(საქართველო და მსოფლიო)თემურ შაშიაშვილი: არც რუსეთის მორჩილებაა კარგი და არც _ ამერიკის

IMG_0697_ბატონო თემურ, ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ აზრს, რომ საქართველოს მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ საჭიროა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებული პლებისციტის შედეგების გადახედვა, რადგან არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ წლის არჩევნები და, შესაბამისად, პლებისციტიც ტოტალურად გაყალბდა და შედეგები რეალურ სურათს არ ასახავს?

თემურ შაშიაშვილი,  «თეთრების» ლიდერი:

_ საქართველოში ნატოსთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიზირებულია. ამ თემას ყველა პარტია სათავისოდ იყენებს. ვინც ნატოში შესვლას მხარს უჭერს, გაცნობიერებული არ აქვს, ნატო რა არის. ნატოში შესვლას მხარს ისინი უჭერენ, ვინც თავიანთი ქმედებებით ნატოს წინააღმდეგნი არიან. ამის მაგალითი იყო «ნაციონალური მოძრაობა». ვინც იცის, ნატო რა არის და შეგნებულად უჭერს მხარს, ასეთი ადამიანები საქართველოში 10-15%-ია. ნატოს პოლიტიზირებამ გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ესაა ჩვენი ტრაგედია.

_ ხომ არაა, თქვენი აზრით, გადასახედი საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის ცალმხრივი აღიარება, რაც, გარკვეული ექსპერტების მოსაზრებით, ემსახურება მხოლოდ რუსეთის გაღიზიანებას და მომავალში მნიშვნელოვანი პრობლემები შეიძლება შექმნას?

_ ვინც რუსეთს აღიზიანებს, ლანძღავს, რუსულ საქმეს აკეთებს. ისინი აძლევენ რუსეთს თავისუფალი მოქმედების საშუალებას საქართველოში. არც რუსეთის მორჩილებაა კარგი და არც _ ამერიკის. ან ორივესთან კარგად უნდა იყო, ან მათთან ნეიტრალური პოზიცია გეჭიროს. ერთთან კარგად იყო და მეორესთან ცუდად, მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოა. საქართველოში ძალიან ცოტა პოლიტიკოსი ფიქრობს საქართველოს მომავალზე. ისინი, ძირითადად, არჩევნებზე ფიქრობენ. საქართველოში დაამშიეს და დათრგუნეს ხალხი და ახლა მათ მოსყიდვას ცდილობენ. საქართველოში გონებადაკარგული პოლიტიკოსები აკეთებენ ზუსტად იმას, რაც, მაგალითად, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით მოხდა და რაც ჩრდილოკავკასიელებთან დაკავშირებით ხდება. ჩერქეზების გენოციდის აღიარება, რუსეთის მტრობა კი არა, საქართველოს მტრობაა. ვისაც ჰგონია, რომ რუსეთისგან ჩრდილოკავკასიელი ხალხების გამოყოფა მხოლოდ რუსეთისთვის იქნება უარყოფითი მოვლენა და ეს საქართველოზე დადებითად იმოქმედებს, ძალიან ცდება.

ესაუბრა ლილი მიროტაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *