თეთრების პროექტები – გზა ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ

საქართველოში ქვეყნის ხსნის სხვადასხვა ვარიანტებზე საუბრობენ. „თეთრები„ მხოლოდ ერთ გზას ვხედავთ – ქვეყნის დემოკრატიზაციის გზას. ისე, როგორც ყოველ რეჟიმს, სააკაშვილის რეჟიმსაც დემოკრატიის ეშინია. თავისუფალ ადამიანს, დემოკრატიულ პროცესს, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას სასწაულის მოხდენა შეუძლია საქართველოში.

ამ განწყობის შედეგია პროგრამა „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“. იგი ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის გამოძახილია. უსამართლობა ადამიანს ღირსებას ულახავს, უფრო სწორად, ართმევს და ქვეყანაში დამანგრეველ პროცესებს ავითარებს.

ღირსებისათვის ბრძოლის სწორი და დემოკრატიული გამოხატულება იყო ღირსების ულტიმატუმი“, რომელიც გასული წლის 23 ნოემბერს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ 6 წლისთავზე წარედგინა პრეზიდენტ სააკაშვილს.

„ღირსების ულტიმატუმის შესრულების ანალიზმა მიგვიყვანა „მხილების მუზეუმამდე“. დროც და რეალობაც ადასტურებს, რომ „მხილების მუზეუმიდან“ გზა რეზიდენტის იმპიჩემენტისაკენ მიდის. არ ვეჭვობ, რომ ეს გარდაუვალი პროცესია.

რა არის ღირსების ულტიმატუმი?

“ღირსების ულტიმატუმი” არის იმ ელემენტარულ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა შეუსრულებლობის გამო შელახულია საქართველოს მოქალაქეთა ღირსება და, რომელთა შეუსრულებლობის პირობებში ღირსების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის სირცხვილი იქნებოდა ხელისუფლებაში ყოფნა, მით უფრო პრეზიდენტის სავარძელში ჯდომა.

“ღირსების ულტიმატუმის” საკითხთა ჩამონათვალთან სიტყვა “ელემენტარული” სააკაშვილისგან ავიღეთ. მახსოვს, როცა 1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ამ საკითხთა დიდი ნაწილი წარვადგინე, მაშინ მისი გულისწყრომა დავიმსახურე, მან, როგორც “მოქკავშირის” ლიდერმა მიპასუხა რომ, ეს “ელემენტარული საკითხებია” და „მოქკავშირი“ მათ შესრულებას უახლოეს პერიოდში გეგმავსო.

ამ საკითხებს მან, როგორც “მოქკავშირის” ლიდერმა “ელემენტარული” უწოდა 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, მაშინ იმერეთსა და “მოქკავშირს”, მისი პრეზიდენტობის კანდიდატს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც ამ “ელემენტარულ საკითხთა” დიდი ნაწილი შევიდა. ამ საკითხთა დიდი ნაწილი შევიდა იმ ხელშეკრულებებშიც, რომლებიც სააკაშვილმა ჯერ 2002 წელს საკრებულოს არჩევნების დროს თბილისელებს და 2003 წელს პარლამენტის არჩევნების დროს საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა და სწორედ ამის გამო არჩევნებში მათი მხარდაჭერა მოიპოვა.

მახსოვს, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩემს მიერ შეთავაზებულ წინადადებას დებატებში მონაწილეობის თაობაზე უარით უპასუხა, ხოლო ჩემს პროგრამას, რომელიც ამ საკითხთა დიდ ნაწილს შეიცავდა, კვლავ “ელემენტარული” უწოდა და მათ შესრულებას მოსახლეობას ერთ წელიწადში დაპირდა.

თერთმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საარსებო მინიმუმის და “ღირსების ულტიმატუმის” საკითხთა უმეტესობის შესრულებას “ელემეტარულს” უწოდებს, უფრო მეტიც, 2002 წელს დაგვპირდა, რომ, თუ ელ. ენერგიაზე, გაზზე, წყალზე, საერთოდ პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები გაიზრდებოდა და, თუ პენსიები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით არ დაინიშნებოდა, თანამდებობიდან გადადგებოდა. მან არც დანაპირები შეასრულა, თანამდებობის დატოვებაც უჭირს, ეს საკითხები კი კვლავ მძიმედ აწევს მოსახლეობის სულ მცირე 80 პროცენტს.

უკვე აშკარაა, რომ “ღირსების ულტიმატუმი” სასიცოცხლოდ მიაჩნია საქართველოს ყველა მოქალაქეს და მას ექნება სრული მხარდაჭერა, გარდა ხელისუფალთა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთა ოჯახებისა, სადაც მოხსნილია, როგორც უმუშევრობის, გაჭირვების, ბიზნესში ჩართვის პრობლემები და მიღწეულია კეთილდღეობა.

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ გამოვიჩინეთ სულგრძელობა, მოვითხოვეთ “ღირსების ულტიმატუმის” არა დაუყოვნებლივ, არამედ თებერვლის ბოლომდე შესრულება და 5 მარტამდე შედეგების პრესაში გამოქვეყნება. პრეზიდენტს შევთავაზეთ პირდაპირი სატელევიზიო დებატები „ღირსების ულტიმატუმის“ შესრულებასთან დაკავშირებით.

„ღირსების ულტიმატუმის“არც ერთი პუნქტი არ შესრულდა, პრეზიდენტი დებატებსაც გაექცა, სკამსაც ვერ ელევა.

რა არის მხილების მუზეუმი?

“მხილების მუზეუმი” _ ხელისუფლებისადმი წარდგენილი “ღირსების ულტიმატუმის” შესრულების ანალიზია…

“მხილების მუზეუმი” _ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ხელისუფლების მხილებაა: სიყალბეში, ტყუილებში, კორუფციაში, სოციალურ დემაგოგიაში…

“მხილების მუზეუმი” _ იმის ჩვენების მცდელობაა, რა ხდება საქართველოში რეალურად და რას ეუბნებიან სახელისუფლებო სატელევიზიო არხებით მოსახლეობას……

“მხილების მუზეუმი” _ მცდელობა იმის ჩვენებისა, რა არ იცის რეალურად ხალხმა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ეს არის ქართული სულის განადგურება, ქართული ცნობიერების დანაწევრება, ხალხის დაბეჩავება, პატრიოტიზმის ჩასაკლავად…

“მხილების მუზეუმი” _ რეალური ფაქტებითა და ანალიზით იმის ჩვენების მცდელობა, რომ საქართველოში შეგნებულად მიდიოდა მოსახლეობის დამშევა და დაუძლურება, რათა შემდგომში ადვილად ემართათ ისინი.

“მხილების მუზეუმი” _ პირველი სახალხო მუზეუმის შექმნის მცდელობაა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, საჯარო გახადოს როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების მამხილებელი მასალები……

“მხილების მუზეუმი” _… (ხაზგასმით ვამბობთ), იქნება მხილება მხოლოდ საჯარო პირებისა და არა ერთი მოქალაქის მიერ მეორეს დასმენა; რამეთუ მხილება დამნაშავისა, მართლმადიდებლური საქციელია და განსხვავდება დასმენის იმ ინსტიტუტისგან, რომელიც შექმნა ,,მოქკავშირ-ნაცების~ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ……

პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დასაბუთება ხალხის ლეგიტიმური უფლებისა, უნდობლობა გამოუცხადოს უმაღლეს ხელისუფალს და იგი თანამდებობიდან გადააყენოს. ვფიქრობ, ხალხის მიერ პრეზიდენტის გადაყენების უფლებამოსილების თავის თავზე აღება, ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გამოსავალია შექმნილ ვითარებაში, როდესაც ამის მწვავე საჭიროების მიუხედავად (ხალხის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად) ხელისუფლება უარზეა თვითონ გადადგეს.

ამ დოკუმენტის დანიშნულებაა, ერთის მხრივ, ნათელი გახადოს, რომ ხელისუფლების შეცვლა ხალხის, და მით უმეტეს, ცალკეული პოლიტიკური ძალების უპასუხისმგებლო ახირება კი არ არის, არამედ ობიექტურად არსებული უკიდურესი აუცილებლობა და, ამასთანავე, სავსებით გამართლებული, როგორც პოლიტიკურად, ასევე ზნეობრივად და სამართლებრივად. მეორე მხრივ, ეს არის ხალხის მიერ ცივილიზებული ფორმით საქვეყნო გამოხატვა და დადასტურება თავისი შეუვალი ნებისა, რომელიც ყველას – გარეშესა თუ შინაურს – „აიძულებს“, სათანადო პატივი მიაგონ და ანგარიში გაუწიონ ქართველ ხალხს, როგორც კულტუროსან ერს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიტინგებთან, მანიფესტაციებთან და სხვა საპროტესტო აქციებთან ერთად, ამგვარი დოკიმენტის არსებობა, რომელშიც ორგანიზებულად არის თავმოყრილი და სათანადოდ გაფორმებული ხელისუფლების შეცვლის საფუძვლები, ხალხის ნება და შესაბამისი გადაწყვეტილება, უთუოდ აუცილებელია; იგი საზოგადოებრივ პროტესტს შემატებს შინაგან ძალას, სოლიდურობასა და ღირსებას.

ეს პროცესი იწყება „მხილების მუზწუმის“ საგაზეთო ვერსიით. გვექნება „მხილების მიზეუმის“ ინტერნეტ ვარიანტიც, რომელიც მომდევო კვირის ბოლოს გაიხსნება.

ალბათ გადალახული იქნება ღია ცის ქვეშ „მხილების მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და, ბოლოს და ბოლოს, იგი გაიხსნება. ეს ყველაფერი მიდის „ხალხის სასამართლოს“ დიდი პროცესის პარალელურად.

მომდევნო კვირაში ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს წარვუდგენთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ტექსტის პროექტს. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება დიდი პოლიტიკური შეხვედრის მოწვევა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრის აუცილებლობაზე შედგა „თეთრების“, „ალიანსი საქართველოსათვის“, „ლეიბორისტული პარტიის“, „ეროვნული საბჭოს“, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველო“, „ეროვნულ ძალთა ალიანსის“, „ქართული აკადემიის“, „გადაარჩინე სიცოცხლე“ და სხვა პოლიტიკურ პარტიათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსულტაციები. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პროცესს ექნება „ეროვნული ფორუმის“ მხარდაჭერაც.

ეს შეხვედრა იქნება მძლავრი ნაბიჯი სახალხო წარმომადგენლობითი კრებისაკენ, რომლის მოწვევის თაობაზე განცხადება გააკეთეს მეცნიერების, კულტურის, განათლების, სპორტის მოღვაწეებმა. ყველას პოზიცია ერთია, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრება იქცეს დიდ ნიშანსვეტად ძლიერი სახელმწიფოსაკენ მოაზროვნე ადამიანთა ბრძოლის გზაზე.

საქართველოს დღეს ჰაერივით ჭირდება სხვა განზომილებისა და სხვა ფილოსოფიის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური ერთობა. ეჭვგარეშეა, რომ ამის აუცილებლობას დაადასტურებს სააკაშვილის რეჟიმისა და ამ რეჟიმის მიერ დანიშნული ოპოზიციის მოდელირებული არჩევნები.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები“)
დამფუძნებელთა სახელით

თეიმურაზ შაშიაშვილი

2010 წლის 1 ივნისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *