(საქართველო და მსოფლიო)თემურ შაშიაშვილი: საქართველო დღემდე გარედან იმართება

_MG_0665«თეთრი მოძრაობის» (თეთრები) ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი უახლოეს დღეებში თავის მეგობრებთან ერთად მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად ემზადება!.. თემურ შაშიაშვილი დღეს «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება.

_ ბატონო თემურ, იმ ყბადაღებულ სარეიტინგო კენჭისყრაზე მინდა გკითხოთ, რის გამოც ხალხი ახალ ხელისუფლებაზე აღრენილია… ფაქტია, რომ ამ კენჭისყრამ სააკაშვილს ძველი რიხი დაუბრუნდა და მიშამაც ძველებურად გაუტია, არ მეთანხმებით?

_ ამ კვირაში ჩვენი გუნდი ემზადება სერიოზული პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად, იმდენად, რამდენადაც ქვეყანაში სახეზე გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, _ პოლიტიკის მონოპოლიზება!.. ასე იყო «მოქკავშირის» დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც, როცა კოაბიტაცია გაიგეს იმგვარად, რომ თურმე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა უნდა დარჩეს და დანარჩენი ყველა უნდა მოკვდეს!.. მე ამაში ძალიან საგანგაშო სიმპტომებს ვხედავ და ამის გაკეთებას არავის ვურჩევ! რაც შეეხება სარეიტინგო კენჭისყრას, ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია, მითუმეტეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, მაგრამ საქართველოსთვის ეს კენჭისყრა ცუდი რატომ იყო, იცით? იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ჩემი ინფორმაციით, «ნაცმოძრაობის» იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს აძლევდნენ ხმას, ხმის მისაცემი ბარათები წაართვა და მათ «მოღალატეები»(!!!) უძახა!..

Capture

_ ეს უკვე სკანდალია, ბატონო თემურ!..

_ სააკაშვილს ვინც არ იცნობს, იმათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს არის ველური კაცი და «ნაცმოძრაობის» 90 პროცენტისთვისაც კი ეგ კაცი უკვე მიუღებელია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილი ღუპავს მათ. სააკაშვილი მხოლოდ საქართველოს მტერი კი არ არის, ეგ, პირველ რიგში, «ნაცმოძრაობის» მტერია!.. მაგრამ «ნაცმოძრაობის» სისუსტე არის ის, რომ ამის ხმამაღლა თქმა არავის შეუძლია. მიხეილ სააკაშვილმა სარეიტინგო კენჭისყრაში იპოვა გამოსავალი, რადგან იცოდა, რომ, თუ კენჭისყრა შედგებოდა, ის აუცილებლად წააგებდა. ამიტომ თავის ხალხს უთხრა: «კი, მე ვიცი, რომ გამყიდველები ხართ და ცვლილებებს მხარს უჭერთ, მაგრამ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას მე მივაღწევ, სარეიტინგოში მე დამიჭირეთ მხარი, ხოლო მერე რაც გინდათ, ის გააკეთეთ!..» აი, ასე იყო და ეს ფარსი გაითამაშა სააკაშვილმა. ჩემთვის მისაღები და ძალიან კარგი იყო უსუფაშვილის თავდაპირველი განცხადება, _ მე ამ ფარსში და სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებო, მაგრამ მერე დავინახეთ, რაც მოხდა!.. მე შინაგანად მწამს და მჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მსგავსი ფარსი და სპექტაკლი კატეგორიულად მიუღებელი იყო, მაგრამ…

_ მაშინ რა მოხდა: ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გადაწყვიტა ყველაფერი და «მეცოცხეთა პარტიას», რომელიც მთელ ქართველ ხალხს ეზიზღება, თავისი გაატანინა?

_ საქართველო დღემდე იმართება გარედან და საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეალური დამოუკიდებლობა!.. ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება საბოტაჟი და გარკვეულ ძალებში «ბავშვის» სიკვდილი სიხარულს იწვევს!.. ჩვენ საქმე გვაქვს გადაგვარებულ, ჩასაფრებულ ადამიანებთან, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან. მე ვაცხადებ კატეგორიულად: არც ბიძინა ივანიშვილის, არც პარლამენტის თავმჯდომარისა და არც ერთი დეპუტატის გადაწყვეტილება ის არ იყო, რომ 21 მარტს პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარებულიყო, ეს ამბავი გადაწყვიტა უცხო სახელმწიფომ!

_ ამერიკის ელჩმა გადაწყვიტა?

_ მე ერთი რამ ვიცი: რუსეთის დაშლა არ გამოუვიდათ, ბელარუსში მარცხი განიცადეს, უკრაინა სულ სხვა მიმართულებით წავიდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის აზიურ ნაწილში ფეხი ვერ მოიკიდეს, ყოფილი სოციალისტური ევროპა საშინლად გაღიზიანებულია… სტუდენტობის დროს ჩემთან ძალიან ბევრი ბალტიისპირელი სწავლობდა და, ახლა პოლიტიკოსები რომ ლაპარაკობენ, ეგრე არ არის საქმე, უბრალო ხალხი სულ სხვა რამეს საუბრობს!.. ერთი სიტყვით, რუსეთიც და ამერიკაც დღეს ჰეგემონობას კარგავენ, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ეს ორი სუპერსახელმწიფო მართავს. თუ გინდა, რომ შენს ქვეყანას სიკეთე მოუტანო, ამერიკასთანაც და რუსეთთანაც კარგად უნდა იყო ან უნდა იყო ორივესადმი ნეიტრალური… თუ ერთთან კარგად ხარ და მეორესთან _ ცუდად, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ შენი ქვეყნის დაუძინებელი მტერი!.. აი, ეს დაემართა საქართველოს და ეს იყო სააკაშვილის და არა საქართველოს არჩევანი!.. ამიტომ ვამბობ, _ დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ დავიბრუნოთ დამოუკიდებლობა!..

_ ბატონო თემურ, ასეთი შეკრეჭილი და შეკვეცილი საპრეზიდენტო ინსტიტუტი ქვეყნისთვის რა ხეირის მომტანია?

_ მე იმის მომხრე ვარ, რა გზითაც დღეს ცივილიზებული სამყარო მიდის, ვისაც კი მეფე არასოდეს ჰყოლია, ისინიც კი თავიანთ წარსულში იქექებიან და ამ ინსტიტუტის აღორძინებას ცდილობენ, რადგან, როგორც წესი, მონარქი, მეფე არის სახელმწიფოს სიმშვიდის გარანტი!.. მე, მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები იმის მომხრე, თუ პრეზიდენტის უფლებებს პრემიერ-მინისტრი გადაიბარებს!

_ ამერიკასა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, მგონი, ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა, თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგალითად, დაიტვირთებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ამ თვალსაზრისით რუსეთთან ინტენსიური მოლაპარაკების წარმოების ფუნქციით!.. რას იტყვით?

_ მე ვიცი და კარგად ვხვდები თქვენ რასაც მეკითხებით, მაგრამ დღეს ამ თემაზე სასაუბროდ არ ვარ მზად!.. ისე, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან საინტერესო საკითხია… საერთოდ ამერიკასა და რუსეთს შორის ბალანსის პოლიტიკას მთელი მთავრობა და ხელისუფლება უნდა იცავდეს. ასე რომ, თუ პრემიერი იქნება ერთ მხარეს და პრეზიდენტი _ მეორე მხარეს, ამან შესაძლოა, მეორე უკიდურესობაში გადაგვაგდოს!.. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე იმდენად ღრმად შევტოპეთ, რომ ნორმალურ, ქართულ მდგომარეობაში დაბრუნება აღიქმება, როგორც რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. არადა, ამერიკისკენ დისტანცირებულად გადადგმული ნაბიჯი თვით ამერიკისთვისაა კარგი. მეფის რუსეთის დროს არ ყოფილა საქართველოში რუსეთის ავტორიტეტი ისე განადგურებული, როგორც სააკშვილმა გაანადგურა ამერიკის ავტორიტეტი!.. მე ამერიკისაც მესმის…

_ რას გულისხმობთ?

_ ისრაელის შემდეგ ამერიკა ყველაზე მეტ ფულს ახარჯავს საქართველოს და ხედავთ, რა მიიღო? ამერიკასთან ურთიერთობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხქვეშ გაეგო, რაც გააკეთა სააკაშვილმა. ვისაც ფეხქვეშ ეგები, ის ადრე თუ გვიან შეგძულდება და ეს არის ჩვენი ცხოვრების დაუწერელი კანონი!.. გაიგო რუსეთმა საქართველო ფეხქვეშ? საქართველომ რუსეთი შეიძულა!.. ახლა ამერიკამ გაგვიგო ფეხქვეშ? ამერიკაც შეძულებულია ჩვენში!.. «ქართულმა ოცნებამ» ვერ მოახერხა და დღემდე ვერ გაიტანა პარლამენტში დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა მემკვიდრეობა ერგოთ მათ!.. ეს არის თავგასულებისა და გათავხედებული პოლიტიკოსების ქვეყანა, ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხი უკვე არაფერს წყვეტს, ინტელიგენციას ხმა ჩააგდებინეს და ინტელიგენცია ამას შეეგუა!.. დღეს საქრთველო დაყოფილია კასტებად და საქართველოში გვყავს მდიდარი პოლიტიკოსები და უღარიბესი ხალხი. მე მეგონა, ბატონი ბიძინა შეცვლიდა ამას, მაგრამ როგორც ჩანს, არ გადაწყვიტა ეს…

_ ბატონო თემურ, რა უნდა გადაეწყვიტა ივანიშვილს?

_ მე მეგონა, ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებდა იმას, რომ პენსიონერზე ოცჯერ მეტი ხელფასი ხელისუფლებაში ვინმეს ექნებოდა, მაგრამ შევცდი. წარმოგიდგენიათ? ადამიანი დღეს საქართველოში ბიზნესში ვერ შოულობს იმდენ ფულს, რამდენსაც სახელმწიფო სამსახურში იღებს ხელფასის სახით^და ეს ჩაითვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად!.. ადამიანს აღარ უნდა ბიზნესში წასვლა, მთავარია, შეძვრეს სახელმწიფო სამსახურში, რადგან იქ უფრო მეტი გარანტიებია, ვიდრე სხვაგან. ეს არ არის კატასტროფა? ამერიკისგან განსხვავებით, სადაც ნამდვილად არის დემოკრატია, ჩვენში სახელმწიფო სამსახურში ადამიანები იმიტომ მიდიან, რომ უკონტროლოები გახდნენ და, რაც უნდათ, ის აკეთონ!.. ასე იყო «მოქკავშირის», «აღორძინების», «ნაცების» დროს. დარწმუნებული ვარ, ამას არ დაუშვებს ბატონი ბიძინა, მაგრამ ტენდენციებია ძალიან ცუდი. იმ ხალხისკენ არავის გაუხედავს, რომელმაც «ოცნების» გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო, ისევ თავიანთი ნათესავები მოიყვანეს, ისევ უმუშევრობა, ისევ შიმშილი… ადამიანის ანატომია როგორ არის მოწყობილი, ხომ ვიცით? სულ ზემოთ არის ტვინი, მერე გული და მერე კუჭი… ჩვენში ეს ყველაფერი ამოტრიალებულია და ადამიანის ცხოვრება, მთელი მისი ცხოვრების არსი და აზრი იწყება კუჭიდან!.. აი, ეს არის სააკაშვილის მიერ დატოვებული ურთულესი მემკვიდრეობა, _ ამოტრიალებული ადამიანი, ამოტრიალებული ცნობიერებით!..Capture

ესაუბრა

ლუკა აბუსერიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *