კარგად ვიცი ბატონო ვაჟა, რამდენმა ვინმემ შეგაწუხათ ამის გამო და რამდენი ვინმე დარბოდა ოღონდაც ეგ კიევში გაეშვათ… ბატონი ელიზბარ ჯაველიძე ხომ სააკაშვილის უახლოესი ნათესავია? ბატონი ელიზბარი გურამ ენუქიძესთან მივიდა _ პარტიის ცეკას მდივანთან და იმას სთხოვა სააკაშვილის კიევში გაშვება!.. ასე ჩააწყო მაგან ყველა დონეზე საქმე. ბებიები, ბაბუები და ახლო ნათესავები, ყველა მონაწილეობდა მაგის საქმეში… ბატონ ელიზბარ ვეუბნები, _ უდიდეს პატივს გცემთ, მაგრამ დღეს რომ აკრიტიკებთ სააკაშვილს, მაშინ არ უნდა გაგეშვათ კიევში… კი ბატონო, ნათესავი და ახლობელია თქვენი, მაგრამ ხელი ხომ შეუწყეთ თავის დროზე, რომ უგამოცდოდ ჩაებარებინა და ესწავლა?!..

_ ბატონი ელიზბარი ბაბუად ეკუთვნის მაგას და დაეხმარებოდა, აბა, რას იზამდა?..

_ მოდით, ახლა შევცვალოთ თემა და სულ სხვა რამეზე ვისაუბროთ… ვისაც ჯერა რომ საქართველოში რამე კეთდება, მე მხოლოდ ციფრს დავასახელებ და ამით ყველაფერი იქნება ნათვქამი!.. დღეს საქართველოში ერთი კაცი ხარჯავს 1600-დან 1700 კილოვატ\საათამდე ელექტროენერგიას. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ერთი ადამიანი 8000 კვტ\სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავს, დაქცეული და დაღუპულია ყველაფერი. ამერიკაში ერთი ადამიანი საშუალოდ მოიხმარს 25000 კვტ\სთ ელექტროენერგიას, ანუ 12-13-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენთან… 20 ან 21 იანვარს ჩვენ ჩავატარებთ საგანგებო პრესკონფერენციას და გამოვიტანთ 10 ციფრს, მსოფლიოს ყველა პრეზიდენტს გავუგზავნით წერილს შეკითხვით: ამ მონაცემების მქონე ქვეყანა, არის ქვეყანა?.. ასეთი სახელმწიფოა წარმატებული ქვეყანა? ასეთი ქვეყანაა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანა? უსერიოზულესი სპეციალისტების გამოკვლევების თანახმად, დღეს საქართველოში 9,5 მილიარდი დოლარიდან 10,5 მილიარდ დოლარამდე შეადგენს ის ფული, რომელსაც წლის განმავლობაში მასთან დაკავშირებული ბიზნესით საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან იღებს ხელისუფლება. მხოლოდ ნაგვის გადასახადის დენზე მიბმით, წლის განმავლობაში სააკაშვილმა დამატებით 200-დან 300 მილიონამდე ამოქაჩა საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან. სულ საქართველოს ბიუჯეტი არის 4-5 მილიარდი დოლარი და ამ დროს საქართველოს ხელისუფლება ორჯერ მეტ ფულს ჯიბიდან უღებს საქართველოს მოსახლეობას. მზად ვარ ნებისმიერ ექსპერტთან დავჯდე და ეს მონაცემები დავასაბუთო.

_ ბატონო თემურ, ახლა ამ საგაზეთო საუბარს რომ მოვრჩებით, უნდა წავიდე და ჩემს მთავარ რედაქტორთან და კოლეგებთან ერთად ავლაბრის რეზიდენციის წინ უნდა დავდგე, რათა ტელეკომპანია `მაესტროს” სოლიდარობა გამოვუცხადო. ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გამოსული არ დაგინახოთო და როგორ მოვიქცეთ, ავლაბრის რეზიდენციის წინ არ დავდგეთ?

_ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი რყევა მოახდინა ქართულ პოლიტიკაში, მან უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო და ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს!.. “მაესტროს” რომ ურტყამენ, გაზეთებს რომ ურტყამენ, კანონპროექტებს რომ ცვლიან ასე წაღმა-უკუღმა, ეს ბიძინა ივანიშვილის გამო ხდება. ბატონი ივერი ფრანგიშვილის გათვლით, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უსერიოზულესი პიროვნება, საქართველოს დღეს მდგომარეობიდან გამოსაყვანად არც ბიძინა ივანიშვილის თანხები არ ყოფნის… იმისათვის, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს, საჭიროა მინიმუმ 40-50 მილარდი დოლარი. ამდენი ფული ბიძინა ივანიშვილს არ აქვს, მაგრამ მას შეუძლია ამ თანხების მობილიზება და მოზიდვა, ხოლო სააკაშვილს რისი თავიც აქვს დავრწმუნდით. გამორიცხულია, ეს კაცი არაფრის გამკეთებელი არ არის. დ ღესბიძინა ივანიშვილი არის ბერკეტი, გადარჩენა, საშუალება, რაც გინდა ის დაარქვი… ვისაც წყენა ან ბოღმა გაქვთ გულში ჩადებული, კარგად დავფიქრდეთ და ამ კაცს უარი არ ვათქმევინოთ იმაზე, რაც თქვა, თორემ… ისეშემოესივნენ ჭილყვავებივით და იმდენი `მეგობარი” გამოუჩნდა, თურმე იმდენ ადამიანთან ერთად `უსწავლია”, იმდენ ადამიანთან ერთად `უმუშავნია”, ნუ უშლით ბატონებო ხელს, ნუ უნგრევთ ამ კარებს და ნუ გინდათ ხელის ჩამორთმევა… სპორტსმენებს თუ მსახიობებს, ვისაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, ახლა უკვე სააკაშვილი დააფინანსებინებს თავის ბიზნესმენებს. ამ დღეებში დაუძახა სააკაშვილმა ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და დაავალა იმ ხალხის დაფინანსება, ვისაც ივანიშვილი აფინანსებდა. ეს არის საქართველოს დაქცევა, უფრო მეტსაც გეტყვით… ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის მიერ რუსთაველზე ჩამოკიდებული `ლუსტრები~, რომელიც სინამდვილეში 500 დოლარი ღირს, 5000 დოლარად გააფორმეს თითოეული… ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს ისიც, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პირობას დებენ, რომ 30-40 პროცენტით უფრო იაფად შემოვიტანთ ბენზინსო, მაგრამ ამ ადამიანებს გასაქანს არ აძლევენ… მივიდნენ ეს ადამიანები სააკაშვილის ძმასთან, ჰქონდათ ლაპარაკი, პრეზიდენტის ძმა დაეთანხმა, გადასარევია, მეც უნდა ვიყო წილში, მაგრამ ეს ამბავი მაინც ვანო მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოსო!.. გესმით, ბატონო ბიძინა, რაშია საქმე?

_ ბატონო თემურ, ეს ახალი ამბავია?

_ სულ ახალი ამბავია, სულ ახალ ფაქტებს გეუბნებით!.. ზღვისპირეთში სააკაშვილი რასაც აშენებს, 3-4 თვეა მშენებლებისთვის ხელფასი არ დაურიგებიათ, მშენებლები გაგიჟებულები არიან… ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ივანიშვილმა ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ მის პოლიტიკაში მოსვლას მოჰყვა დიდი იმედი, მაგრამ ამავე დროს მოჰყვა სააკაშვილისა და მისი ხროვის გააფთრება… სააკაშვილი განსაკუთრებული სიჩქარით წავიდა ქვეყნის დაქცევისა და განადგურების გზაზე და ეს პროცესი დააჩქარა ბიძინა ივანიშვილმა… სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ივანიშვილის დამარცხება ადვილი არ იქნება და ამიტომაც ყველაფერზე მიდის.

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *