ნონა გაფრინდაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” უნდა აიკრძალოს…

2“ჩვენთან რომ დემოკრატია არ ყოფილა, ეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ სააკაშვილს მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ”

“სამწუხაროდ, მემკვიდრეობა დარჩა ცუდი ახალ ხელისუფლებას. რისთვისაც ხალხმა ეს ხელისუფლება აირჩია, თუ ამათ ის არ შეასრულეს, მაშინ არაფერი გამოვა, მოდით, ვთქვათ ასე პირდაპირ. ძალიან მძიმე სიტუაციაა იმ თვალსაზრისით, რომ ვითომ ეს ოპოზიცია და სინამდვილეში არავითარი ოპოზიცია ესენი არ არიან. მე თუ მკითხავთ, საერთოდ უნდა აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა”, იმიტომ რომ, რაც ამათ ცუდი საქმეები გააკეთეს ამ 9 წლის განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობის” ასაკრძალად ეს სავსებით საკმარისია. ესენი კეთილდღეობისთვის კი არ იბრძოდნენ, არამედ საკუთარ ხალხს ებრძოდნენ. ახლა კი ერთი და იმავე ტექსტით გამოდიან, უბრალოდ, ხელს იშვერენ აქეთ-იქეთ და მაქსიმალურად ბაძავენ სიტუაციას. ჩვენ ხომ კარგად ვიცოდით, რომ უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ლობისტებისთვის ბიუჯეტიდან, ახლა, უბრალოდ, ამის ფაქტები იდება”, – აცხადებს “სახალხო კრების” ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ნაციონალური მოძრაობა” უნდა აიკრძალოს”.

“ჩვენთან რომ დემოკრატია არ ყოფილა, ეს ლობისტურმა კომპანიებმა და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ სააკაშვილს მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. დღეს მათთვის მიუღებელია ახალი ხელისუფლების პოლიტიკა, ამდენი წელი სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიულს უწოდებდნენ და ახლა აღმოჩნდა, რომ კრიმინალები ყოფილან. თქვენ გგონიათ, არ იცოდნენ? ძალიან კარგად იცოდნენ. ყველა ორგანიზაცია, ვინც ამ რეჟიმს ებრძოდა, უამრავ დოკუმენტს გადასცემდა საელჩოებს. გარდა ამისა, რა საელჩოებს თავისი ხალხი არ ჰყავთ, ვინც ამ ყველაფერს აკვირდება? ჰყავთ, ამიტომ მშვენივრად იცოდნენ, რაც ხდებოდა. ის, რომ დღეს მაღალჩინოსნებმა აგონ პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის, როგორც ჩანს, ეს არ აწყობთ. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ეს კამპანია. მიუხედავად ყველაფრისა, მე ვარ იმედიანად და, დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დალაგდება. მთავარია, რომ ხელისუფლება პირველ რიგში უსმენდეს საკუთარ ხალხს და მის მოთხოვნებს ასრულებდეს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნონა გაფრინდაშვილი.

“გაიხსენეთ რამდენი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდათ. უბრალოდ, განსხვავებული აზრისთვის რა დღეში აგდებდნენ ადამიანებს და სისხლიან სამართალზე უშვებდნენ. რამდენი ადამიანი ჯერ კიდევ ზის სრულიად უდანაშაულოდ. ვისაც შეიძლებოდა, ყველას წაართვეს ბიზნესი, ხალხი სახლებიდან გამოყარეს, ზოგს დაუნგრიეს, ვინც გააპროტესტა, ის დაიჭირეს. როგორი მოსმენები იყო, ადამიანს ტელეფონზე საუბრისაც ეშინოდა. რამდენი ახალგაზრდა ადამიანი ჩაცხრილეს, სასამართლოს გარეშე. ქუჩაში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 130-მდე მარტო ადვოკატი იყო დაპატიმრებული, ისინი, ვინც იმათ ჭკუაზე არ დარბოდნენ. პარლამენტის პირველი სხდომა ხომ გახსოვთ, ყველა ერთნაირი ტექსტით გამოდიოდა, რატომ არ დაიწყეთ დაპირებების შესრულებაო. მე ვფიქრობ, რომ ესენი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, ასე რომ იქცევიან. ასეთი მოქმედებით საზოგადოებას ხომ კიდევ უფრო აღიზიანებენ” , – განაგრძობს რესპონდენტი.

“არავითარი ორხელისუფლებიანობა არ არის. ისინი თავიანთ თავს არწმუნებენ და თავიანთ გულშემატკივრებს იმაში, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. თანაც მათი გამოსვლები და განცხადებები ძირითადად უცხოეთზეა გათვლილი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ და მათაც მისცენ საყვედურის თქმის საფუძველი. არადა, სამი ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა უკვე პროკურატურაში განაცხადი მათ წინააღმდეგ. მათი მოქმედების პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ მათი მხრიდან ეს არის თავის გადარჩენის მცდელობა. ფიქრობენ, რომ ამითი ყურადღებას მიიქცევენ და უცხოეთში მხარდამჭერებს შეინარჩუნებენ”, – დასძენს ნონა გაფრინდაშვილი და შეკითხვას – “როგორც ამბობენ სააკაშვილი ოქტომბრამდე უნდა იყოსო…ფიქრობთ რომ სააკაშვილი ვერ მივა ოქტომბრამდე?” – პასუხობს:

“მოდით მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ. მე პირადად მივეჩვიე იმას, რომ ხანდახან ისე შემოტრიალდება ხოლმე ყველაფერი, რომ ეს როგორ ვერ გავთვალე. ჩვენ ძალიან გვინდა პროცესები სწრაფად განვითარდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაზე ჩქარა გავხდებით რაღაც რაღაცეების მომსწრე, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. ოქტომბრამდე ძალიან დიდი დროა… ჯერ ესერთი კონსტიტუცია დაჩეხეს, ვადა ძალით გაიხანგრძლივა. ეს ხომ არცერთ სახელმწიფოში არ მოხდებოდა. ყველაზე გაუბედურებულ სახელმწიფოშიც კი. ფაქტიურად ათი თვე უკანონოდ დაიმატა. ასეთი რაღაც არსად ხდება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ წინა ხელისუფლებამ ყველაფერს მიგვაჩვია. მიუხედავად ამისა სიტუაციის პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ მე იმედიანად ვარ ამ კუთხით და დარწმუნებული ვარ პროცესები გაცილებით ჩქარა წავა დადებითად, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *