იმპიჩმენტის კონსულტაციები

სააკაშვილის იმპიჩმენტის რეფერენდუმი უნდა ვაქციოთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენად ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე

გრძელდება კონსულტაციები ევროპის ცნობილ კონსტიტუციონალისტებთან საერთო-სახალხო რეფერენდუმით პრეზიდენტ სააკაშვილისათვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის სამართლებრივ ნორმებში მოქცევის თაობაზე.
ამ დღეებში ევროპიდან დაბრუნდნენ იურისტები, რომლებმაც შეძლეს მიეღოთ კონსულტაციები და შესაბამისი რჩევები ჩვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.

კონსულტაციების შედეგებიდან გამომდინარე, ხაზგასასმელია ორი რამ

პირველი ჩვენს მიერ შემუშავებული იმპიჩმენტის რეფერენდუმის გზით გამოცხადების პროცედურა შეფასდა, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი დასაბუთება ხალხის ლეგიტიმური უფლებისა, უნდობლობა გამუცხადოს უმაღლეს ხელისუფალს და იგი თანამდებობიდან გადააყენოს.

მეორე: უცხოელმა ექსპერტებმა მოგვცეს იმის რჩევაც, რომ საქართველოს ჰყავს საერთაშორისო მასშტაბის კონსტიტუციონალისტი, იმპიჩმენტის უდიდესი მცოდნე – სამართლის დოქტორი ევა გოცირიძე, რომელიც მოღვაწეობს სტრასბურგში და სასურველი იქნება კონსულტაციები მასთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც შეფასება, ასევე რჩევაც. პირველი იმას ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ, მეორე კი – იმას, რომ პროცესი, შეიძლება წარმატებულად განვითარდეს, თუ ქალბატონი ევა გოცირიძე მიიღებს ჩვენს წინადადებას საკონსულტაციო შეხვედრებში ჩართვის თაობაზე.

რეფერენდუმის გზით პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის მოწყობის 21 მაისის საკონსულტაციო შეხვედრაზე პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმას, რომ 30 მაისის არჩევნების შემდგომი მთავარი პროცესი სწორედ სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევა, „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ პროცესისათვის მხარდაჭერა და იმპიჩმენტის პროცედურის ფართო მასშტაბით წარმართვა იქნება. ითქვა ისიც, რომ 30 მაისის არჩევნებიც შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, თუნდაც იმით, რომ საქართველოს ბიუჯეტით, ანუ ხალხის ფულით გაკეთებულს იწერს ხელისუფლება, ეს მაშინ, როცა ხალხის ფულის ხარჯვაში აშკარად იკვეთება სახელისუფლებო კორუფცია.

სწორედ ამიტომ, მომდევნო კვირის სამშაბათს, 1 ივნისს, შესაძლებელია შედგეს იმპიჩმენტის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც განიხილავს იმ შენიშვნებსა და რჩევებს, რომელიც მივიღეთ სტრასბურგიდან. არის წინადადება, რომ საინიციატივო ჯგუფმა მიიღოს გადაწყვეტილება 10-12 ივნისს პოლიტიკურ ლიდერთა რამდენიმე რაუნდიანი საკონსულტაციო შეხვედრის თაობაზე.

ალბათ, ეს შეხვედრები განსაზღვრავს, ერთის მხრივ, რომელი პოლიტიკური ძალები ვერთიანდებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის იდეის ირგვლივ და, მეორეს მხრივ, რა პროგრამით მივდივართ.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ადასტურებს,რომ რეფერენდუმით პრეზიდენტის იმპიჩმენტი იქნება უდიდესი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნისათვის, რომლის მთავარი შედეგი შეიძლება იყოს ქვეყნის განთავისუფლება სააკაშვილის რეჟიმისაგან, ანტიქართული თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგიისაგან და ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება. მთავარია იყოს პოლიტიკურ ლიდერთა ერთიანობა და ხალხის პოლიტიკური ნება.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
29.05.2010

P.S. 1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:
მამუკა გიორგაძე – ეროვნულ ძალთა ალიანსი;
გოგი თოფაძე – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
გიორგი ცაგარეიშვილი – ალიანსი საქართველოსათვის;
თემურ შაშიაშვილი – „თეთრები“
ზვიად ძიძიგური – ეროვნული საბჭო
2. პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია დაადასტურეს:
„თეთრებმა“;
ლეიბორისტულმა პარტიამ;
ალიანსმა საქართველოსათვის;
„მრეწველებმა“
ეროვნულმა საბჭომ;
ეროვნულ ძალთა ალიანსმა;
დემოკრატიულმა მოძრაობამ – ერთიანი საქართველოსათვის;
ქართულმა აკადემიამ;
ექსპერტთა საბჭომ;
„თავისუფალი აზრის სახლმა“;
მოძრაობამ „გადაარჩინე სიცოცხლე“
არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსმა;
უხუცესთა საბჭომ;
ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *