მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის

ertsulovnebaმიმართვა

ჩვენ, კოალიცია „ერთსულოვნება“, სადაც გაერთიანებულია სამოცდაათამდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ერთ მილიონზე მეტ ხელმომწერ, საქართველოს მოქალაქეთა და ქვეყნის უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის სახელით, ვაცხადებთ:

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 2013 წლის 21 იანვრიდან, კონსტიტუციის 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა და იგი დღეს 24:00 საათიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის!!!

აღნიშნული მომენტიდან საქართველოს პრეზიდენტის რანგში მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ჩაითვლება ხელისუფლების მითვისებად.
ყველა ვინც მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს საქართველოს პრეზიდენტის რანგში, დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და გაკეთოს განცხადება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვადის ამოწურვით განპირობებული საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის გამო და ხელისუფლების უწყვეტობის პრინციპის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით ვაცხადებთ: პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება უნდა დაეკისროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, გთხოვთ გაითვალისწინოთ თქვენი ამომრჩევლების, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნება და შეუდგეთ კონსტიტუციით თქვენდამი დაკისრებულ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

ეთხოვოს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, უზრუნველყონ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, როგორც საკანონმდებლო, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით.
საქართველოს კონსტიტუციის, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმების, პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად, მიხეილ სააკაშვილის მიერ, საპრეზიდენტო უფლებამოსილების უზურპაციის შემთხვევაში, თხოვნით მივმართავთ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს, მოახდინონ შესაბამისი ადეკვატური რეაგირება.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მასში გაერთიანებულ ყველა სახელმწიფოს მეთაურებს, საქართველოში აკრედიტირებულ მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოებს და ევროპის საპარლამანტო ასამბლეას, თქვენი სიძლიერე არის არა მარტო იმაში, რომ თქვენ პატივს სცემთ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ იმაშიც, რომ პატივს მიაგებთ სხვა ქვეყნების კონსტიტუციებსაც. ამიტომ პატივი ეცით საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს ხუთი წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ არავის გვაქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი მოვიხსენიოთ საქართველოს პრეზიდენტის რანგში.

ეს არის სამართლიანობაც
და ეს არის ღირსებაც.

კოალიცია ,,ერთსულოვნება“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *