იუნესკოს ვერდიქტი
ქართველთა საფიცარი ხატი – საქართველოს გაერთიანების სიმბოლო, ბაგრატის ტაძარი – გაეროს კულტურისა და მეცნიერების სპეციალური ქვედანაყოფის, იუნესკოს გადაწყვეტილებით , როგორც ცალკე ისტორიული ძეგლი ამოღებულ იქნა მსოფლიოს საგანძურის სიიდან.
საუკუნეების მანძილზე იდგა ამაყად ტაძარი იუნესკოს გარეშე და კვლავაც გაუძლებს საუკუნეებს. უბედურება ის კი არ არის, სტატუსი რომ შეუცვალეს, უბედურება ისაა, რომ ვაი ქართველთა ჭკუა- გონებითა და მარჯვენით ისე შეიცვალა, ისე დამახინჯდა, ისე დამდაბლდა, რომ დაკარგა ისტორიული, არქიტექტურული, ესთეტიკური და სხავ ღირებულებათა დიდი წილი. ჩვენთვის ეს ყოველივე განსაკუთრებით მტკივნეულია, თავის დროზე ხომ იუნესკოს ამ სიაში სწორედ პირადად „თეთრების“ ლიდერის, ბატონ თემურ შაშიაშვილის მონდომებისა და მეცადინეობის შედეგად მოხვდა.
ტაძრის აღდგენის დაწყებიდანვე ჩვენ განგაშით ვამბობდით, რომ:
– ხელყოფილ იქნებოდა ქართული სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო;
– ხელყოფილ იქნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი;
– ხელყოფილ იქნებოდა დიდ ქართველ მეფეთა კურთხევისა და ზეობის ტაძარი.
… და ამ ბარბაროსობის სულისჩამდგმელს და ჩამდენს ქვეყნისა და ხალხის მეთაურობის პრეტენზია აწუხებს კვლავაც!
… ქართველთმოძულე დასაქართველოს მოძულე ადამიანთა ერთ ჯგუფს ქვეყნის მართვის სადავეების აღების წყურვილი კლავს კვლავაც!!
… საკაცობრიო ღირებულების მქონე ტაძრის შემრყვნელთ უცხოელი მფარველები გაშმაგებულნი იცავენ კვლავაც!!!
ქართველებს არას ეკითხებიან… საქართველოს არას ჰკითავენ…
ბაგრატის ნაცვლად კოჰაბიტაციას გვტენიან, დავითის ძეგლთა ნაცვლად ჟანგიანი ველოსიპედისა და ოქროსფერ რქოსანთა ძეგლებს გვიდგამენ;
მამა ღმერთისა და შვიდი ქერუბინის გამოსახულებიანი აფეთქებული მემორიალის ნაცვლად გადამთიელ პრეზიდენტთა ძეგლებთან გვაფიცებენ;
ცეცხლოვან ხმლით ამხედრებულ მზეჭაბუკის ნაცვლად ახალგაზრდებს ვაჟისა და ქალის ერთმანეთში შემავალი „ქანდაკებით“ უყალიბებენ მხატვრულ გემოვნებასა და ცხოვრების სინდის-ნამუსს;
ყველაფერი რომ ეპატიოს პრეზიდენტად ყოფილს, მის ჯგუფს, ბაგრატის ტაძრის ხელყოფის პატიების უფლება არავისათვის მიუცია ქართველ ხალხს, ამიტომაც ვერავინ უნდა გაბედოს – აპატიოს სააკაშვილს და ნაცმოძრაობას ქართული სულის ნგრევა, შერყვნა, დაქუცმაცება, დამცირება, დაცემა.
ის, რამაც გაუძლო მონღოლ-ოსმალო – სპარსთა შემოსევებს და აღიარებულ იქნა მსოფლიო საგანძურის ნიმუშად, ერთი კაცის ახირებით, ბოროტი აზროვნებითა და მისი გუნდის მსახვრალი ხელით სამუდამოდ დაეკარგა ქართველ ხალხს. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტსაც მიუძღვის.
გია სიხარულიძე
2012 წლის 9 იანვარი