პროფესორი პაატა ცნობილაძე ფარული აუდიო-ვიდეო მასალის განადგურების შესახებ
ცნობილი იურისტი, იურისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, პაატა ცნობილაძე თავის მოსაზრებას აქვეყნებს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს ვებ გვერდზე ვაქვეყნებთ ცნობილი მეცნიერის კომენტარს, რომელიც მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გააკეთა,
“დღეს პარლამენტში იწყება პირადი ცხოვრების ფარული აუდიო-ვიდეო მასალის განადგურების საკითხზე მსჯელობა. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები.
1. აუცილებელია სრულყოფილად აღიწეროს და შეიქმნას ამ ჩანაწერთა სრული ნუსხა, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომ პერიოდში ახალი ჩანაწერების შემთხვევით გამოჩენის შესაძლებლობა.
2. უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ჩანაწერთა განადგურება, რომლებსაც არ აქვთ ნივთმტკიცების ხასიათი და ისინი სავალდებულოა გამოძიების დასრულებამდე.
3. გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოფილ იქნეს ასეთ ნივთმტკიცებათა აბსოლუტური დაცულობა და ხელმიუწვდომლობა მათი გამოქვეყნების თავიდან ასაცილებლად.
4. დადგინდეს და გასაჯაროვდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღების ბრძანების გამცემთა ვინაობა და თითოელ შემთხვევაზე დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
5, დაუყოვნებლივ იქნას ინიცირებული შესაბამისი ცვლილება პარლამენტში აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრების შესახებ.
წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი ღარიბაშვილს ღირსეული წამოწყებისა და ინიციატივისათვის”.



