ძვირფას ოს ქალბატონებს

2 აჭარის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ლაშქარი“-საქართველოს დასაცავად, დიდ გულისხმიერებას და დედის სითბოს ვაქსოვთ თითოეულ ფრაზაში, რომლითაც თქვენ მოგმართავთ.
უპირველესად გავიხსენებთ იმ სანეტარო ხანას, როცა საუკუნეთა წიაღში ნაწრთობი, ქართველი და ოსი ერების თანაარსებობა, ორთავესათვის სიმტკიცის, სიძლიერისა და სიყვარულის გარანტი იყო. აქვე გთავაზობთ ამონარიდს მე-19 საუკუნის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის პუბლიცისტური ნარკვევიდან: „ ქართველთა და ოსთა კავშირი ისე განმტკიცდა, ისე შეიყვარეს ერთმანეთი, რომ საუკუნეების მანძილზე ერთი მაგალითი არ მომხდარა, ოსებსა ან ქართველებს ერთმანეთისათვის ეღალატოთ და რაიმე ბოროტება ჩაედინოთო“.

თამარის ეპოქასაც გავიხსენებთ, მეისტორიე მოგვითხრობს: „….თამარი დაქორწინდა ოსეთის უფლისწულზე, ბაგრატიონთა შთამომავალ დავით სოსლანზე, რომელიც საქართველოს სამეფო კარზე აღიზარდა თამარის მამიდის, რუსუდანის მეთვალყურეობით“.

ლაპარაკია დავით სოსლანზე, ოს უფლისწულსა და ქართველთა ლაშქრის ძლევამოსილ სარდალზე, რომლის გმირული შემართება გახდა საფუძველი, თურქთა წინააღმდეგ, ბასიანთან ქართველთა გამარჯვებისა.

უდიდესი მადლიერების გრძნობით ვიგონებთ იმ ფაქტსაც, რომ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მიხეილ ყიფიანი, სამშობლოდან განდევნილი, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ოსეთში ცხოვრობდა. იქვე გამოსცა წიგნი „ყაზბეგიდან იალბუზამდე“, სადაც აღწერა ოსი ხალხის დუხჭირი ცხოვრებაც და გმირული სულიც.

მიხეილ ყიფიანის გარდაცვალების ამაღელვებელი სტრიქონებით გამოეხმაურა ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ჭეშმარიტი მამულიშვილი, კოსტა ხეთაგათი, მეგობრისადმი უდიდესი სიყვარულითაა სავსე პოეტის სტრიქონები:

„ბევრი კი იყო განა მასავით, ქოხებში მბრწყინავ ცოდნის ვარსკვლავად,
რომ ვყვარებოდით მისებრ ძმასავით და მტერთ შებმოდა ჩვენს დასაცავად?“

მიხეილ ყიფიანისა და კოსტა ხეთაგათის ურთიერთგაგება და მეგობრობა სიმბოლურად გამოხატავს იმ ურთიერთსოლიდარობას, რომელიც მუდამ არსებობდა ქართველ და ოს ხალხს შორის.

ოსი და ქართველი ერის ურთიერთსიყვარულითაა ნაკარნახევი, ქართული კინოსტუდიის მიერ, კოსტა ხეთაგათის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი მხატვრული ფილმი „ფატიმა“. ასე, რომ ჩვენი სიყვარული არასდროს ყოფილა ცალსახა. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლოს არაკეთილმოსურნეებმა მოახერხეს გაეწყვიტათ ოსი და ქართველი ხალხის გულზე გამავალი ოქროს ჯაჭვი…

ეს ძალიან დიდი ტკივილია ჩვენთვის, ქართველი დედებისათვის, დარწმუნებულები ვართ, ეს არც თქვენთვისაა იოლი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რით ვუწამლოთ იმ ქართველს, რომელსაც ოსი დედა, მამა ან მეუღლე ჰყავს? რა ვუთხრათ იმ ოსს, რომელსაც ქართველი დედა, მამა ან მეუღლე ჰყავს? ასეთები კი ძალიან ბევრია.

ორი ერის წარსულიდან და დღევანდელი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შემხვედრი ნაბიჯები ორთავე მხრიდან უნდა გადაიდგას.

ოსებისა და ქართველებისათვის ხომ მშვიდობის დესპანი ყოველთვის ქალი იყო- დედა- სამშობლოსთან დამაკავშირებელი მთავარი არტერია. ამიტომ ისევ ჩვენი საერთო კოსტა ხეთაგათის სიტყვებით მოგმართავთ თქვენ, ოსო დედებო:

„და შეგვიპყრობს სევდა როცა, მეც მასწავლე მღერით ლოცვა!…
ნუ წახვალ, ქალო, ჩემო მზის თვალო!…“

მზის თვალა დედებო, მოდით ერთად შევადუღაბოთ დამსხვრეული სიყვარული, და-ძმობა, დედა-შვილობა, მეგობრობა, ნათესაობა…. მოდით, ერთად შევუბეროთ სული ღადარში ღმერთის ნებით შემონახულ ღველფს და გავაცოცხლოთ ყველაზე ზეაღმატებული გრძნობა-სიყვარული.

აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ აჭარელს არ ესწავლება თუ რა მძიმე, გაუსაძლისი ტკივილია სამშობლოში უსამშობლოოდ ყოფნის შეგრძნება. აჭარა ხომ სამსაუკუნოვანი ტანჯვა-წამების შემდეგ დაუბრუნდა დედასაქართველოს. იყო გაურკვევლობის ხანგრძლივი ბურუსი, მაგრამ ნეტავ იცოდეთ, როგორი სიხარული მოსდევს ნისლების გაფანტვას და მზის ამობრწყინებას! რა ტკბილია გაურკვეველი „მოგზაურობიდან“ მშობლიურ სახლში დაბრუნება!

ჩემო ოსო დედებო! ჩვენ ხომ კავკასიური ეპოსით ნასაზრდოებნი, ერთად მოვედით21-ე საუკუნემდე. ამ ეპოსის მიხედვით კავკასიელმა გმირმა ღმერთებს ჩაუქრობელი ცეცხლი მოსტაცა. ეს ცეცხლი სიყვარულისაა.

აქედან გამომდინარე, აჭარის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ლაშქარი-საქართველოს დასაცავად“, ოს მანდილოსნებს მოგმართავთ თხოვნით-გადავარჩინოთ საუკუნეებით განმტკიცებული მეგობრობა და ერთად ავაჟღეროთ რუსთველური სიტყვები – „ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად“.

იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დადგება დრო და ქართულ-ოსურ თანაცხოვრებაზე წარსულ დროში აღარ მოგვიწევს საუბარი, სწორედ ჩვენ, ქართველი და ოსი დედები ვიზრუნებთ ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენ ვიქნებით მოთავენი ამ ორი მოძმე ხალხის კეთილმეზობლობის აღდგენისა, მტრობის დავიწყებისა, ჩატეხილი ხიდის გამრთელებისა.

გვფარავდეს უფალი, გვიყვარდეს ერთმანეთი.

პატივისცემით:მოძრაობა „ქალთა ლაშქარი“ .
გულიკო გაბაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *