ანონსი
ხვალ, 19 დეკემბერს, 10 საათზე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებული 30 ორგანიზაციის სახელით საორგანიზაციო ჯგუფი (რეზო ჩხეიძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, მიხეილ ანდღულაძე, ავთანდილ იოსელიანი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ომარ მხეიძე, ომარ ჟღენტი, გოგი ავსაჯანიშვილი, ვაჟა აზარაშვილი, არკაზარ კაკულია, დიმა ჯაიანი, ლილი ხითური, ვასილ კადანიცი, ნიკოლოზ ასათიანი, გიორგი გაგლოევი, რეზო ძოძუაშვილი, მარინა კაზაშვილი ) გამართავს საინფორმაციო ბრიფინგს.
ხვალ, 10 საათზე, სასტუმრო „ივერია ბლუ“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან (ადგილი, სადაც იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი) მოხდება საზოგადოების მოღვაწეთა გამგზავრება ქუთაისში.
სიმბოლურად პროტესტის ფორმა გაგრძელდება ქუთაისში. კერძოდ, 19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ვეწვევით ქუთაისს. 19 დეკემბერი მართლაც ტრაგიკული დღეა. 3 წლის წინათ, ნიკოლოზობა დღეს ქუთაისში აფეთქებული იქნა „ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად“ შერაცხული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელთქმნილი დიდების მემორიალი. აფეთქებას შეეწირა უმანკო ბავშვისა და მისი დედის სიცოცხლე. სამწუხაროდ ამ ცოდვილ ადგილზე აგებულ იქნა საქართველოს პარლამენტის შენობა. აქცია შედგება 19 დეკემბერს, 14 საათზე, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა დიდების მემორიალი.
რადგან 19 დეკემბერი სასესიო დღეა, რეზო ჩხეიძე თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მისცეს შესაძლებლობა 5 წუთიანი სიტყვით მიმართოს საქართველოს პარლამენტს.
მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ივერია ბლუ“-ს მიმდებარე ტერიტორია (ადგილი, სადაც იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი).



