(შანსი)თემურ შაშიაშვილი: მე არ მინდა, რომ ჩემს შვილს ლაჩარი მამა ჰყავდეს.

 

SUC50324სწორედ, რომ საუბარი, გნებავთ მუსაიფი და არა ინტერვიუ, რადგანაც ჯერ ერთი ეს სიტყვა არ მიყვარს და მეორეც, მართლაც ვიმუსაოფეთ ისე, რომ თავი ქართულ სუფრაზე მეგონა, რაც ლამის ორ საათს გაგრძელდა და ამდენად ყველაფრის ქაღალდზე გადმოტანა შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომ საზოგადოებას განსაკუთრებულ მომენტებს შევთავაზებ, იმ ვრცელი მონოლოგიდან. დიხ, უფრო მონოლოგი იყო ვიდრე დიალოგი, რადგანაც ისე გულანთებულად საუბრობდა, რომ შიგადაშიგ ჩავურთავდი ხოლმე კითხვას ისიც, მაშინ, როდესაც გამახსენდებოდა, რომ მე ჟურნალისტი და ის რესპონდენტი იყო, თორემ კითხვის დასმის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგანაც თავად, ბუნებრივად გადადიოდა ერთი თემიდან მეორეზე ეს თხემით ტერფამდე ქართველი, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება საზოგადოების წინაშე.
ბატონ თემურს ალექსანდრე ებრალიძესა და დავით აღმაშენებლის პრემიის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე ვკითხე, რითაც მინდა დავიწყო აუდიო ჩანაწერის «გაშიფვრა».

– უბედურება ის კი არ არის, რომ ვინმე ებრალიძემ დააფინანსა ეს პრემია და ვინმემ აიღო ან არა. არამედ ის არის სირცხვილი, რომ აქამდე არ გვქონდა ამ ბუმბერაზი კაცის სახელობის პრემია. დავით აღმაშენებელი მხოლოდ დიდი ხელმწიფე კი არა, ის არის მოვლენა, რაზედაც დგას მთელი ჩვენი ისტორიული წარსული, დღევანდელობა და მომავალსაც ამ ღმერთკაცის იმედად უყურებს საქართველო!

არა და ამის მცდელობა იყო, როდესაც 1995 წლის 21 სექტემბერს, ღვთისშობლობის დღესასწაულს დავამთხვიეთ, იმერეთში ჩემი გუბერნატორობის დროს, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის დღის აღნიშვნა, სადაც ლამის მთელმა საქართველომ მოიყარა თავი. დაახლოებით 300-400 ათასი კაცი შეიკრიბა მოედანზე.

მაშინ გვინდოდა ჩვენ ამ პრემიის დაწესება, რის წინააღმდეგაც წავიდა მოქალაქეთა კავშირი. რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი? ამ დღეს გაიხსნა დავით აღმაშენებლის პროსპექტი, აღდგა გელათის აკადემია და ქუთაისის მთავარ მოედანზე დაიდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომლის გადატანაზე ფიქრს დღესაც თავს არ ანებებენ ესენი. ეს ძეგლი გასცქერის ბაგრატის ტაძარს, სადაც თავის დროზე სამეფო გვირგვინი დაადგეს დავითს. ამიტომ ეს ადგილი უნიკალური, წმინდა ადგილია და ვიღაცას არ მოსწონს ეს და სხვა ეკლესიას, არამართლმადიდებლურს უნდოდა იქ სხვა რამის გაკეთება, და ვხედავ რა «სიმღერაც» არის.

ამ ყველაფრის პარალელურად, თეატრში გადიოდა სპექტაკლი – დავით აღმაშენებელი! აი, მაშინ მინდოდა რომ დაწესებულიყო მისი სახელობის პრემია და მე ვთქვი მაშინ, რომ ეს იქნება სირცხვილი თუ რომელიმე რეგიონი, ან ვინმე პიროვნება დააწესებდა ამას, რადგან ეს სახელმწიფოს, თბილისს უნდა გაეკეთებინა!

ახლა ებრალიძემ გააკეთა ეს. კაცმა, რომლის მიმართაც ძალიან მძიმედ ვარ განწყობილი, მაგრამ მე ებრალიძეს არ ვთვლი რუსულ ფულად, რადგან ის არის ქართველი! რუსულ ფულზე, რომ ლაპარაკობენ, რატომ არ ახსოვთ რომ საქართველოში ასეული მილიონი დოლარი შემოდის რუსეთში მოღვაწე თუ მცხოვრები ქართველებისგან, რამაც გადაარჩინა საქართველო და ასეთი ლაპარაკი მათი შეურაცხყოფაა, ვისაც ამ ფულს უგზავნიან საქართველოში!

თუ ვინმე მეგობრობს რუსეთის ბიზნესმენთა ყველაზე გათახსირებულ ნაწილთან, ეს ხომ სააკაშვილია! რატომ არავინ ამოიღო ხმა მაშინ, როდესაც მე, თემურ შაშიაშვილმა ვთქვი, რომ ერთი მილიონი დოლარი ჩამოიტანა მოქალაქეთა კავშირმა 1999 წლის არჩევნების წინ და ეს აიღეს მაშინდელი რუსეთის ვიცე პრემიერისგან?

დღეს, რომ «ეპადხალიმებიან», ამ პრეზიდენტმა, მიშა სააკაშვილმა რომ ჩამოიტანა ის ფული, ამან რატომ არავინ შეაწუხა მაშინ? ნუ, რეზო ამაშუკელი და ელიზბარ ჯაველიძე გასაგებია, რომ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ ნოდარ წულეისკირი, კაცი, რომელიც აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმაა, იშვიათად ასეთი წესიერი კაცები. ასეთ ხელოვანს, რომ ასე გაუჭირდება – რა გინდა მაშინ პრეზიდენტის სკამზე რომ ზიხარ?

ამას ვეძახი მე დაბეჩავებას, რომ მასწავლებელი სულს ღაფავს და რეზო ამაშუკელსაც კი ბოლოში უწერია, რომ ფულიც მჭირდებაო! რეზო ამაშუკელი რომ ამას იტყვის, თავმოყვარე კი არა, ზედმეტად თავმოყვარეც. ეს უაღრესად განათლებული კაცი და მე თავად მაქვს ნანახი ჩემი სტუდენტობის დროს, პეტერბურგში როიალთან რომ დაჯდა, რა გააკეთა და მერე პარიზში – დაიხურა და დაინგრა ყველაფერი, რას უკრავდა და მღეროდა.

მის ლექსზე აღარ ვლაპარაკობ – ბევრი მისი ლექსი ვიცი ზეპირად, მაგრამ როდესაც ვხვდები, სულ ვამბობ ხოლმე – «ისეთი დილა გათენდა, მტერს რომ შევყროდი ალალ ძმასავით გავუღიმებდი». მარტო ეს რომ ეთქვა და სხვა არაფერი, ესეც ეყოფოდა.

დააწესა ეს პრემია ებრალიძემ და სულ ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ დამეწესებინა მაშინ, ან ვინმეს სხვას დაეწესებინა და ეს არ ყოფილიყო – ვინც აიღო ის რუსული ფული, მოღალატეა! ნოდარ წულეისკირი და ელიზბარ ჯაველიძე? ან, რეზო ამაშუკელის ქართველობაზე რომ ილაპარაკებ – გიგი უგულავა, ნოდარ ლადარია, გიგი თევზაძე, ლევან რამიშვილი და თეა თუთბერიძე არიან ქართველები და პატრიოტები? დაქცეულა მაშინ ეს ქვეყანა!

ერთი არავინ ამბობს, რომ ვინ არის გელა ბეჟუაშვილი, პარლამენტარმა თვითმფრინავი რომ იყიდა? ამ კაცის რომ არის მთელი მიწისქვეშა სიმდიდრე, ვინ არის კოდუა, სასტუმრო საქართველო რომ იყიდა? და საერთოდ, რომ ეს ხალხია გაზპრომთან ყველაზე დაახლოვებული?

აღმაშენებლის ძეგლი გაიტანეს თბილისიდან! აგერ ახლა დიდების მემორიალი ააფეთქეს, რომელსაც ლევან სანიკიძემ ფილოსოფიური ტრაქტატი უწოდა, ხოლო პატრიარქმა, მემორიალის გახსნაზე ბრძანა, რომ ეს ქართული ბიბლიააო! ეს ბიბლია აგვიფეთქეს და არავის ადარდებს და ის გახდა სალაპარაკო, ვინ აიღო პრემია!

როდესაც ყველაფერს რუსეთზე ყიდიან, მაშინ ფულს სუნი არა აქვს. როდესაც საქართველოს პარლამენტის 20 წევრი საერთოდ არ ყოფილა დარბაზში და დღესაც მოსკოვში აკეთებენ ბიზნესს, როდესაც რუსული ბანკები მუშაობენ საქართველოში, თბილისის დინამოს კურატორი გახდა რუსული ბანკი! ფულს სუნი არა აქვს და მხოლოდ ახლა აუვიდა სუნი?

ხალხო გამოფხიზლდით – მატარებელი შევიდა დეპოში!

დიდ პატივს ვცემ გოგი ოჩიაურს, მაგრამ როდესაც თავისუფლების ინსტიტუტი ანგრევს ქვეყანას და მისი შვილი, ხათუნა ოჩიაური სხვებს ეძახის მოღალატეებს, მინდა რომ, როდესაც მხილების მუზეუმს გავაკეთებთ, დაუძახო და ვკითხო მათ, როგორ თანამშრომლობენ და აქებენ იმ კაცს, ვინც ამბობს რომ აფრასიძეების ოჯახი მისი ბრძანებით ამოწყვიტეს. ან, სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ათობით სხვები, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები!

და ამის შემდეგ ღებულობს სახლში პრეზიდენტს მუხრან მაჭავარიანი და გურამ დოჩანაშვილი. ამის შემდეგ უჩნდება სურვილი რომ თავისუფლების ინსტიტუტელი გიგი უგულავა აქონ! არა! მოვა თაობები და ამის გამო ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებენ!

– არ მეგონა თუ ასე ემოციურად გაშლიდით ამ თემას. უნდა ვაღიარო, რომ ბევრი ვერ გაბედავდა იმას, რაც თქვენ თქვით!

– ვინც დავასახელე, მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ იმათ აზრს და სიტყვას, ვისაც ხალხი უსმენს, მეტი პასუხისმგებლობა აქვთ! თორემ სააკაშვილი რომ დამთავრებულია, ეს მთელმა მსოფლიომ იცის! და უკვირთ, როგორ ითმენს ამ კაცს ქართველი ხალხი?

უფრო მეტსაც გეტყვით – ამას წინათ დამირეკა გურამ დოჩანაშვილმა, შენთვის წიგნი მაქვსო, მაგრამ სხვას არ ვაგზავნი და მე ვერ მივდივარ, რადგანაც მიმძიმს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს!

– თქვენ თქვით, რომ როგორ ითმენს სააკაშვილს ქართველი ხალხო, მაგრამ, მაპატიეთ და რამდენჯერ აჩვენა ქართველმა ხალხმა 200-300 – ათასიანი მიტინგებით, რომ არ უნდა ამის მოთმენა, მაგრამ ეს უდიდესი ენერგია თუ მუხტი, შეგნებულად თუ შეუგნებლად გაუშვეს ჰაერში.

ერთის მხრივ ბევრი და მათ შორის თქვენც აღიარებთ, რომ მიშას ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი წუთი კატასტოფაა და მეორეს მხრივ – ერთი სიტყვით სწორედ გამიგეთ – ეროვნული ყრილობის იდეა, დროში გაწელილი პროცესი არ არის?

– ეროვნული კრება აერთიანებს იმას ვინც მიდის არჩევნებზე და ვინც ბოიკოტს უცხადებს მას. ჩვენ ვთვლით, რომ ეროვნულმა კრებამ უნდა შესთავაზოს საქართველოს მოსახლეობას არა კონსტიტუცია, არამედ ის უნდა დაადასტუროს და მთელს მსოფლიოს უთხრას, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც კონსტიტუცია უნდა მიიღოს მთელმა ხალხმა. უნდა გავიდეს ორი პროექტი. ერთი ხელისუფლების და მეორე ოპოზიციის კონსტიტუცია, სადაც ეწერება, რომ თუ ოპოზიციის პროექტს მიიღებს ქართველი ხალხი, მიღებიდან ექვს თვეში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები! დამთავრდა დემოკრატიულად ეს ხელისუფლება.

ანუ, დროში გაწელილი კი არა თუ ჩატარდა კრება მაისში და თუ გამოაცხადებს, რომ თუ არ აწევთ ბარიერს 50%-მდე, არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ხალხი არ მიდის არჩევნებზე, ეს ერთია, დამთავრდა უკვე ეს ხელისუფლება, მთელი მსოფლიოსტვის იქნება განგაში და მეორე ვარიანტი – ხომ თქვა პრეზიდენტმა, რომ წლის ბოლოს უნდა იყოს ახალი კონსტიტუცია. დამთავრდა ის წელი, სად არის? ამიტომ 30 მაისს ხალხს მივაღებინოთ კონსტიტუცია. ეს უნდა გადაწყვიტოს ეროვნულმა კრებამ, ეს არის დემოკრატია, რისიც ეშინია სააკაშვილს.

არავითარი კომბალი არ არის საჭირო, რადგან კომბალი და იარაღიც ამათ აქვთ. სააკაშვილს შარშან ეშინოდა 7 ნოემბრის წლისთავის. ამიტომ ეს რომ დაევიწყებინა ხალხისთვის, მოხდა ის, რაც მოხდა. ვინ მოიგო ამ ომით? მოიგო რუსეთმა, სააკაშვილმა, და წააგო ქართველმა ხალხმა! სააკაშვილი კიდევ მოიფიქრებს ასეთ რამეს ხვალ, ზეგ, თუ დაინახა, რომ საფრთხე ემუქრება მის სკამს.

რუსეთის ლანძღვა არ არის ქართული საქმე ისევე, როგორც ამერიკის ფეხქვეშ გაგება. ჩვენთან არსებობს ერთი, რომელიც მუდმივად აქებს რუსეთს და ლანძღავს ამერიკას. და მეორე, რომელიც აქებს ამერიკას და ლანძღავს რუსეთს. – ეს ორივე ანტიქართულია!

ეროვნულ კრებაზე შეიძლება ასე დადგეს საკითხი, რომ არსებობს ამერიკული და რუსული გუნდები. შეიძლება ვინმემ დააყენოს ასეთი საკითხი, რომ გაკეთდეს, რაღაც სიმბიოზი კარგი გაგებით, რომ ამერიკის ინტერესიც იყოს დაცული და რუსეთისაც.

ოღონდ, პირველ რიგში ქართული ინტერესები იყოს ამოსავალი წერტილი, რუსეთ-ამერიკის ინტერესების გათვალისწინების დოზირებისას. მე რატომ უნდა ვებრძოლო ამერიკის ან რუსეთის ინტერესებს? გამოვიდა აგერ ნოღაიდელი და ამბობს, რომ უნდა იყოს რუსული, სხვა იტყვის, რომ ამერიკული. იყვნენ, ბატონო! რატომ უნდა დავხარჯო მათთან ბრძოლაში ძალები?

მე მიდა ვიყო ქართული და ჩემი ლოზუნგია – საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე! ვინც ამას იზიარებს, მე იმ ხალხთან ვდგევარ და ეს ლოზუნგი სულაც არ ნიშნავს, არც ამერიკასთან, ევროპასთან თუ რუსეთთან კავშირის გაწყვეტას.

მე ერთი მძიმე კი არა, კაი რამე მინდა ვთქვა – გული მტკივა, ამერიკა საქართველოს მიმართ, რომ დემოკრატიული არ არის და ამას ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაში, რომ მისთვის მისაღები და კარგია ამერიკის ფეხქვეშ გაგებული სააკაშვილი და არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული. რუსეთსაც რომ არ უნდა დემოკრატიული საქართველო, ამას ადასტურებს, რომ მასაც ის უნდა აქ, ვინც რუსებს გაეგება ფეხქვეშ!

რუსეთი 70 წლის მანძილზე ვერ მიხვდა, რომ მას სახელი მისმავე დანიშნულმა ხალხმა გაუტეხა საქართველოში ისევე, როგორც ამერიკის ავტორიტეტი ძირს დასცა და გაანადუგრა ამერიკის დანიშნულმა ხელისუფლებამ. არც რუსეთს და არც ამერიკას არ უნახავთ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. და მე ვარწმუნებ ორივეს, რომ სააკაშვილს მხოლოდ სჭირდება აშშ და ქართველი ხალხი პატივს სცემს მას. სააკაშვილს სჭირდება რუსეთთან ის ურთიერთობა, რომელიც აქვს და ქართველ ხალხს უნდა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა!
შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილმა განაცხადა ირანის ბირთვული პროექტის მხარდაჭერის შესახებ, რითიც მან ამერიკას მიანიშნა, რომ თუ არ დამიჭერთ მხარს, მე წავალ ირანისკენ. ავანტიურისტია სააკაშვილი. ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერზე წავა სკამის გულისთვის.

სააკაშვილის შვილის ნათლიაა ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც გამოვიდა და არჩევნების წინ, მიწასთან გაასწორა იულია ტიმოშენკო. და იმავე დღეს სააკაშვილი ურეკავს ტიმოშენკოს. ეს იმ დღეს იყო, რაც მოვისმინეთ ტელევიზიით. ანუ, მიშამ ერთ წამში გაყიდა ყველაფერი. ნათელ-მირონი დაივიწყა იმ კაცის, რომელიც რას არ აკეთებდა, აქ ჩამოსვლა იყო, თუ სააკაშვილის უკრაინაში მიწვევით მხარდაჭერა, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობა შენარჩუნებოდა.

– ამერიკის დემოკრატიულობა ახსენეთ საქართველოს მიმართ და მე უფრო მეტსაც გეტყვით – ამერიკას და ზოგადად დასავლეთსაც თავისთვის სხვა დემოკრატია აქვთ და ჩვენთვის სხვა. ნუ, ორმაგი სტანდარტები მაგათი მოგონილია. აი ახლა ევროპარლამენტში, თუ ევროსაბჭოში მიიღეს კანონი, რომლის ძალითაც სექსუალურ უმცირესობათა, «ჩვენებურად~ პედერასტების უფლებები მკაცრად უნდა იყოს გარანტირებული და ეს საქართველოსთვის, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნისთვისაც, სავალდებულოა.ამას დაუმატეთ კანონით გარანტირებული რელიგიურ უმცირესობათა, ანუ სექტების, რომელთაც მე ხლისტებს ვუწოდებ, უფლებები და მე მაინტერესებს, თუ ამ საფრთხეებს როგორ უყურებს თემურ შაშიაშვილი.

– მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რამდენიმე შტატში ეს დაშვებულია, ამერიკის ბევრ შტატში, რაც უფრო დემოკრატიულია, მით უფრო არ უშვებენ ამას.

– მთელს მსოფლიოში სიმაღლეებს იღებენ კონსერვატორი, ტრადიციული დემოკრატები. ეს ბოლო წლების ტენდენციაა, კონსერვატორი მხოლოდ პარტიას არ ნიშნავს – ეს არის ტრადიციების, ღირებულებების ერთგულება. უფრო მეტსაც გეტყვით – ამერიკაში თანამდებობიდან მოხსნეს პიროვნება, რომელმაც თქვა, რომ ათეისტი ვარო. ჩვენთან? შინაგან საქმეთა მინისტრია ათეისტი!
ამერიკისთვის ეს მიუღებელია, რწმენის კაცი უნდა იყო! მე მირჩევნია, ვიცოდე ვინ რა რწმენის, რელიგიის მიმდევარია! რადგანაც არც ერთ რელიგიასთან პრობლემა არა მაქვს.

– არა, ბატონო თემურ! ეს გასაგებია, ტოლერანტობა ყველა-ყველა და არავისგან გვესწავლება. ბოლოს და ბოლოს – კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე, ესეც ქართველის ნათქვამია, მაგრამ…პირდაპირ გკითხავთ – იეღოველობა, სექტანტობა რელიგიად მიგაჩნიათ?

– არა, არა! ეს სექტებია. მე როდესაც დავწერე, რომ სამეგრელოში მთავარი იეღოველი განათლების მინისტრის ძმაა, ეს ნიკა გვარამიას მამამაც დაადასტურა, მაგრამ ურთიერთობა არა აქვთ ძმებსო.

მე არ მინდა, ჩემს ირგვლივ, ოჯახში, სამეგობროში ვინმე იყოს სექტანტი, ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და ამას არც დავუშვებ! რა თქმა უნდა მთელი ქვეყნისთვისაც იგივეს ვისურვებდი, მაგრამ თუ არის სადმე სხვაგან, მე მას მუშტს და ჯოხს არ ვურტყამ. ეს არის დემოკრატია. მე არ ვიმეგობრებ მათთან, ახლოს არ გავიკარებ, მაგრამ თუ არის სადმე და უნდა, იყოს იეღოველი, მისი ნებაა!

არა, თქვენ ვერ გამიგეთ. პრობლემა სხვა რამეშია. ისინი ითხოვენ, რომ მათი «რელიგიის~ სტატუსი გაუთანაბრდეს ტრადიციული რელიგიებისას, ჩვენს შემთხვევაში მართლმადიდებელ ეკლესიას. რომ იძახიან, დაანებეთ ამ თეა თუთბერიძეს თავი, არაფერს წარმოადგენს, გაუშვი, ილაპარაკოსო და ა.შ., არ არის ასე. – ამ ბუდარიხას უკან სერიოზული ძალები დგანან, რომელთაც ის ახმოვანებს და არა მხოლოდ საქართველოში არსებულ ძალებს.

– მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც სექტებს არ ებრძვიან. მათ შორის ამერიკაშიც, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ტრადიციულ რელიგიებს სექტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად შვეიცარიაში ბიუჯეტის ერთი პროცენტი რელიგიურ გადასახადებზე მიდის, ანუ, ეს ფული ტრადიციულ კონფესიებზე ნაწილდება. რადგანაც ცნობილია სექტების სიძლიერის საფუძველი, მათი დიდი ფინანსებია, რომელთა წარმომავლობა, როგორც წესი საეჭვო და გაურკვეველია. ამდენად შვეიცარიაში ტრადიციული რელიგიების ფინანსურ სიძლიერეზე ზრუნავენ, რათა ყველაფერთან ერთად, ამ მხრივაც კონკურენტუნარიანნი იყვნენ.
ყველაფერს, რასაც დღეს ვებრძვით, ეს ყოველთვის იყო, მაგრამ კონსერვატიული აზროვნების სიძლიერე არის ის, რომ ესენი მას ვერ მოერივნენ.

– ჰო, მაგრამ ასეთი მასშტაბების არ იყო არასდროს მათი შემოტევა.

– გეთანხმებით, სახელმწიფო გადაწყვეტილებების დონეზე არ იყო. ჩვენ ახლა ვიხსენებთ და 1997 წელს არ იყო, რომ სექსუალურ უმცირესობათა შესახებ კანონი სააკაშვილმა შემოიტანა და ამის წინააღმდეგი კახა თარგამაძე წავიდა. კახა თარგამაძის დამცველი ვერ ვიქნები, რადგან ჩვენ გვქონდა ერთმანეთში რაღაც-რაღაც უთანხმოებები, მაგრამ კახა თარგამაძე მოსკოვში იცხოვრებს, თუ სხვაგან, ის რომ ქართველია გულით და სულით, ამაში ეჭვი არ მეპარება!
– ბატონო თემურ! შარშანდელმა აქციებმა ერთი დადებითი შედეგი ის მოიტანა, რომ ოპოზიციაში მეტ-ნაკლები სახის თვითლუსტრაცია მოხდა. ანუ, გაირკვა ვინ ვინ არის. აქედან გამომდინარე თქვენთვის, როგორც «თეთრების~ პოლიტიკური ლიდერისთვის არის თუ არა გარკვეული იმ პარტიათა რიგი, ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა გექნებათ, ან პირიქით?

– მე, წინასწარ აკვიატებულად არავის ვერჩი. დემოკრატია ის არის, რომ ყველას აქვს არსებობის აზრის გამოთქმის უფლება. ჩვენ ვამბობთ, რომ იყოს არა პიროვნებათა და პარტიათა, არამედ პროგრამების ჭიდილი. ჩვენ შევთავაზეთ ლეიბორისტებს და გამყრელიძეს, როგორც პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს, როგორც გარკვეულწილად ითვლებიან, ან თვლიან მავანნი, მაგრამ მათგან მიხვეულ-მოხვეული უარი მივიღეთ – რატომ დავჭამოთ ერთმანეთიო?

მაშინ ჯერ ირაკლი ალასანია არ იყო პოლიტიკურ ჰორიზონტზე, ხოლო როდესაც გამოჩნდა და გაიგო, ჯერჯერობით მან ერთადერთმა განაცხადა თანხმობა პოლიტიკურ დუელზე. ამისთვის ვაფასებ მას, რადგან ასეთ დუელებში, ან ორივე მხარე მარცხდება, ან ერთი, მაგრამ გამარჯვებული ყველა შემთხვევაში საქვეყნო საქმე რჩება!
იმას უნდა მივაღწიოთ, რომ ასეთი დებატები, პოლიტიკური დუელები ნორმად იქცეს და ვერავინ გაბედოს იმის თქმა – ამასთან არ დავჯდები, იმას არ დაველაპარაკები, რაც ხშირ შემთხვევაში არგუმენტების უქონლობის ცუდად შენიღბული ფორმაა. კი ბატონო,თუ არ გინდა, ნუ ჩაეხუტები, მაგრამ პროგრამების ჭიდილზე უარის თქმა მიუღებელი უნდა იყოს ყველა ნორმალური პოლიტიკოსისთვის. ჩვენ, «თეთრებს~ ყველაფერი გამოქვეყნებული გვაქვს და ყველასთან მზად ვართ, მომავლის ხედვის საკითხებში პოლიტიკური დუელისათვის.
ჩვენ მხოლოდ ერთი ოფისი გვაქვს და მისი შენახვაც გვიჭირს. სულ მიკვირს, სხვა პარტიებს საიდან აქვთ ამხელა სახსრები, რომ მთელი საქართველო მოფენილია მათი ოფისებით. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჭაბუა ამირეჯიბი და მერაბ ბერძენიშვილი კი არ არიან მილიონრები, არამედ ვიღაც კოდუაა მილიონერი.
ჩვენი დევიზია სუფთა ხელებით ვაკეთოთ საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ, როგორც დიდი ილია ამბობდა, საკუთარი აზრებით და ხალხის ცხოვრებით უნდა იცხოვრო. რამდენი არის ასეთი პოლიტიკოსი დღეს? ერთი ხელის თითები ეყოფა სახელმწიფო კაცების ჩამოთვლას. დანარჩენები ქვეყნის გარედან მოწოდებული აზრებით და დირექტივებით ცხოვრობენ მხოლოდ საკუთარი პრივილეგიების მოსაპოვებლად.

ღმერთი ყველაფერს ხედავს. დაუსჯელი არავინ დარჩება, ან აქ, ან იმ ქვეყნად. ან ცოდვის ჩამდენის შთამომავლობას მოეკითხება! არანაირი თანამდებობა, ფული არ მინდა ამ ფასად. მე არ მინდა, რომ ჩემს შვილს ვინმემ რამე წამოაძახოს. მე არ მინდა, რომ ჩემს შვილს ლაჩარი მამა ჰყავდეს. ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ, ეს არის ჩემი კრედო!
ესაუბრა დავით მხეიძე

შანსი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *