(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: “პოლიტიკოსებს არ შეგვწევს ძალა, რომ ამ ჭაობიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა, ამიტომაც გამოჩნდა კაცი, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ამოიყვანოს ჭაობიდან!

temuri1ვესაუბრებით პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერის, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს თემურ შაშიაშვილს.

– ბატონო თემურ, როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში და რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ სახელგანთქმული ქართველი ბიზნესმენი და ქველმოქმედი სააკაშვილის პროპაგანდამ „რუს ოლიგარქად“ და „კრემლის მარიონეტად“ გამოაცხადა?

– როცა გვერდით გყავს ბენდუქიძე, რომელმაც რუსეთში იშოვა მილიონები და და რომელმაც რუსეთს მიჰყიდა საქართველოს სტრატეგიული ობიექტები. ივანიშვილის „რუსულ ფულზე“ რა ნამუსით ლაპარაკობ? საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმაც თქვა, ძალიან ბევრი რუსი ბიზნესმენიც დიდ სიმდიდრეს ფლობს საქართველოშიო. ე.ი ევროპაშიც იციან , რომ საქართველო თითქმის მთლიანად რუსული კაპიტალის ხელშია და ეს უტიფარი ხელისუფლება ივანიშვილის „რუსულ ფულზე“ ლაპარაკობს?

ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარს რომ აშენებდა, უნივერსიტეტს რომ რეკონსტრუქციას უკეთებდა, მაშინ არ იყო რუსი ოლიგარქი და ახლა, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, რუსი ოლიგარქი გახდა?

ერთი რამე მიხარია ძალიან: მთელი საქართველო ახლა მაინც გაიგებს, რომ რითაც სააკაშვილი ტრაბახობდა, ეს გავაკეთე და ის ავაშენეო, სინამდვილეში ყველაფერი ივანიშვილის გაკეთებულია!

მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსები ხალხთან მართლები არა ვართ. ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. რა მდგომარეობაშიც არის დღეს ქვეყანაში ეს ჩვენი – პოლიტიკოსების ბრალია, ჩვენ ჩავაგდეთ ხალხი ამ მდგომარეობაში. დიახ, დღეს ქართული პოლიტიკა არის ჭაობში, ჩვენ პოლიტიკოსებს არ შეგვწევს ძალა, რომ ამ ჭაობიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა, ამიტომაც გამოჩნდა კაცი, სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ამოიყვანოს ამ ჭაობიდან და ეს კაცი არის ბიძინა ივანიშვილი.

2005 წლიდან ვიძახი და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რომ გავიწიოთ გვერდზე და მოვიდეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. პროფესიონალთა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებს. ივანიშვილი არის პროფესიონალი.

შეიძლება ვიღაცა მას უყუერბს, როგორც ფულის ტომარას, მაგრამ ივანიშვილი არ არის ფულის ტომარა, ის არის წარმატებული კაცი, რომელსაც შეუძლია წარმატება მოუტანოს ქვეყანას!

– თუმცა, ბატონო თემურ, თქვენ ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ გაგიკრიტიკებიათ.

– დიახ, გამიკრიტიკებია! მე ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი პენსიას კი არ უნდა აძლევდეს მეცნიერებს, არამედ მეცნიერების განვითარებაში უნდა დებდეს ფულს. ვამბობდი, რომ პენსიას კი არ უნდა უნიშნავდეს მწერალს, ახალი წიგნის გამოცემაში უნდა ეხმარებოდეს.

შემდგომში მე ბიძინა ივანიშვილისაგან მისი ახლობელი ადამიანების მეშვეობით მივიღე ასეთი პასუხი: სწორია, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ ამ ხელისუფლების ხელში ამის გაკეთება შეუძლებელია. როდესაც იქნება ნორმალური ხელისუფლება, ფული ჩაიდება სწორედ მეცნიერების, კულტურის და ხელოვნების განვითარებაშიო.

იმერეთიდან მოყოლებული ვიცი, რას აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, ვიცი, როგორი ეროვნული და ადამიანებზე შეყვარებული კაცია.

ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი აწრუწუნდა, გამორიცხულია, ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, არ მივალთ ივანიშვილთანო. კი მაგრამ, ვინ გეძახით?

– თქვენ რომ დაგიძახოთ ბიძინა ივანიშვილმა, მიხვალთ?

– ოღონდ ეროვნული ხელისუფლება მოვიდეს ქვეყანაში და მე რომ მითხრას არ ხარ საჭირო, გაიწიე, წადი ქვეყნიდანო, ავდგები და წავალ. მე მინდა ქვეყნის სიძლიერე და არა ის, რომ ხელსუფლებაში ვიყო. დააკვირდით, რა არის ივანიშვილის ფორმულა – ორი-სამი წლით უნდა მოვიდეს პროფესიონალი ხელისუფლება, რომელიც შექმნის დემოკრატიულ გარემოს. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება დღეს საქართევლოს გაუკეთო.

რუს ოლიგარქს რომ ეძახიან ივანიშვილს, მე გეტყვით ერთ რამეს: ყველაფერი, რაც მან გააკეთა საჩხერეში, ფრანგული მოდელით გააკეთა. ფრანგული მოდელით გააკეთა სკოლის, ჯანდაცვის, ურბანიზაციის, ასფალტის წარმოების, გზების დაგების მოდელი გადმოიტანა ევროპიდან

ერთი რამ ფაქტია: ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით საქართველოში მთავრდება შიშისა და სასოწარკვეთის ეპოქა და იწყება დიდი იმედის ეპოქა!

– როგორც ჩანს, სააკაშვილის პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ძალიან უძლურია, იმიტომ, რომ სვიმონ მასხარაშვილისა და სოსო ცინცაძისნაირი ადამიანების მეშვეობით ცდილობს მის გაშავებას. ამაზე რას იტყვით?

-ერთი ძველი გამონათქვამი მახსოვს ბაბუაჩემისაგან. სოფელში შესული კაცი ყველა ძაღლს, რომელიც მას ყეფას დაუწყებს, ქვას თუ ესვრის, სოფლის ბოლოში ვერ გავა და საქმეს ვერ გააკეთებსო. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არ უნდა მოცდეს იმაზე, რომ სააკაშვილის ყველა ლაქიას ყეფას პასუხი გასცეს!

სხვათა შორის, არასწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რომ ივანიშვილი საფრანგეთსა და რუსეთში თავისი ბიზნესების გაყიდვას აპირებს.

– მან განაცხადა, ამას იმიტომ ვაკეთებ, ქართველ ხალხში რაიმე უხერხულობა და გაუგებრობა არ გამოვიწვიოო…

– პირიქით, საამაყოა ის, რომ ქართველი კაცი საფრანგეთსა და რუსეთში არის წარმატებული!

დიახ, დღეს საქართველოს სჭირდება რომელიმე სფეროში წარმატებული კაცი. შეხედეთ, ვინ წალეკა ქართული პოლიტიკა. ერთხელ რომ სოფლის გამგებელი არ ყოფილა, სკოლის დირექტორი არ ყოფილა, წარმოების მუშადაც კი არ უმუშავია, სოფელი არ იცის, მერი არ ყოფილა, გუბერნატორი არ ყოფილა, ბიზნესმენი არ ყოფილა და ისე, რომ ცხოვრებაში არაფერი არ უკეთებია, პირდაპირ პოლიტიკაში მოვიდა. აი, ასეთი ხალხით არის დღეს წალეკილი ქართული პოლიტიკა. ამ დროს კი მოდის წარმატებული კაცი, რომელიც აცხადებს, მე მოვდივარ არა პოლიტიკოსობისათვის, არამედ სახელმწიფო მოღვაწეობისათვის.

დიახ, პოლიტიკოსი არჩევნებზე ფიქრობს, სახელმწიფო მოღვაწე კი ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, რომლებიც ვფიქრობთ არჩევნებზე. დღეს საქართველოს სჭირდება არა არჩევნებზე მოფიქრალი კაცი, არამედ ქვეყანაზე მოფიქრალი კაცი! აი, ეს განსხვავებაა ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, პოლიტიკოსებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის.!

– ბატონო თემურ, ბევრი ავლებს პარალელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასა და ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლას შორის თქვენ რა მსგავსებებსა და განსხვავებებს ხედავთ?

– ბადრი პატარკაციშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ სხვის მიერ დაწყებულ პოლიტიკურ პროცესში შევიდა. გარდა ამისა, ბადრი პატარკაციშვილი, ფაქტობრივად იმ ხალხის მძევალი გახდა, ვინც იგი პოლიტიკურ პროცესში შეიყვანა და იძულებული გახდა ის ეკეთებინა, რაც უნდოდა. დიახ, პატარკაციშვილს არ უნდოდა, პრეზიდენტობის კანდიდატად დაეყენებინა საკუთარი თავი, მაგრამ იძულებული გახდა,ეს გაეკეთებინა.

ბადრი პატარკაციშვილი მე ტელეფონით მესაუბრა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, და ვუთხარი: თქვენი პროგრამა ჩვენთვის მიუღებელია, არ შეიძლება უფასო გაზი და ელექტროენერგია მისცე ადამიანებს. ნამდვილი ხელისუფალი ის არის, ვინც ჯიბეში ფულს აჩენს და მას გადამხდელუნარიანს ხდის – მეთქი. პატარკაციშვილმა მითხრა, მეც ასე ვფიქრობ და თუ თქვენ გაქვთ რაიმე პროგრამა, მომაწოდეთო. გავუგზავნე მას ჩემი პროგრამა, წაიკითხა დამირეკა და მითხრა, ამ პროგრამის რეალობაში გასატარებლად ბოლო ცენტს გავიღებო. ლონდონში დამპატიჟა, ჩამოდი, შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. ბრიტანეთის საკონსულოში ვიზის ასაღებად ვიყავი მისული, როცა გავიგე, რომ პატარკაციშვილი გარდაიცვალა.

პატარკაციშვილი იძულებული გახდა, ისე სწრაფად გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები და პრეზიდენტობაზე ეყარა კენჭი, რომ საქართველოს გარეთ ურთიერთობები ვერ დაალაგა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილმა მთელი ამ ხნის განმავლობაში გარეთ ურთიერთობები დაალაგა და მერე გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მისვლაზე. აი, ეს არის ივანიშვილის მთავარი პლუსი და უპირატესობა!

მიაქციეთ ყურადღება, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის საფრანგეთის მოქალაქე, თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დღეს გააკეთა უმნიშვნელოვანესი სიმართლით სავსე განცხადება! საფრანგეთის პრეზიდენტმა უნდა იამაყოს, რომ საფრანგეთის მოქალაქე ქართველმა მისი თბილისში ყოფნის დღეს დიდი ქართული სიმართლე თქვა! სარკოზის თუ უნდა საქართველოს დიდი საქმე გაუკეთოს, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სიმართლე უნდა მიიტანოს ევროპის ლიდერებამდე!

– სარკოზის თბილისში ვიზიტსა და სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

– სარკოზიმ თავისი გამოსვლით თავდაყიდა დააყენა სააკაშვილის ხელისუფლების მთელი იდეოლოგია. სარკოზის სიტყვით გამოსვლას დავარქვი ევროპის სიტყვა მომავლის საქართველოსათვის!

თუმცა, შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ უქმედ გამოაცხადეს სარკოზის ვიზიტის დღე, შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ ამდენი ათასი კაცი 3-4 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა და ელოდებოდა სარკოზის ჩამოსვლას. სარკოზიმ ნახევარი საათითაც კი არ იკადრა ფეხზე დადგომა და ფეხიფეხგადადებული იჯდა სცენაზე დადგმულ სკამზე. და მაინც, ის სიტყვა, რაც სარკოზიმ წარმოთქვა, მართლაც იყო ევროპის სიტყვა მომავლის საქართველოსთვის.

სიმართლე გითხრათ, არც კი მეგონა, რომ სარკოზი გაბედავდა და თბილისში, ათიათასობით ადამიანის თვალწინ ამდენ რამეს იტყოდა რუსეთის სასარგებლოდ!

– რუსეთის სასარგებლოდ რა თქვა სარკოზიმ?

– მან თქვა, რომ საფრანგეთი რუსეთს სტრატეგიულ მეგობრად მიიჩნევს. აგერ, პირდაპირ ციტატას მოგიყვანთ სარკოზის გამოსვლიდან:

„საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს და მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს,რადგან ჩვენი ბედი ურთიერთდაკავშირებულია ჩვენ ერთად – ევროპელები და რუსები უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხების მდგრად კეთილდღეობას, ჩვენი კონტინენტის სტაბილურობასდა განვაგრძობთ მსოფლიოში გავლენის შენარჩუნებას ისე, რომ სხვებმა თავისი წესი არ მოგვახვიონ თავს!“

გესმით, რა თქვა სარკოზიმ? პირდაპირ გვითხრა, თქვენ რუსეთთან მეგობრობის გარეშე განვითარების პერსპექტივა არ გაქვთო. ამას ქართველი რომ ამბობს, რუსეთის აგენტად აცხადებენ. თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის ყველაზე დიდი აგენტი სარკოზი ყოფილა.

რაც შეეხება სააკაშვილის გამოსვლას, მან თავი რამდენჯერაც ასწია, იმდენი სისულელე თქვა. სააკაშვილის სიტყვა თავიდან ბოლომდე იყო საწინააღმდეგო იმ სიტყვისა, რაც სარკოზიმ წარმოთქვა.

დავფიქრდეთ, ხალხო, მთელი ევროპა და ამერიკა გვეუბნება, თუ არ დაილაპარაკებთ აფხაზებთან და ოსებთან, თუ არ დაალაგებთ ურთიერთობებს რუსეთთან, მომავალი არ გაქვთო. ერთადერთი, რაც რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას უშლის ხელს, ეს არის სააკაშვილი და რა ვქნათ ქართველებმა, სააკაშვილს გადავაყოლოთ საქართველოს მომავალი? ამ ერთ დამნაშავეს გავუგოთ ფეხქვეშ მთელი ქვეყანა?

დაბოლოს, ჩვენ გვაქვს მეცნიერების მიერ გაკეთებული ანალიზი, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში. ეს ანალიზი ჩვენ დავუგზავნეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ახლა ავპირებ, რომ ეს ანალიზი გავუგზავნო საქართველოს პატრიარქს, მეცნიერებათა აკადემიას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მეცნიერების კვლევა, რომლითაც დადასტურებულია, რომ დღეს სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოსახლეობის გენოციდს!

თუ ამ ანალიზს გულდასმით გაეცნობა ბატონი ბიძინა. გაოგნებული დარჩება. რადგან დღეს ქვეყანაში იმაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია.

დღეს ამ ქვეყანას სჭირდება ეროვნული ხელისუფლება, პროფესიონალი ხელისუფლება და ბედნიერებაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ასეთ მძიმე დროს გადაწყვიტა, ქვეყნის გადარჩენა თავის თავზე აიღოს!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *