საქართველოს პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დამფუძნებელი კონფერენციის მონაწილეთა შეთანხმება

ჩვენ, პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დამფუძნებელი კონფერენციის მონაწილენი ვთანხმდებით მასზედ, რომ:

1.პრეზიდენტის უნდობლობის პროცესის წარმმართველი ორგანო არის დამფუძნებელი კონფერენცია.

2.კონფერენციებს შორის მუშაობას წარმართავს კონფერენციის საბჭო.

3.კონფერენციის საბჭოს შემადგენლობაში შედიან კონფერენციის დამფუძნებელი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები და საერთო შეთანხმებით საზოგადო მოღვაწეები ისეთივე რაოდენობით, როგორც პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები.

4.საბჭოს საქმიანობის დინამიურობისათვის და იმისათვის, რომ მუდმივად იყოს კონფერენციის საბჭოში ყოველი პარტიის ერთი წარმომადგენლის მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ ლიდერს უნიშნავს ორ სარეზერვო წარმომადგენელს.

5.საბჭოს სხდომები იმართება კვირაში ერთხელ წინასწარ შეთანხმებულ დროს, ღიაა მედიის წარმომადგენლებისათვის, გადაიცემა ინტერნეტ-ტელევიზიის პირდაპირი ეთერით (www. tetrebi.org). საბჭოს პირველი სხდომა ტარდება არაუგვიანეს 8 ოქტომბრისა.

6.კონფერენციის საბჭოს პირველ სხდომას ორგანიზაციას უკეთებს დღევანდელი კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი, რისთვისაც იგი მომდევნო კვირის ბოლომდე გაწევს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. დამფუძნებელი კონფერენციის საბჭოს პირველი სხდომის მოწვევისთანავე საორგანიზაციო ჯგუფის ფუნქცია ამოწურულად ითვლება.

7.კონფერენციის საბჭოს კოორდინაციით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 20-27 სექტემბრის და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 21 სექტემბრის ნომრებში გამოქვეყნებული დოკუმენტების განხილვა.

8.პრეზიდენტის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დამფუძნებელი კონფერენციის შემდეგი სხდომა სავარაუდოდ, ჩატარდება 22 ოქტომბერს. კონფერენციის მუშაობას წარუძღვება სამართლის დოქტორი, მინდია უგრეხელიძე.

9.დამფუძნებელი კონფერენციის შემდგომი სხდომა (22 ოქტომბერი) განიხილავს პრეზიდენტის უნდობლობის პროცესის პროგრამის პროექტს, რომელიც სხდომას უნდა წარუდგინოს კონფერენციის საბჭომ.

10.საქართველოს პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების დამფუძნებელი კონფერენცია ღიაა ყველა პოლიტიკური ძალისათვის, პოლიტიკური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციისათვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მთავარ პრინციპს: მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობისა, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა – შევიკრიბოთ და ერთად დავიწყოთ ის, რისი დაწყების აუცილებლობაზე ცალ-ცალკე ყველანი ვსაუბრობთ!

დოკუმენტი მომზადებულია საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მონაწილეობით 2010 წლის 22 სექტემბერს სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში გახსნილ პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების დამფუძნებელი კონფერენციის მასალებზე დაყრდნობით. კონფერენციის მუშაობას უძღვებოდა სამართლის დოქტორი, ევროპაში აღიარებული მოსამართლე, მინდია უგრეხელიძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *