გიორგობიდან-გიორგობამდე

 

giorgi“ფიქრები გიორგობა დღეს” – ეს წერილი შარშან გიორგობა დღეს, 6 მაისს დაიწერა. „თეთრების“ ლიდერი აანალიზებს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას,

აფასებს რა პოლიტიკურ ვითარებას, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობის შედეგად შეიქმნა, თემურ შაშიაშვილი ასკვნის, რომ „რომ დადგა ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლის განსაკუთრებული ეტაპი: ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკოსების მიერ პასუხისმგებლობით ნათქვამი სიტყვა და ამ სიტყვის შესრულება…“ და ამ ქმედებისთვის მხოლოდ მცირე პერიოდი, დრო გიორგობიდან გიორგობამდე აქვს ქართველ ხალხს მოცემული:

„გიორგობიდან – გიორგობამდე“ ეს არის ჩვენი დრო, დიდი ქართული დრო: ან ვმარცხდებით, როგორც ხალხი და ქვეყანა, ვრჩებით ქართული ცნობიერების გარეშე, ან ვიმარჯვებთ და ვადასტურებთ, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი მომავლის ქვეყანა ვართ…“

ილუზია ანგრევს, ოცნება აშენებს; ილუზია წარსულში ჩარჩენაა, ოცნება მომავალია მოქმედებაში; ილუზია კლავს პოლიტიკურ პროცესს, ოცნება აჩქარებს გარდაუვალ პროცესებს; ილუზია სოციალური დემაგოგიის საყრდენია, ის შიშს აძლიერებს, თავისუფლებას ებრძვის; ილუზიის დამკვიდრება ხელისუფლებისათვის არის ხალხზე გაბატონების, ხალხის ჩაგვრის და სკამის შენარჩუნების გახანგრძლივების მექანიზმი; ტრაგედია იქნება ილუზიის და ოცნების ერთმანეთში აღრევა და არევა, რისი ნიშნებიც რელიეფურად იკვეთება.

ოცნება და იმედი – სწორად და რეალურად გათვლილი პრაქტიკული მოქმედებებით უპირველესად პოლიტიკაში გონების დაბრუნებით (დღეს საქართველოში პოლიტიკურ პროცესს გონება აქვს დაკარგული და ეყრდნობა ემოციას) – ეს არის გზა თავისუფლებისაკენ, ნიჭის ზეობისაკენ, ქვეყნის სიძლიერისაკენ; ოცნება ჩვენ აგვაშენებინებს სახელმწიფოს, სადაც: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას წარმართავს ინტელექტი და ზნეობა.

ბევრი დღეს იმით ამაყობს, რომ პოლიტიკის გარეთ დგას, რომ არჩევნებზე არ დადის და ამით პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ჯერ ერთი, პოლიტიკა თანამდებობებზე ზრუნვა არ არის. პოლიტიკა – ადამიანის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთი აუცილებელი ფორმაა, თუ ეს ადამიანი თავს საზოგადოების წევრად მიიჩნევს. მეორეც, არჩევნებზე არმიმსვლელი, ეს არის ნამდვილი „ოქროს ფონდი“ ხელისუფლების ხელში. სწორედ მათი ხმები სრულად გადაედინება ხელისუფლების საარჩევნო ყულაბაში. სწორედ მათი ხმები, მართალია სხვა ათას უბედურებასთან ერთად ახანგრძლივებს მტარვალი ხელისუფლების ძალაუფლებას.

ჩვენ, “თეთრები” ვთვლით, რომ ქვეყანას სჭირდება არა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე მუშაობს, არამედ ისეთი, რომელმაც იცის, რომ ქვეყანას სჭირდება მოქმედება ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე… ქვეყნის ბუნებრივი და გეოგრაფიული პოტენციალი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები კი მართლაც განსაკუთრებულია და ის ხელისუფლებაა საჭირო, რომელიც ამ პოტენციალს, რესურსებს, ქვეყნის შესაძლებლობებს მოქმედებაში მოიყვანს.

ჩვენ მივმართავთ ყველას, მიუხედავად იმისა, რა განწყობა აქვს ჩვენდამი – ამ, ქვეყნისათვის საბედისწერო ჟამს დავადასტუროთ ჩვენი ერთიანობა საქართველოსათვის… პოლიტიკურად, ინტელექტუალურად, მორალურად დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ შეიქმნას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, შეიქმნას ქვეყნის მომავლის ძლიერი პროგრამა, შეიქმნას გუნდი, რომელიც ამ პროგრამას განახორციელებს.

ღმერთმა ქნას, 6 მაისის გიორგობა გავანთავისუფლოთ პოლიციის დღის სახელდებისაგან და 23 ნოემბრის გიორგობა ვარდოსნურისაგან.

ღმერთმა ქნას, პოლიტიკოსებს წაგვერთვას ერთმანეთში ქიშპობის მომძლავრებული და დამანგრეველი ნიჭი, გვესწავლოს ერთად დგომა საქართველოსათვის!

ღმერთმა ქნას, 6 მაისიდან -23 ნოემბრამდე, გიორგობიდან – გიორგობამდე გადავდგათ რეალური ნაბიჯები საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისათვის, საქართველოში ისეთი ხელისუფლების არჩევისათვის, რომელიც ხალხს მოემსახურება, იბრძოლებს ქვეყნაში ნიჭის ძალაუფლებისათვის და, რაც მთავარია, რომელსაც ექნება ქართული ცნობიერება და სურვილი ქვეყანა მართოს არა გარედან თავსმოხვეული დოგმებით, არამედ ერის ბუნებიდან გამომდინარე…

ღმერთო, საქართველოს უმრავლე შურსა და მტრობაზე ამაღლებული პოლიტიკოსები….პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან… პოლიტიკოსები,რომლებიც კი არ ყოფენ ხალხს და ქვეყანას, არამედ აერთებე ,სიყვარულს აძლიერებენ ხალხში და ქვეყანაში!

ერთად, გიორგობიდან – გიორგობისაკენ…”

 

ნაწყვეტი თემურ შაშიაშვილის წერილიდან: „ფიქრები გიორგობა დღეს“

2012წლის 6 მაისი

 

ქართველმა ხალხმა შეძლო გიორგობიდან-გიორგობამდე პერიოდის ღირსეულად განვლა და 1 ოქტომბერს მოიპოვა დიდი გამარჯვება, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა მიგვაჩნია, რომ „თეთრების“ ლიდერის წერილში წამოჭრილი მრავალი საჭირბოროტო საკითხი დღესაც აქტუალურია.

ამაში თავად დარწმუნდებით: „ფიქრები გიორგობა დღეს“

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *