წერილი საქართველოს პრეზიდენტს

თქვენო აღმატებულებავ,
ბატონო პრეზიდენტო

ასეთი მომართვით რომ ვიწყებ, ვადასტურებ პატივისცემას კანონისადმი და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი.

ბევრს მიაჩნია, რომ თქვენთვის წერილის გამოგზავნა წყლის ნაყვაა. ცუდია, ასეთი აზრი, თუნდაც ერთ ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ამ დღეებმა დამარწმუნა, რომ ეს უმრავლესობის აზრია.

ასეთ ი ფიქრის საფუძველი მეც მაქვს. გასული წლის 23 ნოემბერს, 2 00 -ზე მეტი ადანიანის, რა,დენიმე ათეული პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერით ჩავაბარეთ „ღირსების ულტიმატუმი“ . თქვენ, პიროვნებამ, რომელმაც უცხოეთში გამოსვლებისას არაერთხელ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლის წინა დღეებში განაცხადეთ, რომ „ერთ კაცს რომ ჰქონდეს ჩემგან განსხვავებული აზრი, ვალდებული ვარ შევხვდე და მოვუსმინო“ – უპასუხოდ დატოვეთ წერილიც და წინადადებაც, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს თქვენი მონაწილეობით გამართულიყო დებატები „ღიტრსების ულტიმატუმის“ საკითხებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის წერილის გამოგზავნის თაობაზე ხალხში ასეთი პესიმისტური განწყობაა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საჭიროს არ ჩათვალეთ მოსახლეობისათვის სასიცოცხლო საკითხების „ღირსების ულტიმატუმის“ პასუხი, მაინც გადავწყვიტე ამ წერილით მოგმართოთ. თუ თქვენ ეს საკითხები არ გაწუხებთ, საჭიროდ არ თვლით, ანგარიშვალდებული იყოთ თქვენი მაომრჩელების წინაშე, ამ წერილის გამოქვეყმენით იმას მაინც შევძლებ, რომ სწორედ ხალხმა, ა,ომრჩეველმა განსაჯოს, სწორი ვარ თუ არა ამ საკითხების დასმაში და თუ ჩვენ სწორად ვსვამთ საკითხებს, ხალხმა გადაწყვიტოს თქვენ ხართ თუ არა ამ ხალხის ინტერესების გამომხატველი და უნდა იყოთ თუ არა მათი პრეზიდენტი.

ამ წერილს თქვენს კანცელარიაში ჩაბარებამდე ინტერნეტტელევიზია „თეთრების“ პირდაპირ ეთერში ვკითხულობ სწორედ „ღირსების ულტიმატუმის“ ფონზე.

წერილში ვაანალიზებ შემდეგ პრობლემებს:

პირველი: 1998 წლის სამხედრო და 2003 წლის საარჩევნო ამბოხი;

მეორე: პოლიტიკური ლუსტრაცია;

მესამე „ღირსების ულტიმატუმი“;

მეოთხე: თქვენდამი მორჩილი მედიის ვნებანი და თქვენი მართვის სტილი: იგნორირება, თვალთვალი, ძალადობა, ტყუილი, სოციალური დემაგოგია;

მეხუთე: ნუთუ მართლა გჯერათ და ნუთუ მართლა არ იცით.

თქვენდამი კეთილგანწყობილმა საინფორმაციო საშუალებებმა ბრალი დამდეს ვალერი გელაშვილისაგან 150 ათასი დოლარის აღებაში (მისგან დახმარება რომც მიმეღო, ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ), შეურაცხოფა მიაყენეს ბატონ გოჩა ძასოხოვს, პიროვნებას, რომელსაც თქვენ თავის დროზე ეროვნული გმირი უწოდეთ, რომლისგანაც დარწმუნებული ვარ, არაერთი ფინანსური დახმარება გაქვთ მიღებული, პიროვნებას, რომელსაც ნამდვილად ქართული განწყობა აქვს, რომელმაც ამ დღეებში გამოსვლაც გააკეთა: „საქართველო გაბრწყინდება, იცოდეთ!“ , რომელმაც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გააკეთა განცხადება „გვაცადეთ რუსეთის და ამერიკის ხელისუფლებებმა და ოსები, აფხაზები და ქართველები შევქმნით ისეთ ქართულ სახელმწიფოს, რომლითაც მელი მსოფლიო იამაყებს.“

ბატონო პრეზიდენტო,

ჩემს მიმართ გამოთქმული ამ უაზრო ბრალდების გარკვევას თქვენ არ გთხოვთ. ეს რომ მზაკვრული სიცრუეა, თქვენსავე „ჯიბის სასამართლოშიც“ კი შევძლებ ამის დამტკიცებას და საკუთარი ღირსების დაცვას.

იმავე საინფორმაციო საშუალებებმა მე სიხარბესა და გაუმაძღრობაში დამადანაშაულეს, რომ მიღებული თანხის დიდი ნაწილი პირადი ინტერესებისთვის როგორც ჩანს თქვენს ჟურნალისტებს ისეთივე ვგონივარ, როგორიც თქვენი პარტიის ლიდერთა და „ნაციონალური“ მთავრობის წევრთა უმრავლესობა იყო და არის.

ამ წერილს არც ამ მიზნით გიგზავნით. წერილს თან ახლავს ჩემი ხელწერილი, რომელსაც ათ წელზე მეტია, რეგულარულად ვაქვეყნებ და ათ წელზე მეტია, თქვენც გთხოვთ იმავეს გაკეთებას. მე, თემურ შაშიაშვილი, თქვენი ჟურნალისტების მიერ ხარბად და გაუმაძღრად შერაცხული პიროვნება, რომელსაც დედამიწის ზურგზე მამა-პაპისეულის გარდა არაფერი გამაჩნია საკუთრებაში, მოგმართავთ თქვენ, უწესიერეს, უკეთილშობილეს და პატიოსან ხალხს, გამოაქვეყნოთ ასეთივე შინაარსის ხელწერილი.
ამასთან, გულწრფელად გილოცავთ, რომ თქვენ აღისრულეთ თქვენი დიდი სურვილი, იგნორირება გაუკეთოთ თქვენთვის მიუღებელ თემებს და თქვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ პერსონებს, საზოგადო მოღვაწეებს და შეძელით ის, რომ მთელი სატელევიზიო სივრცე უჭირავს თქვენთვის სასურველ თემებს და თქვენთვის მისაღებ პერსონებს, მათ შორის იმათ, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებენ საკუთარ ოპოზიციონერობას.

ბატონო პრეზიდენტო,
თქვენს (სწორედ რომ თქვენს) ტელე არხებს რომ ვიყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, მე სხვა ქვეყანაში ვარ, მაგრამ მერე, როცა „მაესტროსა“ და „კავკასიაზე“ გადავრთავ, ნაწილობრივ მაინც ვბრუნდები საქართველოში.

ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ქვეყანაში მხოლოდ 6% ცხოვრობს სიღარიბეში… ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ საარსებო მინიმუმი 100-130 ლარის ფარგლებშია… ნუთუ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რომელიმე რეფორმა გატარდა, ან განათლების, ან საგადასახადო, ან ეკონომიკური, ან სასამართლოა თავისუფალი, ან ციხეებშია კარგი მდგომარეობა… ნუთუ გჯერათ, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის, ნუთუ არ იცით, როგორ ცხოვრობენ თქვენი ხელისუფლების წევრები: რა სასახლეები და აგარაკები აიშენეს, როგორ მოაწყვეს, როგორი ფუფუნებით ცხოვრობენ, სად და როგორ აგარაკებზე ისვენებენ… ნუთუ თქვენ, ის პიროვნება, სხვისი სახლების სურათებს რომ უფრიალებდით შევარდნაძეს ვერ ხედავთ სად ცხოვრობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რა ქონებას ფლობენ კოდუები, ახალაიები, ბეჟუაშვილები, ბოკერიას ოჯახი, კეზერაშვილი, უგულავას ოჯახი, მერაბიშვილი და საერთოდ, თქვენი მინისტრები, დეპუტატები, გუბერნატორები, მერები, გამგებლები, ნუთუ ვერ ხედავთ, რა გამომწვევად იქცევიან ხელისუფალთა მეუღლეები, მთელი უცხოური გრანტები რომ ხელში ჩაიგდეს, ნუთუ არ იცით, რომ ქვეყანაში არ არის ბიზნესი, სადაც წილი თქვენი ხელისუფლების წევრებს არ ჰქონდეთ… ნუთუ არ იცით, რომ ყველა ტენდერს მხოლოდ ხელისუფალთა ოჯახის წევრები იგებენ. ხარაგაულში წყლის სისტემის რეაბილიტაციაც და ახმეტაში ქუჩის გაყვანაც კი არავის დაუთმეთ – პირველს პარლამენტის თავმჯდომარის, ბაქრაძის, მეორეს უმრავლესობის ლიდერის , ცისკარიშვილის სიმამრები დაეპატრონნენ…. ნუთუ არ იცით, როგორ თავხედობენ რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები.

ასე უსასრულოდ შემიძლია დაგისვათ კითხვა: „ნუთუ არ იცით?“ მთელი უბედურება იმაშია, რომ იცით, ყველაფერი ძალიან კარგად იცით, მაგრამ ასე გაწყობთ და რომ მოინდომოთ, მაინც ვეღარ მოერევით შექმნილ სიტუაციას, რადგან ყველამ იცის, რა ქონებას, რა ბიზნესებს ფლობენ თქვენი ოჯახის წევრები: დედა, ძმები, მამა და მამობილი, ბებიაც ზომაზე მეტად აქტიურია… ეს ხალხის დიდმა ნაწილმაც იცის… ბათუმში მოსახლეობის უმრავლესობა ზუსტად გეტყვით, რომელი ბიზნესის და რომელი ახალმშენებლობის უკან ვინ დგას, როგორ მონაწილეობენ ამ საქმეში დედათქვენი და მისი თურქი ნაცნობ-მეგობრები…

თქვენ უკვე ვერავის ვერ მოსთხოვთ (მინისტრის მოადგილის ზემოთ) წესრიგს, რადგან
თქვენს ირგვლივ ყველამ იცის, რომ ქვეყანაში მოქმედებს ფულის გათეთრების სისტემა, საქართველო გახდა ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის მძლავრი ტრასა. საქართველო იქცა ნარკოტიკულ ქვეყნად – ყოველივე ეს კი თქვენი პირადი მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია.

მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ გრძნობთ ამას და ცდილობთ სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება. ამაში პოლიციის მაღალჩინოსანთა მეუღლეებიც გეხმარებიან თავისი სატელევიზიო გადაცემებით – ყაჩაღები და მკვლელები გმირებად და მეძავები ქართველი ქალის სახედ რომ სურთ წარუდგინონ მოსახლეობას. ერთობა გაჭირვებული ხალხი, ისინი ყველაზე იაფს ყიდულობენ და საქართველოში ყველაზე იაფი აგრესიაა, თქვენი აგრესიული გამოსვლები და აგრესიული ქმედებებია. საქართველოს უბედურება მოუტანა, თქვენ კი ცხინვალის ომის გამო შემოსულმა დახმარებებმა გადაგარჩინათ, პოსტი შეგანარჩუნებინათ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახალ ომზე და მის შემდგომ მილიარდებზე ფიქრობთ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ კავკასიელებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტია, რომ თქვენ ყოველივე ეს გაგდით, ხალხი გპატიობთ, და რაც მეტად გპატიობთ, მით მეტი თავხედი ხდება ხელისუფლება. რა გაეწყობა, მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება კი ერთ „ნაციონალურ“ მუშტადაა შეკრული. ისტორიულად ცნობილია, რომ მშიერი ხალხის მართვა ადვილია და თქვენც მართავთ, მაგრამ ამას, ქართულად, ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ რომ აკეთებდეთ, კიდევ კარგიო, იტყვის კაცი, მაგრამ რომელ ქართულზეა საუბარი, როცა ეკლესიების მნგრეველებს აწინაურებთ, თქვენთვის არაფერს ნიშნავს საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პირველკლასელს სხვა ენის სწავლას აწყებინებთ (ამას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში), სესხებს იღებთ, ეს მომავალი თაობების გადასახდელია და ამ ფულს განათლებაში, მ,ეცნიერებაში, კულტურაში, სოფლის გაძლიერებაში, ბიზნესის განვითარებაში კი არა, მოჩვენებით რამეებში დებთ (ხიდები და შადრევნები). ტაში გიყვართ და სამწუხაროდ ხალხიც ტაშს გიკრავთ, უფრო სწორად, საკუთარი ქვეყნის დაღუპვას უკრავს ტაშს, ბევრ ქვეყანაში კომპიუტერს პირველ კლასებში არ აჩვევენ. წიგნს აყვარებენ, „ინტერნეტის მამად“ წოდებული ბილ გეიტსი საკუთარ შვილს 45 წუთის მეტს არ სვამს კომპიუტერთან დღე-ღამის განმავლობაში – ავნებსო, თვლის იგი… თქვენ ყველაფერი გადაატრიალეთ და საწინააღმდეგოს თქმას ვერავინ გიბედავთ.

მშიერი და დაუძლურებული ხალხი ვერ გიბედავთ კითხვასაც კი, რატომ იღებთ რეფერენდუმის გარეშე ასეთ კონსტიტუციას, რატომ ებრძვით პარტიების შეთანხმებულ დოკუმენტს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. არა თუ გიბედავთ ვინმე კითხვის დასმას, თქვენი ტელევიზიები სიტყვასაც ვერ ძრავენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, იმის თქმაც კი ვერ გაბედეს, რომ გამოქვეყნდა თქვენდამი უნდობლობის ტექსტი, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბით ცნობილმა იურისტებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოაწერა კიდეც ხელი თქვენდამი უნდობლობას… ვერ ბედავენ გადასცენ სიუჟეტებიც კი „ხალხის სასამართლოში“ განხილულ საქმეებზე, მათ სრულ გადაცემაზე საუბარიც ხომ ზედმეტია.

დღეს ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის ცნობილია თქვენი მართვის სტილი

„იგნორირება, თვალთვალი, ტყუილი, სოციალური დემაგოგია“

დღეს ხომ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის ცნობილია ფორმულა, რომლითაც თქვენ ზიხართ პოლიტიკურ ტანკზე:

„დამშევა, გათითოკაცება, ღირსების შელახვა“

დღეს ხომ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის ცნობილია ყველაფერი ამის თუნდაც სოციალური შედეგი; საქართველოში ლუკმაპურის თანხა რომ იშოვო, ღირსება უნდა დაკარგო და მილიონერიც ღირსების დაკარგვით ხდები.

გესმით, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მმართველობის დროს ლუკმაპური შოვნაც და მილიონერად გახდომაც ღირსების დაკარგვით ხდება. ეს კატასტროფაა. დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ადამიანი, რომელსაც ღირსება გააჩნია, მეეჭვება თქვენ პრეზიდენტად გთვლიდეთ. თქვენდამი უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაადასტურებს, რამდენი ღირსეული ადამიანი ჰყავს საქართველოს

დიდი მადლობა, რომ ჩემი გვარი საკუთარი ხელით ამოშალეთ იმ ოპოზიციონერთა სიიდან, რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ სახელისუფლებო არხზე. ამერიკის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს როგორც ჩანს, ეს ყველასთვის დიდი ნიშანი იყო, გადაკეტილიყო ჩემთვის სატელევიზიო სივრცე. დიდი სიამოვნებით გთავაზობთ ინტერნეტ-ტელევიზია „თეთრებს“ თქვენი გამოსვლებისათვის. სასურველი იქნება დაავალოთ საზოგადოებრივ არხს, მოგვაწოდოს თქვენი და ჩემი 2002 წლის აპრილის დებატები ინგა გრიგოლიას გადაცემაში. გახსოვთ ალბათ, ჩემი ბოლო ფრაზა: „საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში!“ მაშინ იუსტიციის მინისტრი იყავით, დღეს პრეზიდენტი ხართ. ხალხმა განსაჯოს, სწორი იყო თუ არა ჩემი მაშინდელი შეფასება. აჩვენეთ მთელი გადაცემა და მაშინ უფრო გაუადვილდებათ დასკვნის გაკეთება.

დარწმუნებული ვარ, თქვენ მიიღებთ ჩემს ამ მარტივ წინადადებებსაც და თუ თქვენ და თქვენი ხელისუფლების ყველა წევრი ამ ხელწერილს გამოაქვეყნებთ, გარწმუნებთ, რომ ერთი ხიზანი არ დარჩება უსახლკაროდ, პენსიები გაორმაგდება, პედაგოგთა ხელფასები გაოთხმაგდება, და იქნება იმდენი, რამდენიც თქვენ ერთი თვის წინ თქვით (მინდა ვიფიქრო, შეცდით და არ გითქვამთ გამიზნული ტყუილი) ინტერვიუში უკრაინულ გამოცემასთან – 400-600 დოლარი.

პატივისცემით,

თეიმურაზ შაშიაშვილი
ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *