(კვირის ქრონიკა)ამ ბოლო პერიოდში ორი რამ მაოცებს

2ამ ყველაფერთან თავიდანვე იყო დაკავშირებული და დღესაც დაკავშირებულია სააკაშვილის მეგობარი _ დავით ბეჟუაშვილი!.. კაცმა თვითმფრინავი იყიდა _ არავის აინტერესებს; მარშალის კუნძულებზე აქვს ფირმები დარეგისტრირებული _ არავის აინტერესებს; რუსთაველის პროსპექტზე თუკი რამე დიდი შენობაა, ყველაფერი მისია და ეს არავის აინტერესებს!..~

`ქრონიკას~ ესაუბრება `თეთრი მოძრაობის~ (თეთრების) ლიდერი _ თეიმურაზ შაშიაშვილი.

_ ბატონო თემურ, შემთხვევითი იყო ის თუ არა, რომ 29 იანვარს, როცა თქვენ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეთ და ზესტაფონის `ფეროსა~ და `ჭიათურმანგანუმის~ შესახებ ისაუბრეთ, სააკაშვილი იმ დღესვე ჩავიდა ზესტაფონში, `ფერო~ მოინახულა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა!..

_ 22 იანვარს, როცა ჩვენ მხილების მუზეუმი შევქმენით, მაშინვე განვაცხადეთ, რომ პირველი მამხილებელი დოკუმენტები გამოქვეყნდებოდა 29 იანვარს, ზესტაფონის `ფეროსთან~ დაკავშირებით. საერთოდ, ზესტაფონის `ფერო~, `ჭიათურმანგანუმი~ და `ვარციხჰესი~, ერთ მთლიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ. ყველას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილი ქაღალდებს ჰაერში აფრიალებდა და გაიძახოდა: ზესტაფონის `ფერო~ და `ჭიათურმანგანუმი~ შევარდნაძის ნათესავებს ეკუთვნითო!.. მაშინ მე ვამბობდი; შევარდნაძის ძმისშვილები და სააკაშვილის მეგობრები, როგორც ზესტაფონში, ასევე ჭიათურაში ძალიან კარგად იყვნენ შეხმატკბილებულები და ყველაფერ ამას მხოლოდ შევარდნაძეს აბრალებენ-მეთქი!.. დრომ ჩემი სიტყვების სიმართლე დაადასტურა, ანუ ეს კვანძი თავიდან ბოლომდე გახდა სააკაშვილის ოჯახის საკუთრება. ახლა ვიკითხოთ, რატომ არის დღეს ეს თემა აქტუალური?.. ეს ყველაფერი ისევ და ისევ სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას უკავშირდება. საქართველოსთვის მანგანუმი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქუვეითისთვის ნავთობი. არადა, მოხდა ისე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სიმდიდრე თავიდან ბოლომდე გაპარტახებულია და მას დაპატრონებულნი არიან სხვები. ერთ კაცზე გაანგარიშებით ენერგორესურსებით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, ხოლო მარგანეცის საბადოების მოცულობის მიხედვით, ვართ მეოთხე-მეხუთე ადგილზე. 1913 წელს საქართველოში იწარმოებოდა მილიონ ტონაზე მეტი მანგანუმი, ანუ ეს მონაცემები 10-ჯერ უფრო მეტია, დღევანდელ მონაცემებთან შედარებით. მანგანუმი იყო საქართველოს ფულის ბეღელი, მაგრამ 10-15 წელი ეს ბეღელი ცალკეულ ხელისუფალთა ოჯახების ფულის ბეღლად გადაიქცა. არ მინდა ის ილუზია შევიქმნა, თითქოს ჩვენი პრესკონფერენციის გამო ჩავიდა სააკაშვილი ფეროში. სააკაშვილმა იქ ჩასვლით უკრაინულ `პრივატბანკს~ უთხრა: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ტიმოშენკოს მხარს დაუჭერთ, მაშინ თქვენ ეს ვეებერთელა კვანძი საქართველოში შეგინარჩუნდებათ, თუ არადა, ზესტაფონის `ფეროს~, `ჭიათურმანგანუმსა~ და `ვერციხჰესს~ გამოემშვიდობეთო.

_ კი მაგრამ, უკრაინული `პრივატბანკი” აქ რა შუაშია?

_ საქმეც ეგ არის, 2007 წლიდან ამ ვეებერთელა კვანძის _ ზესტაფონის `ფეროს~, `ჭიათურმანგანუმისა~ და `ვერციხჰესის~ ოფიციალური მფლობელი გახდა უკრაინული `პრივატბანკი~, რომელიც თავის დროზე იულია ტიმოშენკოსთან იყო დაკავშირებული. ჩვენები უკრაინაში ასე მწარედ რომ იბრძვიან, ეს ჩემთვის გასაგებია, _ ისინი არა მხოლოდ ტიმოშენკოს უჭერენ მხარს, არამედ თავიანთი ბიზნესების გადასარჩენად იბრძვიან!.. რა თანხადაც ხელისუფლებამ უკრაინულ `პრივატბანკს~ ეს ვეებერთელა კვანძი _ ზესტაფონის `ფერო~, `ჭიათურმანგანუმი~ და `ვარციხჰესი~ მიჰყიდა, ორჯერ მეტი თანხა მხოლოდ `ვარციხჰესი~ ღირს.

_ რამდენად გასხვისდა თავის დროზე ეს კომპლექსი?

_ საერთო ჯამში, 100 მილიონ დოლარზე ცოტა მეტად. დაპირებების მიუხედავად, სამივე ობიექტზე კატასტროფულად შემცირდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, არ გაზრდილა ხელფასები და იმის ნაცვლად, მთელი მადანი ჭიათურიდან წამოეღოთ, კოტ-დ’ივუარიდან შემოაქვთ მანგანუმი.

_ სასწაული, პირდაპირ… კოტ-დ’ივუარიდან რა უნდა საქართველოში მანგანუმს, მთელი ჭიათურა მარნაგეცს მიაქვს!..

_ სწორედ ეგ არის ქვეყნის დაქცევის გეგმა, რომელიც სააკაშვილის ოჯახში იწერება. იყო დაპირება, რომ მთელი ეს ობიექტები დარეგისტრირდებოდა საქართველოში, მაგრამ ორივე ფირმა, რომელიც მათ შექმნეს, `ჯორჯიანმანგანეზი~ საქართველოში კი არა, ნიქოზიაშია დარეგისტრირებული, ხოლო მეორე ფირმა, რომელსაც ვალები ჰქონდა, აქ დაარეგისტრირეს. 50 დოლარი ღირს მანგანუმი კოტ-დ’ივუარში, ხოლო აქ 400 დოლარად აფორმებენ. წარმოების დანაკარგი 25-30 პროცენტს შეადგენს. ხედავთ, რა კორუფციასთან გვაქვს საქმე? მეტსაც გეტყვით, პროდუქციის თვითღირებულება 300-400 დოლარიდან აიყვანეს 1100 დოლარზე მაშინ, როცა მსოფლიოს ფასებმა 2 ათას დოლარს მიუკაკუნა. თუ ასეთი სიბნელეა ამ ქვეყანაში, მაშინ მე არ ვიცი!..

_ ესე იგი, ხელოვნურად აკოტრებენ ეს ძაღლიშვილები წარმოებას და ეგ არის!..

_ ჯერ სად ხართ, ამ ყველაფერთან თავიდანვე იყო დაკავშირებული და დღესაც პირდაპირ თუ ირიბადაა დაკავშირებული სააკაშვილის მეგობარი _ დავით ბეჟუაშვილი!.. კაცმა თვითმფრინავი იყიდა _ არავის აინტერესებს; მარშალის კუნძულებზე აქვს ფირმები დარეგისტრირებული _ არავის აინტერესებს; რუსთაველის პროსპექტზე თუკი რამე დიდი შენობაა, ყველაფერი მისია და ეს არავის აინტერესებს!.. მაგალითად, `ოფიცერთა სახლი~ დავით ბეჟუაშვილისაა!.. `ვარდების რევოლუციის~ შემდგომ, ამ საქმეში ზესტაფონისა და ჭიათურის საქმეებში აქტიურად ჩაერთო სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია… ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც ზესტაფონსა და ჭიათურაში ბიზნესის გადანაწილებას მიეძღვნა, ასეთი შემადგენლობისა იყო: თემურ ალასანია, კოკაია, კაპანაძე _ მეტსახელად `რიჟა~, ტარიელ ონიანი, მერაბ ჟორდანია და სურგულაძე. `მანგანუმისა~ და `ფეროს~ გარდა, იქ ფეხბურთზეც იყო ლაპარაკი. შემდგომი შეხვედრა ზესტაფონის თაობაზე რუსეთში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: თემურ ალასანია, კოკაია და კაპანაძე (რიჟა)… სურგულაძე საქართველოში დაკავშირებული იყო ძალიან ბევრ ბიზნესთან და კოტე გაბაშვილის ოჯახთან. ის წაიყვანეს გერმანიაში. ეს ის სურგულაძეა, როცა 2003 წელს ღვინის ფესტივალი ტარდებოდა ლონდონში, რომელმაც 10 მოსაწვევი ბარათი შეისყიდა, მერე ელჩს მოსაწვევი ბარათები სთხოვა კოტე გაბაშვილმა და ერთ-ერთი მოსაწვევი ბარათით ტარიელ ონიანი აღმოჩნდა ლორდებთან და სხვებთან ერთად ფესტივალზე. ასე რომ, ნუ მალავენ ამას _ ტარიელ ონიანი, ციხეში იქნება თუ გარეთ, ის ყოველთვის დაკავშირებული იქნება ზესტაფონისა და ჭიათურის ბიზნესთან. შევარდნაძის დროსაც კოკაია და კაპანაძე მართავდნენ ზესტაფონსა და ჭიათურას…. `ფეროსა~ და `მანგანუმში~ ახლაც ისინი არიან ხელმძღვანელ პოსტებზე. ერთხანობას გაქცეულები იყვნენ ავსტრიაში და იმალებოდნენ, მაგრამ მერე სააკაშვილთან გამონახეს საერთო ენა, ჩამოვიდნენ და ისევ მოაჯდნენ თავზე `ფეროსა~ და `მანგანუმს~. ვადასტურებ იმას, რომ ნუგზარ შევარდნაძე დაკავშირებული იყო `ჭიათურმანგანუმთან~ და ზესტაფონის ფეროსთან, მაგრამ ამ საქმეში არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა გარეული ედუარდ შევარდნაძის სიძე _ გია ჯოხთაბერიძე. საცოდავი ჭიათურელები იღებდნენ მადანს, მადნის შესყიდვას აკეთებდა ბეჟუაშვილი, ხოლო ტრანსპორტირების სისტემას ნუგზარ შევარდნაძე აკონტროლებდა. მადნის ამოღება 500 დოლარი ჯდებოდა, ესენი კი 300 დოლარად ყიდდნენ, ანუ სპეციალურად აკოტრებდნენ ქარხანას, რათა მერე ყველაფერი ხელში ჩაეგდოთ. ამას ვამბოდი მაშინაც, ვაცხადებდი მთავრობის სხდომებზე, ვასახელებდი კონკრეტულ ფაქტებს და გვარ-სახელებს!.. გაკოტრების ჯგუფი, ვინც ამას ხელმძღვანელობდა, დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან. მინდა გაგიმხილოთ ერთი დეტალიც: 2004 წელს, როცა თემურ ალასანია, კოკაია და კაპანაძე რესტორნიდან გამოდიოდნენ, ირაკლი ოქრუაშვილმა ისინი დაიჭირა. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, კოკაიასა და კაპანაძეს 300 ათასი ლარი უნდა მიეცათ თემურ ალასანიასთვის ქრთამის სახით, რათა სააკაშვილს ზესტაფონსა და ჭიათურაში მათ სასარგებლოდ გადაეწყვიტათ საქმეები. ამ საქმესთან დაკავშირებული იყო ცნობილი რუსი `კაგებეშნიკი~ _ გენერალოვი. მერე მანდ რაღაც გარიგება მოხდა და ეს საქმე ჩაშოშმინდა, თორემ დიდი სკანდალები იყო ატეხილი. კაპანაძე ციხეშიც კი გაუშვეს ნარკოტიკის მოხმარებისთვის, მაგრამ მერე, როგორც გითხარით, გარიგება მოხდა. ამის შემდეგ გაიქცნენ ისინი ავსტრიაში, მაგრამ ახლა აქ არიან, ხელმძღვანელ პოსტებზე სხედან და სააკაშვილთან შეხმატკბილებულები არიან. მთელი პრეისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ სააკაშვილი იმდენად იყო შეშინებული იმით, რომ ჩვენ ზესტაფონის `ფეროსთან~ და `ჭიათურმანგანუმთან~ ტიმოშენკოს დაჯგუფების ინტერესების შესახებ არ გვესაუბრა, რომ თავისი ზესტაფონში ჩასვლით დაადასტურა ჩვენი ვარაუდები და სიმართლე.

_ უგულავას გაზეთად წოდებულმა `პრაიმტაიმმა~ იმ სკანდალური აუდიოჩანაწერების შესახებ, რომელსაც თქვენ ფლობთ, დაწერა, რომ თითქოს ეს არის ბინძური ფაბრიკაცია და ნაყალბევი. რას იტყვით?

_ ნახეს, თუ რა იციან მაგათ, რა არის? თავიდანვე ვაცხადებ, რომ საგანგებო ექსპერტიზისა და შემოწმების გარეშე ეთერში არაფერი გავა. მე ძალიან კარგად ვხედავ, რომ ხელისუფლება ამ სახალხო სასამართლოსთან დაკავშირებით ძალიან მწარედ მუშაობს, ძალიან ბევრი ვინმე გადაიბირეს და ძალიან ბევრ ვინმეში განელდა პირველადი სურვილები…

_ ვინ გადაიბირეს, ჩამოთვალეთ!..

_ მოდით, დღეს ნუ დამაკონკრეტებინებთ, ძალიან გთხოვთ!.. სურვილები განელდა პოლიტიკურ ძალებშიც, ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ ეს უდიდესი დარტყმა იქნება ამ ხელისუფლებისთვის. ყველანაირი ფალსიფიცირება აქ გამორიცხულია, რაც გამოვა, გამოვა ნაღდი და გამოვა ზუსტი… მე არ მინდა, წინდაწინ ვისაუბრო რაიმეზე, მაგრამ გეტყვით, რომ მთელი ერთი თვის განმავლობაში იგორ გიორგაძის თემა იქნება ძალიან პოპულარული, რადგან ამით ხელისუფლება შეეცდება, გადაფაროს ყველა დანარჩენი პრობლემა და, უპირველეს ყოვლისა, სახალხო სასამართლოს იდეა. დიახ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ ამ ხელისუფლების ხელში ჟვანია მოკვდა და რატომ არ არის ჟვანიას მკვლელობის საგამოძიებო კომისია შექმნილი? გიორგაძე ახლა არის დაინტერესებული მხარე, მას შეუძლია, ტყუილ-მართლით გასვაროს ყველაფერი და ყველა, და პირიქით, სხვა კალაპოტში გადააგდოს გამოძიება. ამ შემთხვევაში, გიორგაძე არ არის მთავარი ფიგურა, რომელსაც გამსახურდიას მკვლელობის გახსნა შეუძლია, გიორგაძე არის დაინტერესებული ფიგურა, რომელსაც უნდა, რომ თავი ანგელოზად წარმოაჩინოს. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ მინდია უგრეხელიძეს ვერ მოქრთამავენ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის 24 პარტია, რომელიც იქ შეიკრიბა, თუ ისინი ყველაფერს არ მოილაპარაკებენ ისე, რომ უკვე გადაწყდეს სასამართლოს ბოლომდე მისვლის საკითხი, თავისთავად გაჩნდება ეჭვი ყველა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ. კიწმარიშვილი აცხადებს, რომ იმისთვის, რომ `მაესტროს~ რეორგანიზაცია მოხდეს, რათა ეს ჩანაწერები მერე ხარისხიანად გაუშვან ეთერში, რომელიც მთელ საქართველოს დაფარავს, საჭიროა 300 ათასი დოლარი. ეს 300 ათასი დოლარი ერთ პარტიას არა აქვს, მაგრამ იმ 24 პარტიას შეუძლია ამ თანხის შეგროვება. საერთოდ, ამ ბოლო პერიოდში მე ორი რამ მაოცებს _ რატომ ჰგონია საკუთარი თავი ჭკვიანი მას, ვინც ხელისუფლებაში ყოფნით ფული იშოვა და ასეთ ადამიანებს რატომ ჰგონიათ სულელი ის, ვინც ეს არ გააკეთა?.. და კიდევ, რატომ არიან პოლიტიკურად დიდ გულზე ის პოლიტიკოსები, რომლებმაც შექმნეს, აღაზევეს სააკაშვილი და ახლა რომ ჩამოშორდნენ მას, რატომ უნდა დავუკრათ მათ ტაში?

_ ნოღაიდელს გულისხმობთ?

_ არამარტო ნოღაიდელს!.. მაგალითად, მე მის ადგილას პუტინს არ შევხვდებოდი, მაგრამ წარსულში ის ბევრად სწორედ მოიქცა… როგორც ადამიანის, ასევე ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს სანიშანსვეტო მოვლენები და თითოეული ადამიანი და პოლიტიკოსი უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რა დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ის ამა თუ იმ მოვლენასთან. ასე მაგალითად, ვინ უჭერდა მხარს სამოქალაქო ომს და ვის ეჭირა იარაღი? ვინ უჭერდა მხარს ნულოვან ვარიანტს რუსეთთან დაკავშირებით? ვინ აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი? რა პოზიცია ეჭირათ კონკრეტულ პოლიტიკოსებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით? ვინც დსთ-ს დაუჭირა მხარი, ის მე დღეს ჭკუას რატომ მასწავლის? მე გუბერნატორი ვიყავი და შემეძლო ნულოვან აუქციონზე ნახევარი იმერეთი მეყიდა, მაგრამ მაჩვენონ, ერთი ჯიხურიც კი, რომელიც, ჩემი მამაპაპისეული სახლის გარდა, ჩემს საკუთრებაში იქნება… ვინც 2006 წლის 13 ივლისს ვერ გაბედა ის, რომ ხელი მოეწერა სახალხო კრების ჩატარების მემორანდუმისთვის, რატომ არის ის ხალხი დიდ გულზე, ვერ გავიგე? მოწვეულნი იყვნენ და იქ არ მოვიდნენ და რა უნდათ? უფრო მეტიც, მაშინ გვლაძღავდნენ, როგორ შეიძლება სახალხო კრების ჩატარებაო!.. ვინც ირინა ენუქიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, ვინც შვილმკვდარ მამებს შეურაცხყოფა მიაყენა, მე არ მესმის, რატომ არიან ისინი პოლიტიკურად დიდგულზე…

_ ბატონო თემურ, გავიგე, რომ ამ ეროვნული კრების გარშემო თურმე დიდი `ძიძგი-ძიძგი მამალოა~ გაჩაღებული და ვაჭრობა და აღებ-მიცემობაა გახურებული, თუ რომელი პოლიტიკოსი ჩაიგდებს ამ ინიციატივას ხელში… რა ხდება?

_ არ მივიჩნევ, რომ ამის შესახებ დიდი გაწევ-გამოწევა უნდა ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით თუ ვინმეს უნდა ჰქონოდა პრეტენზია `ეროვნული კრების~ სათავეებთან ვინც იდგა, ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიყავით, რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, მაგრამ, როდესაც გამოჩნდა გარკვეული გუნდი ინტელიგენციისა, ჩვენ ვთქვით: ძალიან კარგია, თუ სხვები ჩაატარებენ ამას!.. ახლა ცდილობენ, რომ გაყონ და რაღაც გააკეთონ და ამაში დაინტერესებულები არიან რაღაც ჯგუფები. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამის უკან ფული დგას, თუ აქ ინტერესია მხოლოდ ის, რომ აქ დადგეს გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არჩევნების ჩატარება არ უნდათ და უნდათ ჩაძირონ ის ძალები, რომლებიც არჩევნებზე მიდიან, მაშინ გასაგებია… ჩვენი მიზანი იყო ცალსახა და მარტივი _ `ეროვნული კრება~ უნდა შედგეს იმისთვის, რომ `ეროვნულ კრებაზე~ გაცხადდეს სახალხო სასამართლოს შედეგები და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი აქცია. ეროვნულმა კრებამ უნდა დანიშნოს რეფერენდუმი და ხალხის წინაშე უნდა გაიტანოს ორი კონსტიტუცია, აქედან ერთი იქნება ხელისუფლებისა და მეორე _ ოპოზიციისა!.. ეროვნულმა კრებამ უნდა დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ვინც ასეთი კრების ჩატარებას ხელს უშლის და ვისაც სხვა პროგრამა აქვს, ის თამაშობს სააკაშვილის თამაშს, ვისაც ჰგონია, რომ კრებაზე შეიძლება რაიმე პროგრამა განიხილო, ის თამაშობს ამ ხელისუფლების თამაშს. მივმართავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, რომელმაც გაზეთში დაწერა: ამას მე არ ვიზიარებო!.. ქალბატონო ნონა, აი, ეს არის ჩვენი მიდგომა და რას არ იზიარებთ? თამარ დეკანოსიძის, ეთერ ქემერტელიძის, ჭაბუა ამირეჯიბის ხელმოწერას რომ გვერდზე გადააგდებ და იტყვი, რომ სხვა რამე უნდა ჩაატარო, ეს არის ერის შეურაცხყოფა. ჩვენ ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც არა მხოლოდ ეროვნული კრების მოწვევას უჭერს მხარს, არამედ 2006 წლის 13 ივლისის ხელმოწერებს სცემს პატივს. ის კრება იქნება კარგი, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება. თუ ნუკრი ქანთარია, რომელსაც 2006 წლის შეკრება მიჰყავდა, იმ იდეას სცემს პატივს, ძალიან კარგია… ნუკრი ქანთარია გაზეთში ჩემს შესახებ ასეთ რაღაცას წერს: იქით თემურ შაშიაშვილი ამზადებს რაღაცას, ხოლო აქეთ _ ნინო ბურჯანაძეო!.. მე ბატონ ნუკრის ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე არც იქით ვარ და არც `ეროვნულ კრებას~ არ ვამზადებ, ხედვა მაქვს სწორი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს კრება!..

დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *