ბელადების ჯერ შექმნისა და შემდგომ მისი მსხვრევის დამანგრეველი ეპოქა უნდა დამთავრდეს

 პარტია “თეთრების” ბრიფინგი

brifბელადების ჯერ შექმნისა და შემდგომ მისი მსხვრევის დამანგრეველი ეპოქა უნდა დამთავრდეს…

უნდა დამთავრდეს ერთი კაცის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრა…

უნდა დამთავრდეს ვინმეს ხათრით პრეზიდენტის,დეპუტატის, გუბერნატორის,მერის, თუ გამგებლის შერჩევა, თუ დანიშვნა….

ქართველმა ხალხმა,საქართველოს მოქალაქეებმა ეს 27 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ!

“აუდიოჩანაწერი (mp3)

თემურ შაშიაშვილის გამოსვლის სტენოგრამა (შემოკლებული ვერსია)


17 ივლისს “თეთრების” ოფისში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც გაჟღერდა თუ ვის დაუჭერს მხარს პარტია 27 ოქტომბერს  საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა “თეთრების” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი

“დღეს ჩვენ მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომვალზე და არა წარსულზე. ამ განწყობით ვირჩევდით ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატს. ჩვენ დავეთათბირეთ  პარტიის 7 ათაზე მეტი წევრის წარმომადგენლებს. გვქონდა სპეციალურად ამ საკითხს მივუძღვენით   პოლიტსაბჭოს სხდომათა ციკლი. საბოლოოდ  ძალიან სერიოზული განხილვის შედეგად, საბჭომ კონსესუსით მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს გავაჟღერებთ, – განაცხადა “თეთრების” ლიდერმა.

მან  ბრიფუნგის დასაწყისშივე, გააჟღერა  პარტიის რეგიონალური ოფისების   წარმომადგენლების ინფორმაცია ადგილებზე შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის შესახებ.  რასთან დაკავშირებითაც პარტიამ გაავრცელა  სპეციალური განცხადება.

 „როგორც ჩანსბევრისთვის პატრიოტიზმი და ბრძოლა საქართველოსათვის  პარლამენტში მოხვედრისთანავე, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მთავრდება..“ ზოგიერთები გახდნენ დეპუტატები, ამის ტიპიური  მაგალითი  ზესტაფონია… სამადაშვილისა და კლანის წინააღმდეგ ბრძოლით პარლამენტსა და თანამდებობებზე მოხვედრილნი – კარგად შეერწყნენ ფერომაფიას,  მისი მფარველნი გახდნენ… აღარ ახსოვთ არც ზესტაფონი, არც საქართველო, არც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხი…რად გვინდა ან პრეზიდენტი, ან პარლამენტი, ან მთავრობა, ან სასამართლო, ან არასამთავრობო სექტორი, რად გვინდა პარტიები, თუ უზნეო ფულიანთა თავნებობას წერტილი არ დაესმება, თუ ხალხი ელემენტარულ პასუხს ვერ მიიღებს ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში გაგზავნილ უამრავ წერილზე, თუ ისევ თავგასული იქნება პოლიცია, თუ ასე დაეკარგება კონტაქტი ხალხს დეპუტატთანაც, პარლამენტთანაც და მთავრობასთანაც. ტრაგედიაა, როცა ყურსაც კი არ გაეგონება ის, რასაც საქართველოს ამ უმშვენიერესი ქალაქის  გაწამებული ხალხი საუბრობს ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, იმ კაცზე, რომლის იმედითაც მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან 1 ოქტომბერს.”

თემურ შაშიაშვილი: 

ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ გუშინ, რადგან მიგვაჩნია, რომ რეგიონებში საგანგაშო მდგომარეობაა. დღეს ჩემის აზრით დადგა დრო, როცა ივანიშვილს სჭირდება „სახალხო კრების“ თანადგომა. – განაცხადა “თეთრების” ლიდერმა.

2004 წლის 5 იანვარს როცა სააკაშვილი აირჩიეს პრეზიდენტად, მე ვთქვი, საქართველო დამარცხდა და გაიმარჯვა იმ ჯგუფმა, ვინც აფინანსებდა არასამთავრობო სექტორს. ხალხი, ვინც მაშინ დითირამბებს უკითხავდა სააკაშვილს, დღეს მას ლანძღავს.

27 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ბელადების სისტემა

შევარდნაძე დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებით. დაამთავრა იმით, რომ ქვეყანაში იყო ტოტალური კორუფცია, ხოლო ხალხი იყო დამშეული

სააკაშვილის ლოზუნგიც კორუფციის დამარცხება და ხალხის კეთილდღეობა. ამ ლოზუნგებით მან დაამხო შევარდნაძის ხელისუფლება. ხოლო მისი ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი:  ეხლა უკვე ელიტური კორუფცია და ხალხის გენოციდი! მახსოვს, 2003 წელს 23 ნოემბერს, როცა მოხდა ე.წ.  „ვარდების რევოლუცია“, ვთქვი, რომ მოვიდა ქვეყნის გარედან მართული ბნელი ძალა და  მალე შევარდნაძე სანატრელი გაგვიხდებოდა… სამწუხაროდ, მაშინდელი ჩემი პროგნოზები გამართლდა.

ეს ორი ფაქტი იმის მაგალითად მოვიყვანე, რომ ვთქვა, მე არ მგონია,რომ ან შევარდნაძეს, ან სააკაშვილს თავიდან სურდათ ასე დაესრულებინათ საკუთარი მმართველობა, მაგრამ ეს მოიტანა სისტემამ. როცა ერთი ადამიანის, ან ერთი ჯგუფის ხელში თავმოყრილია აბსოლუტური ძალაუფლება. არც შევარდნაძემ არც სააკაშვილმა არაფერი იღონეს ამის შესაცვლელად. ისინი შეერწყნენ, მოერგნენ ამ სისტემას, ისარგებლეს მისი სიმახინჯეებით და თვითონვე გახდნენ ამ სისტემის მსხვერპლნი. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იმავე გზით მიდიან. არის ცნობილი გამონათქვამი: „ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“.  სისტემა, როცა ერთი პირის ხელში კონცენტრირებულია აბსოლუტური ძალაუფლება, უნდა დაინგრეს, რადგან ეს არის დამღუპველი როგორც ქვეყნისთვის, ისე თვით იმ პიროვნებისთვის. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სისტემური ცვლილებების დაწყება ქვეყანაში,რასაც სათავე უნდა დაედოს 27 ოქტომბერს.

ჩვენ ვამბობთ – 27 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ბელადების სისტემა.

27 ოქტომბერს ხელისუფლებამ უნდა დაიბრუნოს მთავარი ფუნქცია

დავით აღმაშენებლის მმართველობის მთავარი პრინციპი, რითაც მან საქართველო უდიდესი ძლიერების ქვეყნად აქცია, იყო ძლიერის მხარდაჭერა, ნიჭისა და ნიჭიერებისთვის  ყოველგვარი პირობების შექმნა,  ხოლო სუსტის დაცვა და მისთვის ყველანაირი დახმარების გაწევა. ეს იყო ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნის საქართველოში.

21 -ე საუკუნის მსოფლიოში ეს პრინციპი ცნობილია „კონვერგენციის თეორიის“ სახელით. მსოფლიო წამყვანი სახელმწიფოების მეთაურებმა  დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მსოფლიოს მომავალი სწორედ „კონვერგენციის თეორიას“ უკავშირდება, რაც გულისხმობს კაპიტალიზმის მთავარი პრინციპის –  კონკურენციის, და  ნიჭის ძალაუფლების და ევროპული სოციალიზმის მთავარი პრინციპის – დაცული ადამიანის შერწყმას და მსოფლიოს განვითარებას ამ გზით.

ანუ ის, რაც საქართველოში ჯერ კიდევ 10 საუკუნის წინ იყო დანერგილი, დღეს არის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრინციპი, ამაზე იტყვიან:  „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო“ ასეთი დიდი და პროგრესული  წარსულის მქონე ქვეყანას დღეს ზოგიერთი დასავლელი „კეთილმოსურნეები“ჭკუას არ უნდა გვასწავლიდნენ…

ჩვენ ვამბობთ, რომ 27 ოქტომბერს ხელისუფლებამ უნდა დაიბრუნოს მთავარი ფუნქცია. რაც სულაც არ მდგომარეობს სახლების შეღებვასა და გზების გაყვანაში.  ხელისუფლებამ უნდა შექმნას კონკურენტული გარემო და დაიცვას ადამიანი. ანუ ნიჭის ძალაუფლება და დაცული ადამიანი, რაც შეესაბამება სწორედ “კონვერგენციის თეორიას”.

 

სამი ვეშაპი, თუ სამი სათნოება?

დავით ბერძენიშვილმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლება დაეყრდნობა სამს ვეშაპს – საპრეზიდენტო, საპარლამენტო და სამთავრობო შტოებს.

ჩემის აზრით ეს  სამარცხვინო გამოთქმაა. ხელისუფლების შედარება ვეშაპთან ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩემის აზრით ხელისუფლება უნდა ეფუძნებოდეს არა სამ ვეშაპს, არამედ სამ სათნოებას:  გონების სათნოება, სურვილის სათნოება, ნების სათნოება, რაც ერთიანდება ერთ მცნებაში – სამართლიანობა.

ჩვენი მიზანია ხელისუფლება, რომელიც ამკვიდრებს სამართლიანობას.

 

27 ოქტომბერმა უნდა დაასრულოს…

27 ოქტემბერმა უნდა დაამთავროს ბელადომანია. საქართველოს არ სჭირდება ბელადობა… სამწუხაროდ დღეს საქართველოში გამეფებულია პრაქტიკა, როცა სძულთ ძლიერები და გვერდით იყენებენ სუსტებს…  ასე იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და დღესაც გვერდით იყენებენ ადამიანს ვინც ამბობს „პლასტელინის კაცი ვარო…“  დღეს ბატონი ივანიშვილის ირგვლივ ტრიალებს ხალხი, რომლებიც ქამელეონივით იცვლიან ფერს .

გვერდით მართლის მთქმელი კაცი უნდა დაიყენო, დეპუტატი, მინისტრი უნდა იყოს მართლის მთქმელი. ჩვენ ვეძებთ პრეზიდენტობის კანდიდატს, ვინც იქნება მართლის მთქმელი.

27 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ერთპარტიულობა. ქვეყანას 20 წლის მანძილზე მართავდა ერთი იდეოლოგიის მქონე პარტია სხვადასხვა სახელით :’ მოქკავშირი, აღორძინება, ნაცმოძრაობა.

27 ოქტომბერმა უნდა დაასრულოს ხელისუფლება, ვინც გარედან იმართება.  პარლამენტის ვიცესპიკერი ქალბატონი, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან არის წამოსული, დღეს საუბრობს შევარდნაძის ხელისუფლების კორუმპირებულობაზე, მაშინ როცა ყველამ ვიცით, 11 მილიარდიანი დაფინანსება მიიღო ამ წლებში არასამთავრობო სექტორმა და ყველა ეს ხალხი პარლამენტსა და ხელსიუფლების უმაღლეს ეშელონებში მოხვდნენ. არასამთავრობოები ფინანსდებოდნენ ფულით, რომელიც გარედან შემოდიოდა და ანგრევდა საქართველოს, ქართულ ცნობიერებას, საქართველოს დამოუკიდებლობას.

ოთხი მთავარი  საყრდენი გამოაცალეს საქართველოს: ყველაზე არათავისუფალ, გარედან მართვად და მონური ფსიქოლოგიის  ინსტიტუტს დაარქვეს „თავისუფლების ინსტიტუტი“

ქურდს ავტორიტეტი უწოდეს

ყველაზე არაეროვნული ცნობიერების პარტიას “ნაციონალური მოძრაობა” უწოდეს

ხოლო არაქრისტიანული იდეოლოგიის პარტიას  „ ქრისტიან-დემოკრატიული“ დაარქვეს.

27 ოქტომბერმა ამ სიტყვებს რეალური შინაარსი უნდა დაუბრუნოს.

 

პრეზიდენტობის კანდიდატი

როგორი უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არ უნდა დაუპირისპირდეს ივანიშვილს, რომელსაც აქვს სერიოზული პოტენციალი, მაგრამ მის ფეხქვეშაც არ უნდა გაეგოს. მან ივანიშვილის პოტენციალი უნდა გამოიყენოს ქვეყნის სასიკეთოდ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ბატონი ივანიშვილის ახალი წამოწყება  – 10 მილიარდიანი საინვესტიციო  ფონდი საქართველოს ეკონომიკისთვის –  არის უდიდესი მნიშვნელობის, მაგრამ თუ ეს თანხა  ისევე დაიხარჯა, როგორც ეს მოხდა სოფლის მეურნეობაში, შედეგი არ იქნება. დღეს გვჭირდება ისეთი სისტემა და ხალხი, ვინც ამ დიდ განწყობას ხელს შეუწყობს.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვირჩევთ პრეზიდენტად, პიროვნებას, თუ განწყობას. ჩვენ ვიცავთ განწყობას გაატაროს სისტემური ცვლილებები, გაასამართლოს დამნაშავე რეჟიმი და ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჩვენის აზრით ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ბურჯანაძე არის „სახალხო კრების მიერ წარდგენილი კანდიდატი. ანუ მის უკან დგას და ის მხარდაჭერილია „სახალხო  კრების“ მიერ პასუხისმგებლობას ნინო ბურჯანაძეზე იღებს „სახალხო კრება“,  რომლის უკან მილიონი მხარდამჭერია. ნონა გაფრინდაშვილი, უდიდესი ავტორიტეტის პიროვნება, რეზო ესაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ჩვენი პარტიის წარმოჩინებული წევრები:  პროფესორი მერაბ ჯიბლძე, პროფესორი რობერტ ბაბლიძე და სხვები იღებენ პასუხისმგებლობას. ჩვენ, „სახალხო კრებაში“ შემავალი პოლიტიკური ძალები ვიღებთ პასუხისმგებლობას.

ჩვენ ერთად გამოვიარეთ  26 მაისი.  ჩვენ არ ვიბრძოდით თანამდებობისთვის, ჩვენ მხარს ვუჭერდით ქართულ ოცნებას. ეხლაც საპრეზიდენტო არჩევნებზე,  თუ  ბიძინა ივანიშვილი დაასახელებდა საკუთარ  კანდიდატურას, კრება მხარს მას დაუჭერდა, მინდია უგრეხელიძეს, სოსო ცისკარიშვილს  მხარს დავუჭერდით. თუ ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაასახელებდა, მასაც დავუჭერდით მხარს, რადგან პრემიერის  გუნდში მას ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს…  მე მაგალითად მსოფლიო დონის იურისტს ცნობილ კონსტიტუციონალისტს, იურისტთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ბატონ პაატა ცნობილაძეს დავუჭერდი მხარს, მაგრამ მან ყველა უკუაგდო და წარმოგვიდგინა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ამბობს „პლასტელინის კაცი ვარო…“ მე მგონი ეს  სიტყვები ისე ახასიათებს მათ ავტორს რომ ჩვენ ვეღარაფერს დავამატებთ…

არ დავმალავ, მეც შემომთავაზეს რომ ჩემი კანდიდატურა წამომეყენებინა, მაგალითად ბატონმა ლევან ღვინჯილიამ, ყველას დიდ მადლობას ვუხდი ასეთი მაღალი შეფასებისთვის, მაგრამ უნდა განვაცხადო: დღეს სიტუაცია არის რთული. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“…  საქართველოს გარეთ კი „ცრუ მეგობრებს“ აწყობთ, რომ პირველ ადგილზე გავიდეს „ოცნების“ ხოლო მეორე ადგილზე „ნაცების“კანდიდატები. ჩვენ კი, ვისაც  მიგვაჩნია, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც დამნაშავე რეჟიმი უნდა გასამართლდეს,  მის მეორე ადგილზე გასვლას აღვიქვამთ კატასტროფად.

თავიდანვე ვთქვი, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ოცნების წარმომადგენელი, მაგრამ უნდა იყოს ძლიერი, გამოცდილი  პოლიტიკოსი, რომელსაც ზურგს ისეთი ძლიერი ორგანიზაცია უმაგრებს, როგორიცაა „სახალხო კრება“. დღეს ასეთი პიროვნებაა ნინო ბურჯანაძე. პირდაპირ ვამბობ, ის არის ქათული განწყობის პიროვნება, არ ფინანსდებოდა გარედან. ყველა, სხვა ოპოზიციურმა  კანდიდატმა უნდა იცოდეს, რომ ხმას წაართმევს ბურჯანაძეს და ამით აძლიერებს „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს.  მე მინდა ეს კარგად გაიგონ პრეზიდენტობის იმ კანდიდატებმა, რომლებმაც მრავლად არიან წარმოდგენილები.

მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ენდეთ „სახალხო კრებას“ და მხარი დაუჭირეთ მის კანდიდატს, იცოდეთ, რომ  ბურჯანაძეზე პასუხისმგებლობას იღებს ისეთი ძლიერი,  ორგანიზაცია, როგორიც „სახალხო კრებაა“ და ისეთი ავტორიტეტული პიროვნებები, როგორიცაა ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები… მივმართავ ყველა სხვა ოპოზიციონერ კანდიდატებს:  თქვენს მიერ მიღებული ყოველი ხმა აკლდება ოპოზიციის რეალურ  კანდიდატს – ნინო ბურჯანაძეს და ამით თქვენ აძლიერებთ „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს.

დაბოლოს, საქართველოში უნდა დამთავრდეს არა მარტო ბელადების, არამედ დანიშნული პოლიტიკოსების ეპოქა. საქართველოში დღეს არიან დანიშნული პოლიტიკოსები, დანიშნული დეპუტატები, დანიშნული  პარტიები,  რომლებსაც ყოველთვის  მცირე მხარდაჭერა ჰქონდათ, დღეს კი ივანიშვილის წყალობით ხელისუფლებაში მოხვდნენ  და ზემოდან გვიყურებენ. მინდა მათ მივმართო : „სიმდაბლით ამაღლდით“ …ასე განსაჯეთ,  დანიშნული პოეტების (სააკაშვილის ფავორიტი პოეტი კაკალაშვილი)  დროც მოვიდა, მაშინ როცა დემოკრატიული სამყარო არის ხალხის  არჩეულების სამყარო.

27 ოქტობერი იქნება გამოცდა ბატონი ივანიშვილისთვის. თუ ის არჩევნებს ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და არ ეცდება თავისი რჩეულის ძალით გაპრეზიდენტებას,  ის ხალხის და მსოფლიოს თვალში ამაღლდება.

ამერიკა და დასავლეთი იმიტომ არის ძლიერი, რომ იქ არ ირჩევენ უცნობს, საქართველოში კი პირიქით,  ირჩევენ უცნობს. არ იცნობთ მარგველაშვილს და როცა გაიცნობთ, სახტად  დარჩებით… ენდეთ მას ვისაც იცნობთ.  ეს არის „სახალხო კრება“, რომელმაც სამარე გაუთხარა ნაცმოძრაობას, , 1 ოქტომბერმა  სამარეში ჩააწვინა,  დღეს კი დადგა დრო, როცა წერტილი უნდა დაესვას დამნაშავე რეჟიმს და მის პრეზიდენტს.”

დასასრულს, „თეთრების“ ლიდერმა მედიისთვის გააკეთა ინფორმაცია რომ პარტია “თეთრების” პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები 19 ივლისს შეხვდებიან  „სახალხო კრების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ქალბატონ ბურჯანაძეს და მასთან ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *