„ნაცმოძრაობა“ ახალ ქურქში
სერიოზული დაფიქრების შემთხვევაში ის რაც დღეს მოხდა საქართველოს პარლამენტის წინ, შეიძლება სასიკეთოდ წაადგეს ქვეყანას და სერიოზული დაფიქრების გარეშე კი ბოროტების ახალი აღზევების დღედ იქცეს.
დაფიქრება გვჭირდება ყველას. უპირველესად მთავრობას და ახალ ხელისუფლებას. მას, და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დღეს ახალი ძალით ვნახეთ ცინიზმი, გაბოროტება, დემაგოგია, უმეცრება და თვალთმაქცობა.
ცინიზმია, რომ ცხრა წლის განმავლობაში ყოველგვარი ქართულის და ეროვნულის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ძალა, პირდაპირ ვთქვათ, არაქართული ცნობიერების პოლიტიკური ძალა, საუბრობს ახალ ეროვნულ მოძრაობაზე. დავაკვირდეთ – „ახალი ეროვნული მოძრაობა“. ეროვნული მოძრაობა არ შეიძლება იყოს ახალი და ძველი – ეროვნული მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობა. შეიძლება ისაუბრო განახლებაზე, ეს გააკეთო ძველის პატივისცემით, მაგრამ ეროვნულ მოძრაობასთან სიტყვა „ახალი“, მით უფრო, არაეროვნული ცნობიერების პოლიტიკოსებისაგან, ეს მხოლოდ ნგრევაა, სწორედ ეროვნულობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ჩვენ დღეს ვნახეთ გაბოროტების ბოლო სტადიაში მყოფი სააკაშვილი. მხოლოდ ერთი დეტალი: მისი გამოთქმა – „საქართველო ვერ იქნება დიდი სოფელი“ – ეს გაბოროტებაცაა და მისგან ნგრევის გაგრძელების დიდი ნიშანი.
დღემდე მიჭირდა ვინმეზე მეფიქრა, რომ სააკაშვილზე დიდი დემაგოგი გამხდარიყო. გამოჩნდა ახალი – დავით ბაქრაძე. აქაც ერთი დეტალი: „საქართველოში არის ქმედითი ოპოზიცია და უმოქმედო მთავრობა“. მართალია, ამას ერთ ხმაში იმეორებდა ყველა, მაგრამ პარალმენტის ყოფილი თავმჯდომარეს ტოლი არ ჰყავდა. გაჩნდა კიდევ ერთი საშიში დემაგოგი და საერთოდ, დღევანდელი ტრიბუნა – ეს იყო დემაგოგიური აზროვნების ზეიმი. ქვეყანაში, მისთვის საბედისწერო ეტაპზე, დემაგოგ პოლიტიკოსთა დიდი ძალა გამოჩნდა.
უმეცრებაა და თვალთმაქცობაა ის, რომ ევროპულ არჩევანზე, დასავლურ ღირებულებებზე, ნატოსთან ურთიერთობების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ის პოლიტიკური ძალა, ლაპარაკობენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არც იცნობენ ამ ღირებულებებს და არც იციან მათი რეალური არსი, თავიანთი მსოფლმხედველობითა და ქცევით შორს არიან ამ შეხედულებებისაგან. აქაც ერთი დეტალი: ვანო მერაბიშვილმა 2003 წელს, როგორც პარლამენტის წვერმა „მოქკავშირის“ სიით, დაწერა,რომ მისთვის მიუღებელია ევროპული ტრადიციები, რომ სხვაგან, გარდა ამერიკისა, „… მათ შორის, ევროპაშიც, ყველაფერი არაადამიანურია”. კაცი, რომელმაც ევროპას „არაადამიანური“ უწოდა, დღეს ევროპაზე პოზიტიური საუბრის მონოპოლიზებას ახდენს და ე.წ. „ახალი ეროვნული მოძრაობის“ ლიდერად გვევლინება. ვაი, იმ ხალხს, რომელთათვისაც ვანო მერაბიშვილი და ნაცპარტიაა ევროპული არჩევანი…ეს და სწორედ ეს არის ევროპის შეურაცხყოფა,
დღევანდელმა შეკრებამ მიზანს ავტორებისათვის სრულად მიაღწია:
- გამწვავდება პოლიტიკური ბრძოლა და მას სრულად ანტისახელმწიფოებრივი მიმართულება ექნება;
- დადგა ოქროს ხანა მედროვეებისა და მოთამაშეებისათვის – მათ ფასი დაედოთ, ანუ მოღალატე პოლიტიკოსთა ეპოქა არათუ მთვრდება, სიცოცხლეს იხანგრძლივებს.
- განსაკუთრებული შედეგი ექნება უცხოელ მაღალი რანგის სპეციალისტთა მიერ დადგმულ ამ სპექტაკლს სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის უცხოელი მხარდამჭერების გასააქტიურებლად დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ და „ნაცების“ სასარგებლოდ.
ყველაზე დრამატული დღევანდელი სპექტაკლის შედეგი შესაძლოა ის გახდეს, რომ პოლიტიკურად მკვდარი „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების ხელშეწყობით დამკვიდრდეს რეალურ ოპოზიციად და ამით დასრულდეს ე.წ. კოჰაბიტაცია. თუ დღეის შემდგომ პოლიტიკური დებატების სივრცე მედიასა და მის გარეთ დარჩება „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მონოპოლიად, როგორც დღემდე იყო და თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარეთ მყოფი, ქვეყნისთვის საჭირო უამრავი პოლიტიკოსის და არაერთი პოლიტიკური ძალის იგნორირებას, როგორც ამას დღემდე აკეთებდა – ეს შედეგში მოგვცემს დასუსტებულ, ხალხის ნდობადაკარგულ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ხელოვნურად გაძლიერებულ, დღეს პოლიტიკურად მკვდარ „ნაცმოძრაობას“. ქვეყნისათვის ამაზე დიდი ბოროტების წარმოდგენაც კი ძნელია.
ვფიქრობ, მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური ძალისათვის დადგა ხალხთან, ზნეობრივ ავტორიტეტებთან, მეცნიერებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან, საერთოდ ქვეყნის მომავალზე დაფიქრებულ ადამიანებთან განსაკუთრებული კონსულტაციების აუცილებლობა… აუცილებლობა იმისა, რომ ქვეყნის მომავალს ჩამოვაცილოთ „ახალი ეროვნული მოძრაობის“ ქურქში გახვეული ყალბი ეროვნული პათოსის პოლიტიკური ძალა და ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ განვითარებას მივცეთ სწორი მიმართულება.
და კიდევ ერთი, დღევანდელი „ნაციონალური სპექტაკლი“ იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ უსამართლო გარემოში ყველა მართალია, დასჯილია ხალხი, ინგრევა ქვეყანა. სწორედ სამართლიანობის დადგენაშია საქართველოს მომავალი და მომდევნო კვირაში პრემიერი-მინისტრი და საქართველოს მთავარი პროკურორი მიიღებენ „თეთრების“ „სამართლიანობის მანიფესტს“.
ჩვენი პოზიცია კონკრეტულია: პასუხი მოეთხოვოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევისა და აშკარად გამოკვეთილი მოსახლეობის გენოციდისათვის, ხოლო ახალმა მთავრობამ მიიღოს საჭირო ზომები „სამართლიანობის მანიფესტში“ ჩამოყალიბებული კონკრეტული მოთხოვნების შესრულებისათვის.
რაც დრო გადის, მით უფრო მიძლიერდება აზრი, რომ შემოდგომაზე, ან მომავალი წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შეუძლებელი გახდება.
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
19.04.2013წ.
19:00 საათი