ჩვეულებრივი ფაშიზმი საქართველოში

gerbi1ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ სააკაშვილის შეფასებაში და ის ხალხი იყოს მართალი, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ ვეჭვობთ, რომ მოაზროვნე ადამიანი შეწუხებული არ იყოს შექმნილი მდგომარეობით, არ აწუხებდეს თუნდაც ის, რომ მხარი დაუჭირა არჩევნებში… შეწუხებული არ იყოს თუნდაც იმით, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ტყუილები დაიჯერა და საქართველო აყვავებული და ძლიერი ქვეყანა ჰგონია. რაც შეეხება კერპთაყვანისმცემლებს, მათ აზრი არ შეეცვლებათ და, რაც მეტად აკრიტიკებენ სხვები მიხეილს, მით უფრო მეტად უყვარდებათ იგი. მაგრამ ეს ხომ ავადმყოფობაა.

იქნებ, სიტყვა ფაშიზმი პრეზიდენტის შეფასებასთან მიმართებაში ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენა (ალბათ არა ყველას), მაგრამ ვთხოვთ ყველას, მათ შორის მის მიმართ კეთილ განწყობილთაც და საერთოდ ურწმუნო თომებსაც – თავად გააკეთონ ანალიზი, იმისა: ვინ, რა ძალები მართავენ ქვეყანას და როგორია კლასიკური გაგებით დემოკრატიული და დიქტატორული ქვეყანა და, მეორეს მხრივ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტების მიერ შედგენილი ფაშიზმისაკენ სვლის ათპუნქტიანი ინსტრუქციიდან გამომდინარე.
დავიწყოთ მეორეთი. მე ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაწვდით ბრიტანულ პოპულარულ “გარდიანში” გამოქვეყნებულ ამ 10 პუნქტს:

პირველი: შექმენით შიდა და საგარეო მტრის შემაშინებელი სახე;
მეორე: ააშენეთ ციხეები – გულაგის მსგავსი – აუტანელი პირობებით;
მესამე: შექმენით ხალხის შესაშინებლად საკუთარი მოიერიშე ბრიგადები;
მეოთხე: მოახდინეთ მოქალაქეებზე თვალთვალი;
მეხუთე: მოსვენება არ მისცეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
მეექვსე: მოაწყვეთ თვითნებური დაჭერები და გათავისუფლებები;
მეშვიდე: შეაშინეთ ინტელიგენცია, მოაზროვნე ადამიანები;
მერვე: დააწესეთ კონტროლი მედიის საშუალებებზე, განსაკუთრებით ტელევიზიაზე;
მეცხრე: სხვანაირად აზროვნება აქციეთ სამშობლოს ღალატის სინონიმად;
მეათე: მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარეთ თავი.

დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლებას, რომელიც ამ პუნქტებს იცავს – ქვეყანა ფაშიზმისაკენ მიჰყავს.

რაც შეეხება იმას, ვინ , რა ძალები მართავენ დღეს ქვეყანას და როგორია კლასიკური გაგებით დემოკრატიული და დიქტატორული ქვეყანა.

ყოველ სახელმწიფოს მართავს იმ ქვეყნის ელიტა. ნუ გვაშინებს ეს სიტყვა. მმართველი ელიტის ხუთი ძირითადი სახეობა არსებობს:

ინტელექტუალური ელიტა,

ეკონომიკური ელიტა,

პოლიტიკური ელიტა,

ბიუროკრატიული ელიტა,

სამხედრო ელიტა.

დემოკრატიული ქვეყანა ჰქვია იმ ქვეყანას, სადაც მმართველობა პირველ სამს ეკუთვნის… მომავლის ქვეყანა იმას, სადაც ინტელექტუალურია, ხაზს ვუსვამ, ინტელექტუალურია ეკონომიკური ელიტაც და პოლიტიკური ელიტაც და ასეთი ინტელექტუალური პოლიტიკური და ეკონომიკური ტანდემი მართავს ქვეყანას (სწორედ ისინი ახდენენ სასწაულს იაპონიაში). არსად დემოკრატიული არ ჰქვია ქვეყანას, სადაც მმართველობაში პირველი სამიდან ერთი რომელიმედან ბოლო ორის _ ბიუროკრატიული ელიტისა და სამხედრო ელიტის, თუნდაც, ერთი რომელიმე გაერევა და დიქტატორულია ის ქვეყანა, სადაც ქვეყანას ან ბიუროკრატიული, ან სამხედრო ელიტა და, მით უფრო, თუ ორივეს ტანდემი ერთად მართავს. ეხლა მითხარით ვინ არის ჩვენს ხელისუფლებაში მმართველი ძალა? არა მგონია, რომ ამ მხელისუფლებაზე შეყვარებულმაც და, თუნდაც, კერპთაყვანისმცემლებმაც (თუ მათში ოდნავ მაინც არის სინდისი), თქვან, რომ საქართველოს მართავს ინტელექტუალური ელიტა, ან ეკონომიკური ელიტა, ან პოლიტიკური ელიტა.

საქართველოს დღეს მართავს იატაკქვეშა პოლიტიკური ძალა, პრეზიდენტის აპარატისა და მაღალჩინიანი პოლიციელების, პროკურატურის და სამხედრო ჩინოვნიკების სახით. მართალი გითხრათ, კლასიკური გაგებით ბიუროკრატიული ელიტისა და სამხედრო ელიტის შეურაცხყოფა იქნებოდა, რომ პრეზიდენტის აპარატისათვის ბიუროკრატიული ელიტა და ადმინისტრაციული ორგანოების მაღალჩინოსნებისათვის სამხედრო ელიტა გვეწოდებინა.

დღეს ქვეყნის მმართველი ძალა ეს არის “მოქკავშირის”, “აღორძინების”, “კმარას”, “თავისუფლების ინსტიტუტის”, “მხედრიონის”, პარტიის რაიკომის პირველი მდივნების გასოროსებული შვილები, სხვა ხელისუფლებაში არავინ არ არის. ფაქტია, რომ ჭარბობს სოროსული ძალები (“კმარა”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, რაიკომის მდივნების გასოროსებული შვილები) პრაქტიკულად მათი კარნახით ინიშნებიან, გადაადგილდებიან მაღალ თანამდებობებზე პაიკები, თუნდაც იმის გამო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც სოროსელია _ იყო შევარდნაძის შვილობილი (არ გამოვრიცხავ შეიძლება დარჩა კიდეც) _ გახდა სოროსის. ამ ფაქტს ბატონი სააკაშვილი განსაკუთრებულად გამოიყენებს ამერიკის პრეზიდენტად დემოკრატის არჩევის შემთხვევაში _ სრულიად დაივიწყებს რა ბუშს, რომელსაც დღეს აღმერთებს და საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნებიც ისე გადმოიტანა, რომ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ჩატარდეს.

ვინ არის სოროსი? მსოფლიოში ცნობილი მაქინატორი, თანამედროვეობის ლენინი.

კომუნისტობა არც პარტბილეთია და არც კომუნისტური პარტიის წევრობა. კომუნისტობა კომუნისტური აზროვნებაა. სწორედ ეს არის საშიში, მით უფრო, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე მთავარ ზეგამვლენს თანამედროვეობის ლენინი ჰქვია.

ისე, როგორც თანამედროვე ცივილურ მსოფლიოს და დემოკრატიის მთავარ საშიშროებას სწორედ ის ქვეყნები წარმოადგენენ, რომელთა სახელშიც სიტყვა დემოკრატია მთავარ ადგილს იჭერს _ ჩინეთის სახალხო-დემოკრატიული, კორეის სახალხო-დემოკრატიული, მონღოლეთის სახალხო-დემოკრატიული, კამბოჯის სახალხო-დემოკრატიული_ საქართველოში ისეთივე დემოკრატიაა, როგორიც დემოკრატიულად წოდებულ ამ ქვეყნებში.

ფაშიზმი ის კი არ არის, რომ გვიჭირს, არამედ ის, რომ კანონი ერთთ_მოსახლეობის დიდ ნაწილს_აღარიბებს, ამათხოვრებს, თავმოყვარეობას ულახავს, სისხლს უშრობს და სასაფლაოს გზას უყენებს, ხოლო მეორე_უმცირეს ნაწილს კი ამდიდრებს, ფუფუნებაში აცხოვრებს, ყველაფრის უფლებას აძლევს. ფაშიზმია ის, რომ მოსახლეობის 80 პროცენტს არ აქვს საარსებო მინიმუმი, პენსიონერი საარსებო მინიმუმზე 5_ჯერ და მასწავლებელი 2_3_ჯერ ნაკლებს იღებს და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კი საარსებო მინიმუმზე 20, 30, 40_ჯერ და არცთუ იშვიათად, 50_ჯერ მეტს იღებენ. ფაშიზმია ის, რომ ქვეყნის დამსახურებული ადამიანები, რომელთა მიერ არის შექმნილი ყველაფერი ის, რასაც ასე უმოწყალოდ ყიდის დღევანდელი ხელისუფლება, იღებდეს 38-40 ლარს და ისინი, ვისაც ნგრევის მეტი არაფერი არ მოუტანია და წინა თაობების შექმნილის გაყიდვით არის დაკავებული _ 200, 300, 400-ჯერ და,არც თუ იშვიათად, 500-600-ჯერ მეტს. ფაშიზმია, როცა ღარიბი ქვეყნის მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი ჭარბობს ევროპის სახელმწიფოების და უტოლდება ამერიკის შეერთებული შტატების მინისტრის ხელფასს და ქართველი პენსიონერი კი თვეში იღებს იმდენს, რამდენსაც ამერიკაში საშუალო მუშა ერთ საათში, როცა ქართველი მასწავლებლის თვის ხელფასი ამერიკელი საშუალო მუშის სამი საათის ხელფასის ტოლია… ფაშიზმია, როცა მოსახლეობის 80 პროცენტში გაჭირვების გამო ცოდვის ტირილია და ამ დროს ხელისუფალთა უმრავლესობა _ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ მინისტრი, მთავრობის არა ერთი წევრი და ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენელი _ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში მილიონერები გახდნენ… ფაშიზმია როცა, პრაქტიკულად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც აწყობს რამდენიმე ასეულ კაცს, დანარჩენები განწირულნი არიან.

კიდევ ერთი, ჩემი აზრით, საშინელი სიმპტომის თაობაზე განსჯისა და განხილვისათვის. ჩემს თაობას 20–იანი, 30-იანი და 40-იანი წლების ბოლშევიკები მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში თუ გვინახავს. სააკაშვილს, ბოკერიას, თარგამაძეს, ლომაიას, მერაბიშვილს, რურუას, არველაძეს, უგულავას, ადეიშვილს, გვარამიას, ბურჯანაძეს, ჭიპაშვილს, ნადირაძეს, ნოღაიდელს და ბევრ სხვა დღევანდელ ხელისუფალს რომ აკვირდები, ისმენ მათ ცინიზმით სავსე კაცთმოძულე გამოსვლებს, ფიქრობ, რომ სწორედ ესენი არიან ისინი, ვინც ფილმებში გვინახავს, როგორც 20-იანი წლების ბოლშევიკები. ყოველშემთხვევაში აზროვნების სტილში, გამონათქვამებში, კატეგორიულობაში, ცინიზმში, აგრესიაში განსხვავება არ არის. სწორედ ეს არის დამაფიქრებელი: ხალხი, რომელიც არ ცხოვრობდა ბოლშევიკების ეპოქაში – ბოლშევიკებზე დიდი ბოლშევიკები არიან დღეს.

სააკაშვილი, როგორც 20-იანი წლების ბოლშევიკები, “მტრის ხატის” კატეგორიებით აზროვნებს. ხშირად ამბობს: “მტრები გვყავს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც”, “მტრების ჯინაზე”, “მტრებს უნდა ჩვენი შეხრამუნება”, და ა.შ

ლენინი ინტელიგენციას ГАВНО – ს უწოდებდა, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება – “ჩასარეცხებს”.

ბოლშევიკები მოითხოვდნენ სისასტიკეს მათი მოწინაღმდეგეებისა და განსაკუთრებულად მოაზროვნე ადამიანებისადმი – ზუსტად ასეა დღესაც.

ბოლშევიკები თანამდებობებზე მხოლოდ ბოლშევიკს ნიშნავდნენ, ნაციონალები – მხოლოდ ნაციონალებს;

ბოლშევიკები თანამდებობებზე უმეტეს წილად კომპრომეტირებულ ადამიანებს ნიშნავდნენ… ეს არის “ნაციონალების” “ოქროს წესი”_კომპრომეტირებულთა მართვა ადვილია, ყურმოჭრილი მონები არიან…

ბოლშევიკები ყოველმხრივ ცდილობდნენ პოლიტიკურ პროცესში ინტელიგენციის მონაწილეობის შეძღუდვას, პირველ ეტაპზე ახერხებდნენ კიდეც მათ დარწმუნებას იმაში, რომ პოლიტიკა არ არის ინტელიგენციის საქმე. ეს იყო ყველაზე მზაკვრული “ბოლშევიკური გამოგონება”. “ნაციონალები” ამ “ბოლშევიკური გამოგონების” არნახული ერთგულები არიან დღეს.

ბოლშევიკებმა იცოდნენ, რომ დამშეული ხალხის მართვა ადვილი იყო, რომ ჯერ უნდა დაამშიო, მერე უფასო სასადილოში მიიპატიჟო, ქუჩა გართობის ადგილად აქციო, ანუ “პური და სანახაობა” იყო მათი “ფოჩვიანი კამფეტი”… ბოლშევიკებსაც გაუკვირდებოდათ, თუ როგორი ოსტატობით აკეთებენ ამას 21-ე საუკუნის დასაწყისში “ნაციონალები”…

ლენინს, (ბოლშევიკებს საერთოდ) ხალხისთვის მოსაჩვენებლად უყვარდათ ბავშვებზე საუბარი, ბავშვებში ყოფნა, ბავშვების ხელში აყვანა, “პიონერული ბანაკების შექმნა”, პატრიოტთა ზეიმების მოწყობა… – ამბობდნენ “ყველაფერი საუკეთესო ბავშვებსო”, მაგრამ მხოლოდ ამბობდნენ. ზუსტად იგივე ხდება დღესაც.

ბოლშევიკებს უყვარდათ ქონების ჩამორთმევა, განკულაკება, დაჭერები, ციხეების მშენებლობა. დღევანდელ ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს.
ბოლშევიკები ხალხს სამოთხეს ჰპირდებოდნენ, ასეთივე დაპირებები გვესმის დღესაც. რა სამოთხეც ბოლშევიკებმა შექმნეს – იგივეს შექმნიან დღევანდელი დამპირებლებიც.

ლენინს, ბოლშევიკებს უყვარდათ ხალხში ყოფნა, “ხალხოსნობა”… ამბობდნენ: “ხელმძღვანელის კაბინეტი ხალხშიაო”, საჯარო გამოსვლებში უყვარდათ იმის ხაზგასმა, “ხალხი ბრძენია”, “ხალხი კარგად ხედავს” – რეალობაში კი ხალხს ბრბოდ თვლიდნენ… არნახული სიზუსტით იცავს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ამ ბოლშევიკურ “მონაპოვარს” _ ტრიბუნაც კი ქუჩაში, მინდორში, ტყე-პარკებში გაიტანა.

ბოლშევიკები თვლიდნენ, რომ ყველაფერში პირველები იყვნენ და რომ მათგან იწყებოდა ცხოვრების ათვლა…… ამბობდნენ, რომ პირველები იყვნენ ეკონომიკის ზრდის ტემპითაც, ხალხის ცხოვრების ზრდის დონითაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, – წესრიგიც საუკეთესო ჰქონდათ და აშენებდნენ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას. – ასეთ გამონათქვამებშიც სრული თანხვედრაა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან.

ბოლშევიზმის საყრდენი პავლიკ მოროზოვობა იყო. ”ნაციონალი” დამსმენის, ჩამშვების, გამყიდველობის სინონიმი გახდა. _ ლენინის, სხვადასხვა ქვეყნების კომუნისტთა მიერ შექმნილი კომუნისტური ინტერნაციონალის ჰიმნის სახელწოდება იყო _ “ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა” /наш решительный бой/ როგორც ამბობენ, ლენინს, სხვა კომუნისტურ ბელადებს ამ სახელწოდების არა ერთი სტატია აქვთ გამოქვეყნებული _ მიხეილ სააკაშვილმა თავის წიგნს შევარდნაძის მინისტრობისას მაშინდელი ფინანსთა მინისტრის _ ნოღაიდელის უკანონო დახმარებით გამოცემულ რევოლუციურ წიგნსაც ასე უწოდა _ “გადამწყვეტი ბრძოლა”. როგორც იტყვიან, შემთხვევით არაფერი ხდება. . .

ფაშიზმს, ბოლშევიზმს, საერთოდ ტირანიას, დესპოტიზმს ისტორიულად აქვს ერთი საერთო პრინციპი: “დაყავი და იბატონე”. ჩვენ მძიმე ისტორიის ქვეყანა ვართ, მაგრამ ძნელად თუ წარმოვიდგენთ პერიოდს, როცა ასე დანაწევრებული იყო ხალხი, ასე დანაწევრებული იყო ქართული ცნობიერება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ხალხის დაყოფის, დანაწევრებისა და დაპირისპირებისათვის კონკურსების სისტემაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გამრიცხველიანებაც კი გამოიყენა. კონკურსებით მეგობრები და გამრიცხველიანებით კი მეზობლები დააპირისპირა, მტრებად აქცია, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდა ერთმანეთს. აი ფაშიზმი და მისი იდეოლოგია მოქმედებაში. ფაშიზმის მთავარ იდეოლოგს გებელსსაც კი შეშურდებოდა კონკურსებისა და გამრიცხველიანების სააკაშვილისეული სისტემა…

ბოლშევიკებსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის მსგავსების დამადასტურებელი მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ნათქვამი საკმარისია იმის დამადასტურებლად, რომ, თუ სწორი დასკვნები არ გავაკეთეთ სწორედ რომ ასეთი ალტერნატივის წინაშე დავდგებით: ფაშიზმი ან რევოლუცია. ფაშიზმიც პოლიტიკური პროცესია და რევოლუციაც, მაგრამ ორთავე არაადამიანური და დამანგრველი.

ფაშიზმს უბედურების მეტი არაფერი მოუტანია. არც რევლოუციას მოუტანია არც ერთი ქვეყნისა და ხალხისთვის სიკეთე და ბედნიერება. ამის მაგალითი საქართველოა. საქართველოში ბედნიერია ( ალბათ დროებით) ხელისუფლებაში მყოფი, უბედურია ხალხი… ჯერჯერობით ბედნიერად თვლის თავს ისიც, ვისთვისაც რევოლუციას უბედურება არ მოუტანია, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით.

მთელი ხალხის, უპირველესად განათლებული და მოაზროვნე ადამიანების დიდი ეროვნული ძალისხმევაა საჭირო, რომ არც რევოლუცია მოხდეს და არც ფაშიზმის გზით ვიაროთ. მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია, არადა ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *