( ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი:სანამ სააკაშვილს ვითმენთ, მართლაც ყველას თვალში დასაცინები ვართ!”

tem.1ხელისუფლებამ თბილისიდან ჩეხეთში რამდენიმე ექიმი გაგზავნა აჟიოტაჟის შესაქმნელად, რომ თითქოს პატრიარქი ცუდად იყო! ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ უწმინდესი არ ჩასულიყო ბაქოში და არ შეხვედროდა რუსეთის პატრიარქს!

_ ბატონო თემურ, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთში სამკურნალოდ წასულ პატრიარქს სააკაშვილის ხელისუფლებამ ზედამხედველებად სამეგრელოს პროკურორი როლანდ ახალაია და კუდის უფროსის მოადგილე, სოსო თოფურიძე გააყოლა. ხომ არ ფლობთ რაიმე დამატებით ინფორმაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით?

_ მეც ვიცი იგივე, რაც ახლა თქვენ თქვით, უაღრესად დიდ პატივს ვცემ უწმინდესსა და უნტარესს და მინდა, რომ ეკლესია თავისუფალი იყოს ყოველგვარი ზეწოლისაგან. ქართული ეკლესიის ავტორიტეტი ძალიან ბევრს აწუხებს არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც.

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება ებრძვის ქართულ ცნობიერებას, პირველ რიგში იგულისხმება ეკლესიასთან ბრძოლა. ეს ხელისუფლება როგორც მოვიდა სათავეში, პირველივე დღეს სექტების მხარდაჭერის გადაყვეტილება მიიღო, არადა ამერიკასა და ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში სექტებს ებრძვიან!

საქართველოს ეკლესიას ჰყავს უდიდესი წინამძღოლი, მაგრამ ხელისუფლება მიდმივად ცდილობს, რომ არაერთი საეკლესიო პირი მის წინაშე დავალებული იყოს! მე მინდა ვისურვო, რომ ქართული ეკლესია არავის წინაშე არ იყოს დავალებული!

საერთოდ, მე ძალიან გაოცებული ვარ, რომ საქართველოში დღეს ის ადამიანები ფასობენ, რომლებმაც მხოლოდ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ დაიწყეს ეკლესიაში სიარული!

_ კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირებს გულისხმობთ?

_ ხელისუფლებაში მოსვლამდე თუ უნახავს სააკაშვილი, ან მისი გარემოცვის წევრები ეკლესიაში? ალბათ ამჩნევთ, პარლამენტის წევრების 80% ინტერვიუებს აძლევს წმინდანების სურათების ფონზე. მე მაინტერესებს, ყველა პარლამენტარს ერთი და იგივე სურათი აქვს კაბინეტში თუ ერთი კონკრეტული ადგილია, სადაც ინტერვიუს მისაცემად სპეციალურად დგებიან?

გაზეთები და ჟურნალები სავსეა სურათებით, სადაც პოლიტიკოსები წმინდესის გვერდზე დგანან. მე არცერთი არჩევნების დროს უწმინდესთან ერთად გადაღებული არც ერთი სურათი არ გამომიქვეყნებია. ეკლესია უნდა იყოს შენში, ეკლესია უნდა გიყვრდეს შენს თავში და არა შენი თავი ეკლესიაში!

ამათ ეკლესია და ღმერთი კი არ სწამთ, უბრალოდ, ეკლესია სჭირდებათ ხალხის თვალში ქულების ჩასაწერად! საერთოდ, ყველაზე საშიში ის ხალხია, ვინც ეკლესიიდან წამოვიდა. ამ ხელისუფლების რამდენიმე წამყვანი სახე სწორედ ეკლესიიდან წამოვიდა პოლიტიკაში. დღეს სწორედ ისინი არიან ეკლესიის და პატრიარქის მთავარი მტრები!

_ პატრიარქი ჩეხეთიდან ბაქოში აპირებდა ჩასვლას, სადაც სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების პატრიარქებს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ხო მარ იცით, რატომ არ ჩავიდა უწმინდესი აზერბაიჯანში.

_ ეს თოფურიძე და ახალაია იმიტომ იყვნენ ჩეხეთში, რომ პატრიარქს არ მიეღო მონაწილეობა ბაქოში დაგეგმილ ღონისძიებაში. მე ვიცი ისიც, რომ ხელისუფლებამ აქედან ჩეხეთში რამდენიმე ექიმიც გაგზავნა აჟიოტაჟის შესაქმნელად, თითქოს პატრიარქი ცუდად იყო და დახმარება სჭირდებოდა. რა, თუ საჭირო იყო, ჩეხეთში ვერ მიხედავდნენ პატრიარქს? აქედან ექიმების გაგზავნა რად უნდოდა? ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ პატრიარქი არ ჩასულიყო ბაქოში და არ შეხვედროდა რუსეთის პატრიარქს!

პატრიარქის წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე თავიდან ბოლომდე თავიდან ბოლომდე ადამიანის, პიროვნების თავისუფლების იდეაზე იყო აგებული. როგორც კი პატრიარქმა ადამიანის თავისუფლებაზე დაიწყო საუბარი, ხელისუფლებამაც დაიწყო ფიქრი პატრიარქის შეზღუდვაზე!

_ პატრიარქმა კი ისაუბრა სააღდგომო ეპისტოლეში, რომ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია, მაგრამ სააკაშვილი თავის საზღვარგარეთულ გამოსვლებში მუდივად ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არნახული თავისუფლება და დემოკრატია სუფევს.

_ რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ქვეყანას უამრავი პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური დევნილი ჰყავს, აი თქვენი კოლეგა, ბონდო ქურდაძე უკრაინაში გადაიხვეწა ოთხსულიან ოჯახთან ერთად იმის გამო, რომ აქ აღარაფერი შეარჩინეს და ყველაფრის გარეშე დატოვეს!

სხვათაშორის, ბონდო ქურდაძემ ამ რამდენიმე დღის წინათ ოფიციალური წერილით მიმართა კიევის უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გუვერსკის და სთხოვა, მიხეილ სააკაშვილი იყო თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტი და მისი პირადი საქმე გადმოგვეცითო!

_ მერე რა უპასუხეს ამ მოთხოვნაზე?

_ კიევის უნივერსიტეტის რექტორმა დაადო ამ წერილს რეზოლუცია, რომ თუ თვითონ სააკაშვილი არ მოგვცემს ნებას, ჩვენ კანონით არ გვაქვს უფლება, რომ მისი პირადი საქმე გადმოგცეთო!

აი, ახლა თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ სააკაშვილს, თუ არ გეშინია, მიეცი ნებართვა კიევის უნივერსიტეტს, რომ შენი პირადი საქმე ნახონ ჟურნალისტებმა!

აი, მაშინ Aშინ, ბევრი რამე გახდება ცნობილი და ყველა გაიგებს, რატომ გარიცხეს სააკაშვილი ინსტიტუტიდან, ვისი რეკომენდაციით წავიდა აქედან და ა.შ. კომკავშირიდან რომ გარიცხეს, მერე რატომ აღადგინეს?

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მივიდეს და ნახოს სად ცხოვრობს და როგორ ცხოვრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რატომ არის პრობლემა, რომ სააკაშვილის პირადი საქმე გახდეს ცნობილი საზოგადოებისთვის?

_ ბატონო თემურ, სააკაშვილი უკვე ერთი თვეა ამერიკაშია და მგონი, აღარც აპირებს აქეთ ჩამოსვლას…

_ სააკაშვილმა ძირითადი დრო გაატარა ლოს-ანჯელედში, რომელიც ფაქტიურად სომხებს აქვთ ხელსი აღებული. ერთ-ერთმა პიროვნებამ დამირეკა და მითხრა, სააკაშვილი სადაც მიდის და ვისაც ხვდება, ყველაფერი ფულით არისო გაკეთებული. თან ყავდა წაყვანილი ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამჟამად ბანკის პრეზიდენტი გურგენიძე, რომელსაც სომხებთან დიდი ურთიერთობები აქვს.

გარდა სააკაშვილისა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერიც იყო გამოძახებული ამერიკაში. ერთ-ერთი პარტიის ლიდერისა და სააკაშვილის ამერიკაში ყოფნის დრო ერთმანეთს “დაემთხვა”

_ რომელი პარტიის ლიდერს გულისხმობთ?

გიორგი თარგამაძეს. რომელიც სააკაშვილის ამერიკაში ყოფნის პერიოდში იქ იყო! გამსახურდიას ხელისუფლება შუაზე გაყვეს და მისი მეორე ნაწილი მოიყვანეს ხელისუფლებაში, შევარდნაძის ხელისუფლება გაყვეს და მისიმეორე ნაწილი მოიყვანეს, დღეს კი იგივე პროცესი მიდის სააკაშვილის გუნდში!

ათასჯერ გვითქვამს, მაგრმ ათი ათასჯერ უნდა გავიმეოროთ, რომ 1995 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებაში “მოქკავშირი- აღორძინების” გარდა ვეარავინ მოდის!

2000 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, მე შევარდნაძეს მივწერე და პირდაპირ ვუთხარი, თქვენ და “აღორძინება” ერთი და იგივე ძალა ხართ მეთქი! შევარდნაძემ იცოდა, რომ მას აბაშიძე ვერასოდეს მოუგებდა და ამიტომაც შეარჩია ოპოზიციად. იმავეს აკეთებს დღეს სააკაშვილი თარგამაძესთან მიმართებაში. სააკაშვილი და გიორგი თარგამაძე არიან დღევანდელი შევარდნაძე და ასლან აბაშიძე!

ის, რომ დღეს ოპოზიცია ვერ ერთიანდება, ეს არის ვანო მერაბიშვილის პროგრამა და ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ თავი დაანებოს იმის ძახილს, რომ იმას არ ვუერთდები და ამას არ ვუერთდებიო!

ერთ-ერთი ადამიანი პარტიას რომ ქმნიდა, შემომთავაზა წამოდი ჩემთანო და რამდენიმე პოლიტიკოსი ჩამომითვალა ესენი სუყველა ნაყიდი მყავსო. ძალიან საინტერესო პროგრამა ჰქონდა ამ ადამიანს, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან მივხვდი, რომ მეც ნაყიდი გამოვდიოდი!

_ ვისზე ლაპარაკობთ, ვინ იყო ეს ადამიანი?

_ არ გინდათ ახლა, ნუ მეკითხებით, მაინც არ გეტყვით.

_ ბადრი პატარკაციშვილი ხომ არა?

_ ნუ ახლა… ბადრი პატარკაციშვილს ჩემთან აქვს ნათქვამი, ესა თუ ის პოლიტიკოსი რომ გამოდის და ჩემს კრიტიკას იწყებს, მაშინვე ვხვდები, რომ ფული სჭირდებაო. 7-8 პროფესორის თანდასწრებით აქვს ეს ნათქვამი პატარკაციშვილს.

დედამიწის ზურგზე არ დადის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ ძალა “თეთრებს” ერთი თეთრით მიეხმარა. არადა, დღეს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს ფული შლის და ფული აერთებს!

აი, ეხლა ჩვენ “მხილების მუზეუმს” რომ გავაკეთებთ, შედარებისათვის გამოვიტანთ ფოტოებს, თუ რა სახლები ჰქონდათ შევარდნაძის დროს “კანონიერ” ქურდებს და რა სახლებში ცხოვრობენ დღეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები!

არ იცის სააკაშვილმა, რა სახლში ცხოვრობს ცისკარიშვილი, და არ იცის, გივი თარგამაძე როგორ ბინებს იშენებს! სააკაშვილი ის კაცი არ არის, სურათებს რომ აფრიალებდა, შეხედეთ, რა სახლები აქვთ შევარდნაძის ჩინოსნებსო?

აი, ახლა მე ვეკითხები სააკაშვილს: შენს მინისტრებს საიდან აქვთ ის სახლები?

თუ ჩვენ სახალხო რეფერენდუმის გზით სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხს ბოლომდე არ მივიყვანთ და თუ ამას ყველა ოპოზიციური ძალა არ შეუერთდება, ეს იქნება ყველას საბოლოო ლუსტრაცია!

სააკაშვილი საზღვარგარეთ უსირცხვილოდ იძახის, ამა და ამ ოპოზიციონერებს ფულს ვაძლევ, რომ ცოტა ხნით წავიდნენ უცხოეთში, დაისვენონო! ძალიან სერიოზულ ადამიანებთან აქვს ეს ნათქვამი სააკაშვილს!

_ ბატონო თემურ, სააკაშვილის ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი რუმინეთში და მიღებაზე უარი უთხრეს, ამაზე რას იტყვით?

_ იცით რა არის? სააკაშვილზე საუბარი უკვე სასაცილოა უცხოეთშიც და სასაცილოა საქართველოშიც, უცხოეთში სააკაშვილზე აღარავინ ლაპარაკობს. უკვე ლაპარაკობენ ჩვენზე _ ქართველებზე და გვეუბნებიან, ვინა ხართ, თქვენ, ამას რომ ითმენთო!

სანამ სააკაშვილს ვითმენთ, მართლაც ყველას თვალში დასაცინები ვართ!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი “ასავალ-დასავალი”#18 (814)

2010 წლის 3 მაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *