(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: “რუსეთში შეიქმნა „სამეგრელოს მხარდაჭერის კომიტეტი“

779ვესაუბრებით პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერს, წარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს თემურ შაშიაშვილს:

– პირველ რიგში, სანამ რამეს მკითხავდეთ ყველას, ვინ გაიზიარა ჩემი მწუხარება დედის გარდაცვალების გამო, მინდა, მადლობა ვუთხრა. მადლობა „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, სხვა რედაქციებს, პოლიტიკოსთებს, პარტიებს, რომლებმაც ჩემთვის მძიმე წუთებში თანაგრძნობა და თანადგომა გამომიცხადეს. რომ არ მოველოდი, მართლაც ისეთი თანადგომა ვიგრძენი ბევრისგან და კიდევ ერთხელ ყველას ვუხდი დიდ მადლობას!

– ბატონო თემურ, როგორც პირად საუბარში მითხარით, დედათქვენის ქელეხის შემდეგ რაღაც ინცინდენტს ჰქონია ადგილი…

– დიახ, ქუთაისში, იმ დარბაზში, სადაც დედის ქელეხი გადავიხადე. მეორე დღეს შევარდა რვა ნიღბიანი პოლიციელი, დააპატიმრეს ამ დარბაზის მენეჯერი ქალბატონი და 3-4 საათის განმავლობაში წაყვანილი ჰყავდათ. მინდა ვიფიქრო, რომ ეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ გამორიცხულია, რომ ასე არ იყოს.
საქმე ის არის, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდა პოლიციურ ქვეყნად და ეს არის სამარცხვინო ყველა ქართველისათვის, ვისაც ღირსება გააჩნია. ნიღბიანი პოლიციელი – ეს არის ქართველი კაცისათვის სულში ჩაფურთხება. საერთოდ, ამ ქვეყანას ჰყავს ნიღბიანი ხელისუფლება!

ქუთაისში ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი და ხალხს რომ ველაპარაკებოდი, ხალხი იყო გაოგნებული!

– რატომ იყო გაოგნებული?

– მეუბნებოდნენ, თქვენ სხვა რაღაცას გველაპარაკებით და ნახეთ, ტელევიზიები რას გადმოსცემენო. ერთმა ადამიანმა მითხრა, ტელევიზიებს რომ ვუყურებ, მგონია, რომ ქვეყანაში 99% კარგად ცხოვრობს, მარტო მე ვცხოვრობ ცუდად და იმედი მაქვს, ხვალ მეც კარგად ვიცხოვრებო. წარმოგიდგენიათ, რას აკეთებენ ტელევიზიები? ეს ტელევიზია კი არა, ეს არის ტერორიზმი! დიახ, „პირველი არხი“, იმედი“, „რუსთავი-2“ – ესენი არიან სახელმწიფო ტერორისტები!

მინდა გითხრათ, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანაში გააჩინა სახელმწიფო ტერორიზმის და პოლიციური რეჟიმის მთავარი „მოღვაწე“ – დამსმენი და ენის მიმტანი! მეზობელი მეზობელს აღარ ენდობა, რადგან ფიქრობს, რომ დამსმენია. ოთხი-ხუთი კაცი ერთად რომ შეიკრიბება, ერთმანეთში თავისუფლად ვერ ლაპარაკობენ, რადგან ყველას სათითაოდ ჰგონია, რომ მათ შორის ვიღაცა დამსმენია. ეს არის დიდი უბედურება, უფრო დიდი უბედურება, კი ის გახლავთ, რომ ამ ხელისუფლებამ დამსმენები და ენის მიმტანები ეკლესიაშიც კი დანერგა!

– რას გულისხმობთ, ბატონო თემურ, ეკლესიაში ვინ არიან დამსმენები და ენის მიმტანები?

– რამდენიმე დღის წინათ შევხვდი ერთ-ერთ მეუფეს და ეს ადამიანი იყო უკიდურესად აღშფოთებული, ყველა ტაძარში თითო სასულიერო პირის ფუნქცია მერაბიშვილთან ენის მიტანა არისო! წარმოგიდგენიათ, ხალხო, სადამდე მივედით? საქართველოში ტაძრები მერაბიშვილის მსტოვრებით გაივსო!

ეს რა სახელმწიფოა? ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება ქართველებო?! ენის მიმტანთან, დამსმენთან, ჩამშვებთან, საყოველთაო ბრძოლა უნდა გამოცხადდეს ქვეყანაში!

ქუთაისში ყოფნისას ბევრი ისეთი რამე ვნახე და მოვისმინე, რომ ყურებს არ ვუჯერებდი!

– რა ნახეთ ასეთი?

– საითაც გავიხედე და ვიკითხე, ეს ობიექტი ვისია, ამ შენობას ვინ აშენებს, ეს ავტოსადგური ვის ეკუთვნის-მეთქი?- ყველაფერზე მითხრეს, ამ დეპუტატს ეკუთვნის, იმ დეპუტატის არისო.

რაღაც უცნაური ფორმისა და მოყვანილობის ავტობუსები დადიან ქუთაისში, ჩავჯექი, ვიკითხე, ვინ შემოიყვანა ეს ავტობუსები მეთქი და მითხრეს ავტობუსები კოხოძის არისო. ვინ არის კოხოძე? ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც არჩევნების დროს 600 ათასი ლარი გადარიცხა „ნაციონალების“ ყულაბაში. საიდან აქვს კოხოძეს ეს ფული? ეს არის ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული!

დღეს იცით, საქართველოში ბიზნესი რას ნიშნავს? ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულის გადანაწილებას ხელისუფლების შტოებს შორის – აი, ეს არის დღეს ბიზნესი საქართველოში.

შემირცხვენია ის ქართველი, რომელსაც ამის მოთმენა შეუძლია! მე, თემურ შაშიაშვილი, ვიყავი მერი, ვიყავი გუბერნატორი და დღეს ჩემი მტრები რომ არიან, თუნდაც იმათ მითხრან, ერთი თეთრი წილი თუ მქონია ოდესმე რომელიმე ბიზნესში?

ამათ შეჭამეს მთელი საქართველო, თავზე დაგვასხდნენ და ეს გვინდა?! ამას ვითმენთ?!

წარმოიდგინეთ, იმერეთში კაცმა ტყიდან ფიჩხი რომ გამოიტანოს, ამისი ნებართვა ჩინელებმა უნდა მისცენ! ქუთაისში ერთ-ერთ სტადიონზე ჩინელები ფეხბურთს თამაშობდნენ, ამ დროს მოვიდა გუნდი, რომელსაც ამ სტადიონზე უნდა ევარჯიშა. ჩინელებმა უთხრეს სანამ ჩვენ თამაშს არ მოვრჩებით თქვენ აქ ვერ ივარჯიშებთო. ატყდა ჩხუბი, ჩინელებმა სცემეს ოთხი ქართველი, პოლიციამ ის ოთხი ნაცემი ქართველი დააპატიმრა, ჩინელებისათვის კი ხმა არავის გაუცია!

ბათუმში ხომ გაჩნდა უკვე თურქული დასახლებები, თურქული უბნები? ახლა ქუთაისში ჩნდება ჩინური და ინდური დასახლებები.

– მერე რა მოხდა, ბატონო თემურ, არ იცით, რომ ამის გაპროტესტება ქსენოფობიაა?

– საქართველოში რომ ყველაფერი უცხოელებმა ჩაიგდეს ხელში და ქართველს აღარაფერი ეკუთვნის, ამის თქმა ქსენოფობიაა?

ქსენოფობია კი არა, საქართველოს საბოლოოდ დაშლას ამზადებენ და ცოტა ფრთხილად ვიყოთ!

– რას ნიშნავს საქართველოს საბოლოოდ დაშლას ამზადებენ?

– რუსეთში შეიქმნა „სამეგრელოს მხარდაჭერის კომიტეტი“, სადაც გაერთიანებულია ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც სამეგრელოს დამოუკიდებლობაზე ფიქრობენ!

ჩვენ სააკაშვილის პოლიტიკას დავანგრევინეთ საქართველო და თუ სწრაფად არ გავთავისუფლდით ამ უბედურებისაგან, საქართველოს საბოლოოდ დაშლიან!

– კი, მაგრამ, ვინ არიან ის პროვოკატორები, რომლებმაც სამეგრელოს მხარდაჭერის კომიტეტი“ შექმნეს და სამეგრელოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობენ?

– ამ ყველაფრის შესახებ კონკრეტული და დაწვრილებითი ინფორმაცია აქვთ საქართველოში რამდენიმე სერიოზულ ექსპერტს, მაგრამ ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ ამ თემაზე ლაპარაკისაგან, ამიტომაც მეც მეტს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმას კი ვადასტურებ, რომ ყველაფერი არის სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი,რომელმაც მოყვარე მტრად გვიქცია და ის, ვინც ისედაც მტერი იყო, კიდევ უფრო გააშმაგა და გაამძვინვარა!

თუ ეს ჭირი დროზე არ მოვიშორეთ და რაც შეიძლება სწრაფად არ ავლაგმეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პარპაშო საქართველოში, გარწმუნებთ, რომ საქართველოს საბოლოო დაშლისაგან ვერაფერი გადაარჩენს!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *