(ინტერპრესნიუსი) სააკაშვილი გარანტიებს ამერიკისგან ითხოვს

 

150455_10151340938281193_694245894_nაშშ-ს ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, როგორც იქნა გამოეხმაურა იმ სკანდალურ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა სააკაშვილის შოკის მომგვრელი განცხადების შემდეგ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, რომელიც თავისი მმართველობის უკანასკნელ თვეებს ითვლის, განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისს, მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევას მონიტორებზე თვალყურს ადევნებდა FBI-ს (გამოძიების ფედერალური ბიუროს) წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა. უფრო მეტიც, სააკაშვილის განცხადებით, ამ ჯგუფმა დაწერა დასკვნა, რომ მიტინგის დაშლა კანონიერად და მისაღები მეთოდებით მოხდა.ელჩ ნორლანდის განცხადება, როგორც მოსალოდნელი იყო, დიპლომატიურად შეფუთული აღმოჩნდა. თუმცა, მასში გაიჟღერა სიტყვებმა, რომ ეს მოვლენა დიდი ტრაგედია იყო ქართველი ხალხისთვის. თავისთავად, ეს აღიარება პოზიტიურ ფაქტად უნდა ჩაითვალოს, თუმცა ელჩმა მაინც არ გასცა პასუხი კითხვას, მართლაც იმყოფებოდა თუ არა FBI-ს ჯგუფი 26 მაისს შსს-ს შენობაში და ადევნებდა თუ არა თვალყურს მიტინგის დარბევას.ეს, ალბათ, არ არის გასაკვირი, რადგან აშშ-ს საელჩო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა სააკაშვილის განცხადების შემდეგ. მას არ შეეძლო არც დაედასტურებინა პრეზიდენტის განცხადება, იმიტომ რომ ამით მძიმე დარტყმას მიაყენებდა თავისი ქვეყნის იმიჯს საქართველოში, და ამავე დროს, არც ამ განცხადების პირდაპირი უარყოფა გამოდიოდა, რადგან ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ტყუილში უნდა ემხილებინათ.ნორლანდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, როცა მოითხოვა 26 მაისის მოვლენების სრულყოფილი გამოძიება. სწორედ ამას ითხოვს და აქამდე უშედეგოდ, „სახალხო კრება“, რომელიც ამ მიტინგის უშუალო ორგანიზატორი იყო. სამწუხაროდ, დღემდე რატომღაც ვერ ხერხდება გამოძიების ბოლომდე მიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება – ამა წლის 26 მაისამდე, ანუ ტრაგიკული მოვლენებიდან 2 წლისთავზე, გამოძიება დასრულებული იქნებოდა და ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. თუმცა, ეს ჯერჯერობით არ მოხდა.

შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს საელჩო თვალყურს ადევნებს საზოგადოებრივი განწყობების დინამიკას საქართველოში და ელჩის ამჟამინდელი განცხადება, თუმცა დიპლომატიური გაურკვევლობის მატარებელი, მაინც მკვეთრად განსხვავდება იმავე ჯონ ბასის (აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში) განცხადებებისგან. განსაკუთრებით, იმ განცხადებისგან, რომელიც მიტინგის დარბევის წინა დღეს გავრცელდა და რომელიც, ახლა უკვე ნათელია, სააკაშვილის რეჟიმმა „მწვანე შუქის“ ანთებად აღიქვა ამერიკის მხრიდან.

ახლა კი, როცა ფიქსირდება ერთგვარი ანტიამერიკული თუ ანტიდასავლური განწყობების ზრდა მოსახლეობაში, რაც უკავშირდება გაცრუებულ იმედებს (ნატო-ში გაწევრიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დასავლეთის ქვეყნების დახმარებით და ა.შ.), ამერიკის მხარე ცდილობს გაითვალისწინოს ეს ტენდენციები და უფრო ადეკვატური პოზიცია დაიკავოს მიმდინარე მოვლენების მიმართ. რანდენადაც არ უნდა იყოს ქართული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ცალსახად პროამერიკულად განწყობილი, აშშ-თვის მაინც შემაშფოთებელია, რომ მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი სკეპტიკურად უცქერის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მომავალს, ნატო-ს და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენაში ხედავს უფრო მეტ პერსპექტივებს.

რაც შეეხება თავად სააკაშვილის სკანდალურ განცხადებას, ძნელი წარმოსადგენია, რომ ის შემთხვევით გაკეთდა ან ჩვეული „წამოყრანტალების“ შედეგი იყო. როგორც ცნობილი გახდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სპეციალური ძალისხმევა იყო გაწეული, რომ სააკაშვილის საუბრის ეს მონაკვეთი ტელეეთერში მოხვედრილიყო. ამგვარად, შემთხვევითობაზე აპელირება გამოირიცხა.

მაგრამ მაშინ ისმის კითხვა: რა მიზანი ჰქონდა სააკაშვილს, როცა ამ განცხადებას აკეთებდა? აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში განცხადების ერთადერთი ადრესატი იყო თავად ვაშინგტონი. იმ პირობებში, როცა სააკაშვილს უმთავრდება საპრეზიდენტო ვადა და საზოგადოებაში არსებობს მძაფრად გამოხატული მოთხოვნა, ამ პიროვნებამ პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების და შეცდომების გამო, მიშას სჭირდება მტკიცე გარანტიები, რომ პრეზიდენტობის შემდეგ ხელშეუხებ,ლობას მიიღებს.

რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ხელისუფლება არ არის დიდად მოწადინებული, აუტკივარი თავი აიტკივოს და სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარადგინოს, რადგან თავად მმართველ კოალიციაში ბევრი ამის წინააღმდეგია, და საერთოდ, არც ერთ პოლიტიკოსს არ ხიბლავს გადამდგარი თანამდებობის პირის ხილვა საბრალდებო სკამზე. ამაში ისინი თავიანთი მომავლისადმი საფრთხესაც ხედავენ. მაგრამ არსებობენ მაინც ცალკეული პოლიტიკური ძალები მზარდი რეიტინგით, მაგალითად ნინო ბურჯანაძე და მისი „დემოკრატიული მოძრაობა“, რომლებიც მკაფიოდ სვამენ სააკაშვილის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხს. ამას კი, როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში.

იმ სიტუაციაში, როცა მმართველი კოალიციის რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა და მისი პოზიციები სუსტდება, არ არის გამორიცხული, ბურჯანაძის რეიტინგის ზრდის გათვალისწინებით, ხელისუფლება, უკიდურეს შემთხვევაში, წავიდეს კიდეც სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებაზე. ეს ესმის მიშას და ყოველგვარი „მოულოდნელობის“ გამორიცხვის მიზნით, ცდილობს წინასწარ შეიქმნას ხელშეუხებლობის გარანტიები.

ვის შეუძლია ამის მიცემა სააკაშვილისთვის? ცხადია, ეს არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ზეგავლენის ძლიერ ბერკეტებს ფლობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე. მაგრამ ისტორიულად კარგად არის ცნობილი, რომ ამერიკელები სენტიმენტალური გრძნობებით არ გამოირჩევიან. ისინი არაერთხელ შელევიან და გაუწირავთ კიდეც „თავიანთი ძაღლიშვილები“. სწორედ ამიტომ ცდილობს მიშა ყოფილი „პატრონების“ დაშანტაჟებას. მისი გათვლა მარტივია: მომეცით ხელშეუხებლობის მყარი გარანტიები, თორემ ავლაპარაკდები და მერე ნახავთ… არადა, საააკაშვილის ეს განცხადება მხოლოდ პირველი მერცხალი შეიძლება აღმოჩნდეს და მას კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ინფორმაციები მოჰყვეს, რამაც, შესაძლოა, უმძიმეს ვითარებაში ჩააგდოს ამერიკული ინტერესები საქართველოში…


გოგი ვეკუა, პოლიტოლოგი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *