უკვე… ძალიან!

GEORGIA-POLITICS-PRESIDENCY-BUILDINGგუშინ ერთ-ერთ ტელევიზიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მილიონი ქართველის ნებით და საქართველოს კონსტიტუციის ძალით გადაყენებულს, მაგრამ მარადიულ ავხორცსა და მუცელღორას, სულ „ბატონი პრეზიდენტი“ უძახა.

იმ „პრეზიდენტს“, რომელმაც გაანადგურა ამერიკის ავტორიტეტი, რომელმაც დაამცირა ევროპისადმი ჩვენი პატივისცემითი დამოკიდებულება, რომელმაც უკიდურესად დაძაბა რუსეთთან ურთიერთობა.

იმ „პრეზიდენტს“, რომლის ხელისუფლების დასრულებისადმი მიძღვნილ მემორანდუმს მილიონ თანამემამულესთან ერთად თქვენმა მონა-მორჩილმაც დიდი სიამაყითა და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვაწერე ხელი და ეჭვიც არ მეპარება, კიდე ბევრი შემოუერთდება, კიდევ ბევრი დაადასტურებს ჩვენს თანამოაზრეობას.

შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვეოდეთ დიდი პოლიტიკისა და არანაკლებ დიდი იურისპრუდენციის წიაღსვლებში და ჩაბნელებულ კორიდორებში, მაგრამ იმ ხალხის ნაწილი ვართ, რომლის არაერთგზისმა დარბევამ, მოწამვლამ, წამებამ და საბოლოოდ, საარჩევნო ხმამ, ძალიან მაღალ სავარძლებამდე მიიყვანა ზოგიერთი ძალიან დაბალრეიტინგული პარტიის ზოგიერთი ლიდერი, რათა ხელი არ შეშლოდა ქართველთა უდიდეს ოცნებას – ნეონაცისტებისათვის კუთვნილი ადგილის მიჩენას.

– არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ჩვენს მეგობრებს რაიმესი შეეშინდათ;
– არ გვინდა დავიჯეროთ, რასაც ავი ენები ამბობენ: იმ ზოგიერთ ძალიან დაბალრეიტინგულ,მაგრამ სახელისუფლო ერთ-ერთ პარტიას და ნაციონალებს – ერთი პატრონი ჰყავთ, ოღონდ ძალიან შორსო;
– არ გვინდა დავიჯეროთ იმ პატრონებზე ცუდი რამ, მაგრამ სააკაშვილის პერსონისადმი ამერიკელთა და პროამერიკელთა ასეთმა ღია თუ შეფარულმა მხარდაჭერამ ერთი ციტატა გაგვახსენა, რომელიც ერთმა ძალიან დიდმა და ძალიან პატიოსანმა მათმა თანამემამულემ, უკვდავი „მობი დიკის“ ავტორმა, მისტერ გერმან მელვილმა ბრძანა „… უპრინციპო, სასოწარკვეთილი, მტაცებელი, უსაზღვროდ პატივმოყვარე, ცივილიზაციის ნიღაბს უკან თავისი ველური არსის შემნიღბველი (…) ამერიკა“ .

ვიცით, გვჯერა, იმ ძალიან დაბალრეიტინგულ პარტიაში ძალიან ბევრი წიგნის მოყვარული წიგნიერი კაცია. დაფიქრდით, ბატონებო, დაფიქრდით! პოლიტიკაში წიგნიერების, იურისპრუდენციისა და ანტიკური ფილოსოფიის გარდა სხვა რამეც ძალიან საჭიროა – სულ მცირე, მშობელი ხალხის სიყვარული და პატივისცემა მაინც!!!

გია სიხარულიძე
23.01.2013

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *