(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დასადებად მიმავალი სააკაშვილი შალიკიანის მანქანაში იჯდა…

tem3გარდაცვლილზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი – ამბობენ ძველი რომაელები… მე არ ვაპირებდი ამ მძიმე თემაზე საუბარს, მხოლოდ თანაგრძნობა მინდოდა გამომეთქვა მინსკში ვერაგულად მოკლული ბონდო შალიკიანის ოჯახის მიმართ, მაგრამ ხელისუფლებისგან მართული მედია-საშუალებების მიერ ასგზის განმეორებულ ინფორმაციაზე „იმერეთის ექს-გუბერნატორი შალიკიანს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებდა“ – კომენტარი უნდა გავაკეთო, არავის მივცემ უფლებას ის ცნობილი დაპირისპირება პიროვნულ ჭრილში გადაიტანოს…

ვამბობდი და გავიბეორებ ახლაც, ქევყნისთვის საშიშია და უბედურების მომტანია პოლიტიკოსი, რომელიც ქურდულ სამყაროსთან მიდის მოლაპარაკებებზე… ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან სააკაშვილმა მერე გამოაცხადა, როცა ეს კავშირები მისთვის უკვე მაკომპრომენტირებელი იყო… ხელისუფლებაში მოსვლამდე კი მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ბონდო შალიკიანის დახმარებით შესძლო ამ კავშირებზე გასვლა. მე დავუპირისპირდი სააკაშვილ-შალიკიანის ტანდემს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ შალიკიანი იყო სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა, იმერეთის (შალიკიანის) ტელევიზია იყო სააკაშვილის რუპორი, 2003 წლის 1 ნოემბერს სწორედ ამ ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან განაცხადა სააკაშვილმა: „თუ ამ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში შევარდნაძე დარჩება, ჩემს გვამზე გადაიარეთო“… სააკაშვილის ინაოგურაცია ქუთაისში სწორედ შალიკიანის პატრონაჟით ჩატარდა, გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დასადებად მიმავალი სააკაშვილი შალიკიანის მანქანაში იჯდა…

სააკაშვილის უშუალო ლობირების შედეგად დარჩა შალიკიანი პარლამენტში მაშინ, როცა საარჩევნო კომისიამ ეჭვქვეშ დააყენა ტყიბულში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. დღეს რომ აცხადებს სააკაშვილი, რომ ორი კორიფე – ძმები კუბლაშვილები ჰყავს გუნდში, ეს კორიფეები მაშინ, ტყიბულში, რატომ არ დაასახელა დეპუტატად?! იმიტომ, რომ მაშინ შალიკიანის კავშირები სჭირდებოდა… ქუთაისის საკრებულოში სწორედ ბონდო შალიკიანმა შექმნა ფრაქცია „ნაციონალები“. „ლომის წილი“ მიუძღვოდა ბონდო შალიკიანს სააკაშვილის პოპულარიზაციაში და ამას ვუპირისპირდებოდი, ამ ტანდემს… თუ ამას დავუმატებთ იმ ინფორმაციებს, რომელიც სააკაშვილ-შალიკიან-ონიან-თემურ ალასანიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, არ არის ძნელი ჩემი დაპირისპირების მიზეზის გაგება…

ძნელია, მოძებნო მეორე ადამიანი, ვინც ბონდო შალიკიანზე მეტად დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს 2003 წლის არჩევნებში და სააკაშვილის სივერაგე, არაკაცობა, მზაკვრობა და სიშლეგე სრულად გამოვლინდა მასთან ურთიერთობაში…

მე არ ვიცი, ეს მკვლელობა რასთანაა დაკავშირებული – ბიზნესთან, კრიმინალთან თუ იმ ინფორმაციებთან, რომელიც ბონდო შალიკიანს ჰქონდა და რომლის გახმაურებასაც, როგორც ამბობენ, წინასაარჩევნოდ აპირებდა, მაგრამ ერთ რამ ნამდვილად დამაფიქრებელია – მოსკოვში მოკლული გენერალი დუმბაძეც, ასევე ზღვა ინფორმაციის მცოდნე იყო, მისი მკვლელობაც ბიზნეს ინტერესებს დაუკავშირეს…

გამომდინარე ზემოთქმულიდან ჩნდება კითხვა – ამ „ბიზნეს ინტერესებმა“ სააკაშვილის და მისი ჯგუფის ინტერესები ხომ არ გადაკვეთა სადმე – რამე მათთვის არასასურველ დროს და არასასურველ ადგილას?!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *