მეცნიერთა ჯგუფმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიდი დისკუსიის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

გუშინ, პოლიტიკურმა პარტია „თეთრებმა“ მეცნიერთა ჯგუფს წარუდგინა მოსაზრებები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მოსაზრება ბევრ პოლიტიკურ ორგანიზაციაში მუსირებს, ხალხის განწყობაც ამ მიმართულებით ძლიერდება. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა.
„ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება კვლავ ემოციაზე დაყრდნობით გრძელდება. პოლიტიკურ პროცესს გონება აქვს დაკარგული… ამ უაზრო ემოციურ დებატებში დაიკარგა საქართველოც, ქვეყნის და ხალხის საჭირბოროტო საკითხებიც. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი აგრძელებს ხმაურიან ცხოვრებას – განცხადება განცხადებას მოსდევს, შედეგი კი არ ჩანს. ის, რაც დღეს ჩვენ მეცნიერთა დიდ ჯგუფს წარვუდგინეთ, შეგვეძლო გაგვეტანა საერთო-სახალხო განხილვაზე, მით უფრო, რომ „თეთრების“ ძირითად ნაწილს მეცნიერები და საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები შეადგენენ და ეს დოკუმენტიც პარტიის წევრ მეცნიერთა მიერ მომზადდა. პირდაპირ ვთქვათ ეს შესაძლოა კარგი ყოფილიყო პარტიისთვის, მაგრამ საერთო საქმეს არ წაადგებოდა. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ – მოვიწვიეთ ცნობილი მეცნიერები, რომელთა უმეტესობას საერთოდ არა აქვს კავშირი პარტიებთან,“ – ამბობს თემურ შაშიაშვილი. მისი აზრით, მომავალი აქვს არა პარტიებს და მით უფრო, ხმაურიანს, არამედ ისეთ პოლიტიკურ ერთობას, რომელიც თავის თავში შეიცავს: ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების, პროფესიონალების და პოლიტიკოსების თანამშრომლობას.
სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი, რომ მეცნიერთა წინაშე სამსჯელოდ გამოგვეტანა მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც არგუმენტირებულია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა.
შეხვედრის მონაწილე მეცნიერებმა მოიწონეს პარტია „თეთრების“ მიდგომა ხალხის სამსჯავროზე საკითხის გამოტანასთან დაკავშირებით. გაიმართა წარდგენილი დოკუმენტის საფუძვლიანი განხილვა. გამოითქვა არაერთი სერიოზული წინადადება, მოსაზრება და შენიშვნა. შეხვედრამ მიიღო გადაწყვეტილება საინიციატივო ჯგუფის შექმნის თაობაზე. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელად არჩეული იქნა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა ცნობილაძე. თანათავმჯდომარეებად: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე და აკადემიური დოქტორი მანუჩარ მაჩაიძე.
„მივესალმები პარტია „თეთრების“ ინიციატივას, საზოგადო მსჯელობის საგნად აქციოს საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, – აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი პაატა ცნობილაძე, ვინაიდან მმართველობის საპარლამენტო მოდელზე, რომელიც ამოქმედდება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იქნება არაადექვატური ამჟამად არსებული პოლიტიკურ ძალთა საპარალმენტო განლაგებისა. პოლიტიკური პლურალიზმი – აი, რა არის საპარლამენტო რესპუბლიკის ქვაკუთხედი. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ეს პროცესი დაიწყო მეცნიერთა წიაღში და ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერების, როგორებიც არიან პროფესორები: ნიკო ჯავახიშვილი, კახა ჭეიშვილი, რამაზ ყურაშვილი, პაატა გიორგაძე, როლანდ ნიჟარაძე და სხვანი, არგუმენტურებული მოსაზრებები კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შემატებს ამ იდეის რეალიზებას“.
შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მომდევნო კვირის სამშაბათს – 14 მაისს პოლიტიკური განცხადების გაკეთების თაობაზე. დისკუსიის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ 26 მაისს მოაწყონ დიდი შეკრება და დააფუძნონ დარბაზი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სახალხო დისკუსიას ვადამდელ არცევნებთან დაკავშირებით.
P.S. თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით, საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე იყო განხილვის საგანი „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ საკითხის განხილვას მიეძღვნება კრების სათათბიროს სპეციალური სხდომა. ამ საკითხზე იმსჯელებს მოძრაობა „ერთსულოვნების“ დამფუძნებელთა საბჭო.
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
11.05.2013



