თემურ შაშიაშვილი: “საქართველოში ნატოს ქება და რუსეთის ლანძღვა ხელისუფლების მოპოვების ინსტრუმენტად იქცა!”
10 აპრილს, „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი დაესწრო სასტუმრო ამბასადორში გამართულ პრეზენტაციას წიგნებისა “ღმერთო, იხსენ ამერიკა“ და “ნატო მაკიაჟის გარეშე“, რომელზეც წარმოდგენილი იყო აგრეთვე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს“ საიუბილეო მე-200 ნომერი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, მათ შორის – სხვადასხვა პარტიის ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები
შაშიაშვილის შეფასებით, „სააკაშვილის “ნაციონალთა“ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს შესთავაზა ისეთი ამერიკა, რომელსაც თვითონ ამერიკელები არ იცნობენ.
„ ჩემი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ზომიერი უნდა იყოს. ჩვენ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვჭირდება – ლანძღვის პოლიტიკა საშინელებაა…, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, – გვეუბნებიან, რომ ევროპულ პარტიებს მოწიწებით უნდა ველაპარაკოთ, ხოლო რუსეთს უნდა ვაგინოთ – ეს ხომ დიდი შეცდომა და სისულელეა?! ის, რაც რუსეთთან მოგვივიდა, არ უნდა დაგვემართოს სხვა სახელმწიფოებთან, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა გავაფეტიშოთ არც ამერიკა, არც რუსეთი და არც ევროპა. საქართველოში ნატოს ქება და რუსეთის ლანძღვა ხელისუფლების მოპოვების ინსტრუმენტად იქცა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ლანღვა „კარგად იყიდება“. ნატოს აქებენ არა იმიტომ, რომ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ეს რიტორიკაც „კარგად იყიდება“. როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, პოლიტიკურად გაცნობიერებული ხალხი ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ხალხს უნდა ჰქონდეს რეალური და ზუსტი ინფორმაცია. ამიტომაც მივესალმები აღნიშნულ თემატიკაზე ამ უნიკალური წიგნების გამოცემას, – განაცხადა თეთრების ლიდერმა
პრეს-ცენტრი
11.04.2013


