(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი : “მოსკოვი სააკაშვილის პირად საქმეს მალავს”

tem.1გასულ კვირას საქართველოში ნამდვილი ანტირუსული ისტერიკა იყო. მოსკოვში “ერისიონის” გასტროლების გამო დიდი ამბები დატრიალდა. ვიღაცა მართლა გულწრფელად აპროტესტებს რუსულ აგრესიას, მაგრამ ძალიან ბევრი ამ თემით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.  პარტია “თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის თქმით, ის  ხალხი, რომელიც ასე ისტერიულად ლანძღავს რუსეთს, სინამდვილეში რუსეთის საქმეს თავად აკეთებს.

რას ნიშნავს სინამდვილეშუი რუსული საქმის კეთება, რა უნდოდა პეტერბურგის ცენტრში სააკაშვილის ფოტოს, რატომ არ საუბრობენ მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტს წარსულზე, რატომ არ არის ვიღცეებისათვის ივანიშვილი მოსაწონიო – ამ თემებზე გვესაუბრება თემურ შაშიაშვილი.

– რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ვინც რუსეთს ლანძღავს, თავად აკეთებს რუსულ საქმეს. ამას დროც ადასტურებს და მსოფლიო გამოცდილებაც. საქართველოში დღეს იმ პოლიტიკურ ძალებს აქვთ მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთს ლანძღავენ. ეს ის  სიტუაციაა როდესაც  რუსეთს აწყობს, როგორ ლანძღავენ საქართველოში.

 – რაში აწყობს რუსეთს ლანძღვა?

– საქართველოს ამერიკაზე აქვს აღებული ორიენტაცია და ამას მშვენივრად ხედავს რუსეთი. მოსკოვში კარგად ხედავენ, რომ რაც მეტად იმართება საქართველო გარე ძალებისაგან, მით მეტად ინგრევა ქართული ცნობიერება და ეკონომიკა. საქართველოს დანგრევა ბრალდება  მარტო რუსეთს, სინამდვილეში კი სხვა ქვეყნები ანგრევენ საქართველოს, ეს ბუნებრივია, რუსეთის ინტერესებში შედის. გარკვეული წლების შემდეგ გვეტყვის: შენს გადმოსაბირიებლად არაფერი გამიკეთებია, თქვენ მაგინებდით, თქვენ იყავით მიჯაჭვული ამერიკაზე და თქვენ მოსპეთ საქართველო. მთელი უბედურება სწორედ ისაა, რომ ყველაზე ქართული სიტყვა შეიძლება სწორედ რუსეთმა თქვას.  ეს გახლავთ კაგებეს მეთოდი. ვიმეორებ, დღეს სწორედ ის აკეთებს რუსულ საქმეს, ვინც ლანძღავს რუსეთს.

 – გასაგებია, რომ ლანძღვა არ არის კარგი, აბა რა ვქნათ დიალოგზე წავიდეთ? აწყობს საქართველოს დიალოგი?

– დღეს საქართველოს აწყობს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს არ აწყობს რუსეთს. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. დავაკვირდეთ, ვინ ლანძღავს რუსეთს. ეს ის ხალხია, ვინც რუსეთთან გენეტიკურად არის დაკავშირებული, ვისი წინაპარიც რუსეთთან იყო ჩახუტებული,  მისი ჩამომავალი ილანძღება ყველაზე მეტად. იყო დრო, მეც ვლანძღავდი რუსეთს, მერე იტალიელებმა ერთი კარგი გაკვეთილი ჩამიტარეს.

 – რა გაკვეთილი?

– წლების წინ ტარდებოდა ევროპის რეგიონული ასამბლეის სხდომა. მე ამ ასამბლეის ბიუროს წევრად ამირჩიეს. ვიფიქრე ევროპელებს მოვაწონებ თავს და ჩემს გამოსვლაში დავიწყე რუსეთის ლანძღვა. მეგონა, დარბაზი ტაშს დამიკრავდა. მსგავსი არაფერი მომხდარა. დარბაზს ჩაეძინა. სხდომა რომ დამთავრდა, ჩემთან მოვიდა ლაციოს მხარის პრეზიდენტი და მითხრა: მე თქვენ სერიოზული პოლიტიკოსი მეგონეთ, მაგრამ თქვენი გამოსვლის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალაო. ხმა ვერ ამოვიღე, არ ვიცოდი, რა მეთქვს. მეგონა რუსეთის ლანძღვით ევროპელებს თავს მოვაწონებდი, მაგრამ პირიქით მოხდა. ამ კაცმა მითხრა:“ევროპის ქვეყნებმა უკვე გადავიარეთ ის საყმაწვილო სენი, რასაც რუსეთის ლანძღვა ქვია. ყველაზე კარგად რუსეთთან არიან ის ქვეყნები, რომლებმაც მოსკოვთან ომი წავაგეთ. თქვენ გვასწავლით, რუსეთი ვინ არის, მაგრამ ერთი რამე კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანასთან ომი არ შეიძლება. რუსეთს ომით ვერ მოუგებ და მასთან ლაპარაკია საჭიროო“. მერე ისიც დაამატა, თქვენ რუსეთს ლანძღავთ და მერე გიკვირთ,  რატომ დაგვარტყაო.  მერე ამერიკაზეც მესაუბრა, თქვა, მთელი მსოფლიო ცდილობს, ამერიკა და რუსეთი არ გააღიზიანოსო, აღშფოთებული იყო, ეს ორი ქვეყანა აზის მსოფლიოს თავზე. მისი თქმით ან ორივესთან კარგად უნდა ოყო, ან ორივესთან ცუდად.

 – ეს შესაძლებელია, რომ ორივესთან კარგად ვიყოთ?

– შესაძლებელია და აუცილებელიც! რუსეთთან კარგად ყოფნა  და ამერიკასთან მტრობა და პირიქით, საქართველოსთვის დამღუპველია, დღეს ვინც რუსეთს ლანძღავს, საქართველოს ანადგურებს. რუსეთის ლანძღვაში, ვხედავთ, რომ  მთელი ეკონომიკს რუსეთმა ჩაიგდო ხელში. დენი, გაზი და წყალი რუსეთის კომპანიებთან არის დაკავშირებული. ესეც არ იკმარეს და თბილისის მერიამ ნაგვისგადასახადიც რუსულ კომპანიას მიაბა, უგულავა ბევრს აკრიტიკებს რუსეთს, ამ დროს ის თავად დადიოდა რუსეთში.

 – რას აკეთებდა რუსეთში?

– მათ სადღეგრძელოებს სვამდა და რაღაც-რაღაცეებს პირდებოდა რუსებს. აქ კი გამოდის და რუსეთს ლანძღავს. ყველაზე ცუდია, რომ მოსახლეობა ტყუვდება ამით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მლანძღავი  ქართულ საქმეს აკეთებს , სინამდვილეში კი რუსეთის მლანძღავებმა მთელი ქართული ეკონომიკა, საბადოები რუსეთს ჩაუგდეს ხელში. დღეს საქართველო ქვეყანა კი არა. სააქციო საზოგადოებაა, სადაც ამერიკა და რუსეთი 50-50 პროცენტს ფლობენ ამერიკა მართავს პოლიტიკას, რუსეთი – ეკონომიკას. ვის სჭირდება ასეთი საქართველო? რა თქმა უნდა რუსეთს. საქართველოს დღეს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც გარედან არ იმართება. შევარდნაძის დროს გარედან ჩარევა 70-80 პროცენტი იყო,  სააკაშვილის დროს კი 100 პროცენტით გარედან იმართება საქართველო. დღეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სააკაშვილი და რუსეთი ერთმანეთის მტრები არიან, ასეთ ვითარებაში რუსეთი მის პირად საქმეს არ უნდა ასაიდუმლოებდეს.

 – რა პირად საქმეს გულისხმობთ. ბატონო თემურ?

– სააკაშვილი ბორისპოლში კაგებეს ჯარებში მსახურობდა,ის იყო კაგებეს ეფრეიტორი. არის გამოთქმა, ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენო. ეს მართლაც ასეა. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ნანახი ჰყავთ, როგორ მსახურობდა სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში კაგებეს ეფრეიტორად. იმ ადამიანებს ისიც ახსოვთ, რომ ეფრეიტორი სააკაშვილი ყველაზე ცუდად და უხეშად ქართველებს ექცეოდა და კაცმა არ იცის, რას აკეთებდა კიდევ იქ. ეს ყველაფერი კარგად იცის რუსეთის ხელისუფლებამ. მათ ხელთ აქვთ დოკუმენტები, რომელთა გასაჯაროებას არც აპირებენ. გვიჩვენონ სააკაშვილის პირადი საქმე, როცა ის კაგებესთან დაკავშირებულ სასწავლებელში სწავლობდა, სააკაშვილი რომ მართლაც რუსეთის მტერი ყოფილიყო, ამ საქმეს დიდი ხნის წინ აჩვენებდნენ . ისინი ამ თემაზე არ საუბრობენ საერთოდ. რუსეთის ცენტრალურ ტელევიზიებით ხდება სააკაშვილის პროპაგანდა.

 – რას გულისხმობთ, ბატონო თემურ?

–  საქართველოში გატარებულ რეფორმებზე იქ აქტიურად საუბრობენ. რუსეთის მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან ისე, როგორც სააკაშვილს აწყობს. გააჩერეთ ნებისმიერი რუსი და ჰკითხეთ რას ფიქრობს საქართველოზე. გეტყვთ, რომ კარგია სააკაშვილი, რადგან მან კორუფცია მოსპო, დაგიწყებთ იმის მტკიცებას. რომ საქართველოში ხალხი ცხოვრობს კარგად. ეს ინფორმაცია მათ რუსული არხებით მიეწოდებათ.    მათ კარგად იციან, რა ხდება საქართველოში, მაგრამ სხვაგვარ ინფორმაციას აწვდიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პეტერბურგის მთავარ ქუჩებში სააკაშვილის ფოტოსურათებია გამოფენილი.

 -ეს დადასტურებული ინფორმაციაა?

– ქართველები არიან ამ მაღაზიის მეპატრონეები.  მაღაზია ქალაქის ცენტრშია. მაღაზიაში შესულებს სააკაშვილის წარმატებებზე ესაუბრებიან. ესეც ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს რუსეთისთვის მისაღები პიროვნებაა. წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, რომ საქართველოში თბილისის ცენტრში  ვიღაცამ  პუტინის სურათი დაკიდოს და მისი პროპაგანდა დაიწყოს. წინა კვირაში თბილისს სტუმრობდა ცნობილი მუსიკოსი ბაშმეტი, მან კონსერვატორიაში ჩაატარა კონცერტი.  ვიღაცეებმა მას დაუსტვინეს.

 – მას იმირომ დაუსტვინეს,რომ თავის დროზე აფხაზეთში ჩაატარა კონცერტი.

– მერე რა მოხდა? აფხაზეთი საქართველო არ არის? რა გამოდის, ჩვენ დავუსტვინეთ იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს ერთ ერთ მხარეში  კონცერტი ჩაატარა? ეს არის არასწორი საქციელი. ჩვენ თავად ვუსვამთ ხაზს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველო არ არის. იგივე ხდება ვიზებთან დაკავშირებითაც. სააკაშვილმა შარშან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მისცა. ძალიან კარგია ასე რომ მოხდა, მაგრამ ამავე დროს რუსს რატომ სთხოვ რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესასვლელად თბილისში აიღონ ნებართვა. ამით ხონ ჩვენ თავად ვამბობთ უარს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. ეს კუთხეები საქართველოს თუ ეკუთვნის, მაშინ რუსებს იქ შესვლა არ უნდა დავუშალოთ, მე ძალიან მიხარია, რომ პარლამენტი ამ საკითხის განხილვას იწყებს.

 – ნაციონალები ამბობენ, რომ ეს რუსული საქმის კეთება და რუსეთის წინაშე მორიგი ქედის მოხრა იქნება!

– რუსულ საქმეს რუსეთის ლანძღვით აკეთებენ ისინი. რუსეთთან დიალოგის რეჟიმში რომ ვიყოთ, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. ძალიან მწყინს, რომ ხალხს ისეთი პოლიტიკოსები მოსწონთ, ვინც რუსეთს ლანძღავს, საეროდ, საქართველოში მოგვწონს პოლიტიკსოები, ვინც ილანძღებიან და ემოციით  მართავენ ხალხს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ემოციები გვერდზე გადადოს და გონებით მართოს ქვეყანა. მე ვფიქრობ. ის ცდილობს გოანბედაკარგული ხალხი ჩამოაცილოს პოლიტიკას. ეს თუ მართლა ასეა, ეს იქნება დიდი ქართული საქმე.  მიხარია ისიც, როცა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ხალხს ღირსება დაუბრუნონ, რომელიც სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ წაართვა. სააკაშვილს მოსწონდა ისეთი ხალხი, რომელიც მას სიმათლეს კი არ ეტყოდა. არამედ მისი მონა იქნებოდა. ეჭვი მაქვს, ბიძინა ივანიშვილსაც მოსწონს ისეთი ხალხი, რომელიც მას თავს დაუხრის. საქართველოს ისტორიაში დავით აღმაშენებელზე არანაკლები დამსახურება აქვს გიორგი ჭყონდიდელს. ეს ადამიანი სათანადოდ არ გვყავს დაფასებული და ძალიან საწყენია. დავით აღმაშენებელს მან დაადგა გვირგვინი და როდესაც 16 წლის მეფემ ჰკითხა ჭყონდიდელს გვირგვინის დადგმისას  რა გავაკეთოო, ჭყონდიდელმა უპასუხა, დიდო მეფეო, ღირსება დაუბრუნე ხალხს, მეტი არაფერიო. იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხს ღირსება დაუბრუნოს.

 – რაკი ახალი ხელისუფლება ვახსენეთ, რას იტყვით ბიძინა ივანიშვილზე? რამდენად არის ის მისაღები დასავლეთვისთვის. სააკაშვილზე თქვით, რომ ის რუსეთისთვისაც მისაღებია და ამერიკისთვისაც.

– სააკაშვილი ამერიკისთვის და რუსეთისთვის მისაღებია იმიტომ რომ სუსტი და მართვადია. მისთვის მთავარია სკამი შეინარჩუნოოს და ყველაფერზე წავა. ივანიშვილი სხვანაირად უდგება საქმეს. ის ძლიერია და შესაბამისად, ნაკლებად არის შესაძლებელი მისი მართვა. ამიტომაც ის ბევრისთვის იქნება მიუღებელი ქვეყნის გარეთ. იმედია ივანიშვილი დარჩება იმ პოზიციაზე, რომ კიდევ ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევს ევროპასთან. ევროპელ პოლიტიკოსებს გასროლილი ტყვიასავით ეშინიათ, თუ რომელიმე წარმატებული ბიზნესმენი მოვა პოლიტიკაში და  პოლიტიკაშიც წარმატებული გახდება. არც ერთი ასეთი ადამიანი არ გაახარეს.

 – რატომ, ბატონო თემურ?

– იმიტომ,რომ როგორც ჩვენთან, იქაც ძალიან ბევრ ფულს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შოულობს. ევროპა სავსეა ისეთი პოლიტიკოსებით, რომლებიც პოლიტიკაში ფულის საშოვნელად მივიდნენ. ისინი ივანიშვილის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ მასზე ზეწოლა  მოახდინონ. რაღაცეები სამწუხაროდ უკვე დათმო  ივანიშვილმა.

 – რა დათმო?

– თავიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ გამორიცხავდა. არჩევნების შემდეგ იმპიჩმენტის თემა უკან წაიღო, მერე თქვა, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა იწურებოდა 5 იანვარს. შემდეგ ესეც უკან წაიღო. უფრო სწორად, წააღებინეს. იმედია, მომავალში უფრო შეუვალი იქნება. დღეს საქართველოს უბედურებაა რომ ოპოზიცია ჰქვია ქვეყნის დამაქცევარ ნაცმოძრაობას, მათ ბელადს პრეზიდენტი, ხოლო მათ იდეოლოგ ბენდუქიძეს ქველმოქმედი და მეცენატი.

ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *