(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი:”თუ ბიძინა ივანიშვილი ასეთ არასერიოზულ განცხადებას გააკეთებს, ამით საკუთარ ერისკაცობასაც და პოლიტიკოსობასაც ხაზს გადაუსვამს”

394113_404240929644629_1530168770_n– ბატონო თემურ, დიდი რეზონანსი და აჟიოტაჟი მოყვა „ასავალ-დასავალში” ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. ქართული ოცნების ლიდერმა ქართველ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან რამდენიმე ახალი და მნიშვნელოვანი გზავნილი მიაწოდა. პირადად თქვენთვის, როგორც პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერისა და სახალხო კრების წევრისათვის, რა იყო საყურადღებო და მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში?

– ბევრი ბიძინა ივანიშვილს უყურებს, როგორც ბიზნესმენსა და მეცენატს, მე კი მას ყოველთვის ვუყურებდი, როგორც სახელმწიფო კაცს, სახელმწიფო მოღვაწეს, ხოლო თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სერიოზული პოლიტიკოსი!

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სახალხო კრების მიმართ თავისი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა, მე მაინც ვთვლი, რომ დღეს რეალურად ბიძინა ივანიშვილი არის დიდი შანსი, რათა საქართველო ამ ჭაობიდან ამოვიდეს!

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას სახალხო კრების და განსაკუთრებით ნინო ბურჯანაძის მიმართ, არ მინდა ვიფიქრო, რომ ბატონი ბიძინა ამ საკითხში ხელისუფლების პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. დიახ, სააკაშვილმა დიდი ფული დახარჯა იმისათვის რომ ევროპელები დაერწმუნებინა, თითქოს სახალხო კრებას ძალისმიერი მეთოდებით უნდოდა ხელისუფლების დამხობა.

არა, ბატონებო, და ბატონო ბიძინა, სახალხო კრება ხელისუფლების ძალადობრივად დასამხობად კი არ დაფუძნებულა, სახალხო კრება დაფუძნდა იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ისეთიგარემო, სადაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამგზით ხელისუფლების შეცვლა იქნება შესაძლებელი!

ყველა, ვინც ამბობს, რომ სახალხო კრებას რევოლუციის მოწყობადა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა უნდა ცდება, ან შეგნებულად ცრუობს!

არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ან ერთთან გვქონდეს საქმე, ან მეორესთან!

– სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი სახალხო კრების მიმართ დადებითად არის განწყობილი. ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ იგი არ იზიარებს ჩვენს პროდასავლურ კურსს და ხელსიუფლების ქუჩიდან შეცლის მომხრეა, როს გამოც ჩვენთვის მიუღებელიაო.

– კი, მაგრამ ასეთი განცხადებით ბიძიან ივანიშვილი ხომ ყველას გვაყენებს შეურაცხყოფას? დიას,პირადად მეც მაყენებს შეურაცხყოფას! მე პროდასავლური კურსი კი არ მინდა, ქართული კურსი მინდა და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ქართული არ არის პროდასავლური?! დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომის მოგებით მთელი ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა და ამაზე დიდი პროდასავლურობა რა გინდათ?!

ჩვენს ოფისში ასეთი წარწერა გვაქვს გამოკრული: „საქართველოს გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე“. ერთხელ ამერიკელი სტუმრები გვყავდა და ერთ-ერთმა მითხრა, გირჩევთ, რომ ეს წარწერა მოხსნათ, რადგან ვერც ამერიკა, ვერც რუსეთი ვერ იტანს ისეთ ხელისუფლებას პატარა ქვეყნებში, რომლებსაც გარედან არ მართავსო. ამ წარწერას არათუ მოვხსნი, ყველა ოთახში გავაკრათ მეთქი!

დიახ, საქართველო დაღუპეს სწორედ გარედან მართულმა ხელისუფლებებმა! საქართველოს არა აქვს მომავალი ამერიკასთან დიდი ურთიერთობების გარეშე, საქართველოს არა აქვს მომავალი რუსეთთან დიდი ურთიერთობების გარეშე, მაგრამ საქართველოს არ სჭირდება არც ამერიკიდან, არც რუსეთიდან მართული ხელსუფლება!

სხვათაშორის, ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ 2003 წელს ჩვენ რომ რევოლუციას ვაწყობდით, შევარდნაძის ხელისუფლების წევრები, მინისტრები, თუ მინისტრის მოადგილეები, შევარდნაძის ზურგს უკან გარიგებებს აწარმოებდნენ, დღეს კი ეს ხალხი მაღალი ტონალობით მელაპარაკებაო! დღეს ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას და ვინ იცის, მის ზურგს უკან ვისთან აწარმოებენ გარიგებებს და მოლაპარაკებებს!

– ბატონო თემურ, რომ გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი და თქვას, ჩემთვის სახალხო კრება თავიდან ბოლომდე მისაღებია, მათთან ვითანამშრომლებ, ოღონდ ნინო ბურჯანაძეს გაემიჯნეთო, ასეთ შემთხვევქაში კრება როგორ მოიქცევა?

თუ ბიძინა ივანიშვილი ასეთ არასერიოზულ განცხადებას გააკეთებს, ამით საკუთარ ერისკაცობასაც და პოლიტიკოსობასაც ხაზს გადაუსვამს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი არასერიოზული განცხადება გააკეთოს!

კიდევ ვიმეორებ, თუ ბიძინა ივანიშვილი იმას იტყვის, რომ სახალხო კრება კარგია, ნინო ბურჯანაძე კი ცუდია, რომ სახალხო კრება ჩვენს გვერდით უნდა იყოს, ნინო ბურჯანაძე კი არაო, ეს იქნება არა მარტო ნინო ბურჯანაძის, არამედ კრების თითოეული წევრის შეურაცხოფა! სახალხო კრების არც ერთი წევრი ბიძინა ივანიშვილის ამ წინადადებას არ მიიღებს!

ახლა კი ერთი ძალიან საინტერესო და საგანგაშო ანალიზი მინდა შემოგთავაზოთ. ამ ხელისუფლებას ხომ ძალიან უყვარს რეიტინგები და ხომ გეუბნები მივაღწიეთ, მსოფლიოში ბევრი რამით პირველ ადგილზე ვართო? სინამდვილეში, არ გაინტერესებთ რითი ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე?

– ძალიან მაინტერესებს და ყურადღებითაც გისმენთ!

– მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ქვეყნის გაყიდვის სიმარტივის მიხედვით!

– მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვი!

– მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ მასწავლებლისა და ექიმის ხელფასის სიმცირის მიხედვით!

– მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ პენსიის სიმცირის მიხედვით!

– მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ლომბარდების რაოდენობით მიხედვით!

– მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიხედვით!

აი, ასეთი მძიმე კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა ამ ხელისუფლებამ და დღეს პოლიტიკოსები პარლამენტისკენ კი არ უნდა იყურებოდნენ და იმაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, დეპუტატის რამდენი მანდატი ჩაიდონ ჯიბეში, არამედ ყველას ერთადერთი საზრუნავი უნდა გვქონდეს: როგორ გავათავისუფლოთ საქართველო ამ ბოროტმოქმედი რეჟიმისაგან!

დიახ, დღეს საქართველოს არა სკამისკენ მომზირალი, არამედ თავგანწირული პოლიტიკოსები სჭირდება! მე, თემურ შაშიაშვილი, მზად ვარ ამ თავგანწირვისათვის!

დიახ, მირჩევნია, ამ რეჟიმთან ბრძოლას შევეწირო, ვიდრე შევეგუო იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *