გიხაროდენ!
შენ გყავს სულო ცოტა მილიონი ღირსეული შვილი.
ოთხ მილიონამდე მოქალაქიანი ქვეყნისათვის, ვინც შეძლო და ხელი მოაწერა ღირსეულ მოქალაქეთა მოთხოვნას, სააკაშვილის გადადგომის შესახებ, როგორც სულმნათი აკაკი იტყოდა: „… ცოტა როდია, შენი ჭირიმე“.
გუშინ საქართველოს მოქალაქენი ავლაბარში შეიკრიბნენ, რათა ერთად ყოფნითა და სიტყვით დაედასტურებინათ ხელმოწერილი დოკუმენტი. და ტყუილად ნურვინ დაიღლის თავს ღირსების შეკრებაზე მოსულთა დათვლით. აქ ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც ხელმოწერაა დაფიქსირებული, ანუ – სამშობლოსათვის გულანთებული მილიონი მოქალაქე. იყო გულითა და სულით, იყო გონებითა და არსით, და თუ ფიზიკურად ვერ მოახერხა, მხოლოდ უსახსრობის გამო, ნაცისტთა რეჟიმმა რომ არგუნა პატიოსან მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას.
დიახ, რეჟიმმა, რამეთუ სააკაშვილი არ არის ერთი არსება, ის კრებითი სახელია, კრებითი სახეა, კრებითი სიმბოლოა საქართველოს მოძულე ტირანიისა.
დიახ, ხალხს უფლება აქვს, ვალდებულიც არის, ხელისუფლებისაგან მოითხოვოს ნაციონალური მოძრაობის, როგორც ნეოფაშისტური ორგანიზაციის უკანონოდ, ხოლო მისი ხელმძღვანელების – დამნაშავედ გამოცხადება, ყველა შესაბამისი შედეგით.
დიახ, საქართველოს ხალხმა უარი უთხრა ბელქნაბ – სოროს – „თავისუფლების ინსტიტუტის“ მოვლენილ ხელისუფალთ. ჩვენ უმადურნი და უცხოელთა სიკეთის დაუნახავნი როდი ვართ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ქვეყნის მმართველნი ვერასდროს გახდებოდნენ და 9 წელი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდნენ ნაციონალი ნაძირლები, თუ არა ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქეთა პატრონები, რომლებიც თითებზე დაკიდებული ტიკინებივით ათამაშებდნენ მარიონეტ პრეზიდენტსა და მის ამალას. სწორედ მათი მითითებით ეცადნენ ნაცები დაენგრიათ:
– ქართული ცნობიერება;
– ქართული მენტალიტეტი;
– ქართული კულტურა;
– ქართული მეცნიერება…
საბუთად ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ მეცნიერების, ვიმეორებთ, არა პოლიტიკოსების, არამედ მეცნიერების მიერ მომზადებული აკადემიური კვლევა, რომელშიც დასაბუთებულია სააკაშვილის რეჟიმის მიერ გენოციდის ყველა ფორმისა და მეთოდის გამოყენება საქართველოს მოსახლეობის მიმართ. გენოციდის გამოყენება საკუთარი ერის წინაარმდეგ, სრულიად უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. როგორც ჩვენი დროის კლასიკოსმა, ბატონმა ოტია იოსელიანმა ბრძანა:“საკუთარი შტერი, საკუთარი სულელი, საკუთარ ქვეყანას ანგრევდეს, ამგვარი არაფერი გამიგია.“
ღირსეულ ადამიანთა კრებული – საქართველოს მილიონი შვილი გააერთიანა არა სააკაშვილისადმი სიძულვილმა, ეს ძალიან დიდი პატივი იქნებოდა მისთვის, არამედ სამშობლოს სიყვარულმა, სამშობლოზე დაფიქრებამ, სამშობლოზე ლოცვამ.
ავლაბრის შეკრება 20 იანვარს ისე მოეწყო, რომ ხალხი პირით იდგა სამების საყდრისაკენ, ხოლო ზურგით პრეზიდენტადწოდებულის, დღეს უკვე – პრეზიდენტყოფილის სასახლისაკენ. კარგად ჩანდა, ორატორთა მოწოდებებისა და სურვილების დროს როგორ იხდიდნენ მამაკაცები ქუდებს და პირჯვარს იწერდნენ სამებისაკენ მოცქირალნი, რა გულმხურვალედ ლოცულობდნენ ქალბატონები სამშობლოს საკეთილდღეოდ.
იქ არაერთხელ გაისმა სიტყვა – სატანა. დიახ, ხალხმა სააკაშვილი სატანას შეადარა, რომელზეც თავის დროზე დიდმა მუხრანმა ბრძანა:
„სატანას კვერთხი სახეში ხეთქე!
არა და არა! არ უნდა შედრკე!“
გია სიხარულიძე
2013 წლის 21 იანვარი