(ალია) თემურ შაშიაშვილი: “ხელისუფლება მილიონ–ნახევარ ქართველ ამომრჩეველს დაუპირისპირდა”

n3სააკაშვილის უფლებამოსილების შეჩერებას ვახტანგ ხმალაძე ეწინაღმდეგებოდა?

ყველას გვახსოვს, 21 იანვარს პრეზიდენტის სასახლესთან როგორ გამალებით გროვდებოდა კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები. გავიდა ორი თვე და ეს ხელმოწერები შესაბამისი მოთხოვნით უკვე პარლამენტს წარედგინა. იქ კი კოალიციის განცხადებით შეუსაბამო რამ მოხდა.

20 მარტს კოალიცია ერთსულოვნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ხმალაძე ეწინააღმდეგებოდა.

„სააკაშვილი კონსტიტუციის დარღვევით ახორციელებს პრეზიდენტობას. 21 თებერვალს ჩვენ შევიტანეთ წინადადება სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით. ამის განხილვა კომიტეტში შედგა გუშინ. აღსანიშნავია, რომ კომიტეტში ოპონირებას არავინ აწარმოებდა ხმალაძის გარდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი კანონიერი პრეზიდენტია და უფრო მეტიც, ხმამაღლა აცხადებდა, რომ ის ჩვენს წინადადებას წინააღმდეგობას გაუწევს. კომიტეტზე მყოფი დეპუტატებიდან შვიდმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ერთი იყო მომხრე, ეს გახლდათ ბატონი კობა დავითაშვილი და დანარჩენი წინააღმდეგი“, – აცხადებენ „ერთსულოვნების“ წარმომადგენლები და დასძენენ, რომ საინტერესოა, პრემიერმა გაარკვიოს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. კოალიცია „ერთსულოვნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით კი ხელისუფლება მილიონ–ნახევარ ქართველ ამომრჩეველს დაუპირისპირდა.

„ხელისუფლება მილიონ-ნახევარ ადამიანს დაუპირისპირდა, რომელიც იმ ხელმოწერით ადასტურებდა რომ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს საქართველოს პრეიზდენტი. ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე ვიყავით გაჩუმებული, რადგან შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელმაც გვითხრა, რომ უნდა დავლოდებოდიღ კომიტეტში ამ განხილვას, – აცხადებს შაშიაშვილი.

„ერთსულოვნების“ წარმომადგენლები გუშინ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ 19 აპრილის აქციასაც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ აქციაზე დაპირისპირებაა მოსალოდნელი.
„ალია“ კომენტარისათვის დაუკავშირდა „ერთსულოვნების“ ერთ-ერთ ლიედრს, თემურ შაშიაშვილს.

– მე საშუალება არ მქონდა ამ სხდომას დავსწრებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ ერთადერთი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს წინადადებას, იყო ვახტანგ ხმალაძე. კომიტეტის სხდომაზე თერთმეტმა კაცმა უყარა კენჭი, შვიდმა თავი შეიკავა, სამი წინააღმდეგი წავიდა და მარტო ერთმა დაგვიჭირა მხარი.

– ანუ, პრაქტიკულად, საკითხი ჩავარდა?

– ჩავარდა და ყველაზე აქტიური და გამორჩეული, ვინც ამ საკითხს ეწინააღმდეგებოდა და ვინც ამბობდა, რომ სააკაშვილი ჩემი პრეზიდენტია და ოქტომბრამდე უნდა იყოსო, იყო ვახტანგ ხმალაძე.

– რას ნიშნავს ეს?

– ვერ გეტყვით, მე არ ვესწრებოდი სხდომას და იმ ორმა პიროვნებამ, ვინც ჩვენგან იყო, მიხეილ ანდღულაძემ და გელა სალუაშვილმა ასე გადმომცეს. მათ დღეს ასეც განაცხადეს პრესკონფერენციაზე. მე თავად ხმალაძისაგან პირველად გავიგე რამდენიმე თვის წინ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა 2013 წლის 20 იანვარს სრულდებოდა. ყველაზე პირველად მან თქვა ეს და ამავე პიროვნებამ გუშინ დაიცვა სააკაშვილი, რას ამბობთ, ოქტომბრის ბოლომდე უნდა იყოსო.

– მის საქციელს როგორ ხსნით?

– მე ასე ვიტყოდი: თუ ეს არის მთელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ ვიცი და რეალურად , საქართველო კარგავს ერთ წელს. სააკაშვილი იმ პროგრამას ჩაუსაფრდა, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო. ასეთი პროგრამა, რითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა სათავეში, საქართველოს არ ჰქონია. ეს პროგრამა ვერ შესრულდება და მისი შეუსრულებლობის მიზეზი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყველაზე მეტად ოცნებას აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ამ პროგრამის შეუსრულებლობის დიდი მომხრეა. კიდევ ვამბობ, რომ ამის გამო ქვეყანა კარგავს ერთ წელს. ლაპარაკი 20 იანვარზე იმიტომ კი არ არის, რომ სააკაშვილი გაუგებრად იქცევა და მსოფლიოში რას რას ლაპარაკობს, უკვე კონტროლს ვეღარ უწევს. ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ომში იკარგება დრო. სირცხვილია, რომ მილიონნახევარმა კაცმა მოაწერა ხელი და კომიტეტი წინააღმდეგი წავიდა , რომ პარლამენტში საკითხი გასულიყო და თურმე ამაში ყველაზე მეტად ვახტანგ ხმალაძე აქტიურობდა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოცნებას აწყობს ასეთი ოპოზიცია, რომ საქართველოს სტრატეგია არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაერქვას ოპოზიცია, რომლის ბელადიც პრეზიდენტია და კულტურისა და ეკონომიკის დამანგრეველი ბენდუქიძე ითვლება მეცენატად და განათლების რეფორმატორად. ჩვენ ვკარგავთ ერთ წელს მაშინ, როცა ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *