თემურ შაშიაშვილის გამოსვლა “თეთრების” პარტიის კონგრესზე

5

პირველ რიგში მადლობა, მინდა გადაგიხადოთ ყველას, იმისათვის,  რომ გამიხანგრძლივეთ ვადა და  თავმჯდომარედ ვრჩები, კონგრესმენებს ამისათვის დიდი მადლობა. მინდა კმაყოფილებით ავღნიშნო რომ ეროვნულ ძალთა ალიანსის წარმომადგენლობა დღეს თითქმის სრულად მოვიდა, მინდა მივესალმო ბატონ ნოდარ ნათაძეს და „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერს ბატონ გია ჟორჟოლიანს. ძალიან ფართოა პოლიტიკურ პარტიათა  წარმომადგენლობა და მათ მიმართ მინდა დავადასტურო ჩემი დიდი  პატივისცემა. “ქართული აკადემიის” მონაწილეობა დღეს ჩვენს კონგრესზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მიხარია, რომ ქვეყანას ჰყავს ასეთი შეკრება, როგორიც არის “ქართული აკადემია” და ძალიან სასიამოვნოა, რომ ის ფართოდ არის ჩვენთან წარმოდგენილი.

განსაკუთრებული  მადლობიერება მინდა გამოვხატო   „სახალხო კრების“ მისამართით და ამავე დროს  დავასრულო ყველა ზედმეტი საუბარი თემაზე, რომელიც ჩვენს პრესაში ამ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. გავა დრო და დადასტურდება, რომ „სახალხო კრება“თავისი ისტორიით და იმით, რაც მან გააკეთა არის დიდი მონაპოვარი  21-ე საუკუნის საქართველოსი. ადამიანებმა, ვინც ვიყავით და ვართ „სახალხო კრებაში“, დავადასტურეთ რომ უღალატო ადამიანები ვართ, ვიცით ერთმანეთის გვერდით დგომა და ვიცით – რა მძიმე მდგომარეობაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გვიტევდნენ, განსხვავებულთა ერთობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სახალხო კრებაშიყველა არის გამოკვეთილად თავისუფალი ადამიანი და ეს მოხდა პირველად, როცა თავისუფალმა ადამიანებმა შექმნეს ერთობა და  ჩვენ ასეთ წარმონაქმნს უნდა მივესალმოთ. მე მივესალმები იმას, რომ ბატონი რეზო ესაძე – ბუმბერაზი ადამიანი, მოაზროვნე ფილოსოფოსი კაცი ჩვენთანაა და ეს ძალიან დიდი პატივია. ისევე როგორც ეროვნული მოძრაობის გმირი, ბატონი ირაკლი ბათიაშვილის სტუმრობაა პატივი ჩვენთვის, ძალიან დიდი პატივისცემით გვეხმაურებიან ბატონი ლუკა კურტანიძე, ბატონი სოსო ჯაჭვლიანი. ბატონი ელიზბარ ჯაველიძე დღეს არ არის თბილისში… ასეთია ჩვენი ერთიანობა.  ყველას მინდა ვუთხრა, რომ ვერ მოესწრებიან „სახალხო კრების“ დაშლას, იმიტომ რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ პასუხისმგებლობა იმ ერთი მილიონი ადამიანის მიმართ, რომლებმაც აგვირჩიეს და ჩვენ მათ მიმართ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. მე ვამაყობ იმით, რომ ისეთი პიროვნება როგორიც ბატონი გია ბურჯანაძეა ჩვენთან არის, ის დღეს ვერ ესწრება კონგრესს, ეს კაცი თავისი ცხოვრების წესით, კაცობით და ვაჟკაცობით ჩვენ დიდ მაგალითს გვაძლევს.

მე მივესალმები,  დღეს აქ წარმოდგენილ პარტიებს , ყოველთვის ვამბობდი რომ უაღრესად საინტერესო, მოაზროვნე პიროვნება არის ბატონი კახა კუკავა და მიხარია ეს კონსულტაციები და კონტაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს. უაღრესად მოაზროვნე კაცი, განათლებული, საინტერესო პიროვნებაა ბატონი კაკო ასათიანი და მინდა მივესალმო მას იმ განწყობასა და იმ ურთიერთობას რომელიც ჩვენ გვაქვს, ბატონი ჯონდი ბაღათურია დღეს არ გახლავთ ქალაქში, მაგრამ  და ძალიან თბილად მოგვესალმა.

მიდის გარკვეული კონსულტაციები, ნურავინ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. ამ ბოლო პერიოდში რაც დაიწერა, რომ რაღაც განხეთქილება ხდება – სიცრუეა. დღეს, ამ ტრიბუნასთან ღმერთის და ხალხის წინაშე მინდა ვთქვა ერთი რამ – ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან ვის რა პრეტენზიაც  არ უნდა ჰქონდეს, ერთი ვიცი – ის ამ ხელისუფლებასთან არ გარიგდება. დღეს სანთლით არის საძებარი ადამიანი, ვისზეც შეიძლება ითქვას, რომ ის ხელისუფლებასთან არ გარიგდება და ასეთი არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე.

მე მინდა ვთქვა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის აზრი,თითქოს  ვინმე ზურგს უკან მოლაპარაკებას აწარმოებდეს, ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი.  დღეს ჩვენ გვაქვს  კონსულტაციები ერთმანეთთან , რაც არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ . კონსულტაციები გამომდინარეობს იმ მდგომარეობიდან, რაც ქვეყანაშია შექმნილი  და ეხმიანება იმ წინადადებას, რომელიც ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ყველა ჩვენგანისათვის სათაყვანებელმა პიროვნებამ გაახმოვანა ამა წლის 21 მაისს სახალხო კრების შეკრებაზე. მან თქვა,  დაიწყეთ კონსულტაციები და რაღაც გადაწყვეტილებამდე მიდით ან  იქნება ერთობა ან არ იქნება. ეს პროცესი მიდის ძალიან საინტერესოდ.

მოხსენება, რომელიც დღეს უნდა წარმოვადგინო, გახლავთ “საქართველო ხვალ”. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ზეპირად არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ და არანაირ დასკვნას არ ვაკეთებთ.  ეს არის ის ანალიზები, რომლებიც ძალიან სერიოზულმა მეცნიერებმა  და ექსპერტებმა ჩაატარეს, მათგან   ბევრი ამ დარბაზში იმყოფება და მინდა ბატონ გივი თალაკვაძეს და იმ მეცნიერთა ჯგუფს ძალინ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ყველანი აქტიურნი იყვნენ და ეხლაც წარმართავენ ამ პროცესს.

ეს არის ანალიზი იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში, ეს არის „სახალხო კრების“ და მასში შემავალი პოლიტიკური ძალების მონაპოვარი, ჩვენ ერთად გვქონდა აღებული კურსი, რომ პირველ რიგში, ვიდრე რაიმეს ვიტყოდით და სამოქმედო პროგრამას ჩამოვაყალიბებდით, გაგვეკეთებინა ქვეყანაში არსებული ვითარების სრული პოლიტიკური და ეკონომიკური  ანალიზი.

ამ ერთ წიგნში რომელსაც ჰქვია „დღეს საქართველო“ შეკუმშულად თავმოყრილია ყველაფერი ის, რაც 17 ასეთ წიგნში ჩამოყალიბდა, ეს წიგნი ადასტურებს, თუ  რა მძიმე მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, რომ დღეს რეალურად საქართველოში საქართველოა გადასარჩენი, რომ ქართველში ქართველია გადასარჩენი, ოსში ოსია გადასარჩენი, აფხაზში აფხაზია გადასარჩენი… ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოში საქართველოს მოსახლეობის გენოციდია, საქართველოს მოსახლეობის 50% -ს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი…  რომ მილიონნახევარზე მეტი ადამიანი გასულია და საქართველოში ნახევარ მილიონს აჭარბებს უკვე გარედან შემოსულების რაოდენობა.  ჩვენ ყველას მივესალმებით, ჩვენ ტურისტად ჩამოსული ყველა გვიყვარს, მაგრამ თურქი გვიყვარს თურქეთში, ირანელი გვიყვარს ირანში, სომეხი სომხეთში, აზერბაჯანელი – აზერბაიჯანში, მაგრამ  მეგობრობა ნიშნავს თანასწორობას, ჩვენ ვიცლებოდეთ და უცხოტომელებით ივსებოდეს ქვეყანა, ამის მომხრეები  ჩვენ არ ვართ.

წარმოდგენილი დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან   მასში მოცემულია რა პოტენციალი აქვს ქვეყანას, როგორც ბუნებრივი, ასევე გეოგრაფიული, ინტელექტუალური და  ადამიანური რესურსებით. ასეთი წიგნი საქართველოში არ არსებობს. . ღმერთმა ქნას რომ ყველას ჰქონდეს გაკეთებული მსგავსი დოკუმენტი. „სახალხო კრება“,  მასში შემავალი პოლიტიკური ძალები, ვისთანაც ჩვენ კონსულტაციები გვაქვს, ვამთლიანებთ ამ საბუთებს და ვამბობთ, რომ ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ჩვენ ვიცით, რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას და ჩვენ ვიწყებთ საუბარს იმაზე, როგორი უნდა იყოს საქართველო ხვალ. სექტემბერში ჩვენ სრულად გვექნება ეს პროგრამა და წარმოვადგენთ, თუ როგორი უნდა იყოს, როგორი წარმოგვიდგენია საქართველო, თქვენ დაგირიგდათ წიგნები, რომლებშიც არის მოცემული არა მარტო დღეს არსებული  მდგომარეობა, არამედ პროგრამული დოკუმენტებიც.

მე აღარ გავიმეორებ ყველაფერ ამას,რაც ჩამოყალიბებულია ამ წიგნში, , მით უფრო, რომ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმიც გაკეთდა, და ვისაც სურს, გაეცნოს ჩვენს ხედვას , გაეცნოს ამ წიგნს. მასში ჩამოყალიბებულია, იმ დოკუმენტების ნაკრები, რომელიც ჩვენ შევქმენით,მათ შორის  „სახალხო კრებასთან“ ერთად.

ამ წიგნს  უნდა გაიცნოს ყველა, ვისაც სურს გახდეს პარტია “თეთრების” წევრი.  ჩვენი  პარტიის წევრი ვერ გახდება პიროვნება, თუ ის ამას არ წაიკითხავს და არ აღიარებს იმ პრინციპებს, რომლებიც აქ არის ჩამოყალიბებული.

ჩვენი პირველი დასკვნა, ჩვენი მოსაზრება  ამ დოკუმენტზე  დაყრდნობით, არის ის,  რომ საქართველოს სჭირდება სრულიად სხვა ფილოსოფიის პოლიტიკური ძალა, .საქართველოს სჭირდება სრულიად სხვა პრინციპეპზე შექმნილი, სრულიად სხვა ხედვის პოლიტიკური ძალა.

ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ყველა დონეზე, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი.

როგორ წარმოგვიდგენია ” ხვალ საქართველო”? ჩვენ ვამბობთ, რომ განსაკუთრებული როლი  ჩვენს პროგრამებში აქვს  მეცნიერებას.

ქვეყანა არის ის, სადაც მეცნიერები წერენ პროგრამებს, არ შეიძლება პარტიის წევრი წერდეს პროგრამას და კანონს. დღეს ყველა კანონი იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები უნდა იწერებოდეს პარლამენტს გარეთ, პროფესიონალების მიერ, ჩვენი მიდგომა ასეთია, მეცნიერებათა აკადემიას უნდა ჰქონდეს სრულიად განსხვავებული ფილოსოფია. სწორედ ის უნდა იყოს შემქმნელი ჩვენი განვითარების პროგრამებისა, პარლამენტი მას ამტკიცებდეს, ხელისუფლება მას ახორციელებდეს. ამისათვის არის დაქირავებული ხელისუფლება ხალხის მიერ, ხოლო ისევ და ისევ  მეცნიერები და  ხალხი უნდა  აწარმოებდეს კონტროლს კანონების შესრულებაზე. სწორედ ამიტომ იზრდება მომავალში „სახალხო კრების“ როლი, არა როგორც  პოლიტიკური ორგანიზაციისა,  არამედ  მისი როლი იქნება,  წარმოადგინოს  პროგრამები და   დააწესოს კონტროლი თუ როგორ ასრულებენ მათ პოლიტიკური პარტიები.

ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა: რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ იმაში მდგომარეობს, რომ , დღეს  ყველა იბრძვის საქართველოში თქვენც, მეც, ჩვენ, ყველანი, თუმცა გააჩნია რისთვის ვიბრძვით.  საქართველოს მოსახლეობის 80% იბრძვის არსებობისათვის, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის უმძიმეს მდგომარეობაში და სიცოცხლისათვის იბრძვის, ისე უჭირს დღეს, მას სხვა რამეზე ფიქრის საშუალება არ აქვს.  ესაა დღევანდელი საქართველო: ერთნი იბრძვიან სიცოცხლისათვის, არსებობისათვის, მეორენი იბრძვიან სკამისათვის და საქართველო არსად ჩანს.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს, უპირველესი, მთავარი არის,  ვიფიქროთ საქართველოზე,  როგორი უნდა იყოს საქართველო ხვალ.  „სახალხო კრებაში“ მიდის ამაზე საუბარი.

მთავრი დოკუმენტი შეიძლება ასე ერქვას – “საქართველო ჩემი ოჯახია”, ქართველი კაცისთვის ოჯახი ოდითგან იყო რაღაც გამორჩეული, და თუ ყველა იტყვის, რომ ჩემი ოჯახი – ჩემი სიძლიერეა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოა დღეს ყველა ჩვენთაგანის ოჯახი,  ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც  საკუთარ ოჯახს.  ეს პრინციპი არის დასამკვიდრებელი. არ ვიცი გაიზიარებენ თუ არა ამ პრინციპს, მაგრამ მას ასე ვაყალიბებთ.

დღესთეთრებისკონგრესი ამბობს – ჩვენ ვამთავრებთ მიხეილ სააკაშვილზე და მის ხელისუფლებაზე საუბარსვინც ვერ გაიგო დღემდე თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და ვინ არისნაციონალური მოძრაობააზრი არ აქვს მათთან კამათს, ჩვენ ჩვენი ცხოვრებით უნდა დავადასტუროთ ეს, არ უნდა გავრიყოთ, არ უნდა ვებრძოლოთ ამ ხალხს, პატივი ვცეთ, მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ეს კარგი ხელისუფლებაა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვაქციოთ ეს საერთო ეროვნულ პრობლემად და ამ ხალხთან ბრძოლა არ უნდა გავხადოთ ჩვენი უბედურების კიდევ ერთი გამაღრმავებელ ფაქტორად , ჩვენ  ამას პრინციპულად ვემიჯნებით

ვეყანაში დღეს არის სისტემური კრიზისი, სისტემური კრიზისის დაძლევა ხდება მხლოდ სისტემური პროგრამით.

დღეს ვინც არ უნდა ილაპარაკოს, რომ  პენსიას  გავზრდის, ან, ვთქვათ, სოფელს ააღორძინებს,  ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც მემარჯვენე პარტია აყენებს ბოლშევიკურ მემარცხენე პროგრამას – ეს არის კატასტროფა…

არჩევნების წინ ზოგიერთი მემარჯვენე პარტია  გახდა ბოლშევიკურად მოაზროვნე პარტია, რომელიც ადამიანებს ყიდულობს პოპულისტური დაპირებებით.

ჩვენ კი დღეს ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში საჭიროა სისტემური ცვლილებები. რასაც უნდა ემსახურებოდეს  ყველა პარტია.

ჩვენ ვამბობთ, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, დაუშვებელია რამდენიმე სფეროს პოლიტიზირება:  ესაა ნიჭი – ნიჭიერება, განათლება – განათლებულობა; ბიზნესი და ეროვნება –  ეროვნულობა. ნიჭიერი კაცი თუ არის ჩემს პარტიაში და მე ხელისუფალი ვარ, ჩემთვის მისი ნიჭი უნდა იყოს უპირველესი.

„თეთრები“ დღეს ხმამაღლა ვამბობთ და „სახალხო კრების“ პოზიციაც ვიცი, რომ ასეთია – ქვეყნის გადარჩენა არის მხოლოდ ერთ ძალაუფლებაში – ნიჭის ძალაუფლებაში, შევქმნათ ნიჭიერ ადამიანთა ხელისუფლება, განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება…

ჩვენ უნდა  შევქმნათ სისტემა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს უმძიმესი მდგომარეობიდან და გარწმუნებთ, რომ პენსიაც და ყველა სხვა სიკეთეც ავტომატურად იქნება.

 

ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი ამ წიგნში, რომელიც წარმოვადგინეთ არის “ღირსების ულტიმატუმი”. ჩვენ ეს მეცნიერებთან ერთად გავაკეთეთ, ეს ჩვენი დიდი მონაპოვარია.  იქ ჩამოყალიბებულია ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ.  ჩვენ  მივმართეთ პრეზიდენტს, გავუგზავენთ წერილი და ვუთხარით, ბატონებო, ეს უნდა კეთდებოდეს ქვეყანაში, იყავით თანამდებობაზე, იყავით პრეზიდენტები, ოღონდ გააკეთეთ ეს.   2009 წლის 23 ნოემბერს გავუგზავნეთ პრეზიდენტს ეს წერილი, თითქმის 3 წელი გავიდა მის შემდგომ, პასუხიც არ მიგვიღია.

მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ აქ ჩამოყალიბებული მოთხოვნები  არის ელემენტარული საკითხები, ის 1997 წლიდან ლაპარაკობს ამ ელემენტარულ საკითხებზე და ჯერ არც ერთი მათგანი გადაუწყვეტია.

ჩვენ დღეს ხელისუფლება გველაპარაკება რაღაც პროგრამებზე.  ხალხი,   რომლებმაც შესთავაზა საქართველოს 1 მილიონი სამუშაო ადგილი და 1 მილიონი უმუშევარი გახდა ქვეყანაში, მოვიდა ლოზუნგით:”საქართველო სიღარიბის გარეშე”  და ამის შემდგომ 50%-ს როგორც გითხარით არსებობისათვის საჭირო კალორიების მიღების ნახევარის საშუალებაც კი არ გააჩნიათ.  ანუ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც რასაც დაგვპირდა , იმის საწინააღმდეგო გააკეთა.

დღეს რეალურად ვნახეთ საქართველოს ბიუჯეტში შესული ყოველი ლარი აკეთებს 20 თეთრის სახელმწიფო საქმეს, ხოლო  80% არის გაუგებარ მდგომარეობაში, ამ 80% იდან 30-40% იხარჯება იმისათვის, რომ სკამი შეინარჩუნოს ხელისუფლებამ და 20-30% არის კორუფციული. ასეთია დღევანდელი კატასროფული მდგომარეობა.

როდესაც ეს ხელისუფლება არ იქნება, მაშინ თქვენ ნახავთ, რომ ასეთი ზეცენტალიზებული კორუფცია საქართველოში არ ყოფილა. წარმოუდგენლად ბევრი ფული იხარჯება პიარისათვის,  მაგალითად, გიმგზავრიათ აეროპორტში სპეციალურად დაგებული რკინიგზით, სპეციალური მატარებლით? რა თქმა უნდა არა, არავის არ უმგზავრია… ეს იყო  ხელისუფლების პიარი! პიარისათვის იხარჯება საქართველოს ბიუჯეტის ფული. ანუ  – არაფრისათვის.დღეს სახელისუფლებო პიარში იხარჯება ბიუჯეტის  80 % ანუ –  რამდენიმე მილიარდი!

ჩვენ გვაქვს პროგრამა, გაწერილი 6-7 მილიარდზე. მე ხმამაღლა ვამბობ, რომ პირველი ერთი მილიარდი მეცნიერებაში უნდა ჩაიდოს.   საუბარია მეცნიერების გავითარებაზე.

ჩვენ ვსაუბრობთ პროგრამაბავშვზე“, სადაც პირდაპირ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ საქართველოში ყველა ოჯახში, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სამჯერადი კვება და ის კალორია, რომელიც მას სჭირდება, რომ არ გაგვეზარდოს ბავშვი ავადმყოფი.

ჩვენი  პროგრამის ერთი მილიარდი დასჭირდება პენსიის გაორმაგებას.

ერთი მილიარდი  დასჭირდება იმას,   რაც თავის დროზე ამერიკელებმა გააკეთეს, ის რაც თავის დრზე ინგლისელებმა გააკეთეს – რომ ჩვენ საქართველო გადავიყვანოთ საკუთარ პროდუქციის წარმოებასა და მოხმარებაზე.  ჩვენ დღეს რეალურად ამის პროგრამა გვაქვს. ეს იქნება სოფლის მეურნეობის განვითარების ირიბი ხელშეწყობა.

პირდაპირ კი ერთ მილიარდი უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში.

შემდეგი პუნქტია  ბიზნესი და ახალგაზრდობა. ერთი მილიარდია ამ პროგრამით გათვლილი ამ სფეროებზე. თუ ჩვენი ძალა გაიმარჯვებს,  6 თვის განმავლობაში, როგორც ყველა 25 წლამდე ახალგაზრდას  ერიცხება თავის ანგარიშზე 350 ლარი, რომელიც მას  მხოლოდ ბიზნესში შეუძლია გამოიყენოს.   ახალგაზრდები ხელისუფლებაში კი არ უნდა მოიყვანო, რაც  დღეს ხდება მინისტრებად, რომ სვამენ.

რეალურად ჩვენ სრულიად განსხვავებული ხედვა გვაქვს, ჩვენი ფილოსოფია სრულიად განსხვავებულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მისაღები იქნება ხალხისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა მედიცინისა და სოციალური სფეროს განვითარება

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები ეყრდნობა არსებულ რეალობას.  ჩვენ ვამბობთ, რომ „სახალხო კრებამ“ საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობა და ამ მდგომარეობაში მყოფებმა ვთქვით, რომ 26-მა მაისმა პოლიტიკური სამარე გაუთხარა ამ ხელისუფლებას, მთავარია რომ ჩავასვენოთ ისინი პოლიტიკურ სამარეში.  გაჩნდა ძალიან დიდი შანსი – ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელსაც შეუძლია, რომ ეს შანსი ყველამ სწორედ გამოვიყენოთ, რომ დასრულდეს ეს პროცესი.

დღეს  პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები საქართველოში არ არიან, საქართველოში მედიცინა იქცა ბიზნესად, რეალურად საქართველოს მოსახლეობამ რომ იცოდეს რა შეიძლება ღირდეს წამალი გაოცებული დარჩება ისიც კი, ვინც დღეს ტაშს უკრავს ხელისულებას.

მეცნიერების დასკვნით, 12 მილიარდია ის თანხა, რომელსაც საქართველოში მოსახლეობის ჯიბიდან უკანონოდ წლის განმავლობაში იღებს ხელისუფლება. იმიტომ, რომ30-45% კვების პროდუქტებზე ხელოვნურადაა ფასი  გაზრდილი, იმიტომ რომ საბანკო კრედიტი ხელოვნურადაა გაზრდილი, იმიტომ რომ ინტერნეტიც და ტელეფონიც ხელოვნურადაა გაზრდილი, მეცნიერებს აქვთ დასკვნა რომ საქართველოში 10 თეთრის ფარგლებში შეიძლება ღირდეს ელექტროენერგია. თბილისში 22-23 თეთრია უკვე ნაგავთან ერთად, საქართველო ყოფილა ერთადერთი, სადაც  დამატებითი ღირებულების გადასახადი არის ენერგეტიკაზე, ანუ ჩვენ რასაც ვიხდით ფულს, 15-20% დამატებითი ღირებულების გადასახადი იმ წუთშივე მიდის საქართველოს ბიუჯეტში და ყოველივე ამის შემდეგ   ხელისუფლება თავს იწონებს,  საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეო. ბენზინი, ენერგეტიკა, ტელეფონი და ა.შ. ყველაზე ძვირია საქართველოში…

ჩვენ თქვენთან მოვედით მომზადებულნი, ეს არ არის რიგითი კონგრესი, ჩვენ აქ მოვედით უდიდესი ანალიზებით, ყველა ადამიანი, რომელიც გაეცნობა ამ დოკუმენტებს და ჩვენთან დაიწყეს თანამშრომლობას, დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოს აქვს დიდი მომავალი, უბრალოდ მართვის სისტემაა შესაცვლელი.

დღეს რეალურად  თავისუფალი ბიზნესი არის საქართველოს ბედნიერება.  ჩვენ და ბიზნესმენებსაც გვატყუებენ საგადასახადო სისტემით,  როდესაც გვეუბნებიან რომ გადასახადები არის დაბალი, ელექტროენერგიას ჩვენ ვაძლევთ თურქეთს 2 თეთრად, საქართველოს მოსახლეობაზე ყიდიან 22 თეთრად, გაზი, რომელიც შეიძლება ღირდეს ამის ნახევარი 25-27 თეთრის ფარგლებში, დღეს საქართველოში მეწარმისათვის არის 53 თეთრი. მთელს მსოფლიოში მეწარმეს ეხმარებიან და ნაკლები აქვს გადასახადი, ვიდრე აქვს მოსახლეობას, რათა ხალხი დასაქმდეს და მეწარმეობა განვითარდეს.   ჩვენთან კი გაანადგურეს მეწარმე.

ყველაფერს აყადაღებენ, საწარმო შექმნა ადამიანმა გუშინ, დაუყადაღეს ავტობუსები, ჩამოართვეს იმიტომ, რომ თავისი ავტობუსებით ხალხი ჩაიყვანა მცხეთაში. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან უნდოდა ხალხს ჩამოსვლა კონგრესზე,  მაგრამ ავტობუსი ვერ ვიქირავეთ ბატონებო! ეს რა ქვეყანაა, რომ კონგრესზე ჩამოსასვლელი ადამიანებისთვის ავტობუსს ვერ ვქირაობთ, მძღოლი ეუბნება დამიჭერენო! ეს სიტუაციაა დღეს რადიკალურად შესაცვლელი.

 

ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები  არის პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის  დაცინვა. ეს არის მკვლელთა ხელისუფლება.  მკვლელი არსებობს კოლექტიური და არსებობს ინდივიდუალური.  მკვლელი ხარ, როდესაც გენოციდს უწყობს საკუთარ ხალხს.

დღეს საქართველოში არის ავადმყოფი სისტემა, ავადმყოფი სისტემა ეძებს ავადმყოფ მმართველს, შეკრიბა კიდევაც., ხელისუფლებაში მყოფი  „ნაციონალური მოძრაობა“ არის სექტა, ეს არის სექტა თავისუფფლების ინსტიტუტის, ხოლო საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი მკველია, მისი ოჯახი მკვლელობასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს – მე ქართულ ტრადიციებს არ ვცემ პატივს, (ეს მასალა გამოქვეყნებულია წიგნში) მე ვიცი მხოლოდ ერთი – ამერიკული ტრადიცია… ყველგან, მათ შორის ევროპაშიც ,  არაადამიანურია ტრადიციებია და მხოლოდ ამერიკაშია ადამიანური ტრადიციები –  ეს შემაშფოთებელი ანალიზია. „კვირის ქრონიკაში“ იქნება დაბეჭდილი ეს მასალა, პრემიერ-მინისტრი არის პიროვნება, რომელიც ამბობს – მე ღვინის გემო ვერ გავიგე და ქართული ღვინო არ ვიცი რა არისო…  თქვენ წარმოგიდგენიათ რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი არ სცემდეს პატივს თავისი ქვეყნის ტრადიციებს, ამბობდეს მართლმადიდებელი არ ვარ, ჩემი წინაპრები კათოლიკეები იყვნენ, მე კი არც ერთ ეკლესიას პატივს არ ვცემ, არ ვიცი არც ღვინის ფასი და პატივს ვცემ მხოლოდ ამერიკულს, ევროპა არაადამიანურიაო, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი?!

ვთვლი, რომ მდგომარეობა იმაზე უფრო საგანაშოა, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ამიტომაც „სახალხო კრების“ წინადადება ერთიანი ფრონტის შექმნის შესახებ არის უნმიშვნელოვანესი წინადადება და მე დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად, ვისაც რა შეუძლია ერთი კაცია თუ მეტი, ყველანი ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ!

ხელისუფლების  საკადრო გადაადგილებები ნიშნავს იმას, რომ ის არ დათმობს ძალაუფლებას, პრემიერ მინისტრმა განაცხადა,  65% -ით ვიქნებით პარლამენტშიო…  არამგონია რომ საქართველოში იყოს ადამიანი, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგიის კაცს დაუჭერს მხარს. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება  არჩევნებს გააყალბებს.  ამის თქმა დარწმუნებით შეიძლება და „სახალხო კრება“ ამაზე საუბრობდა, ჩვენ ამაზე გვმართებს ძალიან დიდი დაფიქრება

იმ ანალიზებით რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, და იმ მიდგომებით რომელიც ჩვენ გვაქვს, ვთვლით რომ სიტუაცია არის უმძიმესი,  ქვეყნის ყოფნა- არყოფნის საკითხი დგას…  პირადად მე  მირჩევნია ამ ბრძოლაში დავეცე, ვიდრე ამას შევეგუო, მე არ ვთხოვ ყველას, რომ ეს განწყობა გაიზიაროს,  მაგრამ მე ჩემთვის გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მე ვიქნები იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ დღეს ღირებულებების, ჩვენი ქართული ფასეულობების გვერდზე გადადება არის დანაშაული, დღეს ქვეყანაში არის კონფლიქტი. როგორც ბატონმა რეზო ესაძემ ძალიან გამოკვეთილად ჩამოაყალიბა  ამ რამდენიმე ხნის წინ რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან გამომდინარე.  ჩვენ ვართ იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა უნდა იმართბოდეს ერის ბუნებიდან გამომდინარე.

შეურაცხყოფაა საუბარი საქართველოში მენტალობის შეცვლაზე. ჩვენი მიდგომა არის ძალიან ლაკონური – საქართველოს სჭირდება ნიჭის ძალაუფლება, ის ხელისუფლება, რომელმაც იცის მეცნიერების და განათლებული ადამიანების ფასი, არ ცდილობდეს მათ პოლიტიზირებას. როდესაც გყავს ქვეყანაში ასეთი ვებერთელა ადამიანები, შენ არ უნდა ფიქრობდე, რომ ისინი პარტიაში უნდა იყვნენ, ისინი ზუსტად პარტიის გარეთ უნდა იყვნენ და ეს უმნიშვნელოვანესი რამაა, მე ვცემ პატივს ქართულ აკადემიას, ქალბატონი ნონასადმი, რეზო ესაძისადმი და ყველასადმი ეს უდიდესი პატივიცემა იმიტომ მაქვს, მათ  სწორედ ასეთი მიდგომა ჰქონდათ…

ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სისტემურ ცვლილებებზე ქვეყანაში, ჩვენ დღესვე ვთავაზობთ ყველას, ვისთანაც ვთანამშრობლობთ, ვთათბირობთ, რომ დაიწეროს კანონი ოპოზიციის შესახებ. თავის დროზე ძალიან სერიოზული პრინციპები ჩამოაყალიბა ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჩეხეთის პრეზიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა, და ქვეყანა გამოიყვანა მდგომარეობიდან.

ვთვლი, რომ ხელისუფლებაში მოსული  გამარჯვებული ძალა ნიშნავს მინისტრებს, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარე უნდა დანიშნოს ოპოზიციამ, ფულის მხარჯველის მაკონტროლებელი უნდა დანიშნოს ოპოზიციამ, ამ დარბაზში იმყოფება ბატონი დემურ გიორხელიძე და ის დამეთანხმება,  რომ ქუთაისში ის იყო ოპოზიციის გუნდის წევრი როდესაც მე ვიყავი ქალაქის მერი, ბატონი დემური დამეთანხმება, მე მას ვუთხარი: „მე ვნიშნავ იმ ადამიანებს, ვინც ფულს ხარჯავს, ხომ ხართ პოზიცია, აკონტროლეთ, როგორ ხარჯავენ ამ ფულს…“ მაშინ  ქუთაისში ერთი გახმაურებული ფინანსური დარღვევა არ ყოფილა, იმიტომ რომ კონტროლის პალატის სათავეში იყო წესიერი კაცი, შემდგომ სამხარეოშიც ასე გავაკეთეთ.

მე არ მგონია, რომ რომელიმე მერი და გუბერნატორი ცენტრიდან უნდა ინიშნებოდეს, ჩვენ ვამბობთ რომ გუბერნატორს უნდა ირჩევდენენ, ჩვენ ასე გავაკეთეთ, იმერეთში. იქ  12 ქალაქი და რაიონია, 12 ქალაქმა და რაიონმა აირჩია საკრებულოები, შევკრიბეთ არჩეული ადამიანები და მათ აირჩიეს გუბერნატორი, თუ ასე იქნება, მე ვფიქრობ გუბერნატორობის ინსტიტუტი დარჩება, მე ვფიქრობ, რომ ყველა მერი და გამგებელი უნდა იყოს არჩეული, სოფელს უნდა დაუბრუნდეს არჩეული სოფლის გამგებელი, ჩვენი პოზიციაა – არ უნდა მოხდეს სრული ზეცენტრალიზაცია,  როგორც სახელისუფლებო, ასევე ეკონომიკური და ფინანსური ზეცენტრალიზაცია, ჩვენ ვფიქრობ, რომ შემოსავლების 60% უნდა დარჩეს ქალაქსა და რაიონში და როგორც მინიმუმი, 80% უნდა დარჩეს ავტონომიურ ფორმირებებში. ჩვენ ვთვლით, რომ არავინ არ უნდა კარნახობდეს რა უნდა გააკეთოს იმ არჩეულმა ორგანომ, პატივი უნდა ვცეთ მათ.

ბათუმში მაგალითად არ არსებობს ერთი შენობაც კი, რომელიც გადაწყვიტა ადგილობრივმა ორგანომ, ყველაფერი კეთდება ერთი კაცის მითითებით.

აღარ არის ადგილობრივი ორგანოების პატივისცემა, ჩვენ ვაყალიბებთ წინადადებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლეს უნდა ირჩევდეს ხალხი, ხონის მოსამართლე ხონის საქმეებს მართავს, რატომ უნდა ირჩეოდეს იგი თბილისიდან, აირჩიონ ხონელებმა. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ პოლიციის უფროსს არ უნდა ირჩევდეს  მინისტრი  მათ ადგილზევე უნდა ირჩევდეს ხალხი, 12 მუნიციპალიტეტი იყო ქუთაისში და 12-ვე ირჩევდა უფროსს.

ხშირად ყოფილა და დამეთანხმება ბატონი დემურიც, როცა ადგილებზე ვეუბნებოდი ხალხს: „თქვენი პოლიციის უფროსი მოსახსნელია“,  ხალხი ამბობდა უარს,  მაგრამ  პოლიციის უფროსმა იცოდა, რომ ის იყო იმ ხალხის მსახური და არა გუბერნატორის.

ჩვენ ვამბობთ, რომ განათლების საბჭო უნდა აირჩიოს ხალხმა ადგილზე და ცენტრიდან დანიშვნები უნდა დამთავრდეს. მე  ვამბობ,  რომ ყველა ეს წინადადება უკრიტიკოდ უნდა მივიღოთ, მაგრამ ჩვენ მიდგომები მდგომარეობს იმაში, რომ მართვის სისტემა იყოს ჯანსაღი და არ არსებობდეს ცენტრალური ხელისუფლების წინ მოდრეკილი პიროვნება რომელიმე რეგიონში. გუბერანტორი იქნება, თუ მერი თუ სოფლის გამგებელი, იგი უნდა იყოს ძლიერი იმით, რომ აქვს მანდატი იმ ხალხისგან, ვინც აირჩია.

ამერიკაში ხალხმა არც იცის ვინ არის მათი განათლების მინსიტრი, ვინ არის მათი  კულტურის მინისტრი, პოლიციის მინისტრი… რაც ამერიკიდან კარგი იყო წამოსაღები, ის არ წამოიღეს, მაგრამ რაც არ იყო წამოსაღები, ის მოაქვთ.

უნდა დამთავრდეს ქვეყანაში ერთი კაცის უფროსობა, უნდა დამთავრდეს ყველა რაიონში ერთი კაცის უფროსობა, უნდა დამთავრდეს ყველა გუბერნიაში ერთი კაცის უფროსობა,  ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება საფრანგეთში, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სახლი გაჩხრიკეს, წარმოგიდგენიათ ეს საქართველოში? საფრანგეთის ფაქტი ძალიან აღელვებს ამ ხელისუფლებას.  ვიმეორებ ასეთი ზეცენტრალიზებული კორუფცია ქვეყანაში არასდროს . ყოფილა და ამიტომაც ეს ხელისუფლება ადვილად არ დათმობს თავის პოზოციებს, თუ ჩვენ არ შევთავაზეთ ეს პრიციპები და საქართველოს მოსახლეობამ თუ არ დაგვიჭირა მხარი.

საქართველო არის ტრადიციების ქვეყანა, ყველა ოჯახში უნდა იყოს ბავშვის და მოხუცის პატივისცემა, ჩვენი პოზიციაა – 60-65 წელს გადაცილებული ადამიანი სადაც იქნება, ის ითვლება იმ ოჯახის მარჩენალად და სადაც არის 7 წლამდე ბავშვი, ის ითვლება იმ ოჯახის მარჩენალად, ანუ რას ნიშნავს ეს?! სადაც არის ბავშვი, ხელისუფლება ვალდებულია მივიდეს იმ ოჯახში, დათვალოს რა შემოსავლები აქვს, დამოუკიდებელი ექსპრეტები გააკეთებენ ანალიზს, თუ 5 სულიანი ოჯახია, დათვლის 5 სულიან ოჯახს რამდენი სჭირდება ცხოვრებისთვის, ან დაასაქმებენ, რომ შემოსავლები ჰქონდეს ან მისცე ეს თანხა, საქართველოში მოხუცის მიმართ იყოს კეთილი განწყობა და მოხუცი არ ფიქრობდეს იმას, რომ დავაჯექი სიმძიმედ ოჯახს და პირიქით ფიქრობდნენ, რომ მოხუცი არის მარჩენალი, და ვიდრე ის ცოცხალი იქნება, იმ ოჯახს ექნება საარსებო მინიმუმი. ეს არის გარანტია სახელწიფოში და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვი რომ არის ოჯახში, ის არის ოჯახის მარჩენალი და საქართველოში არ უნდა მოიშალოს ოჯახი, სადაც არ იქნება ბავშვი და სადაც არ იქნება მოხუცი.

ეს ჩვენი ბრძოლაა მამულისათვის, დემოკრატიისათვის, შიმშილის დამარცხებისა და ღირსეული მომავლისათვის!

დიდი მადლობა.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *