იმპიჩმენტის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება

20 სექტემბერი – დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დღე

იკრიბება კონფერენცია, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში რეფერენდუმით პრეზიდენტის იმპიჩმენტის (უნდობლობის გამოცხადების) პროცესის დაწყების თაობაზე.

პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის, ანუ უნდობლობის გამოცხადების საკითხი დრო და დრო უაღრესად პრინციპულად დგებოდა ბოლო პერიოდის საქართველოში.

„ლეიბორისტებმა“, „თეთრებმა“, „ალიანსი დემოკრატიული საქართველოსათვის“, ცალკეულმა დეპუტატებმა არაერთი ოფიციალური განცხადება გააკეთეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ორჯერ იქნა ეს საკითხი ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. ბოლოს, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის მიერ პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“(ირაკლი ალასანია) სახელით. ცხადია, „ნაციონალურმა“ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

დღემდე 30-მდე პოლიტიკურმა პარტიამ, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ, 200-ზე მეტმა საზოგადო მოღვაწემ სხვადასხვა შეკრებებზე ღიად დაუჭირეს მხარი რეფერენდუმის გზით, ანუ ხალხის ნებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

ინტერნეტ-გამოკითხვით, რესპონდენტთა 82%-მა, სატელეფონო ორი გამოკითხვით (თითოეულში შერჩევით 500-ზე მეტი გამოიკითხა) პირველად 75%-ზე მეტმა, მეორედ კი 80%-მდე და ქუჩაში გასაუბრებით თითქმის 85%-მა მხარი დაუჭირა პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადებას.

გამოკითხულებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის განზოგადოებულ საფუძვლად მიაჩნიათ: ხელისუფლება, რომელიც ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მას (ხალხს) ემსახუროს – ეს ხელისუფლება ძალის გამოყენებით ცდილობს, ხალხი აქციოს თავის მსახურად, თვითონ კი ემსახუროს საკუთარ წევრთა ოჯახებს, საკუთარ კლანის ინტერესებს, ნაციონალური პარტიის ლიდერებს. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით : „ნაციონალური“ მმართველობის დროს „მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა, ხოლო ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი გახდა, კრიზისი გაღრმავდა, მოსახლეობის სოციალური ყოფა – გაუსაძლისი“.

პრეზიდენტის იმპიჩემენტის საორგანიზაციო ჯგუფმა დაასრულა კონსულტაციები ევროპელ ექსპერტებთან საქართველოში რეფერენდუმით პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამართლებრივი პრინციპების თაობაზე. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, რომლის დროსაც ქართველ ექსპერტთა მიერ შედგენილი დოკუმენტის ფუნდამენტური განხილვა და საერთო პოზიციების შემუშავება მოხდა.

პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადო მოღვაწეები, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები მაღალ შეფასებას აძლევენ ევროპელ ექსპერტებთან დათათბირებულ დასაბუთებას საქართველოში რეფერენდუმის გზით პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოწყობის თაობაზე ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა მიერ მომზადებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ტექსტს და ადასტურებენ თავიანთ პოზიტიურ დამოკიდებულებას როგორც დოკუმენტის შინაარსთან, ასევე დოკუმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ევროპელ ექსპერტთა აზრით, ჩვენი კონსულტაციების საბოლოო დოკუმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დასაბუთება ხალხის ლეგიტიმური უფლებისა, უნდობლობა გამოუცხადოს უმაღლეს ხელისუფალს და იგი თანამდებობიდან გადააყენოს. ისინი თვლიან, ხალხის მიერ პრეზიდენტის გადაყენების უფლებამოსილების თავის თავზე აღება, ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გამოსავალია შექმნილ ვითარებაში, როდესაც ამის მწვავე საჭიროების მიუხედავად (ხალხის დაჟინებითი მოთხოვნის მიუხედავად), ხელისუფლება უარზეა, თვითონ გადადგეს.

ევროპელი ექსპერტები თვლიან, რომ ამ დოკუმენტის დანიშნულებაა, ერთი მხრივ, ნათელი გახადოს, რომ ხელისუფლების შეცვლა ხალხის, და მით უმეტეს, ცალკეული პოლიტიკური ძალების უპასუხისმგებლო ახირება კი არ არის, არამედ, ობიექტურად არსებული უკიდურესი აუცილებლობა და, ამასთანავე სავსებით გამართლებული, როგორც პოლიტიკურად, ასევე ზნეობრივად და სამართლებრივად. მეორე მხრივ, ეს არის ხალხის მიერ ცივილიზებული ფორმით საქვეყნო გამოხატვა და დადასტურება თავისი შეუვალი ნებისა, რომელიც ყველას – გარეშესა თუ შინაურს – „აიძულებს“, სათანადო პატივი მიაგონ და ანგარიში გაუწიონ ქართველ ხალხს, როგორც კულტუროსან ერს.

ევროპელი ექსპერტები ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მიტინგებთან, მანიფესტაციებთან და სხვა საპროტესტო აქციებთან ერთად, ამგვარი დოკუმენტის არსებობა, რომელშიც ორგანიზაციულად არის თავმოყრილი და სათანადოდ გაფორმებული ხელისუფლების შეცვლის საფუძვლები, ხალხის ნება და შესაბამისი გადაწყვეტილება, უთუოდ აუცილებელია; იგი საზოგადოებრივ პროტესტს შემატებს შინაგან ძალას, სოლიდურობასა და ღირსებას.

ევროპელი ექსპერტები თვლიან, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ დიდი საერთაშორისო სიახლის ფონზე, რასაც „ხალხის სასამართლო“, ანუ „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ – წარმოადგენს და რომ მას სათავეში უდგას ევროპაში ცნობილი სამართლის დოქტორი, ბატონი მინდია უგრეხელიძე, მით უფრო, რომ ხელისუფლების ინიციატივით ხდება ახალი კონსტიტუციის მიღება, ხოლო საქვეყნოდ ცნობილმა ადამიანებმა დაიწყეს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ორგანიზაცია, რომელსაც სასურველია შეუერთდეს ყველა პოლიტიკური პარტია.

უცხოელმა ექსპერტებმა მოგვცეს იმის რჩევაც, რომ საქართველოს ჰყავს საერთაშორისო მასშტაბის კონსტიტუციონალისტი, იმპიჩმენტის უდიდესი მცოდნე – სამართლის დოქტორი ევა გოცირიძე, რომელიც მოღვაწეობს სტრასბურგში და სასურველი იქნება კონსულტაციები და თანამშრომლობა მასთან.

გუშინ, საორგანიზაციო ჯგუფმა – „თეთრების“, „კონსერვატორების“, „ეროვნულ ძალთა ალიანსის“ მონაწილეობით, ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერის – ეკა ბესელიას, „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ სასამართლოს სახალხო ბრალმდებლის გელა ნიკოლაიშვილის, ახალგაზრდული ორგანიზაცია „7 ნოემბერი“ ხელმძღვანელის, ჯაბა ჯიშკარიანის, პარტია „გამარჯვებისათვის“ ლიდერის, შალვა ხაჭაპურიძის მხარდაჭერით მიიღეს გადაწყვეტილება 20 სექტემბერს მოწვეული იქნას წარმომადგენლობით კონფერენცია ქართველ და ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით ჩამოყალიბებული მთავარი დოკუმენტის და ევროპელ ექსპერტთა პოზიციის გამომხატველი წერილის განხილვის მიზნით.

გუშინდელ გაფართოებულ სხდომაზე დამაჯერებლად ითქვა, რომ ამ დოკუმენტების განხილვის შემდგომ ყველა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალა მხარს დაუჭერს რეფერენდუმის გზით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ანუ პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას.

სხდომის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ წყალგამყოფი რეალურ და დანიშნულ ოპოზიციას შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადის.

ეკა ბესელია თვლის, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესი დაიწყება პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის გამოცხადებით.

თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ: „დღეს შიშის გამო ბევრს უჭირს იმპიჩმენტისათვის მხარდაჭერა. მაგრამ დრო დაადასტურებს, რომ სწორედ დღეს არის მისი მხარდაჭერა ვაჟკაცობაც და ქართული ცხოვრების წესიც“.

საორგანიზაციო ჯგუფის გუშინდელმა შეხვედრამ გამოკვეთა თავისი პრინციპული პოზიცია „სახალხო წარმომადგენლობით კრებასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ან უნდა ვაქციოთ იგი მნიშვნელოვან ნიშანსვეტად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ან თუ ამ ეროვნულ პროცესს ცალკეული პოლიტიკოსები ხელს შეუშლიან, შეეცდებიან დაანაგვიანონ კრების მზადების პროცესი და ამით ხელისუფლების საქმე გააკეთონ – მაშინ მთავარი იქნება კრების იდეის გადარჩენა.

გადაწყდა, მოეწყოს შეხვედრა „სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფთან. ითქვა იმის თაობაზეც, რომ სასურველია მოეწყოს პოლიტიკურ ლიდერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა კრების ოფისში. მთავარია მოხდეს შეთანხმება იმაზე, რომ კრება არის საშუალება და სასამართლო პროცესი „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების პოლიტიკური პროგრამა, ვადამდელი არჩევნები, პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხილული იქნას ერთმანეთთან კავშირში.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს პატივისცემა ყველა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური ლიდერისადმი, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, საზოგადო მოღვაწეებისადმი და გამოთქვეს იმედი, რომ ამ კონფერენციის მუშაობაში ყველა მივიღებთ მონაწილეობას და, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ერთმანეთისადმი სიმპათიებისა თუ ანთიპათიებისა, სააკაშვილისა და მისი რეჟიმისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხში ვიქნებით ერთიანი პოზიციით. ამას 20 სექტემბერი დაადასტურებს.

20 სექტემბერი მართლაც დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დღედ შეიძლება იქცეს საქართველოსათვის.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფის
პრეს-სამსახური

8 სექტემბერი, 2010 წელი.

მისამართი: 0178, თბილისი, ღამბაშიძის. ქ№4;
ტელ: 443 446; 8(90) 40 54 55; 899 27 40 53 899 26 56 22
ელ-ფოსტა: tetrebigeorgia@gmail.com;
ვებ-გვერდი: www.tetrebi.org

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *