(geonews.ge)ანგელა მერკერის გამარჯვებამ აჩვენა, რომ საქართველოს სახელისუფლებო განწყობა კიდევ უფრო სცილდება ევროპას – თემურ შაშიაშვილი

shგერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნების შედეგები ნათლად ადასტურებს, რომ რაც დრო გადის საქართველოს სახელისუფლებო განწყობა კიდევ უფრო სცილდება ევროპას, დასავლეთს, – ასე აფასებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი გერმანიაში გამართული არჩევნების შედეგებს, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ.

მისი თქმით, მაშინ როცა ევროპის წამყვან სახელმწიფოში ლიბერალური ძალებმა კატასტროფული მარცხი განიცადეს – მათ 5% იანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს, საქართველოში მთავარი ლიბერალური პარტია – რესპუბლიკელები ივანიშვილის წყალობით განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკას.

შაშიაშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ გერმანიაში პრაგმატული პოლიტიკა იმარჯვებს რუსეთთან მიმართებაშიც, ამის ნიშანია ანგელა მერკელის გამარჯვება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან ტრადიციულად თბილი ურთიერთობები აქვს.

„გერმანია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა რუსეთთან, ახერხებს იმას, რომ არათუ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები რუსეთთან, არამედ ყველა დონეზე არნახულად უფრთხილდება მას, ჩვენთან კი ცუდ ტონად ითვლება საუბარი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაზე. მსოფლიო ერიდება გაღიზიანებულ რუსეთს, სააკაშვილის ხელისუფლება კი მიზნად ისახავდა რუსეთის გაღიზიანებას, ამისგან არც „ქართული ოცნებაა“ თავისუფალი“, – აცხადებს თეთრების ლიდერი.

თემურ შაშიაშვილმა კიდევ ერთ ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება: ევროგაერთიანების მოწინააღმდეგეთა მზარდი პოპულარობა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მოსახლეობაში.

„მსოფლიო შეძრა იმ ფაქტმა, რომ გერმანიაში სამი თვის წინ შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ „ევროსკეპტიკებმა“ ამ არჩევნებში 5% მიიღო. დემოკრატიიულმა მსოფლიომ არ იცის ერთი ფაქტიც კი, ასეთ მოკლე დროში ასეთი მაღალი შედეგის მიღწევისა“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი. მისივე თქმით, მსოფლიოსათვის დამაფიქრებელია, რომ ასეთი შედეგი აჩვენა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ერთიანი ევროპის და ერთიანი ევროპული ვალუტის წინააღმდეგ გამოდის.

თემურ შაშიაშვილს მიაჩნია,რომ თავისუფალი არჩევნების პირობებში ქართველი ხალხი ზუსტად იგივე განწყობას დაადასტურებდა, რაც გერმანელებმა გამოხატეს საპარლამენტო არჩევნებში – 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდნენ „რესპუბლიკელები“, როგორც ეს მოხდა გერმანიაში გერმანელ ლიბერალებთან დაკავშირებით.

„განსხვავება იმაშია, რომ გერმანელები არ ირჩევენ ბელადების ხათრით და არც გერმანელი პოლიტიკოსები აყენებენ შეურაცხყოფას საკუთარ ხალხს – თავისუფალნი არიან ბელადომანიისაგან. ჩვენ მუდმივად ვიღაცის, ძირითადში ბელადის ხათრით ვირჩევთ, ეს კი ნიშნავს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.

როგორც შაშიაშვილი აცხადებს, ნაცმოძრაობის მიერ გატარებული პოლიტიკა ქვეყნიდან ძირძველი მოსახლეობის გაყვანისა და აზიური წარმოშობის მოქალაქეების მასობრივი შემოდინებისა, საქართველოს „მძიმე აზიური განწყობის ქვეყნად“ აქცევს, რაც არ უწყობს ხელს ქვეყნის სწრაფვას ევროინტეგრაციისაკენ.

„ბედნიერებაა გერმანიისათვის, რომ იქ ხალხი არჩევნების დროს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და უბედურებაა საქართველოსათვის, რომ არჩევნების დროს ხალხი ნაცნობ-მეგობრობით და კიდევ უფრო უარესი, ბელადების ხათრით აკეთებს არჩევანს“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *