ვისურვებდი, გვეცხოვრა ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოში
საახალწლო მილოცვა
შეხვედრა ახალ წელთან ყოველთვის დიდ ადამიანურ განცდებთანაა დაკავშირებული. ზნეობრივი ადამიანი ამ დროს ინანიებს შეცდომებსა და ცოდვებს, ბოდიშს უხდის ყველას ვისაც აწყენინა, ფიქრობს ქვეყნაზე, მამულზე, ოჯახზე ამქვეყნიურ ყოფაზე, ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულებსა და უპოვრებს – როგორც ჩვენში იტყვიან, უშურველია. კაცისთვის ეს პერიოდი ზნეკეთილობით არის სავსე.
დღეს სიამაყით ვიხსენებ, როგორ მივულოცე იმერეთს და ამით მთელ საქართველოს ახალი ათასწლეულის დასაწყისი.
,,ახალ ათასწლეულში სასწაული მოხდება სამყაროში, კაცობრიობას ერთი მეფე ეყოლება და იგი განათლება იქნება. განათლებული კაცი, მართლაც მეფე იქნება, გაუნათლებელი – მონა. ჩვენ განათლებულთა, მეფეთა ქვეყანა უნდა ვიყოთ.”
მეამაყება, რომ ვთქვი: მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც ბავშვია პრიორიტეტი, სადაც განათლებაა პრიორიტეტი, სადაც მხარს უჭერენ ძლიერს და იცავენ სუსტს, სადაც პატივისცემით ეკიდებიან მოხუცს, სადაც არის მხოლოდ ერთი ძალაუფლება – ნიჭის ძალაუფლება.
დრო ადასტურებს, რომ მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც მასწავლებელი ჰყავთ ხელის გულზე და ფეხქვეშ ეგებიან ბავშვს. დადგა დრო, როცა ხელის გულზე მასწავლებელი და მეწარმე უნდა გვყავდეს…
ამას ვამბობდი მაშინ 2000 და 2001 წლებში…
ვრჩები ამ აზრზე… ჩემი აზრით, დრომ კიდევ უფრო მეტად დაადასტურა ეს პოზიცია, დაადასტურა ისიც, რაც მაშინ გამოკვეთილად აღვნიშნე: დღევანდელ საქართველოში პატიოსნება რომ შეინარჩუნო, ძალიან ძლიერი უნდა იყო.
დგება 2014 წელი… როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მეც და ჩემი მეგობრებიც „თეთრებში“ პურით და იმედებით ვხვდებით.
რა სურვილები გვაქვს… რას ვუსურვებდით საქართველოს და ქართველ ხალხს და რისთვის ღირს ცხოვრება და მოღვაწეობა უმძიმესი და ურთულესი პრობლემებით დახუნძლულ სამშობლოში?
ვისურვებდი, გვეცხოვრა ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოში. არა სკამებისათვის ბრძოლის, არა საკუთარი კეთილდღეობისათვის ბრძოლის, არა პარტიული მიზნებისათვის ბრძოლის, არამედ, და სწორედ ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოში.
ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველო არის გზა ხსნისა, არის გზა თაობათა სანუკვარი ოცნებისა:
ისტორიულ საზღვრებში აღდგენილი და გაბრწყინებული საქართველო.
ეროვნული იდეა ჩვენს შემთხვევაში სრულიადაც არ ნიშნავს მხოლოდ ქართულს. ჩვენ ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური იდეებისადმი ერთგულების გზით უნდა წავიდეთ, როგორც ეს დიდი ისტორიის დემოკრატიულ ქვეყნებშია, სადაც ეროვნული იდეა აერთიანებს ყველას და ეროვნულ იდეაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველა ეთნოსი, რომელიც კი წარმოდგენილია ამა თუ იმ მრავალეროვან სახელმწიფოში.
მწამს, მჯერა, რომ ისტორიულ საზღვრებში საქართველოს აღდგენა და გაბრწყინება შეუძლიათ სულით ხორცამდე ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანებს, პლანეტარულად მოაზროვნე პოლიტიკოსებსა და სამშობლოს ერთგულ პოლიტიკურ პარტიებს.
ამისათვის საჭიროა ისეთი საზოგადოება, ისეთი კონსოლიდირებული ერი და ასეთი კონსოლიდირებული ერის მიერ არჩეული ისეთი ხელისუფლება, ხაზგასმით ვამბობ, ისეთი ხელისუფლება, რომელიც დალეწავს პარტიულ საზღვრებს. რომელიც გააერთიანებს და არ დაანაწევრებს, ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს… ერის გონებაში, პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, მთავრობა, პარლამენტი ღმერთის მსახურია და არა ეშმაკის.
ხალხი ფიქრობს ხელისუფლებაზე, რომელიც საქართველოში დაამთავრებს თითოეულის და ყველას დამამცირებელს – ბრძოლას არსებობისათვის. ხელისუფალთა ქმედება დღემდე ხალხს აცხოვრებს არსებობისათვის, მაშინ როცა ხელისუფლებაა ის, რომელიც თითოეულს და მთელ ხალხს აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას. ასეთი უნდა იყოს ქვეყანა – ნიჭზე ორიენტირებული და ნიჭის რეალიზაციის მექანიზმებით სავსე.
სადაც ემოცია ჭარბობს, იქ აგრესიაა ძლიერი, სადაც გონება ჭარბობს, იქ სიმშვიდეა, იქ სიწყნრეა. იქ ადამიანი გონით მუშაობს. ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ემოციით ვცხოვრობთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა გონება დავკარგეთ.
მწამს და მჯერა, რომ დღევანდელი საქართველოს რეალობა: ბრძოლა ყველა ყველას წინააღმდეგ უნდა შეცვალოს ბრძოლამ – ყველა საქართველოსათვის. ადამიანს შეიძლება ეპატიოს ყველაფერი, გარდა ერთისა – ეროვნული იდეის უარყოფა და ქართული ცნობიერებისადმი წინააღმდეგობა.
ყველაფრისთვის მზად ვარ – ოღონდ მწამდეს და ვიცოდე, რომ ხელისუფლება ეროვნული იდეით არის სავსე; მწამდეს და ვიცოდე, რომ ხელისუფალი ღირსებას კი არ ართმევს, ღირსებით აცხოვრებს კაცსაც, ერსაც, ქვეყანასაც; მწამდეს და ვიცოდე, რომ ხელისუფალი ძლიერს კი არ ებრძვის, ეყრდნობა, მხარს უჭერს, გვერდით უდგას და სუსტს იცავს.
და კიდევ ერთი, თითქოს პრაგმატული, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით უაღრესად მნიშვნელოვანი: მწამს და მჯერა, რომ კოლონიზატორებს მეგობრებს არ უნდა ვეძახდეთ და ხსნას ბელადში არ უნდა ვეძებდეთ. მწამს და მჯერა, რომ თანამდებობაზე ქვეყნსადმი და არა პირადი ერთგულებით და უნდა ვნიშნავდეთ. მწამს და მჯერა, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება… მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი არც კრემლის და არც თეთრი სახლის ერთგულებაშია… მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი არა პოლიტიკოსების, არამედ სახელმწიფო კაცების, ქართველი მეცნიერების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ შექმნილ პროგრამებშია… მწამს და მჯერა, რომ ჩვენი გზით – ქართული გზით უნდა ვიაროთ… ქართული გზა არც არავისზე უფროსობას და არც არავისზე მორჩილებას არ ნიშნავს – ეს ყველასთან მეგობრობის გზაა.
დღეს ასე მესახება მე ეროვნული იდეით სავსე კაცი: მიწაზე მაგრად დგას და მიდის ზეცისკენ. ეს არის მიწის და ზეცის – ქართული მიწის და ქართული ზეცის ერთობა. ქართული სულებით სავსეა ზეცა და მათი ღირსნი უნდა ვიყოთ მიწაზე, რაც შეიძლება ვუახლოვდებოდეთ მათ სულიერად, ინტელექტუალურად, აზრობრივად…
სიკეთე, ძლიერება ჩვენს ქვეყანას… დავით აღმაშენებლის გზა ჩვენს ქვეყანას. დავით აღმაშენებელის გზა, ანუ ქვეყანა, სადაც ადამიანი ღირსებით ცხოვრობს; სადაც ძლიერს ეყრდნობიან, სუსტს ეხმარებიან; ქვეყანა, რომელიც ნიჭით არის გაბრწყინებული; ქვეყანა, სადაც არის მხოლოდ ერთი ძალაუფლება – ნიჭისა და ზნეობის ძალაუფლება ახალ, 2014 წელს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, დამდეგი წელი გახდება ქვეყნის გაერთიანებისათვის სრულიად ქართველთა და ყველა ეროვნების მამულიშვილთა ერთი მიზნით კონსოლიდაციის საწყისი წერტილი: ერთად-ღვთისაკენ; ერთად-ერის გაერთიანებისაკენ; ერთად-სახელმწიფოს ისტორიულ ფარგლებში აღდგენისა და გაბრწყინებისკენ!
თეიმურაზ შაშიაშვილი
31. 12.2013წ
P.S. ზემოაღნიშნულში და აქ მოცემულ მასალებში ჩანს ჩვენი კრედო:
- ნუ კითხულობ, რას გვაძლევს საქართველო – იკითხე, რას აძლევ საქართველოს!(მადლობის სიტყვა, წარმოთქმული 2002 წლის დამდეგს
- სიყვარული აღგვამაღლებს პოზიცია ათასწლეულების გასაყარზე
- გიორგობიდან-გიორგობამდე
- ვოცნებობ ეროვნული იდეით გაბრწყინებულ საქართველოზე
- თეთრების გამოცემები
- თემურ შაშიაშვილის გამოცემები
- “თეთრების” კონგრესი