ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს ზესტაფონში არსებული პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს

დღეს, 27 ივნისს დემოკრატიული მოძრაობის სათაო ოფისში ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ გამართა ბრიფინგი ზესტაფონში არსებული პრობლემების შესახებ. ბრიფინგს ესწრებოდნენ ზესტაფონის დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებიც. როგორც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა:
„ყურადღება მინდა შევაჩერო ძალიან სერიოზულ და მტკივნეულ პრობლემებზე, რომელიც აღინიშნება ზესტაფონში. ჩვენ გვინდა ჩვენი ხელისუფლების ყურადღება მივაპყროთ ძალიან სერიოზულ და მტკივნეულ პრობლემას, რომელიც არის ზესტაფონში. ზესტაფონის მაცხოვრებლები დიდი იმედებით შეხვდნენ პირველ ოქტომბერს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სამართლიანობა აღდგებოდა არა მარტო მათ მიმართ, არამედ სრულიად საქართველოში. დარწმუნებულნი იყვნენ რომ აღარასოდეს მშრომელ და გაჭირვებულ ადამიანს აღარ შეულახავდნენ უფლებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ შეძლეს სიმართლის და სამართლის პოვნა ზესტაფონში. ეს არის რაიონი, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოყვება ძალიან სერიოზული პრობლემები; ეს პრობლემები არის დაკავშირებული იმ ქარხანასთან რომელიც არის ზესტაფონის რაიონში, ეს არის უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემები, ეს არის პრობლემები რომელიც დაკავშირებულია ქარხნის საკუთრების უფლებებთან და იმასთან, რომ მიუხედავად იმისა ქარხანას წესით უნდა ჰქონდეს ისეთი რეჟიმი, როდესაც არამარტო სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს ძალიან სერიოზულ სახსრებს ქარხნის მუშაობის შედეგად, არამედ ზესტაფონის ადგილობრივი მაცხოვრებლებიც გარკვეულ შეღავათებს. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ქარხნის მუშაობა და ქარხნის მეპატრონეების მოქმედებები ადგილობრივ მოსახლეობას, მშრომელ ხალხს პრობლემის გარდა არაფერს უქმნის. მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის პრობლემატურია ზესტაფონის ბაზრის გარშემო არსებული მდგომარეობაც. ეკონომიკური აქტივობის ეს მნიშვნელოვანი ცენტრი, რამდენიმე საეჭვო პირის ხელში აღმოჩნდა. აქ მომუშავე ადამიანებზე ძალადობენ. ისინი განიცდიან დამცირებას და შეურაცხყოფას. მათ, ძალის გამოყენებით, ატოვებინებენ საკუთრებას და სამუშაო ადგილებს.
გაჩნდა ეჭვი ზესტაფონის მაცხოვრებლებს შორის, რომ კოჰაბიტაციის მახინჯი ფორმა დაინერგა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ნაციონალების ყოფილ სახეებსა და ნაციონალური მოძრაობის ქუდის ქვეშ მოქმედ ბიზნესმენებს შორის. ეს, ეგრეთ წოდებული, თანაცხოვრება უბრალო ზესტაფონლების შორის ნამდვილად არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენ, როგორც „დემოკრატიული მოძრაობა“, ასევე ზესტაფონის მაცხოვრებლები, იმედს ვიტოვებთ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია რეალურ სურათთან დაკავშირებით არ არის მისული საქართველოს პრემიერ მინისტრამდე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს პირადად დაინტერესედეს რა ხდება ზესტაფონის რაიონში, არ ენდოს მხოლოდ ერთ მხარეს და აუცილებლად მოუსმინოს ამ მოვლენებით დაზარალებულ ადამიანებს. შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ის იმოქმედებს ისე, როგორც ეს ზესტაფონის ინტერესებში შედის,
ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება, მოვუწოდებ პატივი სცენ როგორც საკუთრების, ასევე ადამიანის უფლებებს და საკითხი სამართლიანად და გონივრულად გადაწყვიტონ. არ შეიძლება ხალხის სამუშაო ადგილებიდან გამოყრა და მათი საკუთრების ხელყოფა.
მოვითხოვთ საქართველოს ახალი ხელისუფლებისაგან, პატივი სცენ როგორც საკუთრების, ასევე ადამიანის უფლებებს და საკითხი სამართლიანად და გონივრულად გადაწყვიტონ. არ შეიძლება ხალხის სამუშაო ადგილებიდან გამოყრა და მათი საკუთრების ხელყოფა, არ შეიძლება ადამიანების ულუკმაპუროდ დატოვება.
მოვუწოდებ ხელისუფლებას ნუ გააგრძელებენ იმ უსამართლობას რომელიც ამდენი წლის განმავლობაში, სუფევდა ზესტაფონის რაიონში, ნუ შექმნიან ამ უსამართლობის, ძალის გამოყენების და უბრალო ხალხზე მორევის კიდევ ერთ კერას ჩვენს ქვეყანაში, გააკეთონ ყველაფერი იმისათვის რომ ამ უკანონობაზე თვალი არ იქნას დახუჭული, და კოჰაბიტაცია არ გაგრძელდეს უბრალო მშრომელი და გაჭირვებული ადამაინის ხარჯზე.
იმედს ვიტოვებთ, რომ პრემიერმინისტრი არ არის სწორად ინფორმირებული აღნიშნულ საკითხზე; ამ მიმართვის შემდეგ ის აუცილებლად შეხვდება ზესტაფონის მოსახლეობის წარმომადგენლებს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რომელიც ყველას დაანახებს რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იწყება.“



