პრეზიდენტყოფილი ახალგაზრდებთან, თუ პირიქით, ანუ როგორც გენებოთ.
ნაპრეზიდენტალი პატრიოტთა ბანაკგამოვლილებთან შეხვედრას-ღა თუ ბედავს. მათგან, როგორც ამ ბოლო დროს გაზეთებმა გვამცნეს, ზოგი სულიერ ხარჭად აქცია და ზოგიც ხორციელ ხასად. გუშინ მორიგი რანდევუ გამართა ჩვენმა შლეგმა ჰალსტუხიჭამიამ ქუთაისელ სტუდენტებთან, რომელიც ფოტო თვალსაჩინოებითა და დაკუჭულ ქაღალდზე ამობეჭდილი სიებით გახსნა.
ჩვენმა პრეზიდენტყოფილმა ალბათ არ იცის, რომ დასავლეთის დემოკრატიაში, რომლის თაობაზე ამდენს ჰყეფს, უხერხული ფოტოების არათუ ჩვენება, გადაღებაც აკრძალულია სამართლებრივად, მიუღებელია პოლიტიკურად, არაეთიკურია კაცურად, არაესთეტიურია მხატვრულად. მაგრამ მას ან ერთი ვინ მისცა, ან მეორე, ან მესამე, ან მეოთხე. როგორც ჩანს, ბავშვობაში არც ბურთით ათამაშებდნენ, არც შურდულით, არც ძაფზე გამობმული მანქანით. ამიტომაცაა, ბავშვობაში დაკომპლექსებული, აგერ ათი – თხუთმეტი წელია ქვეყნის ბედით რომ თამაშობს ურცხვად.
მოკლედ, ეს ახალგაზრდული საუბარი რით დაამთავრა, ვერ ვიტყვით, სრული ვერსია შეხვედრისა, სამწუხაროდ ვერ ვნახეთ. სამაგიეროდ ვნახეთ თვალებგაბრწყინებული ახალგაზრდები. მათთან არაფერი მაქვს სადავო, მათზე უფროსი შვილები მყავს. აი, პატრონები არ ჰყავთ? მე, ამ ახალგაზრდების მშობლების თაობის სულით ხორცამდე ქუთაისელი და გოგებაშვილისქუჩელი მეექვსე თაობაში ვკითხულობ: შვილები ასე რატომ გაიმეტეს? რატომ მისცეს უფლება ამ გარყვნილ კაცს შეერყვნა მათი შვილების აზროვნება, სული, გონება… რატომ?
მე ვეკითხები დღევანდელ ხელისუფლებას:
– რატომ რჩება უნივერსიტეტები „ნაცმოძრაობის“ მყარ საყრდენად?
– რატომ რჩება ილია ჭავჭვაძის (და არა ილიას) სახელობის უნივერსიტეტი „თავისუფლების ინსტიტუტის“ ფილიალად და „კმარას“ ბუდედ?
– რატომ აზარნაზებს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ქალბატონი, რომლის ერთადერთი დამსახურება სააკაშვილისათვის კონსტიტუციის მორგებაა?
– რატომ ვერ გამოძებნეთ ქუთაისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელად პიროვნება, რომელიც ნეონაცისტური იდეებით არ დააბინძურებს მეცნიერების ამ წმინდა საყდარს? ისევ თქვენივე აქტივში ხომ სულ მცირე ორი მეცნიერებათა დოქტორი და ღირსეული მოქალაქეა, რომელთაც დღესვე შეუძლიათ წარუძღვნენ ამ მეტად საპატიო დასაპასუხისმგებლო საქმეს.
– რატომ არ დაიწყო უნივერსიტეტებში იმ პროფესურის დაბრუნება, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაატოვებინეს სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობა? მარტო ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან პოლიციის ძალით მხცოვანი და დამსახურებული მეცნიერების ხელებაწეული გამოყვანა ეყოფოდა ნებისმიერ ხელისუფალს საუკუნოდ შესარისხად.
მაგრამ თქვენი ახალი ხელისუფლების ზოგიერთ ძალიან მაღალჩინოსანს ხომ კოაბიტაცია უფრო აინტერესებს, ვიდრე ქართული მეცნიერების აღორძინება, ვიდრე ქართული სულიერი ფასეულობებისადმი ახალგაზრდობის ერთგულება, ვიდრე ათიათასი სტუდენტობის უფლებააყრილი ახალგაზრდის დაბრუნება აუდიტორიაში, რომელთა დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ პატიოსანი და მშრომელი მშობლები არგუნა განგებამ. ალბათ ეს თქვენ არ გაწუხებთ, ბატონებო, თქვენი შვილები ხომ დასავლეთის სახელოვან უნივერსიტეტებში სწავლობდნენ და სწავლობენ. უმეტესად იმ დამსახურების გამო, რომ ჯიბესქელი და სქელშუბლა მშობლები ჰყავთ.
გამოიღვიძეთ! თქვენ ყოველდღიურად კარგავთ თქვენს ყველაზე ერთგულ ახალგაზრდებს. კარგავთ, ვინაიდან:
– არაფერი კეთდება მათ უნივერსიტეტებში დასაბრუნებლად;
– არაფერი კეთდება მათ დასასაქმებლად;
– არაფერი კეთდება მათთვის საარსებო პირობებისა და ალალი ლუკმა-პურის შესაქმნელად.
და ეს მაშინ, როდესაც:
– კვლავ გრიალებს „ნაცმოძრაობის“ ელიტა, მათი ოჯახები, მათი სანათესაო;
– კვლავ მაღალანაზღაურებად სამსახურებში რჩება ქვეყნის დამაქცევარი „ნაცმოს“ აქტივი;
– კვლავ მართავენ პერიფერიებს „ნაცმოელები“ ან მათი ძმები, დროებით „ოცნებას“რომ შეაფარეს თავი;
– კვლავ… კვლავ… კვლავ…
მაგრამ ვის რა უნდა მოვკითხოთ, როცა ევროპარლამენტში საქართველოს სახელმწიფოს, მის ახალ ხელისუფლებას უპატიებელი შეურაცხყოფა რომ მიაყენა პრეზიდენტადყოფილმა, იქ მყოფმა ამ ახალი ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა კი კითხვაც არ დაუსვა ისიც არ შეახსენა, რომ პრეზიდენტი აღარ იყო…
ყველამ იცოდეს, იქეთაც და აქეთაც:
– ქართველთ ოცნება არ არის ნაპრეზიდენტალის ძალად პრეზიდენტობა;
– ქართველთ ოცნება არ არის ნაცმოსგან ქვეყნის აოხრების გაგრძელება;
– ქართველთ ოცნება არ არის საქართველოში უცხო ქვეყნების მარიონეტების ზეობა.
გია სიხარულიძე
პარტია „თეთრები“
31.01.2013