ნუ კითხულობ, რას გვაძლევს საქართველო – იკითხე, რას აძლევ საქართველოს!

 

62(ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის სიტყვა, რომლითაც მან მესამე ათასწლეულის მეორე 2002 წლის დამდეგს, შობა-ახალი წლის დღეებში მიმართა საზოგადოებას)

დღევანდელ საქართველოში პატიოსნება რომ შეინარჩუნო, ძალიან ძლიერი უნდა იყო

,,ახალ ათასწლეულში სასწაული მოხდება სამყაროში, კაცობრიობას ერთი მეფე ეყოლება და იგი განათლება იქნება. განათლებული კაცი, მართლაც მეფე იქნება, გაუნათლებელი მონა. ჩვენ განათლებულთა, მეფეთა ქვეყანა უნდა ვიყოთ.”

არც ერთი ტყვეობა არ ვარგა, მაგრამ არაფერი
სჯობს ზნეობის ტყვეობაში ცხოვრებას.
სწორედ ზნეობის ტყვეობაში ცხოვრება იქნება
ადამიანის თავისუფლების მწვერვალი.

მეამეყება, როგორც ქართველს, როგორც იმერეთის გუბერნატორს, იმერეთში ტრადიციად დამკვიდრებული 21-27 სექტემბრის – ,,,ღვთისმშობლობიდან ჯვართამაღლებამდე” დღეებში მადლობის სიტყვით მოგმართოთ ადამიანებს, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეთ. მიხარია, რომ თქვენთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა მესამე ათასწლეულის დასაწყისი.
და, თუ ბედნიერება ბრძოლაა, ოფლის ღვრაა, შეუძლებლის შეძლებაა შენი ქვეყნისა და ხალხისათვის, ეს თქვენ ხართ, თქვენი ცხოვრებაა, თქვენი წარმატებაა.
გილოცავთ!

მწამს და მჯერა თქვენი!
იცხოვრეთ რწმენითა და სიყვარულით!
ბედნიერებას გისურვებთ!
რწმენით, იმედით,

თეიმურაზ შაშიაშვილი

ბედნიერებას გისურვებთ!

მიიწურა მესამე ათასწლეულის პირველი წელი – იმედით განმწყობიც, ძნელიც, მწარეც, გაუსაძლისიც…

ასეთ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე დროში იწყება 2002 წელი… ყოველ ეპოქაში – კაცობრიობის დასაბამიდან მოყოლებული – ახალ წელს ადამიანები ერთმანეთს ბედნიერებას უსურვებდნენ… ასეა დღესაც… ბედნიერებაშია ცხოვრების არსი… ბედნიერებაა ადამიანის თავისუფლების მწვერვალი… ბედნიერებაა ადამიანური ყოფის ევერესტი… ბედნიერებაა ადამიანის დაბადებაც, ღირსეულად ცხოვრებაც, ღირსეულის სახელით თავის დროზე ამქვეყნიდან წასვლაც. განსაცდელის ჟამსაც კი არ ტოვებს ბედნიერების განცდა ძლიერთ.
ყოველ ეპოქაში, ყოველ დროსა და სივრცეში ბედნიერება, თავისუფლების მწვერვალზე ასვლა, ძნელზე ძნელი იყო და რჩება, რადგან ბედნიერება ყოფით ტკბობა კი არა – სულიერებაა, გონებით მისაწვდომობაა, შემოქმედისადმი მსახურებაა და არა შექმნილისადმი.

მიუხედავად ჟამის სიმწარისა და გაუსაძლისობისა, დღესაც არსებობს ბედნიერება და არსებობს ბედნიერიც და, რაც მთავარია, ბედნიერებასთან და ბედნიერთან არის დაკავშირებული კაცობრიობის სიკეთე, რადგან,

ბედნიერია:

…რწმენის კაცი… მართალი კაცი… შურზე და მტრობაზე ამაღლებული… ვინც ზნეობით ცხოვრობს…ვისთვისაც სინდისი ეს არის ,,გონებაი მამხილებელი.~

– ვისაც არც წარსულის და არც მომავლის არ ეშინია… ვისაც სხვისი გახარების უნარი გააჩნია… ვისაც სხვისი მწუხარებით, ტკივილით ცხოვრება შეუძლია.
ვინც აცნობიერებს, რომ რწმენა იგივე სიყვარულია… ვინც იცის, რომ რასაც სიყვარულით მოეკიდება, არაფერია ამქვეყნად ძნელი…ვისაც სიძულვილის კენჭი რომ ესროლო, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებს… ვინც იცის, რომ სიყვარულს ერთადერთს შეუძლია შექმნას ადამიანი, როგორც მთელი სამყარო და მთელი სამყარო მოათავსოს ადამიანის გულში.

_ ვინც იცის დედაშვილობის ფასი… ვისთვისაც ოჯახიშვილობაა მთავარი, წინაპართა საფლავი – უწმინდესი… ვისთვისაც დიდი სიმაღლეა ქართველი ქალის კდემამოსილება, ქალისადმი კრძალვა და რიდი.

_ ვინც იცის, რომ ადვილია ნგრევა – სულმოკლეობა, ძნელია შენება, სულგრძელობა… ვინც იცის, რომ უმადურობა – სულმოკლეობაა, ე.ი. ნგრევა, მადლიერება – სულგრძელობაა, ე.ი. შენება.

_ ვინც იცის, რომ უბედურების სათავე ძარცვა-გლეჯვით, უკანონობით მოპოვებული სიმდიდრეა… ვინც იცის, რომ ხარბი კაცი არასდროს იქნება ბედნიერი… ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ფული და სიმდიდრე გაუნათლებელ ადამიანთა ხელში დამანგრეველია მისი ოჯახისათვის, ქვეყნისათვის, ხრწნის ერსა და ხალხს.
_ ვინც იცის, რომ არ შეიძლება მდიდარი იყო მაშინ, როცა ღარიბია, გაუსაძლის ყოფაშია წესიერი კაცი, შიმშილობს მეცნიერი, მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი, როცა შიმშილობს მასწავლებელი, როცა ბავშვს ბავშვობა არ აქვს, მოხუცის სიცოცხლე გამწარებულია, გამწარებულია ხიზანი, მიტოვებულია შრომისუუნარო, მიუსაფარი, როცა არ აფასებენ ნიჭიერს, კაი კაცს, პატიოსნებას, არ აფასებენ ძლიერს… როცა ყველაზე მეტად იმ ხალხს გაუჭირდა, ვინც წესიერად და პატიოსნად იცხოვრა.

_ ვისაც მწარე სიმართლე ურჩევნია ტკბილ ტყუილს… ვინც იცის, რომ უმჯობესია რამდენიმე პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასობით ბრმად გიკრავდეს ტაშს… ვისაც შესისხლხორცებული აქვს, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა და ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში…

_ ვინ იცის, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის “ცა-ფირუზ, ხმელეთ _ ზურმუხტო…” იცის, რომ საქართველოს სიძლიერე და მომავალი მის მამულში, ენასა და სარწმონოებაშია… მის ისტორიულ ფესვებში, ტრადიციებისადმი ერთგულებაშია… განათლებაშია… აზროვნებაშია…

_ ვინც იცის, რომ ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა…

_ ვისაც სწამს, რომ, სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ… ვისაც აქვს სიამაყე ამ ბრძოლისთვის… ვინც იცის, რომ

“არა არს წესი ქართველთა
მტრისადმი ზურგის შექცევა”.

_ ვისი ცხოვრებაც და ცხოვრების ფილოსოფიაც სამი წიგნია: “ბიბლია”, “ქართლის ცხოვრება”, “ვეფხისტყაოსანი”.

_ ვინც აცნობიერებს, რომ საქართველო დიდი წარსულის და კიდევ უფრო დიდი მომავლის ქვეყანაა…

_ ვინც ხედავს, რომ ახალ ათასწლეულში კაცობრიობას ერთი მეფე ჰყავს- განათლება … ვისაც წამს, რომ განათლებული კაცი, მართლაც მეფე იქნება, გაუნათლებელი – მონა… ვისაც სწამს და სჯერა, რომ საქართველო განათლებული – მეფეთა ქვეყანა უნდა იყოს.

სწორედ ასეთი მრავალგანზომილებიანია ბედნიერება.

სწორედ ამიტომ უსურვებენ ახალ წელს ადამიანები ერთმანეთს ბედნიერებას. ეს არის განწყობა – ადამიანს უსურვო, შეძლო შეუძლებელი.

რადგან დღევანდელი საქართველოსათვის ბედნიერება ბრძოლაა, ოფლის ღვრაა, შეუძლებლის შეძლებაა შენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ამიტომ ზნეობრივი კაცი პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა უსურვებდეს ბედნიერებას.

ახალ წელს ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ საქართველოს, მის ყოველ კუთხე-სუნჭულს, ქართველ ხალხს, საქართველოს ყოველ მოქალაქეს, იმერეთში მცხოვრებ, თანაქალაქელებს – ყოველ ქუთაისელს, საქართველოს ყოველ ოჯახს, ქართული ადათ-წესით, ქართული ტრადიციებით მცხოვრებ ყოველ ოჯახს.

მინდა ბედნიერი იყოს ყოველი ქართველი, ბედნიერი იყოს ჩემი გიორგი, ნინო და ნესტანი, ჩემი მეუღლე დეა, დედაჩემი.

ბედნიერება მინდა ვუსურვო ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეზობლებს.

შეხვედრა ახალ წელთან ყოველთვის დიდ ადამიანურ განცდებთანაა დაკავშირებული. ზნეობრივი ადამიანი ამ დროს ინანიებს შეცდომებს და ცოდვებს, ბოდიშს უხდის ყველას, ვისაც აწყენინა, ფიქრობს ქვეყანაზე, მამულზე, ოჯახზე, ამქვეყნიურ ყოფაზე, ირჩევს იდეალს. ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულსა და უპოვარს _ როგორც ჩვენში იტყვიან, უშურველია. კაცური კაცისთვის ეს პერიოდი ზნეკეთილობით არის სავსე.

ბოდიშს ვუხდი და შობა-ახალ წელს ვულოცავ ყველას, ვისაც ვაწყენინე, გული ვატკინე, იმათაც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მე ვაწყენინე, გული ვატკინე, მიხედავად იმისა, მე ასევე ვფიქრობ თუ არა.

იმერეთის საახალწლო სურვილია მთელი ქვეყნისთვის: გვეყო დაპირისპირება, სისხლი, ცრემლი და ტირილი, გვეყო უგულობა და ორგულობა, გვეყო სუსტთა იდეოლოგიით ცხოვრება, სიყვარულით ოფლის დაღვრის დროა, ერთგულების დროა, ძლიერის დაფასების, ძლიერზე დაყრდნობის დროა, ძლიერის ორიენტირად გახდომის დროა, საერთოდ, დიდი დაფიქრების და საკუთარ თავში ძლიერის პოვნის დროა. დროა აღსრულდეს წინაპართა დიდი ტრადიცია, ყოველი წლის დასასრულს ძლიერთ რომ გამოარჩევენ – ტრადიცია, რომელიც განსაკუთრებულად გამოკვეთა დავით აღმაშენებლის ეპოქამ.

იმერეთის საახალწლო სურვილია – ყოველი წლის 8 თებერვალი, დავით აღმაშენებლის დღე – აღნიშნოს, როგორც ძლიერის დღე. ამ დღეს პატივი მივაგოთ ნიჭით და გონებით გამორჩეულთ, სამშობლოსთვის თავდადებულთ. სწორედ ასეთი იქნება იმერეთისთვის 2002 წლის 8 თებერვალი – დავით აღმაშენებლის დღე.
ვისურვებდი, რომ ყოველი ადამიანისთვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის, ქართველისთვის ეს წელი იყოს არა ტირილის, არა წუწუნის, არამედ გარჯის, მუხლჩაუხრელი და ხელებდაკაპიწებული გარჯის წელი… იმის დასტურის წელი, რომ მართალია გვიჭირს, ცხოვრება გაუსაძლისია და წავიქეცით, მაგრამ ადგომა გვინდა… დღეს, როგორც არასდროს სჭირდება ყოველ ქართველს, საქართველოს ყოველ მოქალაქეს ერთი პრინციპით ცხოვრება: ნუ კითხულობ, რას გაძლევს საქართველო _ იკითხე, რას აძლევ საქართველოს!

იმერეთის საახალწლო სურვილია: მთელი ქვეყანა, ყველა ხელისუფალი მუშაობდეს შესაძლებლის ზღვარზე, საქართველოში იყოს მხოლოდ ერთი ძალაუფლება _ ნიჭის ძალაუფლება.

2002 წელი იმერეთისთვის, ყველა დონის ხელმძღვანელისთვის უნდა იყოს დიდ რეფორმებზე, ეკონომიკასა და ინტელექტზე, განათლებაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, ბავშვზე ორიენტირებული წელი. წელი მადლიერებისა უფროსი თაობებისადმი, მოხუცებულისადმი.

ბედნიერი ვიქნები, შევძლო სისუფთავის დამკვიდრება იმერეთის აღმასრულებელ სახელისუფლებო რგოლებში… ნიჭიერი, მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი კარგი სპეციალისტებითა და ორგანიზატორებით სახელისუფლებო რგოლებით დაკომპლექტება… თითოეული სახელმწიფო მოხელის შასაძლებლობის ზღვარზე და ყოველი სახელისუფლებო რგოლის შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობა, შრომისუნარიანი მისახლეობის დასაქმების, მოსახლეობის და ოჯახების გადამხდელუნარიანობის დონის სახელმწიფო მოხელის, უპირველესად ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელების შეფასების მთავარ კრიტერიუმად დამკვიდრება. ვისურვებდი ამ საქმეში ქვეყნის ხელმძღვანელების, იმერეთის მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას… ვისურვებდი, რომ ეს პრინციპი მთელი ქვეყნის მაშტაბით დამკვიდრებულიყო.

იმერეთის საახალწლო სურვილია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ქართველის, აფხაზის, რუსის, ბერძენის, სომეხის ღირსების საქმედ იქცეს მოძრაობა “მე დავბრუნდები აფხაზეთში”.

იმერეთი საკუთარ თავს, მთელ საქართველოს უსურვებდა მადლიერების განწყობის დამკვიდრებას მასწავლებლისადმი და, როგორც ჩვენში იტყვიან, მასწავლებლის ხელისგულზე ყოლას, მასწავლებელი ხელისგულზე, როცა ხელისუფალიც, მასწავლებელიც. მშობელიც ფეხქვეშ ეგება ბავშვს – აი, ქვეყანა, აი, საახალწლო სურვილი შენი ქვეყნისა და ხალხისათვის.

იმერეთი მთელ საქართველოს 2002 წლის ისე დაწყებას უსურვებს რომ ყველა ქართველს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ეთქვას: “ისეთი დილა გათენდა, მტერს რომ შევხედავდი, ახლა ძმასავით გავუღიმებდი”.

ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა. იგი გამორიცხავს სიძულვილს და ეფუძნება სიყვარულს. არ გძულდეს _ ნიშნავს მოერიო საკუთარ თავს, მოინანიო _ ნიშნავს სძლიო საკუთარ თავს, აღიარო შეცდომები, მოიხადო ბოდიში, როცა მართალი არა ხარ _ ნიშნავს ამაღლდე საკუთარ თავზე, გიყვარდეს _ ნიშნავს იყო სრულყოფილების მწვერვალზე.

ბედნიერება რწმენაა, ძალაა, სარწმუნოებით ცხოვრებაა, მიმტევებლობაა, თანაგრძნობაა, მოთმინებაა, ამტანობაა. ბედნიერება სიყვარულია, სრულყოფილების მწვერვალია, სულგრძელობა და ზნეკეთილობა. ბედნიერება გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრაა. ბედნიერება თავგანწირვაა. თავგანწირვა შენი ქვეყნისა და ხალხისთვის.

ბედნიერია ღვთის მოშიში კაცი… ვისაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი სარწმუნოებრივი და ცხოვრებისეული სიბრძნე _ ისჯება არა ცოდვის ჩამდენი, არამედ მისი შთამომავალი… ბედნიერია კაცი, რომელსაც არ უნდა, რომ მის შვილს, მის შთამომავლობას ცოდვილი, ლაჩარი და ბოროტი მამა ჰყავდეს…

პასუხისმგებლობა შვილის, შთამომავლის წინაშე ისე ცხოვრება, რომ შენი ცოდვის გამო შენ შთამომავლობაში ვინმე არ დაიჩაგროს, არ ზღოს შენი ცოდვებისათვის _ უმაღლესი საზომია ადამიანის და ადამიანობის… ბედნიერი ხარ, როცა შენი ცხოვრება დიდი სახელი და კვალი ნათელია შენი შვილისა და შთამომავლისათვის.
ბედნიერი რომ იყო, კაცი არა ზეკაცი უნდა იყო – ესაა კაცური ცხოვრების სიბრძნე და ფილოსოფია.

ვიყოთ ბედნიერი.
სიყვარულმა აღგვამარლოს!
შობა ახალ წელს გილოცავთ!
“ქართველნო ერთად ღვთისაკენ”!
მრავალჟამიერ!
“ქართველების ერთად ყოფნა დაგვილოცე ღმერთო”!

თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *